პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავძლიოთ ტყუილი

ტყუილის თქმა – ეს არის ქცევის ფორმა, რომლის დროსაც ხდება რეალობის განზრახ დამახინჯება სასურველი მიზნის მისაღწევად თუ უსიამოვნო შედეგის თავიდან ასაცილებლად. არსებობს განსხვავებული ფენომენიც – მითომანია, პათოლოგიური სწრაფვა ტყუილისა და რეალობის დამახინჯებისკენ, რასაც განაპირობებს პიროვნების ისტერიული მდგომარეობა, ყურადღების ცენტრში ყოფნისა და საკუთარი განსხვავებულობის წარმოჩენისკენ სწრაფვა.

იმის გასარკვევად, როგორ დავძლიოთ ტყუილი, უპირველესად, უნდა ვუპასუხოთ კითხვებს, რა ასაკიდან ცრუობენ ბავშვები და რისი ბრალია ეს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ფანტაზია და ტყუილი. ხშირად ბავშვები რეალობას წარმოაჩენენ არა იმგვარად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ ისე, როგორც სურდათ მომხდარიყო, აიგივებენ თავს რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟთან და მის თავგადასავალს როგორც საკუთარს ისე მოგვითხრობენ. ბავშვის ამგვარ ქცევას „ცრუ ტყუილსაც” უწოდებენ. მიიჩნევა, რომ ის განსაკუთრებით ხშირად ვლინდება 4-5 წლის ასაკში და შემდეგ თანდათან იკლებს.

ამისდა მიუხედავად, საზოგადოება ნეგატიურად რეაგირებს ტყუილზე და პატარა ფანტაზიორი შესაძლოა თანაკლასელების დაცინვის ობიექტადაც იქცეს. 
იმის გასარკვევად, როგორ დავძლიოთ ტყუილების პრობლემა, უპირველესად, უნდა ვაღიაროთ, რომ ტყუილების გარეშე ბავშვის განვითარება წარმოუდგენელია, მაგრამ განმტკიცდება თუ არა ეს საქციელი, ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, დავფიქრდეთ და განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ცრუობენ ბავშვები.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბავშვები სკოლამდელ ასაკში საერთოდ არ იტყუებიან, ვინაიდან ტყუილსაც და ფანტაზიასაც წარმოსახვისა და მეტყველების განვითარების განსაზღვრული დონე სჭირდება. თანაც პატარები საკუთარი ეგოცენტრიზმის გამო შესაძლოა მიიჩნევდნენ, რომ, მაგალითად, დედა ოთახში არყოფნის დროსაც ხედავს, რა ხდება იქ, ამიტომ ვერ ბედავდნენ მის მოტყუებას. რაც შეეხება ბავშვის წარმოსახვას, ის მისთვის იმდენად ნათელი და შთამბეჭდავია, რომ უჭირს კიდეც ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. შესაძლოა, მოსმენილი ამბავი, ნანახი ფილმი ან სიზმარი რეალობაში აერიოს, ამიტომ სკოლამდელ ასაკში ბავშვის მიერ მოყოლილი ისტორიები მისი აღქმის თავისებურებისა და ფანტაზიის ნაყოფია და არა განზრახ მოტყუების მცდელობა. მაგ., პატარა, რომელიც პარკში გავასეირნეთ, შესაძლოა სხვებს მოუყვეს, რომ უღრან ტყეში ისეირნა და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მან იცრუა, არამედ იმას, რომ ხეებით დაბურული პარკი უღრან ტყედ აღიქვა.

თუმცა არსებობს ექსპერიმენტები, რომლებიც სიმართლის შეცვლის/არგამხელის ფაქტის უფრო ადრეულ გამოვლენასაც აფიქსირებს. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს. 

3-4 წლის ბავშვები ექსპერიმენტატორს დედასთან ერთად შეჰყავდა ოთახში. პატარას მაგიდასთან ზურგშექცევით სვამდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მაგიდაზე იდო სიურპრიზი – სათამაშო. უცებ ექსპერიმენტატორი ამბობდა, რომ ოთახიდან უნდა გასულიყო და სთხოვდა პატარას, მის დაბრუნებამდე არ მიბრუნებულიყო სათამაშოსკენ, მერე კი ერთად ითამაშებდნენ. ოთახში ბავშვთან ერთად რჩებოდა დედა, რომელიც აღნუსხავდა, მიბრუნდა თუ არა ბავშვი სათამაშოსკენ. შედეგი ასეთი აღმოჩნდა: ზოგი პატარა აღიარებდა, რომ მიბრუნდა, ზოგი კი უარობდა ან საერთოდ არიდებდა თავს პასუხს. ამრიგად, კვლევამ გამოავლინა, რომ 3-4 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ სიმართლის დამალვა.

მაგრამ აქ საინტერესოა ისიც, რა ასაკიდან ესმით პატარებს, რა არის ტყული.

ფსიქოლოგ პოლ ეკმანს (ავტორს წიგნებისა „ტყუილის ფსიქოლოგია”, „რატომ ცრუობენ ბავშვები”) მოჰყავს ამგვარი მაგალითი: კეიტის მშობლები გაცილებულები იყვნენ. კეიტს მამა დაჰპირდა, რომ შაბათს კალათბურთის მატჩზე წაიყვანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კეიტს იმ დროს ჩოგბურთის გაკვეთილი ჰქონია, რის გამოც მამამ დანაპირები ვეღარ შეუსრულა. კეიტს ძალიან დასწყდა გული და, ატირებულმა, მამას დაურეკა იმის საკითხავად, რატომ მოატყუა. მართალია, მამამ აუხსნა მიზეზი, მაგრამ ბავშვისთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ დანაპირები არ შეუსრულეს. მაშასადამე, ამ ასაკის ბავშვები უკვე ხვდებიან, რა არის ტყუილი, მაგრამ აქცენტს სვამენ მხოლოდ შედეგზე და არა მიზეზსა თუ საფუძველზე. პიაჟე ამას იმით ახსნიდა, რომ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მორალური მსჯელობის აგება, მათთვის საქციელით მიღებული შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განზრახვა, რამაც ამგვარი ქცევა აღძრა. ეს ფენომენი 8 წლამდე გრძელდება.

ძალზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ვიმერმა, გრუბერმა და პერნერმა (Wimmer H., Gruber S., Perner J. Young Children’s Conception of Lying: Lexical Realism — Moral Subjectivism Journal of Experimental Child Psychology. 1984. Vol. 37. P. 1 — 30.). მათ გაარკვიეს, რომ, მართალია, ბავშვებს უჭირთ საქციელის შეფასებისას განზრახვის ფაქტორის გათვალისწინება, მაგრამ თავად განზრახვის შეფასება შეუძლიათ.

ექსპერიმენტის დროს ბავშვები ისმენდნენ და თოჯინებით გაითამაშებდნენ ამგვარ სიტუაციას: 

„დედა მაღაზიიდან დაბრუნდა. მან კექსის გამოსაცხობად შოკოლადი შეიძინა. მაქსი დედას სურსათის დაბინავებაში დაეხმარა. შოკოლადი მათ ლურჯ კოლოფში ჩადეს. მაქსმა დაიხსომა, სად შეინახა დედამ შოკოლადი, რათა ეზოდან ამოსვლის შემდეგ პირი ჩაეტკბარუნებინა. დედამ ნამცხვარი გამოაცხო და შოკოლადის ფილის ნარჩენი ლურჯის ნაცვლად მწვანე ყუთში ჩადო. მაქსი ეზოდან ამოვიდა თუ არა, დაიკომ ჰკითხა, სად ინახავდა დედა შოკოლადს”.

ამ ამბავს ბავშვებს სთავაზობდნენ ოთხ სხვადასხვა ვერსიად, განსხვავებული დასასრულითა და მიმდინარეობით. პირველ ორ შემთხვევაში მაქსი სიმართლეს ამბობდა, ოღონდ პირველ ვერსიაში – იმას, რაც იცოდა – რომ შოკოლადი იდო ლურჯ ყუთში, მაგრამ ეს მცდარი ინფორმაციის მიწოდება გამოდიოდა (ვინაიდან შოკოლადი სინამდვილეში სხვაგან იდო); მეორე ვერსიაში დედა შოკოლადს ადგილს არ უცვლიდა, ამიტომ მაქსი ამბობდა, რომ შოკოლადი იდო ლურჯ ყუთში და ეს სიმართლე იყო. მესამე და მეოთხე ვერსიებში მაქსს განზრახული ჰქონდა დის მოტყუება. ის ფიქრობდა: „და შემიჭამს შოკოლადს, არადა მეც მინდა მისი ჭამა, ამიტომ არ გავუმხელ მის ადგილსამყოფელს”. მესამე ვერსიაში მაქსი, თავისი ჭკუით, ატყუებდა დას და ეუბნებოდა, რომ შოკოლადი იდო მწვანე ყუთში (ოღონდ თავისდა უნებურად სიმართლე გამოსდიოდა), მეოთხე ვერსიაში კი ამბობდა, რომ შოკოლადი სრულიად სხვაგან იდო.

4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მაქსმა იცრუა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც განიზრახა დის მოტყუება და მოატყუა კიდეც (მე-4 ვერსია), არამედ მაშინაც, როდესაც ეგონა, რომ სიმართლეს ამბობდა და უნებურად ტყუილი გამოუვიდა (1-ლი ვერსია). ამ შემთხვევაში ბავშვები მაქსის განზრახვას არ ითვალისწინებდნენ. მაგრამ როდესაც პატარებს ეკითხებოდნენ, რას იმსახურებდა მაქსი დისადმი დამოკიდებულებისთვის – ქებას თუ გაკიცხვას, ისინი ამას მაქსის განზრახვის მიხედვით წყვეტდნენ. აქედან გამომდინარეობს, რომ პატარები ქცევის შეფასებისას ითვალისწინებენ განზრახვას, მაგრამ ცუდად ესმით თავად ცნება „ტყუილის” მნიშვნელობა. თუმცა აშკარაა – 4 წლის ბავშვები უკვე ხვდებიან, რომ ვიღაცის მოტყუების სურვილი ცუდია.

მიუხედავად ამისა, პატარები მაინც ცრუობენ. საინტერესოა, რა უბიძგებს მათ ამისკენ.

ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ოჯახური გარემოს გავლენა, სადაც ბავშვი ბევრ ისეთ აკრძალვას ან მოთხოვნას აწყდება, რომელთა შესრულებაც ჯერ არ შეუძლია, წესის დარღვევასა და მოთხოვნის შეუსრულებლობას კი მკაცრი სასჯელი მოსდევს. ამ შემთხვევაში ბავშვი ტყუილს თავის დასაცავად მიმართავს.
ტყუილის თქმის პროვოცირება უფროსს მაშინაც შეუძლია, როდესაც ბავშვს მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნებას რთავს, განახორციელოს აკრძალული აქტივობა, იმ პირობით, რომ „ამკრძალავი” ოჯახის წევრი ამას ვერ შეიტყობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ სიმართლის არგამხელა სოციალიზაციის მექანიზმიც არის. მაგ., პატარა ბიჭუნას აჩუქეს სათამაშო, რომელიც არ მოეწონა. როგორ მოიქცევა იგი? მან შესაძლოა გულწფელად თქვას, რომ ეს ცუდი სათამაშოა, ან უკვე აქვს ასეთი. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ვკითხოთ პატარას, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის: ის, რომ სხვებმა იზრუნეს მასზე და მოვიდნენ მის სანახავად/მასთან სათამაშოდ თუ თავად საჩუქარი? ამით ბავშვს დავეხმარებით ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა რაკურსით აღქმაში და სოციუმში დამკვიდრებული თავაზიანობის ნორმებსაც ვასწავლით.

სკოლაში შესვლასა და ახალ მოთხოვნებთან ერთად იცვლება და ფართოვდება ბავშვის საქმიანობის არეალი. ბავშვს შინ თუ სკოლაში უხდება მასწავლებლის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება. ამ დროს მშობლისა თუ პედაგოგის არასწორმა მიდგომამ ტყუილების თქმის არეალი შესაძლოა გააფართოოს.

მიიჩნევა, რომ ამ მოქმედების პროვოცირება შეიძლება მოხდეს მაშინაც, როდესაც პატარა მოსწავლეს მასზე წარმატებულ თანაკლასელს ან სხვა ადამიანს ვადარებთ. მაგ., „შეხედე მაშოს, რა კარგად სწავლობს, როგორი მოწესრიგებულია!” ამ დროს ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს თვითრეაბილიტაციის სურვილი, მაგრამ არა ამ საქმიანობათა უკეთ შესრულების ხარჯზე (ვინაიდან იმიტომ ვერ ასრულებს მათ, რომ მეტი დახმარება სჭირდება), არამედ ფანტაზიით ან „სანიმუშო” მოსწავლის მიმართ აგრესიის გამოხატვით. ამ შემთხვევაში ბავშვი იწყებს საკუთარ ღირსებათა „გამოგონებას”. აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ბავშვი სასკოლო წარუმატებლობის გამო წარმოსახულ სამყაროში არ გადაეშვას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წარუმატებლობა მიზეზის კვლევას და ადეკვატურ დახმარებას მოითხოვს.

არის იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვები სახალისო ამბებს იგონებენ – ამ დროს მათ გარშემო მყოფთა გართობა სურთ. ხშირად ასეთი ბავშვები შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან, ამიტომ უპრიანი ხომ არ იქნება, ყურადღება არ მივაქციოთ მათ შეთხზულ ისტორიებს, სამაგიეროდ, ჩავრთოთ სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებში და იქ წავახალისოთ მათი შემოქმედებითი უნარები?

მაშ ასე, პატარები შესაძლოა ცრუობდნენ იმიტომ, რომ სასჯელისა ეშინიათ, სურთ კეთილგანწყობის მოპოვება, თვითშეფასების ამაღლება, მეგობრის ან პირადი სივრცის დაცვა? ტყუილს ხშირად ის მოსწავლეები ამბობენ, რომელთაც ყურადღება აკლიათ და მათი ფანტაზია შესაძლოა სწორედ ყურადღების მიპყრობას ემსახურებოდეს. ამიტომ მიზეზის იდენტიფიცირების შემდეგ, ნაცვლად ბავშვის მიმართ მკაცრი სანქციებისა, აჭიროა ადეკვატური რეაგირება მიზეზის აღმოსაფხვრელად.

ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვთან იმაზე შეთანხმება, რომ კეთილსინდისიერება ის თვისებაა, რომელსაც შინ თუ გარეთ დიდად აფასებენ, ამიტომ თუ ბავშვი გაგვანდობს, რომ თავისდა უნებურად რამე დააშავა, აუცილებლად აღნიშნეთ, რომ მისი მადლიერი ხართ, ვინაიდან, რაკი სიმართლე იცით, უკეთ დაეხმარებით.

ტყუილზე საუბრისას სასურველია, ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ ფაქტორებზე: ეკისრება თუ არა ბავშვს მომხდარზე პასუხისმგებლობა? საქციელი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით იყო ნაკარნახები? რა მოჰყვა ტყუილს? ვინ ან რა დაზარალდა? ტყუილმა გაამწვავა სიტუაცია? აუცილებელია ბავშვთან ქცევის ეთიკურობაზე საუბარიც – აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე მოთხრობა, იგავი თუ ზღაპარი. შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებაც, რა მოხდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ყველას ტყუილების თქმა რომ დაეწყო. შეეცადეთ დაანახვოთ ბავშვს ტყუილის შედეგი – აუხსენით, რომ თუ ხშირად იცრუებს, მას აღარავინ ენდობა და მართლა რომ დასჭირდეს რჩევა ან დახმარება, შესაძლოა ვეღარც კი მიიღოს. დაეხმარეთ, განასხვაოს რეალობა გამონაგონისგან – რეალური ხომ ის არის, რაც მოხდა, გამონაგონი კი ის, რაც უნდოდა მომხდარიყო.

თუ ტყუილები გაგრძელდა, შეიძლება სანქციების შემოღებაც, მაგრამ სანქცია არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი და დამამცირებელი. თანაც თავდაპირველად ბავშვს აუცილებლად უნდა ვესაუბროთ იმაზე, რატომ არის ტყუილი მიუღებელი და რა შეიძლება მოჰყვეს მას. სასურველია, სანქცია იყოს იმგვარი, რომ პატარა საკუთარი საქციელის უმართებულობაზე დააფიქროს. ეს შეიძლება იყოს წერილის მიწერა ან დახატვა იმისთვის, ვინც ამ ტყუილმა დააზარალა (ოღონდ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბავშვი მზად არის ამისთვის), დახატვა/დაწერა ორიდან ხუთამდე ვარიანტისა, რა შეიძლება მოჰყვეს ტყუილს და როგორ მოიქცევა ბავშვი სხვა დროს ასეთივე სიტუაციაში.
გარდა ამისა, ჩვენს ქცევასაც უნდა გადავავლოთ თვალი – ხომ არ მიგვიცია შინ თუ სკოლაში ბავშვისთვის ამის მაგალითი? მაგალითად, დავპირებივართ, რომ თუ დავლებას შეასრულებდა, ანიმაციურ ფილმს ვაჩვენებდით და დაგვვიწყებია, ან დავალების შეუსრულებლობისას ხელი დაგვიფარებია იმ მიზეზით, თითქოს გუშინ სიცხე ჰქონდა? ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ბავშვმა მოგვბაძოს.

სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ ამერიკელი ფსიქოლოგის პოლ ეკმანის მოსაზრებას: აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე შევუთანხმდეთ იმაზე, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია; ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა ჩაიდინოს, უმჯობესია, არ დაუმალოს უფროსს და არ შეალამაზოს თავისი ქცევა, მაგრამ თუ უფროსი მაინც გაუწყრა, შეახსენოს შეთანხმება, რომ საამაყოა, როდესაც ადამიანი ახერხებს, იპოვოს სიმართლის თქმის ძალა. თუ ბავშვის საქციელმა ძალიან გაგვაბრაზა, ჯობს საუბარი გადავდოთ, სანამ არ შევძლებთ საკუთარი ემოციების მართვას, ვინაიდან აგრესია ბავშვს გაუჩენს მოტივაციას, მომავალში უფრო დახვეწილად დაგვიმალოს ჩადენილი „დანაშაული”. ისიც სათქმელია, რომ როდესაც ბავშვი დარწმუნებულია ჩვენს კეთილგანწყობასა და სიყვარულში, იგი ნაკლებად ცდილობს ჩვენს მოტყუებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი