პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დაუჯერებელი დამაჯერებლად

”არცერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი”… ეს სიტყვები უილიამ სომერსეტ მოემს ეკუთვნის და გამოგონილი ამბის მნიშვნელობაზე დაგვაფიქრებს… ვინაიდან ბავშვის ბუნება არცთუ იშვიათად  მეამბოხე და პროტესტის მოყვარულია, უმნიშვნელოვანესი კლასიკური ტექსტების სწავლების დროსაც ხშირად მსმენია კატეგორიული მიუღებლობის გამომხატველი ფრაზები: ”მე ამ ნაწარმოებს არ ვისწავლი!” ”ვინ გამოაცხადა ის კლასიკურ და უკვდავ ქმნილებად?” ”თუ თქვენ გგონიათ, რომ მოვლენაა, ჩემთვის გაუგებარი, უფერული და მიუღებელია!” ”მოძველებულია მისი სამყარო და თანამედროვეობას ჩამორჩენილია მისი ღირებულებები!” ”ხომ მაქვს უფლება, რომ ასე წავიკითხო?”

მოსწავლეს რომ ტექსტისადმი ნდობა და ინტერესი დავუბრუნო, მთელი ჩემი ლიტმცოდნეობითი უნარების მოშველიება მჭირდება ხოლმე და ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ რა აქცევს ტექსტს უკვდავ ქმნილებად? რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მას? რომელი კომპონენტების წყალობით ჩაითვლება ღირებულ ნაწარმოებად? რასაკვირველია, ტექსტების შეფასების უამრავი კრიტერიუმი არსებობს, მაგრამ ერთ ასპექტზე გავამახვილებ ამჯერად ყურადღებას. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ტექსტის იდეურ, სახეობრივ და სტილურ მახასიათებლებს შორის ყოველი კომპონენტი უმაღლესი ოსტატობით თუ არ არის შესრულებული, ტექსტი კლასიკურ მწერლობაში ადგილს ვერ იმკვიდრებს. კლასიკური ნაწარმოები უზადოა და ამიტომაც უეჭველ ღირებულებად მოგზაურობს ხოლმე დროში. მთავარი, რამაც, ჩემი აზრით, ტექსტს მკითხველისკენ გზა უნდა გაუკაფოს, არის დამაჯერებლობა. დამაჯერებლობა ამბების, ემოციის, სახეების. იმისთვის, რომ წერის ხელოვნების საიდუმლოებებს ვეზიაროთ, ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ტექსტების შეთხზვის სხვადასხვაგვარ წერით სავარჯიშოებს. ბავშვების საყვარელი აქტივობაა ”ფანტაზიორები და რეალისტები”, სადაც ინტერესების მიხედვით ირჩევენ ფანტაზიორის ან რეალისტის ტექსტს და თხზავენ ამბებს. ერთ-ერთი ასეთი საკლასო აქტივობის დროს:

– ანა, შენ სრულიად დამაჯერებელ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებს დაუჯერებლად ყვები, – ვეუბნები ღიმილით ჩემს მოსწავლეს (სახელები შეცვლილია)…

– რატო, მააასწ? აბა, როგორ მოვყვე?

– რას გთხოვდა დავალება? გახდი ფანტაზიორი ან რეალისტი, ხომ? შენ აირჩიე ფანტაზიორი, არა? და რას ყვები? იმას, რაშიც არაფერია ფანტასტიკური, დაუჯერებელი, ზებუნებრივი, რაც ყოველთვის ხდება და ყოველთვისაც შეიძლება მოხდეს… თანაც ყვები ისე, რომ ყალბია, დაუჯერებელი, არ მწამს, არ მჯერა, ასე არ ხდება, რაღაც სხვანაირადაა და ასეთი მთხრობელი მინდა გავაჩერო….

– აბა, როგორ უნდა ვწერო, მასწავლებელო? – სკეპსისი იპყრობს ანას…

– გახსოვს რუსთველი? დევები არსებობენ? ქაჯები არსებობენ? ვინმე დღეს დააღამებს და ღამეს გაათენებს? ვინმე მოლს მოისხამს და ქაჯთა ქალაქში გადაფრინდება? 300 მეომრით ვინმე აიღებს 19 ათასი მცველისგან გალავანგამაგრებულ ქალაქს? ვინმე ხელით დაახრჩობს ვეფხვს? ვინმეს ღირსებია სამი ათასი ჯორკიდებული დარჩეული თვალ-მარგალიტი? ვინმესთვის დაუდგამთ თავზე ერთობილი ლალის გვირგვინი? ან ვინმესთვის უჩუქებიათ ბატის კვერცხისხელა მარგალიტი? ან ტრედის კვერცხისხელა ათასი მარგალიტი შეიძლება აჩუქო ვინმეს? ვინმეს უნახავს მარგალიტის თვალი ისე ანათებდეს, რომ ბნელ ღამეში მხატვარს ხატვა შეეძლოს? ვინმეს უნახავს თვალ-მარგალიტით გამოჭედილი 40 ოთახი? ან შეიძლება თვალ-მარგალიტს არიგებდე და მას არ აკლდებოდეს? ვინმეს ამოუვსია ხევი ნაგლეჯი თმებით? ვინმეს ზღვის პირატების გემი მარტოს დაულეწია? ვინმეს 10 დღის სავალი სამ დღეში გაუვლია? ვინმეს ვინმე თავისი სილამაზით დაუბნედია? ვინმეს გაუნათებია თავისი სილამაზით ბნელ ღამეში კლდოვანი ნაპირი? ვინმეს ჰქონია “ტანი ალვა, პირი -მანგი”? ვინმე ყოფილა “პირი – ელვათა მკრთომელი”? ვინმეს მათრახით მკერდამდე გადაუფხრეწია ადამიანი? ვინმეს სამასი მეომრით 30-ათასიანი არმია დაუმარცხებია? ვინმეს ყოლია 10-მილიონიანი ჯარი? არაა? რუსთველის გჯერა? თუ ასეთ დაუჯერებელ ამბებს ყვება, რატომ გჯერა? რატომ ენდობი? ააა, დამაჯერებლად ყვება? ისე ყვება, რომ ეჭვს ვერ შეიტან? კაი მაშინ! შენც რამე ისეთი მითხარი, ისეთი დამაჯერებელი, მე რომ მინდა, რომ მჯეროდეს… აბა, გამოიცანი, რისი დაჯერება მსურს, რა მინდა, რაზე დავხუჭავ თვალებს და ვიტყვი: – ღმერთო, დიდებულო! – და სადღაც იმიერეთში გადავფრინდები… უბრალოდ: მომიყევი დაუჯერებელი დამაჯერებლად! მაფიქრებინე, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო! შენ გგონია ოდესმე რუსთველის ფანტასტიკურ ამბებში ეჭვი შემპარვია? არასოდეს! ჩემთვის ავთანდილი და ტარიელი ბევრად რეალური გმირები არიან, ვიდრე ათასი მეფე, რომელთა შესახებ “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” უამრავ უტყუარ ამბავს ყვებიან ლაშქრობისა და პოლიტიკოსობისას… ჩემთვის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ავთანდილია, ის აწესებს ყველაფრის საზღვარს, მას სჯერა, რომ ნესტანს იპოვის, ტარიელისთვის იპოვის, მაშინ იპოვის, როცა ეს თვით ტარიელს არ ჯერა! იპოვის და გაზაფხულიც დაუდგება სამყაროს! აი, ასეთი ამბები მინდა!

– ოჰ, ასე წერა რომ შემეძლოს, მასწ, მაშინ რუსთველი მე ვიქნებოდი?

– აჰა, ანუ გგონია, რომ რუსთველისეული ალმასური ნიჭია საჭირო საიმისოდ, რომ მკითხველი აღაფრთოვანო? აქ არ ცდები, ჩემო კარგო, მაგრამ ყველა ხომ რუსთველი ვერ იქნება? ამიტომ რა ვქნათ? კაცობრიობამ წერა შეწყვიტოს? კონსტანტინე გამსახურდია თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, ”ლანდებთან ლაციცში” მამაზე, სვიმონ გამსახურდიაზე, იხსენებდა, რომ მამა კატეგორიულად აცხადებდა, ბიბლიისა და ”ვეფხისტყაოსნის” გარდა ქართველმა არაფერი უნდა წაიკითხოს, რადგან რაც კარგი იყო, ამ ორმა წიგნმა ყველაფერი თქვაო. კი მოსწრებულად უთქვამს სვიმონ გამსახურდიას, მაგრამ მისთვის არც შვილს დაუჯერებია და ვერც ჩვენ დავუჯერებთ. თუკი რუსთველური მოელვარე ნიჭი არ დაგვანათლა განგებამ, კიდევ არსებობს გზები საიმისოდ, რომ მკითხველისთვის მიმზიდველად და საინტერესოდ ვწეროთ…

– მასწავლებელო, აბა, მითხარით, რა არის საიჭირო, რომ რაღაც განუმეორებელი, საყვარელი, შთამბეჭდავი დავწერო?

– ბევრი რამ, ანა, ჩემო ძვირფასო, ბევრნაირი უნარი, ბევრნაირი ხელოვნება, ზოგი ისეთი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია, ზოგი ისეთი, რასაც ვერანაირად ვერ ისწავლი, თუ თან არ დაგყვა დაბადებიდან, მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო ხერხი… მთავარია, გაიაზრო, რის თქმა გინდა, რამე მნიშვნელოვანის, დამაფიქრებლის, საჩხრეკის, ხოლო როცა ამგვარ თემას მოძებნი და იდეას დაუკავშირებ მას, თხრობისას გულწრფელობაა ის მთავარი სამკაული, რაც შენს ტექსტში მკითხველს მიიზიდავს. არსებობს ასეთი მიმართულება – ”ცნობიერების ნაკადი”, რომლის მიმდევარ მწერალთა ტექსტებში შეულამაზებლად არის გადმოცემული გმირის ფიქრები, სულის მღელვარება, შინაგანი მონოლოგები. რაც ადამიანურია, რაც ადამიანის (ვინც არ უნდა იყოს ის) სულში, გულსა და გონებაში გამოივლის, ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის, რადგან მწერლობა უპირველესად რეფლექსიაა, მწერლის მიერ სამყაროს აღქმა და თავისებურად გააზრება, მისი დაკვირვებების და დასკვნების გადმოცემა… ყოველ გმირში ჩვენ ვართ, გმირები ჩვენნაირები არიან და ჩვენ მათნაირები ვართ, გმირში ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ, მას ვაზომებთ, მას ვადარებთ ჩვენს გარეგნობას, ქცევას, ცხოვრების გზას, აზრებს, ფრაზებს, საყვარელ მანერებს… თუკი ჩვენ შევძელით, რომ გულწრფელად გადმოვცეთ ჩვენი ან სხვა გმირის სათქმელი, თუ სიყალბემ არ გაიჟღერა და გმირი თავისი ცხოვრებით მკითხველამდე მოვიდა, მწერალი გამარჯვებული რჩება. მის ტექსტს მკითხველი უსათუოდ მიიღებს და შეიყვარებს.  გავიხსენოთ ჯემალ ქარჩხაძის, ოთარ ჭილაძის, რევაზ ინანიშვილის ან გოდერძი ჩოხელის ტექსტები… რა ღრმად ჩადიან გმირის ფსიქოში და ცნობიერის ან არაცნობიერის რა უღრმესი პლასტებიდან იღებენ გმირის ხასიათს.

არ ვიცი, ჩვენი ეს დიალოგი რამდენად დაეხმარება ანას, რომ გულწრფელად გადმოსცეს თავისი სათქმელი, ან დაუჯერებელი ამბავი დამაჯერებლად მოუყვეს მკითხველს, მაგრამ მთავარი უკვე გავიაზრეთ, რომ მხატვრული ტექსტი ვერ იტანს სიყალბეს, არასოდეს აპატიებს ავტორს ყალბ ფრაზას, სახეს ან სიუჟეტს… გამოგონებით კი, იცოცხლე, შეუძლია ფანტაზია გალაკტიონივით თუნდაც შორეული პლანეტების ელვარე ნაპირებისკენ გააქროლოს, სადაც უნდა, უდაბნო გააჩინოს და სადაც მოისურვებს, უდაბნოს ხვატში ოაზისი ააკამკამოს… მთავარია, რომ ეს გამონაგონი არ ასცდეს მიზანს, მწერლის ჩანაფიქრისკენ სვლა ბუნებრივი და ძალდაუტანებელი დინამიკით მიმდინარეობდეს… ნამდვილი ამბის გადმოცემა საგაზეთო ქრონიკაშიც შეიძლება ეფექტურად, ძალიან დამაინტრიგებლადაც, მაგრამ ის სადღაც და როდესღაც ვიღაცას გადახდება, ხოლო მწერლის გამოგონილი ამბავი უნივერსალურია, ზედროულია და ზესივრცული და უამრავ ადამიანს შეიძლება გადახდეს… უამრავი ადამიანი იმ ამბავსა და მის გმირში საკუთარ თავს ხედავს და მსოფლმხედველობას იფართოებს მისი დახმარებით. ეს პერსონაჟი შემდგომ არქეტიპად რჩება ჩვენს შემეცნებაში და ხშირად შეგვახსენებს კიდევაც თავს. აღარც მახსოვს, რომელ კალსში წავიკითხე ჯეკ ლონდონის ”მარტინ იდენი” და შემდგომ არასდროს მივბრუნებივარ,  მაგრამ მარტინი მუდამ ისეთი ახლობელი და ”ჩემია”, მუდამ ახალი, გაუხუნარი, დაუვიწყარი, სულის უღრმეს შრეებში ”ფესვებგადგმული”… ამიტომაც არის მწერლობა ჯადოქრობა, ლოგოსის მაგია ამიტომაც გვიპყრობს და გვაკეთილშობილებს… თუ ერთხელ გემო გავუგეთ, ის ჩვენი ცხოვრების მთავარი მასწავლებელი ხდება…

– მასწავლებელო, საიდან დავიწყო ამგვარად წერის ”დამუღამება”? – ვერ ისვენებს ანა, როგორც ჩანს, ცხრა მუზიდან რომელიღაცა მაინც, ან კალიოპა, ან ევტერპა, ან ერატო, მელპომენა ან თალია უეჭველად მის სულსა და გონებას შეხიზნებია. წერის სურვილი კი ისეთი მწველი და დაუოკებელია, ვულკანური სტიქიონივით ბოლოს მაინც ამოიფრქვევა… მე კი იმაზე ვოცნებობ, რომ წლების მერე მომავლის ცნობილმა მწერალმა თქვას, წერის სურვილი ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გამიღვივა… ოცნებები ნისლებად იქცევიან და ცისკენ მიიზლაზნებიან, რომ მერე, მერე, ცოტა მერე მეოცნებეს დაუბრუნდნენ, ფანტელებად დაათოვონ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი