შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თამაშის   დრო   გაკვეთილებზე

10 თამაში, რომლებიც ყველა საგნის მასწავლებელს გამოადგება

ვის არ უყვარს თამაში გაკვეთილებზე?

ჩვენ  ბავშვობიდან მოვდივართ. ყველას გამოვლილი გვაქვს სკოლის პერიოდი და  კარგად გვემახსოვრება, რომ თამაშით გაკვეთილი გამორჩეული და საყვარელი იყო ჩვენთვის და, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ყოველთვის ვცდილობდით, თანაკლასელებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გამოგვეყო თამაშისთვის. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო და არის სპორტის გაკვეთილი ბევრი მოსწავლისთვის განსაკუთრებულად საინტერესო, რადგან ამ დროს მათ საშუალება ეძლევათ, დახარჯონ მათი ულევი ენერგია, იყვნენ ფიზიკურად აქტიური და იხალისონ გაკვეთილის განმავლობაში.

მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია მათი ფიზიკური აქტივობებისადმი მიდრეკილება და მასწავლებლებს არ უნდა გვწყინდეს, როცა მათ ბეზრდებათ ან უბრალოდ იღლებიან 45 წუთის განმავლობაში მერხთან ჯდომითა და მოსმენით. ისინი ხომ ბავშვები არიან და არა ზრდასრული სტუდენტები! ამიტომ მათი ასაკი, მათი მოზღვავებული ენერგია ჩვენი გაკვეთილის სასარგებლოდ ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ორივე მხარე (მასწავლებელი-მოსწავლე) კმაყოფილი იყოს როგორც პროცესით, ისე მიღებული შედეგით.

პირადად მე ვთვლი, რომ 2-3 წუთიანი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების ფიზიკურ დატვირთვაზეა დამყარებული, ძალიან სასარგებლო და ეფექტიანია, ,,ენერჯაიზერია” მოსწავლეების მოტივაციისა და ჩართულობისთვის. კარგი იქნება თუ  გავითვალისწინებთ,  რომ ჩვენ საკლასო ოთახში 20-25 განსხვავებული პიროვნება გვყავს, განსხვავებული ინტერესებით, შესაძლებლობებითა და ინტელექტით.

როგორც ვიცით, ჰ. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ესენია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. თითოეული ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე ტიპს ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვაგვარ მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ეს კი, დამეთანხმებით, საკმაოდ რთული და შრომატევადია. პირადად მე, ჩემი მოსწავლეების მრავალმხრივი ინტელექტის გამოსავლენად და გამოსაყენებლად, ასევე მათი ინტერესის გაზრდის მიზნითა და გაკვეთილის მიზნის მისაღწევად თითქმის ყველა გაკვეთილზე თამაშებს ვიყენებ. ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საიტერესოა და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც უცხო ენის, ასევე სხვა საგნის გაკვეთილებზე.

საგანმანათლებლო თამაშები პირობითად შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: „გამახურებლები“ (ენერჯაიზერი), რომელიც გაკვეთილის დასაწყისის 5-6 წუთიანი აქტივობებია, და მათი მიზანია მოსწავლეების მოტივირება, მათი ყურადღების მიმართვა გაკვეთილის თემისადმი და დაინტერესება; მეორე ტიპის თამაშების გამოყენება შეიძლება გაკვეთილის ძირითად ნაწილში და მათი მთავარი მიზანი შესწავლილის ან ახლად ახსნილი მასალის გავარჯიშება, გამოყენება, განმტკიცებაა; რაც შეხება „დახურვის“ აქტივობებს, ისინი ყველაზე ეფექტური გაკვეთილის ბოლო ნაწილშია და საშუალებას გვაძლევს მთელი გაკვეთილი თუ თემა შევაჯამოთ და პოზიტიურად დავასრულოთ. თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან ნებისმიერი ქვემოთ განხილული თამაში შეიძლება მოერგოს გაკვეთილის ნებისმიერ მონაკეთს, მათი გამოყენება შეიძლება როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად, ასევე რაიმე რთული თემის ახსნის დროს ბავშვების შესასვენებლად, მათი ძალების აღსადგენად ან თუნდაც გაკვეთილის ბოლოს, როცა რამდენიმე წუთია ზარამდე დარჩენილი და ყველა  დაგეგმილი აქტივობა უკვე დასრულებულია.

ამ სტატიაში გაეცნობით რამდენიმე თამაშს, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რადგან მათი გამოყენება ხელს უწყობს გაკვეთილის ეფექტურ დასაწყისს, ხალისიან წარმართვასა და ისეთ დასასრულს, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენი მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან შენს შემდეგ გაკვეთილს.

გაკვეთილის დასაწყისის ერთ-ერთი თამაშია „რა დევს ჩანთაში“ან „რა დევს ყუთში“. მოსწავლეები ორ ჯგუფად იყოფიან, თითო წევრი თითოეული ჯგუფიდან მორიგეობით მიდის ყუთთან, იღებს ერთ ნივთს (შიგნით ჩახედვის გარეშე) და ასახელებს მას, უფროს კლასებში თითოეულ ნივთზე უნდა შექმნან რაიმე ისტორია და ისაუბრონ 20 წამის განმავლობაში. შემდეგ მეორე მოსწავლე იღებს ნივთს და მან წინა მოსაუბრის ისტორია უნდა განაგრძოს ისე, რომ 20 წამის განმავლობაში ისაუბროს თავის ნივთზე. რომელიც უფრო კარგ ამბავს შექმნის, ის არის გამარჯვებული. უცხო ენის გაკვეთილზე ეს მეთოდი ლექსიკური მარაგისა და მეტყველების გაუმჯობესებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებასაც.

„კანფეტების ყუთი“ – საუკეთესო გამხსნელია არდადეგების შემდეგ ან მასწავლებლის პირველი გაკვეთილისთვის კლასში, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. მოსწავლეები დგანან წრეზე ან სხედან მერხებზე. კანფეტებით სავსე თასიდან მასწავლებელი იღებს რამდენიმე კანფეტს და გადასცემს მის გვერდით მყოფ მოსწავლეს. თითოეულმა უნდა აიღოს სულ მცირე 2 და, სურვილისამებრ, მეტი კანფეტი. ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს დავალებას. ვის რამდენი კანფეტიც აქვს, იმ რაოდენობის წინადადებას გვეუბნება მის შესახებ (უცხო ენაზე), ან მისი ზაფხულის არდადეგების შესახებ, ან ასახელებს იმ რაოდენობის მეფეს, დედაქალაქს, ბრძოლას და ა.შ.

„ბურთის გადაგდება“ – ძალიან მარტივი და სახალისოა აქტივობა ჩვეულებრივი ბურთის გამოყენებით. ვასახელებთ დავალებას, მაგალითად, ჩამოთვალეთ სიტყვა „ლამაზის“ სინონიმები და ბურთს ვუგდებთ ერთ-ერთ მოსწავლეს. ის ასახელებს სინონიმს და სწარაფად გადააწვდის მეორეს და ბურთი ასე მოივლის მთელ კლასს. ასევე, უცხო ენის გაკვეთილზე  ბურთისთვის ლექსიკური კატეგორიების მიწერაც შეიძლება. რომელ კატეგორიასაც დაემთხვევა მარჯვენა ცერი იმ კატეგორიიდან მოსწავლე ლექსიკურ ერთეულებს ასახელებს  (მაგ: ცხოველები, ტრანსპროტის საშუალებები და ა.შ.).

„დაშიფრული სიტყვა“ – მარტივია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. ვწერთ სიტყვას, დაფაზე ვაძლევთ მინიშნებას, ბავშვები ასახელებენ ასოებს და ცდილობენ, გამოიცნონ დაშიფრული სიტყვა ან წინადადება. ამ თამაშის უფრო გავრცობაც შეიძლება – მცირე ჯგუფებში მივცეთ დავალებად, თვითონ შექმნან მსგავსი კროსვორდი ან „wordsearch”.

 

„ენის წვერზე“ – დაფაზე არის მოღიმარი ბიჭის ან გოგოს ფოტო (ანიმაციური). მას უჩანს ენის ნაწილი, სადაც წერია ფრაზა, თუმცა დასასრული არ ჩანს. მოსწავლე ასახელებს გამოტოვებულ სიტყვას, იღებს შემდეგ „ენას“ და აჩვენებს კლასს. (მაგალითად: გურამ დოჩანაშვილი არის ავტორი ნაწარმოებისა „კაცი, რომლსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. არ ჩანს ავტორის სახელი და გვარი. ის მოსწავლემ უნდა დაასახელოს).

 

 

„ვინ ვარ მე?“ – შუბლზე დაწებებული აქვთ რომელიმე გამოჩენილი ადამიანის სახელი (უცხო ენის გაკვეთილზე ნებისმიერი არსებითი სახელი), მოსწავლეები სვამენ შეკითხვას, რათა გამოიცნონ, ვინ არიან ისინი.

„ცხელი სკამი“. მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად, მცირე კლასებში – ერთ ჯგუფად. გუნდის ერთი წევრი ჯდება ცხელ სკამზე სახით კლასისკენ. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, წინადადებას, სახელს, თარიღს (კონკრეტული საგნიდან გამომდინარე). გუნდის წევრები აძლევენ მინიშნებებს და ეხმარებიან გამოცნობაში,  თუ რა წერია დაფაზე, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება დაასახელონ ან დახატონ ზუსტად ის, რაც არის დაწერილი.

 „დაფისკენ სირბილით!“ – ორ ჯგუფად დავყოფთ კლასს და დაფას,  ვწერთ დავალებას (ზაფხულის არდადეგები – მოსწავლეები წერენ სიტყვებს უცხო ენაზე, რომელი გუნდიც ყველაზე მეტს დაწერს, გამარჯვებულიც ის არის. დაასახელეთ ზედსართავი სახელები. ევროპის ქვეყნები და ა.შ.). მოსწავლეები რიგზე არიან დამწკრივებული. თითოეული ჯგუფიდან თითო ბავშვი მირბის დაფასთან, წერს და უკან ისევ სირბილით ბრუნდება. გადასცემს ცარცს მომდევნო ბავშვს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. რომელი გუნდიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დაწერს, ის არის გამარჯვებული.

„არეული წინადადებები“ ნემისმიერი ტექსტი ნაწილებად დავჭრათ და მოვათავსოთ სხვადასხვა ყუთში ან კონვერტში. მოსწავლეები მორიგეობით მიდიან დაფასთან და მოაქვთ წინადადებები სანამ ტექსტს ლოგიკურად და აზრობრივად მთლიანად არ ააწყობენ. გუნდი, რომელიც პირველი ამთავრებს, არის გამარჯვებული.

„მოიტანე პასუხი“ – ახალი გაკვეთილის ახსნამდე, ტექსტიდან ამოვიწეროთ შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც ბავშვებმა უნდა მოიძიონ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, დატოვონ კლასი და სხვა კლასებში მოიძიონ პასუხი. მთავარია, მოაგროვონ რაც შეიძლემა მეტი სწორი პასუხი.

„ყველაზე სწრაფი“ – მოსწავლეები სამი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება სწრაფად პასუხობენ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს, პასუხის არცოდნის შემთხვევაში ამბობენ – „შემდეგი“ და გადადიან მომდევნო შეკითხვაზე. ბოლოს გამოვლინდება მოსწავლე (მოსწავლეები), რომელსაც ექნება ყველაზე მეტი სწორი პასუხი. ამ თამაშის გავრცობაც შესაძლებელია, როცა მოსწავლეს აქვს საშუალება, აირჩიოს კატეგორია კითხვისთვის (მაგ: ბრძოლები, მეფეები, ცნობილი ქალები ისტორიიდან; გრამატიკა, ლიტერატურა, და ა.შ.).

 

 

 „ვინ მივა ფინიშთან პირველი“ – ნებისმიერი საგნის მაწავლებელს შეუძლია ამ თამაშის მომზადება, ფორმატი დაყოფილია 30 ან 40 უჯრად. თითოეული უჯრა დანომრილია და მასში (ან შესაძლებელია ცალკე ფურცელზე) წერია შეკითხვა (როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა?). ზოგი უჯრა მოთამაშეს რამდენიმე სვლით დააწინაურებს (მაგ: „გილოცავთ, გადადი 23-ზე“). ასევე არის უჯრები, რომლებიც უკან აბრუნებს (მაგ; „ო, არა, დაბრუნდი 3-ზე). მოსწავლეები აგორებენ კამათელს, მის მიხედვით უჯრას გადაითვლიან და შესაბამის ნომერზე პასუხობენ კითხვას. არასწორი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან წინა პოზიციას.

 

სემესტრისა და თავის შემაჯამებელ გაკვეთილად ხშირად ვიყენებ „რა? სად? როდის?“, რომელიც ყველაზე ცნობილი თამაშია ჩვენი მოსწავლეებისთვის. წინასწარ მომზადებული შეკითხვების კონვერტები, მელოდია, და მათთვის კარგად ნაცნობი სპინერი (რომელიც ტრიალებს და ერთ-ერთ შეკითხვას არჩევს მათთვის) საკლასო ოთახში სასიამოვნო გარემოს ქმნის, ზრდის მოსწავლეების მოტივაციასა და ჩართულობას და, რაც მთავარია, რადგან თამაში არის გუნდური, ამიტომ ნაკლებად სტრესულია მოსწავლეებისთვის, მთელი კლასი ერთიანად იმეორებს, იხსენებს და ზოგი მათგანი სწავლობს გავლილ მასალას.

მაგალითად, გაკვეთილის ბოლო აქტივობად ძალიან ეფექტურია თამაში „კლასის დატოვება“. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ადრე დატოვონ კლასი უნდა უპასუხონ 3 (შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ კითხვების რაოდენობა) შეკითხვას, რომელიც წინასწარ მომზადებულია და დევს მაგიდაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სწორად უპასუხებს შეკითხვებს, შეუძლია კლასის დატოვება, თუ არა, მაშინ ბრუნდება უკან და დგება რიგში ყველაზე ბოლო. შეკითხვები შეიძლება განმეორდეს, რადგან პასუხგაუცემელი შეკითხვა, მაგიდაზე ბრუნდება. ამ გზით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ და დაიმახსოვრონ სწორი პასუხი დასმულ კითხვებზე. ეს არის ძალიან სასარგებლო გამეორებისთვის, ლექსიკური მასალისა და გრამატიკის გამოსაყენებლად, შესაძლებელია, მთელი გაკვეთილი ამ თამაშს დაუთმო, როცა სემესტრის ან წლის შეჯამებას აკეთებ. სტრესული გამოცდის ნაცვლად შევთავაზოთ ბავშვებს მსგავსი სახალისო თამაში, სადაც თან გაერთობიან, თან ისწავლიან ან ნასწავლს გაიხსენებენ.

გარდა  აქ ჩამოთვლილი მაგალითებისა, არსებობს სხვა მრავალი თამაში, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება მოერგოს ნებისმიერ საგანსა და გაკვეთილს. ბევრი მასწავლებელი თავს არიდებს მსგავს აქტივობებს, რადგან მიიჩნევა, რომ კონკურენტული გარემო მავნებელია ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშების ბოლოს ერთი გუნდი ან მოსწავლე არის გამარჯვებული, მათი ადაპტირება შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს გამოვლენილი ერთი კონკრეტული გამარჯვებული.  გარდა ამისა, ზოგი მოსწავლე პირიქით, უფრო მეტად იხსნება და მოტივირებული ხდება კონკურენტულ გარემოში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი. ცოტ-ცოტა ყველაფერი შეიძლება, თამაშიც, ხალისიც და შეჯიბრიც.

თავისთავად ცხადია, ამ თამაშებს ყოველდღიურად ვერ გამოვიყენებთ, რადგან ყველა გაკვეთილი თამაშს ვერ დაეთმობა. პირადად მე თამაშს ჯილდოს სახით ვთავაზობ ხოლმე მოსწავლეებს, მაგალითად, რაიმე რთული საკითხის წარმატებით შესრულების, შესწავლის შემდეგ, ან მთელი კვირა სანიმუშო ყოფაქცევის გამოვლენის შემთხვევაში და ა.შ. მსგავსი მეთოდის გამოყენების შემდეგ, მოსწავლეები დიდი იმედით და ენთუზიაზმით ელოდებიან მომდევნო გაკვეთილს, გაორმაგებული ძალებითა და მონდომებით ცდილობენ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან არაფორმალური გარემო და წახალისება ხელს უწყობს მათი უნარების მაქსიმალურ გამოვლენას. გარდა ამისა, გვეხმარება მასწავლებლებს, უფრო ახლოს გავიცნოთ და სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი მოსწავლეები და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი გაკვეთილების ჩატარებისას, გამოვიყენოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც იქნება მრავალმხრივი, თითოეული მოსწავლის ინტლექტის შესაბამისი და მისცემს მათ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.       Lander E.  (08.10. 2013). 10 Best Games for ESL Teachers Abroad

( 20.04.2018)  https://www.gooverseas.com/blog/10-best-games-esl-teachers

  1. (20.04.2018) https://busyteacher.org/teaching_ideas_and_techniques/warmers/
  2. MsEnglishcorner (12.04.2015) warm up activities.

(17.04.2018) https://www.youtube.com/watch?v=UthVmn-ELsA

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი