პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი

როგორც ვიცით, სამოდელო გაკვეთილი შეიძლება იყოს ოთხი ტიპის: ინტეგრირებული, პრობლემაზე ორიენტირებული, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული და ინოვაციური.

მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო სამოდელო ინტეგრირებულ  გაკვეთილზე. ინტეგრირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ. სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. სასურველია, მასწავლებლებმა ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.  დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ხასიათდება გადატანის უნარით. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.

ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს.  არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება უნდა იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. გაკვეთილის იდეის/თემის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს.  გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების მასწავლებლებთან, რომელი საგნების ინტეგრირებაც აქვს განზრახული, უნდა გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი, მოისმინოს და  გაითვალისწინოს  მათი რეკომენდაციები.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებთ ამ სასწავლო წლის დასაწყისში დავგეგმე ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, რომელიც ბარეთის საჯარო  სკოლაში ჩავატარე. გაკვეთილის თემა იყო საკოორდინატო ბადე და გარემოში ორიენტირება. თემის შერჩევა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება, მიმართულებების აღქმა, ნასწავლი მასალის დაკავშირება სხვა საგანთან და ამ მასალის საჭიროებისამებრ გამოყენება.

გაკვეთილზე გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის რესურსი, მთლიანი გაკვეთილი კი მიმდინარეობდა წინასწარ  PowerPoint-ის საშუალებით მომზადებული პრეზენტაციით.  გაკვეთილის მსვლელობა თითქმის მთლიანად ემთხვეოდა ქვემოთ მოცემულ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის დასკვნით ფაზაზე ვცადე, ბავშვები გამეყვანა მაღალ სააზროვნო უნარებზე და ვთხოვე ემსჯელათ გაკვეთილის დასაწყისში შეთავაზებულ აქტივობაზე. დავსვი კითხვა: იმსჯელეთ, ხომ არ შეიძლებოდა უფრო მარტივად აეხსნა ბაბუას ნინოსთვის განძის მდებარეობა? რა ცოდნა/უნარები უნდა ჰქონოდა ბაბუას, რომ უფრო მარტივად აეხსნა განძის მდებარეობა?  ამ აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რატომ სჭირდებათ ჰორიზონტის  მხარეების ცოდნა და როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ინდივიდუალურად შევავსებინე  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ფურცლები, ამასთან შევეცადე, ეს შეფასების ფორმაც თემის შესაბამისი ყოფილიყო (საკოორდინატო ბადე). საშინაო დავალებისათვის კი დავურიგე წინასწარ მომზადებული სამეფო სასახლის გეგმა (ნახაზი) და ტექსტი, სადაც განმარტებული იყო ოთახების მდებარეობა, მათ უნდა გამოეცნოთ ეს ოთახები და სიმბოლურად ჩაეხატათ შიგნით საგნები (მაგ. წიგნები, ტელევიზორი, მაგიდა და ა.შ.) ეს დავალება სახალისო შესასრულებელია,  შედეგად კი მოსწავლეებს  ეცოდინებათ ჰორიზონტის ძირითადი მხარეები, შეეძლებათ ჰორიზონტის მხარეების ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. დავალებას კი  ვაფასებ კრიტერიუმით – რამდენად აკურატულად შეასრულა მოსწავლემ ის, რამდენად სუფთად და ზუსტად არის დატანილი სიმბოლოები, არის თუ არა შეცდომები.                                 დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გაკვეთილზე განხორციელებული  მარტივი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს მიმართულებების უკეთ აღქმაში ეხმარებათ. ამისთვის კარგია სწორედ მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რაც სახალისოს გახდის სწავლებას და მოსწავლეს მხარეების ცოდნას გაუმყარებს. ეს ცოდნა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემდეგ კარგი შეფასება მიიღონ. ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

გთავაზობთ ამ გაკვეთილის გეგმას დანართებითურთ.                                                                                          საგანი/საგნები: მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი / V კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 4 (მათ შორის არ არის სსსმპ).                                                  

გაკვეთილის თემა:  საკოორდინატო ბადე და გარემოში ორიენტირება                              

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი საგნის/თემის (საკოორდინატო ბადე – მათემატიკა) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (ბუნებისმეტყველება – გარემოში ორიენტირება, ჰორიზონტის მხარეები), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას – ტრანსფერს.  მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცული აზროვნება.

მოსწავლემ უნდა შეძლოს: საკოორდინატო ბადეზე გამოსახული საგნების/ობიექტების კოორდინატების დასახელება; მოცემული კოორდინატებით საგნების/ობიექტების  დასახელება;  ჰორიზონტის მხარეების მიხედვით საგნის პოვნა;  მოცემული სიდიდეების ჩასმა ცხრილში;  არგუმენტირებული მსჯელობა სასურველი მარშრუტის უპირატესობაზე.                                                                      

კავშირი ესგ:

 მათ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე.                          

ბუნ.V.7.მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა  და რთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე                                                                                                                           

ბუნ.V.8.მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება.

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები კლასის ორგანიზ.ფორმა/  ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების ფორმის/კრიტერიუმების  გაცნობა –  პროექტორით ვაჩვენებ სლაიდზე   გაკვეთილის შეფასებისა და  თვითშეფასების ფორმებს. გავაცნობ შეფასების რუბრიკას, რომელიც გაკრულია ოთახში  თვალსაჩინო ადგილას/ ვიდეო მეთოდი მთელ კლასთან. შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1), შეფასების ფურცლები (დანართი 2) პროექტორი, კომპიუტერი, სლაიდები.  

3 წთ.

 

2

 

,,დავეხმაროთ ნინოს განძის მოძებნაში’’-

სლაიდზე ვაჩვენებ ტექსტს – ნინოს მიერ ნაპოვნ წერილს განძის მდებარეობის შესახებ და ბაღის მოდელს. დაფაზე გავაკრავ ასევე პლაკატს – ბაღის მოდელი საკოორდინატო ბადით. დავურიგებ ამობეჭდილ ტექსტს  მოსწავლეებს  და მათ უნდა იპოვონ განძი ჰორიზონტის მხარეების მიხედვით. დავალების დასრულების  შემდეგ სლაიდზეც გამოჩნდება სწორი პასუხი.

ვიდეომეთოდი, დემონსტრირება და ილუსტრაცია. მთელ კლასთან. პლაკატი-ეზოს მოდელი (დანართი 3), წერილი ნინოს (დანართი 4-4 ცალი), პროექტორი, კომპიუტერი, სლაიდები. 5 წთ.
3

 

 

 

გავლილი მასალის/საწყისი ცოდნის გახსენება –  სლაიდებზე ვანახებ კინოთეატრის დარბაზს და ერთ-ერთ სკამზე დადებულ ყუთს, მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ყუთის მდებარეობა და კოორდინატები, დავალების დასრულების შემდეგ სლაიდზე გამოჩნდება სწორი პასუხები. ვიდეომეთოდი დემონსტრირება და ილუსტრაცია. მთელ კლასთან. სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი. 5 წთ.
4 დაასახელეთ კოორდინატები და საგნების ურთიერთმდებარეობა პლაკატზე –  დაფაზე გაკრულ პლაკატზე მოსწავლეები ასახელებენ  ობიექტების  კოორდინატებს,  იწერენ ცხრილებში, ასახელებენ მათ ურთიერთმდებარეობას  ჰორიზონტის მხარეების დახმარებით. დემონსტრირება და ილუსტრაცია. მთელ კლასთან და წყვილებში. პლაკატი – სოფელი საკოორდინატო ბადით  (დანართი 5), ცხრილები (დანართი 6). 6 წთ.
5 შეუსაბამეთ რუკაზე მონიშნულ ადგილს შესაბამისი კოორდინატი – სლაიდზე ვანახებ წალკისა და ბარეთის რუკას საკოორდინატო ბადით, სადაც  აღნიშნულია ოთხი წერტილი, ბავშვებმა უნდა დაასახელონ მათი კოორდინატები და ჩაწერონ შესაბამის ცხრილში და  ეს კოორდინატები შესაბამის ადგილას დაფაზე მიაკრან, შემდეგ სლაიდზეც ვაჩვენებ სწორ პასუხებს. ვიდეო მეთოდი დემონსტრირება და ილუსტრაცია. წყვილებში. სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი,   ცხრილი (დანართი 7),  ფერადი ქაღალდი, ობიექტების ჩამონათვალი (დანართი 8). 6 წთ.
6 იპოვეთ კოორდინატები  რუკაზე – ვანახებ სლაიდს – საქართველოს რუკას, სადაც მონიშნულია რამდენიმე რეგიონი, მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ ჩამონათვალიდან მონიშნულ ადგილებს ამ რეგიონის  რომელიმე ქალაქი ან რეგიონული ცენტრი, მიუწერონ შესაბამის გრაფებში ამ ქალაქების კოორდინატები, აღწერონ ამ ქალაქების ურთიერთმდებარეობა ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით (დროის ეკონომიის მიზნით შესაძლებელია რეგიონები დაინაწილონ წყვილებმა). ვიდეო მეთოდი დემონსტრირება და ილუსტრაცია. წყვილებში. სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი,  ცხრილი ქალაქების ჩამონათვალით (დანართი 9). 10 წთ.
7

 

 

 

დავუბრუნდეთ ნინოს განძს – ვანახებ სლაიდს და ვთხოვ ბავშვებს, იმსჯელონ განძის პოვნის უფრო მარტივი გზაზე, ჩამოაყალიბონ, როგორ შეეძლო ბაბუას უფრო მარტივად აეხსნა განძის ადგილსამყოფელი. ვიდეო მეთოდი დემონსტრირება და ილუსტრაცია. მთელ კლასთან. სლაიდები, კომპიუტერი, პროექტორი, პლაკატი-ეზოს მოდელი (დანართი 3). 5 წთ.
8 შეფასება /თვითშეფასება –  დავურიგებ მოსწავლეებს შეფასების/თვითშეფასების ფორმებს და ვთხოვ შეავსონ ფურცლები.   ინდივიდუალური. შეფასების ფურცლები (დანართი 2). 3 წთ.
9

 

 

 

საშინაო დავალების მიცემა – დავურიგებ მოსწავლეებს სამეფო  სასახლის გეგმას (ნახაზს) და ტექსტს, სადაც განმარტებულია ოთახების მდებარეობა, მათ უნდა გამოიცნონ ეს ოთახები და სიმბოლურად ჩახატონ შიგნით საგნები (მაგ. წიგნები, ტელევიზორი, მაგიდა და ა.შ. ) დავალებას ვანახებ სლაიდებზეც. ვიდეო მეთოდი, დემონსტრირება და ილუსტრაცია. ინდივიდუალური. სლაიდები, კომპიუტერი, პროექტორი,   ტექსტი და სასახლის გეგმა (დანართი 10). 2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს შეეძლებათ სივრცეში ორიენტირება. შეძლებენ საკოორდინატო ბადეზე ობიექტის კოორდინატების პოვნას და მოცემული კოორდინატით ობიექტის მითითებას.

შეფასება:  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა  (დანართი 1)

კრიტერიუმები 1-2

     დაბალი

3-4

             საშუალოზე დაბალი

5-6

        საშუალო

7-8

საშუალოზე     მაღალი

9-10

        მაღალი

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა, მოსმენის კულტურა, ეთიკური ნორმების დაცვა პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს. საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს. საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს. გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს. აქტიურია მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.
წაკითხული, მოსმენილი ინფორმაციის შეჯამების უნარი, წყვილში მუშაობა ვერ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, წყვილში მუშაობისას პასიურია. ნაწილობრივ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, არ ან ვერ  თანამშრომლობს მეწყვილესთან. ნაწილობრივ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში  წვლილიც შეაქვს წყვილის მუშაობაში. კარგად  აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, შეაქვს წვლილი წყვილის მუშაობაში.  აჯამებს და  აანალიზებს  წაკითხულ ინფორმაციას, მნიშვნელოვანია მისი წვლილი წყვილის მუშაობაში
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით ვერ აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, ან უჭირს მათი გამყარება არგუმენტებით. ზოგჯერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებით/არგუმენტებით. ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით. ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით. სრულად ახერხებს მოსაზრებების გამყარებას ფაქტებით/ არგუმენტებით.

დანართი 2 – შეფასების ფურცელი (ჩახატეთ  კაცუნა –          შესაბამის ადგილას)

9-10        
7-8        
5-6        
3-4        
0-2        
  ანა ფილიზ გვანცა გულავათან

 

დანართი 3 – პლაკატი – ეზოს მოდელი

                  

                             დანართი 4 – დავეხმაროთ ნინოს განძის მოძებნაში

პატარა ნინომ ბაბუამისის ნივთებში ასეთი წერილი იპოვა:  ,,ეზოში განძია შენახული, თუ მისი პოვნა გინდა, დადექი ვაშლის ხის ძირში, შემდეგ იარე აღმოსავლეთით ხუთი ნაბიჯით, შემდეგ ჩრდილოეთით – ორი ნაბიჯით, შეგხვდება ნაძვის ხე, გადაუხვიე დასავლეთით ორი ნაბიჯით და შემდეგ იარე სამხრეთით ექვსი ნაბიჯით. იქ დიდ ლოდს დაინახავ. სწორედ ამ ლოდის  ქვეშ არის არის დამარხული განძი’’.

7             ნაძვის ხე
6              
5   ვაშლის ხე          
4              
3              
2              
1              
  1 2 3 4 5 6 7

 

დანართი 6 -იპოვეთ კოორდინატები და ჩაწერეთ შესაბამის ადგილას

სკოლა ტბა მზე ფერმა ღრუბელი ავტობუსი მოედანი ტყე
               

დანართი 5  –  პლაკატი – სოფელი საკოორდინატო ბადით

დანართი 7 – იპოვეთ კოორდინატები და ჩაწერეთ შესაბამის ადგილას

ბარეთი ბარეთის ტბა ბეშთაშენი წალკა
       

დანართი 8 – მიაწებეთ შესაბამისი კოორდინატები

დანართი 9 – შეუსაბამეთ   სიმბოლოს  –    შესაბამისი ქალაქი და მიუწერეთ   კოორდინატები.
(ქალაქები: თელავი, მესტია, გორი, თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი,  ბათუმი და სოხუმი).

კახეთი იმერეთი სამეგრელო სვანეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი აფხაზეთი აჭარა
თელავი  
(800; 400)    

 

გამოყენებული ლიტერატურა:                                                                                                           

 1. ინასარიძე მ. ლობჟანიძე ს. (2016 წ) – მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი (II ნაწილი) – თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (გვ. 13-17);

  1. რატიანი მ. (2015წ), ჰორიზონტის მხარეების სახალისო სწავლება, (ინტერნეტგაზეთი – maswavlebeli.ge).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი