პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ყველაფერი პრეზიდენტის შესახებ

ჩემმა თაობამ ბევრი არაფერი იცის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ. 90-იანი წლების დასაწყისი ფრაგმენტულად გვახსოვს და დოკუმენტური ფილმებითა და წიგნებით თუ შევივსებთ იმ დიდ სიცარიელეს, რაც შემდგომ წლებში იყო. ცოტა თუ საუბრობდა მასზე, წერითაც ცოტა იწერებოდა და მოგვიანებითღა გამოჩნდა სასკოლო სახელმძღვანელოებში – ისტორია მას გვერდს ვერაფრით აუვლიდა.

31 მარტს, პრეზიდენტის 79 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი წიგნი „ზვიად გამსახურდია – 79 ამბავი“ გამოიცა. კრებული „თან საკითხავის“ სერიის ერთ-ერთი ტომია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ვერ ნახავთ გაბმულ თხრობას და მისი კითხვა ნებისმიერი ამბით შეგიძლიათ დაიწყოთ. ცოცხალი ისტორიებით, რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა თუ პროფესიის ადამიანების მონათხრობით წიგნში იძერწება ერთი ისტორიული პირის პორტრეტი. ამ მოზაიკაში აქამდე უცნობ ფაქტებთან ერთად შეხვდებით როგორც ფრაგმენტებს ინტერვიუებიდან, ჩანაწერებიდან, ისე მხატვრულ-დოკუმენტური ტექსტებიდან (მაგ.: ოთარ ჩხეიძის, გურამ დოჩანაშვილისა და როსტომ ჩხეიძის მხატვრული და ავტობიოგრაფიული / ბიოგრაფიული რომანებიდან – „არტისტული გადატრიალება“, „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“, „ეკლის გვირგვინი“, „ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის“).

ვფიქრობ, ეს წიგნი ნამდვილი შენაძენია თანამედროვე მკითხველისთვის და ის თანაბრად გამოადგება როგორც ისტორიის, ისე ქართულის, მუსიკისა და სხვა საგნის მასწავლებლებს.

 

თინეიჯერების საკითხავი

ქვეყნის პირველ პირებზე (მეფეებზე, პრეზიდენტებზე, პრემიერ მინისტრებზე) ხშირად მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია თუ გვაქვს ხოლმე. რიგითი მოქალაქისა და მკითხველისათვის ყოველთვის საინტერესოა „კადრს მიღმა“ დარჩენილი, ყოფითი ამბები. ამ წიგნში წაიკითხავთ, როგორი იუმორის გრძნობა ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, როგორი მოსაუბრე იყო (თურმე არასდროს შეაწყვეტინებდა მოსაუბრეს სიტყვას, თემა მისთვის უინტერესოც რომ ყოფილიყო), ქართულ სუფრაზე მჯდომი როგორ აფასებდა საქართველოს სხვადასხვა მტერს, როგორ ზედმიწევნით ერკვეოდა საეკლესიო რიტუალებში და სხვ.

თინეიჯერებისთვის, ვფიქრობ, საინტერესო აღმოჩნდება ზვიად გამსახურდიას მოსწავლეობისდროინდელი ჩხუბის ეპიზოდი, რომელიც მის პიროვნულ თვისებებს კარგად წარმოაჩენს:

სერგო ბერძენიშვილის მოგონებიდან: „დავიწყეთ ჩხუბი – მე და აკაკი ვასაძე, იქით – ზვიადი და ფირან მალაციძე. აკაკის მუშტი ცხვირში მოვარტყი, სისხლი წამოუვიდა და ჩხუბი შევწყვიტეთ. გამსახურდია და მალაციძე ჩხუბს ისევ აგრძელებდნენ. ვხედავ, ზვიადი ჯაბნის ჩემს მეგობარს და დავუძახე, ფირა, ხომ არ მოგეხმარო-მეთქი. ზვიადმა ჩემი ხმა გაიგონა, ჩხუბი შეწყვიტა და მითხრა, – რატომ უნდა მიეხმარო, ჩვენ ხომ შევთანხმდით ერთი-ერთზე გვეჩხუბაო. ამის მერე ჩხუბი აღარ გაგვიგრძელებია და მაშინვე შევრიგდით. მოკრივე რომ ვიყავი, დიდი გული მქონდა და ხშირად ვხულიგნობდი, უმიზეზოდ ბევრს ვურტყამდი. ზვიადი კი სუსტებს ხშირად იცავდა. ჭკვიანი, გულიანი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, 6 თვე კრივშიც ვარჯიშობდა.

კრებულში ამბები ქრონოლოგიურადაა დალაგებული და ჩანს მთავარი გმირის გზა დისიდენტობიდან დევნილობამდე. ჯერ კიდევ 14 წლის ზვიად გამსახურდია მეგობრებთან ერთად ქმნის ორგანიზაცია „გორგასლიანს“, ანტისაბჭოთა პროკლამაციებს წერს, უთანხმოება აქვს მილიციასა და უშიშროებასთან…

 

დამხმარე მასალა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის

ზვიად გამსახურდიას პიროვნების „ამოსახსნელად“ მამის – კონსტანტინე გამსახურდიას წერილიც გამოგადგებათ. წლების შემდეგ ხომ პირადი მიმოწერის ნიმუშები განსაკუთრებით ძვირფასი ხდება. ამ შემთხვევაში კი ერთი მხრივ დიდი მწერლის მამობრივ სიყვარულსა და რჩევებზე ვიგებთ დამატებით დეტალებს, მეორე მხრივ კი საქართველოს პრეზიდენტის (და ამავე დროს მწერლისა და მთარგმნელის) პიროვნების ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს ბავშვობიდანვე.

შემდეგ გვერდებზე ზვიად გამსახურდიას ვეცნობით როგორც პოეტს, მთარგმნელს, ესეისტს, მკვლევარს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და დროულად აბარებს სამეცნიერო ნაშრომს მაშინაც კი, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და ხალხი მისი თაოსნობით ქუჩაშია გამოსული. წიგნიდანვე ვიგებთ, რომ დევნილობის დროსაც ის არ კარგავდა სულიერ წონასწორობას და დათრგუნვილი თანამებრძოლების გამხნევებას პოეზიით ცდილობდა (სოსო თორიას მოგონება); შესანიშნავად იცნობდა ქართულ ლექსებსა და ბალადებს (ამირან არაბულის მოგონება), თავადაც წერდა ლექსებს, რომლებსაც დისიდენტობის გამო წლების განმავლობაში არ უბეჭდავდნენ. 1989 წელსაც კი გამომცემლობა „მერანის“ რამდენიმე რედაქტორმა შიშით უარი განაცხადა მისი კრებულის რედაქტორობაზე. „თან საკითხავი“ კრებულიდან ასევე შეიტყობთ, თუ რომელი ლექსი უყვარდა პრეზიდენტს განსაკუთრებით საკუთარი თარგმანებიდან („ამერიკელი პოეტები“, 1972), რაზე წუხს როგორც „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების“ ავტორი პრეზიდენტის კაბინეტში და ა. შ.

ზვიად გამსახურდია პერიოდულად მონაწილეობას იღებდა ენის და ნაციონალურ საკითხებზე წარმართულ პოლემიკაში. მისი წერილები ღრმა, საფუძვლიანი, უკომპრომისო და ყოველთვის ანგარიშგასაწევი იყო. „თან საკითხავის“ ამ გამოცემაში ნონა კუპრეიშვილისა და ადრიან ბრისკუს მიერ მოთხრობილია 60-იან და 70-იან წლებში თარგმანის ენისა და ქართული ხასიათის შესახებ წამოწყებული თუ ხელახლა დაძრული აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესახებ.

 

მასალა ისტორიის მასწავლებლებისათვის

ზეპირი ისტორიები, მოგონებები თუ სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი მასალა წლების შემდეგ ისტორიული წყაროს ფუნქციას იძენს. ზვიად გამსახურდიაზე კიდევ ბევრი ამბავი არსებობს. ეს კრებული კი გაბნეული მასალის ერთად თავმოყრის ცდაა. აქ წაიკითხავთ მის დამოკიდებულებაზე „აკრძალულ ხილთან“ – ანტისაბჭოთა ლიტერატურასა და იდეოლოგიასთან: სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგის“ ტირაჟის მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ერთად ფარულად გადაბეჭდვისა და მერაბ კოსტავასთან ერთად საქართველოსა და რუსეთში გავრცელების ამბავი რად ღირს და ასევე ის ეპიზოდიც, როგორ ცდილობდა რადიომიმღებით ხელში ველოსიპედით მოსეირნე გამსახურდია „რადიო თავისუფლების“ ამერიკული სიხშირის დაჭერას (ირაკლი ჩარკვიანის რომანიდან – „მშვიდი ცურვა“).

რაც აქამდე ვიცოდით, გაგვეგო ჭორად თუ ტელევიზიიდან, „ინსაიდერის“ მონათხრობით აღმოვაჩენთ, რომ რეალურად სულ სხვაგვარად მომხდარა. მაგალითად, თუ შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი – „საშვი კონფლიქტის ზონაში“ არ გქონდათ წაკითხული, არ გეცოდინებოდათ გამსახურდიას განწყობა, როცა დევნილობის შემდეგ მისი თვითმფრინავი სადისპეჩერო პუნქტიდან მიღებული ყოველგვარი ცნობის გარეშე, საქართველოში, კერძოდ სენაკის სამხედრო აეროდრომზე, მალულად უნდა დაშვებულიყო… (ფრაგმენტი შესულია „თან საკითხავ“ წიგნში).

პრეზიდენტზე ხშირად გაიგებთ, თავისი პირდაპირობით ბევრი გადაიმტერაო. წიგნიდან კარგად ჩანს, რომ მას ოპონენტების მიტევებაც შეეძლო და გულმოწყალებაც (ანა კალანდაძესა და რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებული ამბები).

 

საინტერესო დავალება მოსწავლეებისათვის

უფროსკლასელებისათვის ეროვნული მოძრაობის ახსნისას ერთგვარი კვირეულიც შეიძლება გაკეთდეს, რომლის ფარგლებში ისაუბრებთ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეგობრობაზე, მათ შემოქმედებაზე. სხვათა შორის, მზადდება კიდევ ორი წიგნი – „თან საკითხავი“ წიგნი მერაბ კოსტავას შესახებ და ფოტოამბები ზვიად გამსახურდიაზე, რომელიც ამ ორი დიდი ისტორიული ფიგურის პორტრეტების შესაქმნელად ბევრ მასალას მოუყრის თავს. აქ წაიკითხავთ „მუსიკალურ ამბებსაც“, რომელიც ამ მეგობრებს უკავშირდება. შესაძლოა ის საინტერესო კლასგარეშე მასალა აღმოჩნდეს მუსიკის მასწავლებლებისთვისაც.

ასევე სასურველია როგორც დოკუმენტური ფილმის ჩვენება ზვიად გამსახურდიაზე, ისე მისი ერთ-ერთი საყვარელი კინონამუშევრისაც. „გენერალი დელა როვერე“ რობერტო როსელინის 1959 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც ინდრო მონტანელის მოთხრობას ეფუძნება. რატომ იმოქმედა პრეზიდენტზე ამ ფილმმა განსაკუთრებით, გურამ პეტრიაშვილის მოგონებიდან შეიტყობთ. თუ სკოლაში დიდ ეკრანზე ფილმის ერთობლივად ყურების საშუალება არ გაქვთ, დაავალეთ მოსწავლეებს თავად უყურონ ამ „ოქროს ლომისა“ და „ოსკარის“ მფლობელ ფილმს სახლში (მისი სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინტერნეტში), შემდეგ კი განიხილეთ გაკვეთილზე.

დარწმუნებული ვარ, წიგნი „ზვიად გამსახურდია – 79 ამბავი“ სხვა არაერთი გაკვეთილისა თუ დავალების დაგეგმვისკენ გიბიძგებთ. ეპოქის გასააზრებლად კი ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილი რომანების წაკითხვა და 90-იანი წლების ქართული პრესის გაცნობაც კარგი საშუალება იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი