პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი რიტორიკის (ნეორიტორიკის)თეორიული საფუძვლები

ლინგვისტურ და ლოგიკურ მიმდინარეობებს შორის, რომლებმაც ნიადაგი მოუმზადეს ნეორიტორიკას, შეიძლება გამოვყოთ ტრანსფორმაციული ლინგვისტიკა (ზ. ჰარისი) და იელმსლევის კონოტაციის თეორია, იაკობსონის შრომები და ბრიუსელის რიტორიკული სკოლა (პერელმანი), რომელმაც შემოიტანა ტერმინი – ახალი რიტორიკა.
1960 წელს პარიზში დაფუძნდა ფრანგული ენის შემსწავლელი საზოგადოება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა პარიზის სემიოტიკური სკოლა. ამ სკოლაში თავიდანვე შეინიშნებოდა ორი მიმართულება: დიუბუას ჯგუფი, რომელიც თავის კვლევებში იყენებდა დისტრიბუციულ მეთოდიკას და ლინგვისტთა ალტერნატიული ჯგუფი (გრეიმასი), რომლის წევრებიც ისწრაფოდნენ სიგნიფიკაციის ანალიზისას გამოემუშავებინათ სუფთა დედუქციური მოდელები.

1970 წელს ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში, ჩამოყალიბდა ლიეჟის ნეორიტორიკის სკოლა (დიუბუა, ედელინი, კლინკენბერგი და სხვა). ეს სკოლა გენეტიკურად და კონცეპტუალურად დაკავშირებული იყო პარიზის სემიოტიკურ სკოლასთან.

ფრანგული სკოლის ბაზაზე შექმნილი ნეორიტორიკის ტიპოლოგია მკვლევართა მიერ ამგვარად არის წარმოდგენილი:

1.არგუმენტაციული რიტორიკა (პერელმანი);

2.მეტარიტორიკა: ა) რიტორიკის ტექსტები;  ბ) რიტორიკული კრიტიკა (ბარტი, ტოდოროვი, კოენი, ჟენეტი, კუენცი, არივე…);

3.ზოგადი რიტორიკა (ლიეჟის ნეორიტორიკული სკოლა: დიუბუა, ედელინი, კლინკენბერგი, მენგე, კირი, ტრინონი…);

4.პარარიტორიკა. 

დიუბუას განმარტების მიხედვით, „რიტორიკა ნამდვილად წარმოადგენს ფრანგული სტრუქტურალისტური სკოლის საყვარელ შვილს”.

რიტორიკული დოქტრინის თანამედროვე ინტერპრეტაცია აისახა მრავალ ლექსიკონში, მათ შორის, გრეიმასისა და კურტესის ლექსიკონში, რომელიც გამოიცა 1979 წელს. განმარტებაში მითითებულია, რომ რიტორიკა წარმოადგენს ტექსტის (დისკურსის) მეცნიერებამდელ თეორიას, განპირობებულს იმ კულტურული კონტექსტებით, რომლის ჩარჩოებშიც ის ვითარდებოდა. ჩვენს დროში რიტორიკის აღორძინება აიხსნება სემიოტიკის გავლენით, ტექსტის პრობლემატიკისადმი ინტერესით. ძველი რიტორიკის ზოგიერთი თეორიული მხარე შეესაბამება დღევანდელ აქტუალურ ამოცანებს და საჭიროებს გადახედვას.

რიტორიკა, ოდითგანვე განსაზღვრული, როგორც სწორი მეტყველების, ანუ დარწმუნების ხელოვნება, იკვლევდა მხოლოდ ტექსტთა ერთ სახეობას – ტექსტებს, რომელთა მეშვეობით ხდებოდა აუდიტორიაზე ზეგავლენა. რიტორიკის ერთი ნაწილი, ინვენიციად წოდებული, მოითხოვს ღრმად შესწავლას, ხოლო რიტორიკის მეორე ნაწილი – ელოკუცია – დღეს განიცდის განახლებას!

მხოლოდ ლინგვისტიკაზე ორიენტირებული ტოტალური გადაფასებით გახდება შესაძლებელი, რათა ელოკუცია ჩაერთოს ტექსტის თეორიაში ჭეშმარიტად თანასწორუფლებიან საწყისებზე.

რიტორიკული ხასიათის კვლევებში გასათვალისწინებელია ეპოქა, რომელმაც ახლებურად ჩამოაყალიბა კომუნიკაციის თეორია. პერელმანის აზრით, ენობრივი კომუნიკაციის თანამედროვე პირობები გავლენას ახდენს რიტორიკაზე. ამ აზრს მრავალი თეორეტიკოსი იზიარებს.

ლუნფორდმა და იდემ ამ პირობათა განსხვავებანი ძველი და თანამედროვე სამყაროს მიხედვით ასე ჩამოაყალიბეს: 

როგორც ცვეტან ტოდოროვი წერს: „რიტორიკას აინტერესებს მეტყველების ფუნქციები და არა მისი სტრუქტურა”.
მეტყველების ეფექტურობის მიზნით რიტორიკამ უნდა გაითვალისწინოს ენობრივი კომუნიკაციის თანამედროვე თეორიული მოდელები, ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: გაგება, თანამშრომლობა და ორმხრივი კომუნიკაცია. ამ მიმართულებით მუშაობს რიტორიკის ერთ-ერთი მიმართულება – პრაგმალინგვისტიკა.

პრაგმალინგვისტიკის მთავარი შესასწავლი პრობლემა: ენა და ადამიანი – აერთიანებს მრავალ ლინგვისტურ, ფსიქოლინგვისტურ, აგრეთვე სოციალურ-ისტორიულ, ნაციონალურ-კულტურულ, ეთნოგრაფიულ და სხვა ფაქტორებს. 

პრაგმატიკის ძირითადი პოსტულატია – ენის ფაქტების შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც წინა პლანზე წამოსწია ენობრივი ურთიერთობის ლინგვოპრაგმატიკული პრობლემატიკა, რომელიც, ამავე დროს, მოითხოვს მეტყველების სიტუაციის განხილვას. ასეთ შემთხვევაში ლინგვისტური პრაგმატიკის ობიექტია – ენა, მეტყველება, როგორც ენობრივი შემოქმედება და მეტყველება, როგორც ენობრივი მასალა  (ტექსტი), ხოლო საგანი – ენის შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით ფართო სოციალურ კონტექსტში.

ლიჩი აღნიშნავს, რომ პრაგმატიკა, ისევე როგორც რიტორიკა, სწავლობს მნიშვნელობას ენობრივ სიტუაციასთან დამოკიდებულებაში. ენობრივი სიტუაციის კომპონენტებია: კომუნიკანტები, კონტექსტი, მეტყველების მიზანი, ილოკუციური აქტი, გამონათქვამი, მეტყველების დრო და ადგილი. პრაგმატიკის პრინციპები მოტივირებულია კომუნიკაციური მიზნით.

თანამედროვე რიტორიკა არის პრინციპულად ახალი დისციპლინა, უფრო ზუსტად, სამეცნიერო ძიების მიმართულება, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარულ მიმართულებათა  მთელ ჯგუფს…

„სიმბოლოს თეორიის” ზოგადი თეორიული ასპექტების დამუშავების პარალელურად ამ მიმართულებამ გამოიმუშავა საკმაოდ მძლავრი ანალიზის მეთოდები ტექსტის დამოკიდებულებისა  კულტურულ-ანთროპოლოგიურ კონტექსტებთან.

ახალ რიტორიკას მოაქვს აზროვნების ახალი სტილი, ახალი მიმართებები, ძველის გადაფასება, სიახლის დანერგვა – ეს გლობალური პროცესია. იმისათვის, რომ გაუგო მეორეს, არა მარტო სიტყვები და ნიშნები უნდა ახსნა, არამედ უნდა შეხვიდე მთელ მის სამყაროში (მამარდაშვილი).

ისევ ციცერონს მოვიშველიებ: მოძებნო, შეარჩიო და გამოთქვა! – ჭეშმარიტად დიდებული საქმეა, თითქოს სული სხეულშია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი