პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში (მეოთხე ნაწილი)

ფილმის რედაქტირება – მონტაჟი:

ფილმის რედაქტირების და მონტაჟის სხვადასხვა ხერხი არსებობს. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს:
1)რედაქტირების დროს კინოლენტის დაჭრა და შეწებება გამოსახულების და კადრების შეცვლის ყველაზე სწრაფი მეთოდია. რედაქტორი აერთებს გადაღებული კინოლენტის მისთვის საჭირო ნაწილებს, რაც მზა ფილმში გამოიყურება, როგორც კადრების სწრაფი ცვლილება. არის შემთხვევები, როდესაც ამგვარი ხერხის გამოყენება კადრიდან კადრზე არა მყისიერ, არამედ თანდათანობითი გადასვლის ეფექტს იძლევა. ამგვარი შედეგი ფილმის შემქმნელთა ჩანაფიქრზეა დამოკიდებული. 

2)ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოსახულება ნელ-ნელა იშლება და გადადის თეთრ, შავ ან სხვა რომელიმე ფერში. ამგვარი წაშლა, მაგალითად, გვეუბნება, რომ დრო უკვე გავიდა ან ამ მონაკვეთში რაღაც მოხდა. მოვიტანთ ტიპურ მაგალითს:  როდესაც წყვილი მიდის საძინებელ ოთახში (განსაკუთრებით ასე აკეთებდნენ ძველ ფილმებში) გამოსახულება ნელ-ნელა ბუნდოვანდება, გადადის სხვა ფერში და ქრება, ხოლო შემდეგ ეს ფერი ისევ გადადის/ასახავს მოქმედებას, სადაც ეს წყვილი უბრალოდ საუბრობს ან ყავას სვამს. რა მოხდა შუალედში??? ამგვარი ხერხი ფილმის ავტორმა შეიძლება გამოიყენოს მაშინაც, როდესაც სურს მიანიშნოს მაყურებელს, რომ დამთავრდა ფილმის რომელიმე სეგმენტი ან ნაწილი, როგორც, მაგალითად რომანში ერთი თავის დამთავრება.

3)ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ ხერხთან, როდესაც ერთი გამოსახულება ნელ-ნელა ქრება და ამავე დროს, ასევე ნელ-ნელა ჩნდება ახალი კადრი ანუ ერთი კადრი მდორედ გადადის მეორეში. რაღაც მომენტში ეს კადრები ეკრანზე ერთდროულად არსებობენ. ამგვარი ხერხი ფილმის ავტორს საშუალებას აძლევს ხაზი გაუსვას ძველ და ახალ კადრებს შორის კავშირს.

4)არსებობს, ე.წ. პარალელური მონტაჟი, როდესაც  ორი მოქმედება ერთდროულად ვითარდება. ასეთი ჩვენება კინოფილმში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მოქმედების კადრები მონაცვლეობით არის ნაჩვენები. მაგ. კინოფილმ  „ნათლიმამას” ბოლო მონაკვეთში – მაიკლ კორლეონეს ნათლულის ნათლობა და მაიკლ კორლეონეს ბანდის წევრების მიერ მოწინააღმდეგეების განადგურება პარალელურად ვითარდება. ფილმში ეკლესიის სცენაში „შეჭრილია” მკვლელობის სცენები. ამით ფილმის ავტორს სურს გადმოსცეს მაიკლ კორლეონეს, როგორც ახალი  ნათლიმამას,   მოძალადედ და მკვლელად „ნათლობა”.

5)რედაქტირების/მონტაჟის კიდევ ერთ ხერხს წარმოადგენს გმირის აზრის გადმოცემა, ანუ ის, თუ რას ფიქრობს პერსონაჟი?  მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ მამაკაცი, რომელიც დგას რკინიგზის ბაქანზე და აქეთ-იქით იყურება.  შემდეგ  კამერა გვიჩვენებს იმას, რასაც ეს მამაკაცი უყურებს: ქალის მხარზე გადაკიდებულ ხელჩანთებს, გამვლელთა საფულეებსა და ჯიბეებს, ხოლო შემდეგ ვხედავთ ამ მამაკაცის სახეს, რომელსაც ოდნავ ეღიმება, რაც თვითკმაყოფილების განწყობას ქმნის. ამით ფილმის ავტორს უნდოდა გადმოეცა საკუთარ თავში დარწმუნებული ქურდის სახე. 

6)დიდი მნიშვნელობა აქვს კადრების ხანგრძლივობას. თანამედროვე ჰოლივუდურ ფილმებში საშუალოდ კადრის ხანგრძლივობა 5-8 წამია. რაც უფრო სწრაფია კადრების ცვალებადობა, მით უფრო დინამიურად ვითარდება ფილმი. თუმცა, თუ რეჟისორს სურს რომელიმე სცენის რეალისტური გადმოცემა, მაშინ კადრის ხანგრძლივობა იზრდება,  რადგანაც ასეთ კადრებში მაყურებელმა თვითონ უნდა აირჩიოს – რას უყუროს და რაზე გაამახვილოს ყურადღება. კადრების გახანგრძლივებას იყენებენ ის რეჟისორები, რომელთაც უნდათ მაყურებლის ყურადღება დეტალებზე ან მოვლენის უფრო ღრმად წვდომაზე გაამახვილონ. ასეთი კადრების დიდოსტატი მიხაილ ტარკოვსკი იყო.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კინემატოგრაფისტთა ხელში გამოხატვის უამრავი საშუალება არსებობს. თითქოსდა შეუმჩნეველ დეტალს შეუძლია დიდი გავლება იქონიოს მოუმზადებელ მაყურებლზე. 

ფილმის გახმოვანება

ასევე, ფილმის ხმას მაყურებელზე  სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. ცნობილი  იაპონელი რეჟისორი – აკირა კუროსავა ამბობდა: „კინემატოგრაფიული  ხმა არის არა მხოლოდ გამოსახულების უბრალო დამატება, არამედ მისი გავლენის მრავალჯერადი გაზრდის საშუალება”.  როგორ წარმოგვიდგენია საშინელებათა თანამედროვე ფილმი, რომელსაც სულის შემძვრელი მუსიკა და ხმოვანი ეფექტები არ გასდევს  ან ფილმი ომზე, რომლის ყურებისას არ  გვესმის ჭურვების აფეთქების ხმა.   ის, რასაც ვხედავთ კინოფილმში, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რაც გვესმის.

იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს ხმა მაყურებელზე,  შეგვიძლია შემდეგი სახის კლასიფიკაცია შემოგთავაზოთ:

1)პირველი კატეგორიის ხმა არის ისეთი ხმა (იგულისხმება მუსიკა, დიალოგი ან ხმოვანი ეფექტი), რომელსაც გამოსცემენ თვით ფილმში ასახული გარემო ან სუბიექტები. მაგ. ფილმის პერსონაჟთა საუბრის ხმა,  ფეხის ხმა, მუსიკა, რომელიც ფილმში რადიოდან ისმის და სხვა. 

2)ასეთი  ხმა ძირითადად წარმოადგენს მუსიკას, რომელიც თან სდევს ფილმში გადმოცემულ მოქმედებას, ანუ ის არ მომდინარეობს ფილმის გარემოსა და სუბიექტებისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ფილმის პერსონაჟებს ეს მუსიკა არ ესმით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის არსაიდან წარმოიშვა. ეს ხერხი ძირითადად გამოიყენება, მაგ. მაყურებლის განწყობის შესაქმნელად ან გასამძაფრებლად, ან ფილმის დასასრულს ტიტრების ჩვენებისას და სხვა. კინოფილმის  მუსიკის შექმნაში უამრავი შესანიშნავი კომპოზიტორი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ხშირია წარსული საუკუნეების გენიალურ შემოქმედთა  მუსიკის გამოყენებაც.

3)ფილმში გამოყენებული ხმის მესამე კატეგორია წარმოადგენს წინა ორის ნაზავს და ეწოდება შინაგანი ხმა. მაგ. მაყურებელს ესმის პერსონაჟის ფიქრები ან კომენტატორის ხმა. პირველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერსონაჟსაც ესმის იგივე ფიქრები, მაგრამ არა სხვა გმირებს, რომლებიც იმავე კადრში ჩანან. ამიტომ ეს ხმა მხოლოდ ერთი პერსონაჟისთვის არსებობს, ხოლო, მეორე შემთხვევაში ხმა მხოლოდ მაყურებელს ესმის და არა ფილმის გმირებს. 

დაბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმში ხმას ხშირად ენიჭება გადამწყვეტი როლი, განსაკუთრებით ემოციური დატვირთვის გადმოსაცემად. იმისათვის, რომ ამაში დარწმუნდეთ, საკმარისია რომელიმე ფილმის ყურებისას ცოტა ხნით ხმის ბოლომდე ჩაწევა.  
თეატრალური ელემენტები კინოში

კინემატოგრაფიული ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორის ჩანაფიქრის განსახორციელებლად, თუმცა, როგორც ზევით ვთქვით, კინოფილმი სინკრეტული პროდუქტია და მასში ხელოვნების სხვადასხვა დარგებია ჩართული. გარდა წმინდა კინემატოგრაფიული ხერხებისა – ფილმის შექმნაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თეატრის ელემენტებსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიმოხილვის შემდეგი თემაა: თეატრალური ელემენტები კინოში.
ამჯერად ჩვენ არ ვაპირებთ თეატრისა და კინოს შედარებას, არამედ განვიხილავთ იმ თეატრალურ ელემენტებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია კინოს არსებობა. მათგან განსაკუთრებით გამოსაყოფია: დადგმა,  კოსტიუმები  და მსახიობები.

დადგმა

წარმოიდგინეთ საშინელებათა ფილმი. როგორ ფიქრობთ, რომელი სცენა აღძრავდა მაყურებელში მეტ შიშს – სცენა, რომელიც თანამედროვე, კარგად განათებულ ბინაშია დადგმული, თუ სცენა, რომელიც ძველ, ნახევრადდანგრეულ, ბნელ სახლშია გადაღებული?

პასუხი ნათელია! დადგმა განაპირობებს აუდიტორიის მოლოდინს. მაგ. თუ რეჟისორი  მთავარ პერსონაჟს (ინვალიდია და სიარული არ შეუძლია) ერთფანჯრიან ოთახში ათავსებს, ამ რეჟისორის ჩანაფიქრი მდგომარეობს იმაში, რომ მაყურებელმაც, ამ გმირის თვალებით ფანჯრიდან უყუროს გარემომცველ სამყაროს. 

დადგმის „ბრალია” ის ფაქტი, რომ რეჟისორ ვუდი ალენის „მანჰეტენში” ნიუ-იორკი ძალიან მომხიბლავ ქალაქად არის წარმოჩენილი, ხოლო იგივე ქალაქი აბელ ფერარას „მეფე ნიუ-იორკში” საშინელ ქალაქად გვევლინება.  

მიუხედავად დადგმების მრავალფეროვნებისა, შესაძლებელია განვასხვავოთ სტუდიაში და  სხვა რომელიმე ადგილას განხორციელებული დადგმა.  ამიტომ, ფილმის ჩვენების შემდეგ, მასწავლებელმა  შეკითხვები უნდა დაუსვას მოსწავლეებს სცენის ადგილის შესახებ ან მოსთხოვოს მათ ამ ფილმში გადაღებული სცენების აღწერა. 
დასკვნის სახით შესაძლებელია ვთქვათ, რომ რეჟისორები დადგმას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ.
კოსტიუმი

პერსონაჟთა ხასიათისა და ფსიქოლოგიური პორტრეტების გადმოცემისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი კოსტიუმების შექმნასა და შერჩევას. კოსტიუმების მიხედვით, ასევე,  შესაძლებელია ფილმის გმირის სულიერ გაძლიერებასა და განვითარებას მივადევნოთ თვალი.

მაგ. ფილმში  „ელისაბედი – ოქროს ხანა”, ნაჩვენებია, თუ როგორ გადის რეპეტიციას ახალგაზრდა  დედოფალი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ. აქ მას აცვია ჩვეულებრივი, თეთრი ღამის პერანგი. ამ სცენის ყურებისას, მაყურებელი აშკარად განიცდის შიშს დედოფლის დაუცველობისა და უსუსურობის გამო, რაც დიდწილად მისი ჩაცმულობითაა გამოწვეული. სამაგიეროდ, სულ სხვა ეფექტია აქვს მის გამოსვლას ინგლისის პარლამენტში, სადაც ელიზაბეტი წითელ, საზეიმო კაბაში გამოწყობილი, პარლამენტის წევრთა შავი ტანსაცმლის ფონზე, აბსოლუტურად  დამაჯერებლად გამოიყურება. სწორედ მისი წითელი კაბა ქმნის, პირველ რიგში, ამ დამაჯერებლობას.

მასწავლებლებს ვურჩევთ, რომ კონკრეტული ფილმის ანალიზის დროს, მოსწავლეების ყურადღება მიაპყრონ მისი გმირების კოსტიუმებს  და დასვან შემდეგი შეკითხვა: რამდენად მოქმედებენ კოსტიუმები  ამ  ფილმის პერსონაჟების სულიერ და ფსიქოლოგიურ პორტრეტებზე.
მსახიობების შერჩევა

კინოფილმში თეატრალური ელემენტის ყველაზე თვალშისაცემ კომპონენტს წარმოადგენს მსახიობთა თამაში. ძალიან ხშირად გვითქვამს რომელიმე მსახიობის მისამართით: „კარგი /ცუდი / საშინელი / გენიალური …..”, თუმცა არ გაგვითვალისწინებია მისი თამაშის მრავალი ასპექტი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ არჩევანი, რომელიც  მსახიობს შეუძლია გააკეთოს  და შევეცადოთ ავხსნათ, როგორ მოქმედებს ეს არჩევანი მაყურებელზე.

ნებისმიერ ფილმში, ნებისმიერი მსახიობის მიზანია პერსონაჟის ხასიათის წვდომა და მისი ეფექტურად და რეალისტურად გადმოცემა.  თუმცა, მანამდე რეჟისორმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელმა მსახიობმა,  რომელი პერსონაჟი უნდა განასახიეროს, რაც არცთუ ისე ადვილი საქმეა. ამგვარ შერჩევაზე ხშირად მოქმედებს არა მარტო რეჟისორის გადაწყვეტილება, არამედ კინემატოგრაფიულ წრეებში და საზოგადოებაში გამეფებული სტეროტიპებიც. მაგ. როგორ წარმოგიდგენიათ პიპინია ერისთავი („არაჩვეულებრივი გამოფენა”) განესახიერებინა აკაკი ხორავას ან იპოლიტე ხვიჩიას ეთამაშა მეფე გიორგის („დიდოსტატის მარჯვენა”) როლი. ამიტომ ფილმის ავტორთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მსახიობების სწორად შერჩევა.

მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ამა თუ იმ როლის შესრულებისათვის თვით მსახიობის მზადყოფნა. მრავალი მათგანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება რომელიმე როლზე მსახიობის დამტკიცებისა, ამ პროცესში მონაწილებას იღებენ როგორც ფილმის ავტორები, ასევე მსახიობებიც. მსახიობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად შეესაბამება მისი ინდივიდუალური თვისებები და მსახიობური მონაცემები (გარეგნობა, ხმის ტემბრი, ტემპერამენტი, მოძრაობა, ჟესტიკულაცია, ნაციონალობა, შინაგანი სამყარო, გარდასახვის უნარი და სხვა) განსასახიერებელ პერსონაჟს. მოგეხსენებათ, რომ მსახიობი მრავალ როლს თამაშობს საკუთარი კარიერის მანძილზე და თითოეულის განსახიერებისას გარდასახვის მრავალფეროვან ხერხებს იყენებს. ამიტომ შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გარდასახვის უნარის სწორი ანალიზი და შეფასება, რაც მართებული გადაწყვეტილების ანუ მსახიობის სწორად შერჩევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ კინემატოგრაფიული და თეატრალური ელემენტების გარდა ფილმი ასევე მოიცავს სხვა ელემენტებსაც. მაგ. ლიტერატურულ ელემენტებს. კინოფილმის ანალიზის დროს, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას – შემდეგში მდგომარეობს: „როგორ იყენებს ფილმის ავტორი ამბის თხრობისას კინემატეგრაფიულ და თეატრალურ ელემენტებს”. იმისათვის, რომ უკეთ და უფრო ღრმად  გავიგოთ  რეჟისორის მიერ გადმოცემული ისტორია, აუცილებელია კინემატეგრაფიული ხელოვნების მეთოდების ცოდნა.   
ლიტერატურული ანალიზის ელემენტები

კინემატოგრაფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურული ანალიზის ელემენტებს, ამიტომ ფილმის სრულყოფილი ანალიზისთვის აუცილებელია ამ ელემენტების გათვალისწინება.   

თემა – ეს არის ის, რის შესახებაც მიმდინარეობს საუბარი ნაწარმოებში. საინტერესო ამბავი, რომელსაც გადმოგვცემს ავტორი  მხატვრულ ნაწარმოებში.

თემა აერთიანებს ნაწარმოების შინაარსს ერთ მთლიანობაში.  ის შეიძლება იყოს ტიპური მოვლენა და ამბავი რეალური ცხოვრებიდან. თემაში ერთიანდება ნაწარმოების რამდენიმე თემატიკა. 

პრობლემა – მხატვრულ ნაწარმოებში პრობლემაა ცხოვრების ის მხარე, რომელიც ავტორს განსაკუთრებით აინტერესებს. ზოგადად, პრობლემა შეიძლება განვიხილოთ როგორც საკითხი, ამოცანა, რომელიც საჭიროებს შესწავლასა და გადაჭრას; პრობლემის სწორი დასმა წარმოადგენს მისი გადაჭრის მნიშვნელოვან წინაპირობას.

პრობლემატიკა  არის პრობლემათა  ჩამონათვალი, რომლებიც განხილულია ნაწარმოებში. (ისინი შეიძლება მეორეხარისხოვან პრობლემებად მივიჩნიოთ, რომლებიც ექვემდებარებიან ძირითად პრობლემას).

იდეა –  არის მხატვრული ნაწარმოების ძირითადი აზრი. იდეა წარმოადგენს ავტორის მიერ მთავარი პრობლემის გადაჭრის მცდელობას ან იმ გზის მინიშნებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა.

პათოსი – არის ნაწარმოებში გადმოცემული ამბისადმი ავტორის ემოციურ-შეფასებითი მიდგომა. 

კომპოზიცია – ლიტერატურული ნაწარმოების ქარგა, რომელიც ამ ნაწარმოების სხვადასხვა ნაწილებს ერთ მთლიანობაში აერთიანებს.

სიუჟეტი – ის, რაც ხდება ნაწარმოებში. ძირითადი მოვლენებისა და კონფლიქტების სისტემა. ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმა, მოქმედების განვითარების სისტემა.

კონფლიქტი – ხასიათებისა და მოვლენების, შეხედულებებისა და ცხოვრებისეული პრინციპების დაჯახება, რომლებიც საფუძვლად უდევს ნაწარმოებში განვითარებულ მოქმედებას. სიუჟეტის ელემენტები კონფლიქტის განვითარების საფეხურებს ასახავენ.

პროლოგი – ნაწარმოების მხატვრული შესავალი, რომელიც მიუთითებს თხზულების შინაარსის ძირითად ხასიათზე.

ექსპოზიცია – არის მოვლენებისა და პირობების წარმოსახვა, რომლებიც წინ უსწრებენ მოქმედების უშუალო დაწყებას. ის  გვაცნობს ნაწარმოების პერსონაჟებს, პირობებს, მდგომარეობას, დროსა და მოქმედების მიზეზებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ექსპოზიცია მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილია, რომლითაც მოხაზულია ფონი მოქმედების გაშლისთვის.

კვანძის შეკვრა – სიუჟეტის მოძრაობის დასაწყისი. ის მომენტი, რომლითაც იწყება კონფლიქტი და ვითარდება შემდგომი მოვლენები. წინააღმდეგობის გართულების მომენტი.

მოქმედების განვითარება – მოქმედებათა სისტემა, რომელიც მომდინარეობს კვანძის შეკვრიდან. მოქმედების განვითარებისას, როგორც წესი, კონფლიქტი მწვავდება და ურთიერთდაპირისპირება სულ უფრო მკაფიო სახეს იძენს. 

კულმინაცია – უმაღლესი დაძაბულობის მომენტი, კონფლიქტის მწვერვალი. კულმინაცია წარმოადგენს ნაწარმოების ძირითად პრობლემას. ამ დროს გმირთა სახეები საბოლოო ხასიათს იძენს და  ნათელი ხდება. კულმინაციის შემდეგ მოქმედება დაღმასვლას იწყებს (სუსტდება).

კვანძის გახსნა – წარმოდგენილი კონფლიქტის გადაჭრა ან იმ გზების მითითება, რომლებითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედების განვითარების ფინალური მომენტი. როგორც წესი, ამ დროს ან ხდება პრობლემის გადაჭრა, ან ნაჩვენებია მისი გადაჭრის სრული უპერსპექტივობა.

ეპილოგი – არის ნაწარმოების დამასრულებელი ნაწილი, როცა ავტორი გვამცნობს მოქმედების შემდგომი განვითარების მიმართულებას და გმირების ცხოვრების ბედს მოქმედების დასრულების შემდეგ. ეს არის მოკლე თხრობა იმის შესახებ, თუ რა მოუვიდათ ნაწარმოების გმირებს ძირითადი სიუჟეტის დამთავრების შემდეგ.

ირონია –  დაცინვის შეფარული ფორმა. დადებითი ფორმით უარყოფითი შინაარსის გადმოცემა.
არქეტიპი – რისამე პირველსახე, საწყისი, ამოსავალი ფორმა.
სიუჟეტი შეიძლება განვითარდეს: 
·მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;
·წარსულში დაბრუნებით და მომავალში „ექსკურსით”;
·წინასწარშეცვლილი თანმიმდევრობით.
არასიუჟეტურ ელემენტებად ითვლება:
·„ჩასმული” ეპიზოდები;
·ლირიკული (სხვაგვარად ავტორისეული ) გადახვევა.
მათი ძირითადი ფუნქციაა გამოხატვის ჩარჩოების გაფართოება, რათა ავტორს საშუალება მიეცეს გამოთქვას საკუთარი აზრები და გრძნობები სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე, რომლებიც ნაწარმოების სიუჟეტთან პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი. 
ვინ შეიძლება იყოს მთხრობელი
ნაწარმოებში მთხრობელად შეიძლება მოგვევლინოს:
ნაწარმოების პერსონაჟი; 
მთხრობელი-პერსონაჟი;
თვით ავტორი;  
1)ადამიანის მხატვრულ სახეში  განხილულია ცხოვრების ტიპური მოვლენები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ამ  პერსონაჟში. ასევე  ინდივიდუალური თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია ნაწარმოების გმირისთვის: 
·გარეგნული თვისებების დასახასიათებლად  გადმოცემულია პერსონაჟის სახე, ფიგურა და ჩაცმულობა.
·პერსონაჟის ხასიათი გადმოცემულია მის ქმედებებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, მისი საუბრისა და გრძნობების აღწერაში. ასევე გადმოცემულია ის  პირობები, რომელშიც ცხოვრობს და მოქმედებს ნაწარმოების გმირი.
·ბუნების აღწერა ეხმარება მკითხველს  უკეთ ჩასწვდეს პერსონაჟის აზრებსა და გრძნობებს. 
·პერსონაჟის დახასიათებისთვის მნიშვნელოვანია იმ სოციალური გარემოსა და საზოგადოების აღწერა, რომელშიც ის ცხოვრობს.

·მხატვრული ნაწარმოებისთვის დამახასიათებელია პროტოტიპის არსებობა ან არარსებობა.  
2)მხატვრული სახის შექმნის ძირითადი ხერხები: 
·გმირის დახასიათება მისი ქცევისა და მოქმედების საშუალებით;
·გმირის პორტრეტული დახასიათება (ხშირად გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას ამ პერსონაჟისადმი);
·პირდაპირი ავტორისეული დახასიათება;

·გმირის ფსიქოლოგიური ანალიზი – პერსონაჟის აზრების, გრძნობების,  სურვილებისა და შინაგანი სამყაროს დეტალურად გადმოცემა;

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გმირის „სულის დიალექტიკას”, ე.ი. მისი შინაგანი ცხოვრების განვითარებას;

·პერსონაჟის დახასიათება სხვა მოქმედი გმირების მიერ;
·საგნებისა და მოვლენების აღწერა, რომლებიც პერსონაჟს გარს ახვევია (ხშირად ასეთი საგნები ფართო განზოგადების საშულებას იძლევიან ან  სიმბოლურ დატვირთვას იღებენ).

3)სხვა მხატვრული ხერხები:
·ცალკეული პერსონაჟები შესაძლებელია გავაერთიანოთ ცალკეულ  ჯგუფებში ჩვენ მიერ არჩეული პრინციპის (ხასიათის, ტემპერამენტის, ინტელექტის, მენტალობის, ეთნიკურობის, კონფესიურობის და სხვა) მიხედვით. მათი ურთიერთობა და ურთიერთქმედება საშუალებას გვაძლევს უფრო სრულად წარმოვიდგინოთ და გავაანალიზოთ ის, თუ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი. ამავე დროს, ამგვარი მეთოდი გვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ ნაწარმოების თემატიკასა და იდეას.

·მხატვრული სივრცე შესაძლებელია იყოს პირობითი ან კონკრეტული; შემჭიდროვებული ან ყოვლისმომცველი და გაშლილი.

·მხატვრული დრო შესაძლებელია შეესაბამებოდეს ან არ შეესაბოდეს ისტორიულ დროს; იყოს წყვეტილი ან უწყვეტი; წარმოდგენილი  იყოს მოვლენების ან პერსონაჟის შინაგანი სულიერი ქრონოლოგიის მიხედვით;  ასევე, დრო შეიძლება იყო ხანგრძლივი ან წამიერი, სასრული ან დაუსრულებელი, ჩაკეტილი (ე. ი. მხოლოდ სიუჟეტის ფარგლებში – ისტორიული დროის მიღმა) ან ღია (განსაზღვრული ისტორიული ეპოქის ფონზე) და სხვა.
დასასრულ გვინდა მოვუწოდოთ მასწავლებლებს, ხშირად გამოიყენონ ფილმები გაკვეთილებზე, რაც მოსწავლეებში სასწავლო თემების უკეთ გააზრებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი