პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული ენის ქრონიკები

14 აპრილი, 1978 წელი.

 

„საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ ქართველი ერის დაჩქარებული ტემპით გარუსება დააკანონა. ქართველი მწერალი ვალდებულია, ხმა აიმაღლოს“.

ნოდარ წულეისკირი, სიტყვა, წარმოთქმული მწერალთა კავშირში, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას, 1978 წლის 11 აპრილს

 

1978 წლს 14 აპრილი – დღე–სასწაული საქართველოს უახლეს ისტორიაში, 70–წლიანი საბჭოთა რეჟიმის სისხლიან და დრამატულ დინამიკაში.

ამ დღეს ქართველმა ხალხმა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი დაიცვა. ერთსულოვნად, თავგანწირვით. და პირველი სერიოზული ბიძგი მისცა მომავალში გააქტიურებულ ეროვნულ მოძრაობას.

ასეთი დღეები მანათობელი ძალით ჩნდება ისტორიის სივრცეში, როგორც დამოუკიდებელი შუქურები, თვითმყოფადი მუხტის მარადისობის სიხშირეებზე გადამცემები, თუმცა, ცხადია, მათ აქვთ წინაპირობა, მათ შექმნას, დამუხტვას აქვს თავისი ლოგიკური (და ხშირად ალოგიკურიც) მიზეზები.

სწორედ ამ მოვლენაზე, მისი „დამუხტვის“ პროცესზე რეფლექსიისთვის დაიბადა წიგნი, რომლის სახელწოდებაც თავად მოვლენას ემთხვევა – „14 აპრილი/1978“.

წიგნი ზეპირი ისტორიების კრებულია და მასში წარმოდგენილია 1978 წელს თბილისსა და ბათუმში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენების ქრონიკა.

კრებული ამ უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის მე–40 წლისთავს ეძღვნება და ძირითადად მონაწილეთა ზეპირ ისტორიებს მოიცავს.

წიგნი ფილოლოგმა და მკვლევარმა ანა ბაქანიძემ შეადგინა და გამომცემლობა „არტანუჯმა“ დასტამბა. ანა ბაქანიძე შესავალში კრებულზე მუშაობის პროცესზე გვიყვება, სადაც ერთი საგულისხმო ფაქტი არ უნდა გამორჩეს მკითხველს: 2008 წელს, როცა ანამ, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისას ამ მოვლენის კვლევა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საგაზეთო სტატიისა და მოგონების გარდა, ამ ამბებზე არც დოკუმენტური და, მით უმეტეს, არც სამეცნიერო მასალა არ არსებობდა. ამ ვეებერთელა ხარვეზის გათვალისწინებით კი უფრო მეტად გაცხადდა ანა ბაქანიძის მიერ გაწეული სამუშაოს და ამ სამუშაოს შედეგის – სოლიდური კრებულის მნიშვნელობა. მომავლის საზოგადოება 1978 წლის 14 აპრილის შესახებ უკვე ძალიან ბევრ რამეს შეიტყობს.

წიგნში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, პროფესორ–მასწავლებლების, დისიდენტური მოძრაობის წევრების, ტელეოპერატორების თუ უბრალო მოქალაქეების ზეპირი ისტორიები ჯერ თბილისში, მერე კი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აცოცხლებს. კრებულს ერთვის 1978 წლის კონსტიტუციის ახალი პროექტის განსახილველ კრებებზე ნოდარ წულეისკირის (რომლის სიტყვამ გარდამტეხი როლი ითამაშა საპროტესტო მუხტის გაღვივებაში), ზაზა ალექსიძის და სხვათა თამამი გამოსვლები, ასევე – აკაკი ბაქრაძის (მონაწილეთა მონათხრობის მიხედვით, საპროტესტო ტალღის უმთავრესი იდეოლოგის) მოგონება.

წიგნს აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ, არა მხოლოდ მთხრობელთა დაძაბული, სენტიმენტალური ან რომანტიკული (და, რაც მთავარია, გადამდები!) განწყობების, შთამბეჭდავი და დრამატული ეპიზოდების, არამედ, პირველ რიგში, იმ იდუმალი მუხტის გამო, რითაც ამბავი მკითხველს თავის თანამონაწილედ, თავის თანამოზიარედ აქცევს ხოლმე. ესაა მოგონებები დიდ და წმინდა აჯანყებაზე, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ პირველ სერიოზულ პროტესტზე, ეროვნული გრძნობების ყველაზე სუფთა, ნაღდ ვულკანზე, რომელშიც ჩართული იყო ყველა თაობა და რომელიც მთავარ ფასეულობას – ენას ეძღვნებოდა.

თითქმის ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი წმინდა ენერგია, ასეთი გააზრებული სულისკვეთება მომდევნო წლებში განვითარებული მოვლენებისას აღარ უგრძნიათ. არადა, 14 აპრილს ხომ სულ მალე მოჰყვა 9 აპრილი…

ცოტაოდენი თვალსაჩინოებისთვის მოვიხმობ ფრაგმენტებს სხვადასხვა მოგონებიდან. მონაწილეები თავიანთი 14 აპრილის შესახებ ჰყვებიან:

ნოდარ ასათიანი:1977 წლის 7 ოქტომბერს მაშინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ახალი, როგორც ისინი უწოდებდნენ, გამარჯვებული სოციალიზმის კონსტიტუცია. ამის შემდეგ მოკავშირე რესპუბლიკებსაც დაევალათ, რომ შეეცვალათ თავიანთი კონსტიტუციები და მისი ახალი რედაქცია დაემტკიცებინათ. ამ გადამუშავებულ კონსტიტუციაში ამოიღეს მუხლი (75–ე), რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ენად ქართული ენა ცხადდებოდა. ყველა რესპუბლიკაში უნდა ყოფილიყო ერთიანი ენა – რუსული ენა“.

დარეჯან თვალთვაძე: „ახალგაზრდები, რომლებიც ახლა სულ სხვა გარემოსა და ქვეყანაში ცხოვრობთ, ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, როგორი რეალობა იყო რამდენიმე ათეული წლის წინ. საქართველო მაშინ… საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახლდათ. შესაბამისად, ახალგაზრდების ინტერესიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან ბევრ სფეროში, მაგ., პრესისა და ზოგადად მედიის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იყო სრულიად ინდიფერენტული, იმიტომ, რომ არაფერს ჩვენთვის საინტერესოს არც გაზეთი, არც ტელევიზია არ გვამცნობდა… მაშინ მხოლოდ რამდენიმე გაზეთი გამოდიოდა… ჩვენ მათ თთქმის არ ვკითხულობდით… 1978 წელს კი სწორედ გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი. რასაკვირველია, ამას ახალგაზრდები ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ნამდვილად არ ვიცი, პირველად ვინ გაამახვილა ყურადღება კონსტიტუციის პროექტის 75–ე მუხლზე, რომელიც ქართული ენის სტატუსს ცვლიდა, მაგრამ ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ყველამ ამაზე დაიწყო საუბარი“.

ჯუმბერ კოპალიანი: „ამ დროს ეროვნული საქმის წინამძღოლი აკაკი ბაქრაძე გახლდათ, გამორჩეული პიროვნება. მისი წიგნებით, ლექციებით, საუბრებით, ფაქტობრივად მოემზადა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მას დაეწყო ფიქრი თავისი სამშობლოს მომავალზე“.

პაატა ვეშაპიძე: „გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან საკმაოდ ბევრ აქციას მოვესწარი, ბევრ დემონსტრაციაზე ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი ორგანიზებული, დალაგებული, მშვიდობიანი დემონსტრაცია, 1978 წლის 14 აპრილს რომ იყო, მე აღარასდროს მინახავს საქართველოში. ამ აქციას თითქოს არ ჰყოლია ერთი წარმმართველი ძალა, ერთი ორგანიზატორი. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სტუდენტები… თუმცა, პროტესტს არა მხოლოდ ეს უკანასკნელნი, არამედ სკოლის მოსწავლეებიც გამოთქვამდნენ. მახსოვს, 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების გავლისას, როგორ ხტებოდნენ პირველი და 53–ე სკოლის მოსწავლეები ფანჯრებიდან, ოდნავ მოგვიანებით როგორ ისხდნენ პირველკლასელები წინა რიგში მთავრობის სახლთან, როგორ წერდნენ, ტუჩების საცხით თეთრ მაისურებზე „აი ია“–ს…“

თამარ მახარობლიძე: „თავდაპირველად ხელმოწერების მოგროვება ბიჭებმა დაიწყეს, შემდეგ მეც ავიღე საკუთარ თავზე. იყო უამრავი წინააღმდეგობა, ბევრს ეშინოდა კიდეც, შევდიოდით აუდიტორიებში, ყველას ვთხოვდით, ხელი მოეწერა. ეს ყველაფერი აპრილის პირველ რიცხვებში ხდებოდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე დავიწყეთ მოქმედება. ამავე პერიოდში გააქტიურდნენ საწინააღმდეგო ძალებიც“.

ამირან გომართელი: „14 აპრილს არსებობდა რეალური საშიშროება ხალხზე ძალადობისა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ვაკე–საბურთალოს გზაზე მდგარი უამრავი ცარიელი ავტობუსი, იქ დილით ჩემს მეგობართან ერთად გავიარე, ეს ავტობუსები დაჭრილ–დახოცილი ხალხის გადასაყვანად ჰყავდათ მოყვანილი“.

ერეკლე საღლიანი: „იყო დიდი წინააღმდეგობა უშიშროების მხრიდან. 14 აპრილის წინა დღეს აქტიური მონაწილეები აგვიყვანეს და უნივერსიტეტში გაგვათენებინეს ღამე… ჩვენს დარწმუნებას ცდილობდნენ, სურდათ ჩაეხშოთ ეს თამამი სტუდენტური გამოსვლები. დღეს რომ უბედურება დატრიალდეს, ღირს ამად ეგ გამოსვლაო? – მეკითხებოდნენ. მე ვუპასუხე: მე რაღა დამრჩა მეტი, რა არის ჩემი სიცოცხლე, რომ დავდიოდე მოარული გვამი და ენას მართმევდნენ, სალოცავ ხატს მიგინებდნენ?!. გურამ დოჩანაშვილს აქვს ერთ–ერთ ნაწარმოებში: ატლანტიდა დაღუპა ყველაფრისადმი შეგუების სინდრომმა. ამიტომ მეტი გამოსავალი აღარ იყო“.

ციცო არზიანი: „რწმენა მქონდა, მართლა შედგებოდა ჩვენი დიდგორი. ვემზადებოდით სიკვდილისთვის. მახსოვს, მიხეილ ქურდიანმა, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მითხრა: თეთრი პერანგები ჩავიცვათ, სისხლი კარგად გამოჩნდებაო!.. ვუპასუხე, არა, წითელი უნდა ჩავიცვა, წითელი ფერისთვის უნდა ვასროლინო რუსებს–მეთქი!..“

ამირან არაბული: „მახსოვს, როგორ იკრიბებოდა ხალხი 14–ში დილიდან უნივერსიტეტის ეზოში, როგორ შემოგვიერთდა ვარაზისხევიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ხალხის მდინარედ იყო გადაქცეული რუსთაველის პროსპექტი“.

ვაჟა შენგელია: „სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოში გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ თავიანთ კონსტიტუციებშიც ჩაწერეს ენის სტატუსის განმსაზღვრელი მუხლი, მანამდე პროექტში მათ ეს არ ჰქონდათ“.

ნოდარ გრიგალაშვილი: „ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება ის მომენტი 1978 წლის 14 აპრილისა, როდესაც რუსთაველის გამზირზე მდუმარედ მდგომ, სმენაგამახვილებულ, თვალებში ნაღველჩასახლებულ ზღვა ხალხს უცებ ჩაესმა: „ქართული ენა რჩება საქართველოს სახელმწიფო ენად“.

ბიჭიკო დიასამიძე: ბათუმს ბევრი ამაღელვებელი და ნათელი დღე ახსოვს… მაგრამ გამორჩეულია 1978 წლის 26 მაისი, რადგან მან აჩვენა, როგორი თავდადებული და ერთსულოვანია ხალხი, როცა საკითხი მის თავმოყვარეობას, ეროვნულ ინტერესებსა და ყველაზე ძვირფასს – ეროვნულ ენას ეხება. ამ დღის გახსენება საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა გლობალიზაციის პროცესმა შეავიწროვა ეროვნული ენების მოქმედების არე და დააკლდა მას სახელმწიფოებრივი ყურადღება და ზრუნვა…“

…და სწორედ ის, რომ ახლა ამ სტრიქონებს მეც და თქვენც ქართულად ვკითხულობთ, ის, რომ ეს მშვენიერი და საჭირო წიგნი ქართულ ენაზე მოგვითხრობს ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშნელოვანეს ეპიზოდზე, აი, ამ და კიდევ სხვა უამრავი ადამიანის, მათი გააზრებული პროტესტის და აუმღვრეველი ერთსულოვნების წყალობითაა. ამიტომ მომავალი თაობები ყოველთვის ვალში იქნებიან 1978 წლის 14 აპრილის მონაწილეთა მიმართ. ეს ყველაზე მსუბუქი და სასურველი ვალდებულებაა; მთავარია, გვახსოვდეს და გავიაზროთ, რა მოხდა, როგორ და რატომ.

კრებული „14 აპრილი/1978“ ამ რეფლექსიაში უდავოდ დაგვეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი