პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კითხვების დასმის ხელოვნება

აინშტაინი წერდა: „ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს შეწყვიტო კითხვების დასმა“. ეს არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ნებისმიერ ადამიანურ სფეროს  შეეხება. სწავლებისას კი კითხვების დასმა უმნიშვნელოვანესია. როგორც ცნობილია, სოკრატე თავის ფილოსოფიურ ძიებებს სწორედაც ამ პრინციპით,  დასმულ კითხვებზე მრავალმხრივ განტოტვილ პასუხთა ძიებებით ახორციელებდა.

პედაგოგის  ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ისიცაა, ასწავლოს ბავშვებს კითხვების დასმა. ამ თვალსაზრისით, არაერთი მეთოდი და სტრატეგიაა დამუშავებული, თუმცა, ყოველ ჯერზე მასწავლებელმა თვითონ უნდა შეძლოს არსებულ ტექნოლოგიათა იმგვარი მოდიფიცირება, რომ გამოყენებულმა სასწავლო ხერხებმა შედეგი მოიტანოს.

ყველა საგნის პედაგოგი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს უჭირთ კითხვების დასმა, უფრო ზუსტად კი, კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ, ერთმნიშვნელოვანია, უფრო ხშირად მხოლოდ ფაქტების ცოდნაზეა დაფუძნებული. არადა, კითხვის ნიშანი თითქოს ანკესს ჰგავს, რომლითაც უნდა რაღაც დაიჭირო თუ მოიხელთო. რა შეიძლება ეს იყოს? უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაცია მრავალგვარია_ კონკრეტული, ზოგადი, ერთმნიშვნელოვანი, მრავალმნიშვნელოვანი, სიმბოლური, არაორდინარული და ა. შ.  რაც უფრო ფართო და ღრმა იქნება კითხვების სპექტრი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება პასუხების მრავალფეროვნებისა. ნებისმიერ გაკვეთილზე მასწავლებელმაც და მოსწავლემაც შეიძლება მოიფიქროს სხვადასხვა ტიპის კითხვა, მათ შორის:

  • მარტივი კითხვები;
  • პრაქტიკული კითხვები;
  • დამაზუსტებელი კითხვები;
  • შემოქმედებითი კითხვები;
  • ინტერპრეტაციული კითხვები;
  • შეფასებითი კითხვები;

კარგ კითხვად ის მიიჩნევა, რომლის პასუხი აზროვნებას, ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას, შეფასებას, ანალიზისა და სინთეზის განხორციელებას გულისხმობს.

ფსიქოლოგთა დაკვირვებით, კითხვას რამდენიმე ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს:

  • კითხვის საშუალებით ახალი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვო;
  • კითხვის სწორად დასმის შემთხვევაში, შეიძლება, დააზუსტო უკვე არსებული ინფორმაცია;
  • კითხვის დასმით შეიძლება მსჯელობის მიმართულება შეცვალო;
  • კითხვის დასმისას შეიძლება საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნო;
  • კითხვის დასმით შეიძლება საკუთარი თვალსაზრისი გამოხატო;
  • სწორად დასმული კითხვა სწორი პასუხისკენ იკვალავს გზას;
  • კითხვათა საშუალებით შეიძლება მოპასუხის განწყობილების შექმნა.

ცხოვრება ადამიანისგან გამუდმებით მოითხოვს კითხვების დასმასა და პასუხების ძიებას. პრობლემების  არსებობა ყოფის თანამდევია, მათი მოგვარება კი ინტელექტუალურად და სულიერად ზრდის ადამიანს. ბევრი მოსწავლეცა და მასწავლებელიც პრიმიტიული კითხვებით იფარგლება, რადგან გააზრებული კითხვის დასმა უნარია, რომელსაც შეძენა, დახვეწა, განვითარება, წვრთნა სჭირდება, ამიტომაც სასწავლო პროცესში   ამას  ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

თუ მოსწავლეს კითხვის დასმის ხელოვნება ეცოდინება, მაშინ ის უფრო თავისუფლად შეძლებს თანამედროვე სამყაროში ორიენტირებას, ინტელექტუალურ განვითარებას. კონკრეტულ ფაქტთა და მოვლენათა მიღმა ზოგად კანონზომიერებათა აღმოჩენას,  ნაწილების მთლიანობაში აღქმას.

კითხვების დასმა კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ლოგიკურად გაანალიზოს ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნები, მიღებული შედეგები კი გამოიყენოს როგორც სტანდარტული, ჩვეულებრივი, ნაცნობი სიტუაციების, აგრეთვე, უცნობი ვითარების გასაანალიზებლად. გარკვეულ ტექნოლოგიათა გამოყენებით მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა მიაჩვიოს იმას, რომ არ შეეშინდეთ სხვადასხვა ხასიათის  კითხვების დასმისა. ამისთვის კი გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო:

  • არ უნდა აღიქვას მასწავლებელმა ტრაგედიად, თუ მოსწავლე ვერ უპასუხებს დასმულ კითხვას, ეს ნორმალური სიტუაციაა, სწორედ ესაა სწავლების პროცესი. ის უნდა დაეხმაროს მას პასუხისკენ გზის გაკვალვაში.
  • მასწავლებელმა მეტი შემოქმედებითი ხასიათის კითხვა უნდა დასვას, რომლებიც მრავალმნიშვნელოვან პასუხებს გულისხმობენ და ახალ კითხვებს აძლევენ ბიძგს, დიალოგის გაგრძელებას უწყობენ ხელს;
  • ისეთი კითხვები უნდა დაისვას, რომელიც შეიძლება დაიწყოს სიტყვით: „საინტერესოა“.
  • ხშირად კითხვა, რომელიც იწყება სიტყვით: რატომ? თანაც, შესაბამისი ინტონაციით, იწვევს მოსწავლეთა სურვილს, თავი დაიცვან შემოტევისგან, განაპირდნენ და არა, პირიქით, ჩაერთონ კითხვის გაცემის პროცესში.

არსებულ სტრატეგიათაგან შეიძლება მასწავლებელმა გამოიყენოს, მაგალითად:

  1. სტრატეგია: „კითხვითი სიტყვები“

ორსვეტიან ცხრილში მარჯვნივ  ჩამოწერონ შესასწავლი ცნებები, ფაქტები, პრობლემები, ხოლო მარცხნივ კითხვები. შეიძლება ეს დავალება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე_ ჯგუფურად.

  1. სტრატეგია: „დიდი და მცირე კითხვები“

მოსწავლეებმა ჯერ უნდა  მოიფიქრონ შესასწავლ მასალასთან დაკავშირებული კითხვები, შემდეგ კი  გადაარჩიონ და ორსვეტიან ცხრილში მარჯვნივ დიდი კითხვები ჩამოწერონ, ესე იგი, კითხვები, რომლებიც განზოგადებულ მსჯელობას მოითხოვენ პასუხის გასაცემად, მარცხნივ კი მცირე კითხვები_ რომლებიც კონკრეტულ ფაქტთა და მოვლენათა ცოდნას გულისხმობენ სწორი პასუხისთვის.

მოსწავლეების  ნამუშევართა განხილვისას წარმოჩნდება კლასიფიკაციისას დაშვებული შეცდომები. მოსწავლეები მიეჩვევიან, ერთმანეთისგან განასხვავონ მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი კითხვები. სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას უნდა მიექცეს ყურადღება. მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს, რა ტიპის კითხვა დაეხმარება მას მასალის სიღრმისეულად გააზრებაში და რა კითხვები დატოვებს მას მასალის  მხოლოდ ზედაპირული აღქმის სივრცეში.

ეს სტრატეგია მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორც ახალი თემის დაწყებისას, ასევე, შესწავლილი თემის ანალიზისას. დასაწყისში  დასმული კითხვების საშუალებით მასწავლებელი გაარკვევს, ვის რა ცოდნა აქვს მოცემულ თემაზე, ანალიზისას კი შეძლებს, დაინახოს, რა შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ, რამდენად შეძლო დასახული ამოცანების შესრულება.

3.სტრატეგია: „კითხვების გვირილა“, იგივე, „ბლუმის გვირილა“

 

ექვსფურცლიანი გვირილის თითოეული ფურცელი კითხვის გარკვეულ ტიპს განასახიერებს:

  1. მარტივი კითხვები, რომელთა პასუხები გულისხმობენ მასალის შესწავლისას არსებული კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების ცოდნას;
  2. დამაზუსტებელი კითხვები, რომლებიც ჩეულებრივ შეიძლება იწყებოდეს ასე: „მაშასადამე, შენ ამბობ, რომ..“; „მე თუ სწორად გავიგე, მაშინ…“ ასეთი კითხვები იმისთვის დაისმება, რომ დაზუსტეს რაიმე მიზეზის გამო ნაგულისხმევი, მაგრამ არა დასახელებული თუ გამოთქმული ინფორმაცია.
  3. ინტერპრეტაციული (ამხსნელი კითხვები), რომლებიც ჩვეულებრივ იწყება კითხვითი სიტყვით: რატომ? ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ამ კითხვამ უარყოფითი ელფერი შეიძინოს, როგორც იძულებითმა ახსნა-განმარტებამ. სხვა შემთხვევაში, ისინი იმისთვის ისმება, რომ დადგინდეს მოვლენათა თუ ფაქტთა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ვთქვათ, მაგალითად, რატომ ხდება ეს თუ ის მოვლენა? თუ პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია და იოლია, მაშინ კითხვა ინტერპრეტაციული აღარ იქნება, არამედ _ მარტივი.
  4. შემოქმედებითი კითხვები, ჩვეულებისამებრ, შეიცავენ „თუ“ ნაწილაკს. ისინი გულისხმობენ გარკვეულ ვარაუდსა თუ დაშვებას, რომლებიც საგანთა და მოვლენათა ჩვეულ მდინარებას შეცვლიან, უცხო და ორიგინალური თვალთახედვით წარმოაჩენენ. მაგალითად, როგორ შეიცვლებოდა ესა თუ ის მოვლენა, მაგალითად, სამყარო, თუ ყველა ყინული გადნებოდა? თუ შენზე იქნებოდა დამოკიდებული, რას შეცვლიდი სამყაროში?
  5. შეფასებითი კითხვები საჭიროა რაიმე მოვლენის შესაფასებლად. მაგალითად, რატომ არის კარგი, რომ იყო განათლებული? ან რატომ ფასდება ენების ცოდნა?
  6. პრაქტიკული კითხვები მაშინ დაისმება, როდესაც გასარკვევია, რა კავშირია თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის. მაგალითად, როგორ მუშაობს ამა თუ იმ ხელსაწყოს ესა თუ ის მექანიზმი? როგორ უნდა დაითესოს სხვადასხვა მცენარე?

წარმოდგენილი ყველა ტიპის კითხვის გამოყენება საჭიროა ყველა კლასში, ნებისმიერი დისციპლინის სწავლებისას,  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ ბავშვებს, რომ იაზროვნონ კრიტიკულად და შემოქმედებითად, მთავარია, რომ ამას მიაჩვიონ პედაგოგებმა შესაბამისი კითხვების დასმით.  ბავშვებს მოსწონთ, როდესაც თეორიულ ცოდნას  საკუთარი მაგალითებით ამრავალფეროვნებენ.  მოსწავლეებს უყვართ  ისეთი მეცადინეობები, რომლებიც რაღაც კუთხით თამაშს წააგავს. კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად თამაშის ელემენტების ჩართვაც გამართლებულია, რადგან ასეთ დროს სწავლების პროცესი უფრო ხალისიანად, საინტერესოდ და ეფექტურად მიმდინარეობს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი