შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მხატვრული ნაწარმოების გააზრებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები – ეპიგრაფი

მხატვრული ლიტერატურის სასკოლო კურსი მოსწავლეს აცნობს ტექსტის გაგებისა გააზრებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს.  ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება  საგნობრივი პროგრამითაა გათვალისწინებული. საპროგრამო თხზულებებიდან რამდენიმეში მხატვრულ ტექსტს დართული აქვს ეპიგრაფი.

მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ეპიგრაფის მნიშვნელობის ამოცნობა ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე შესწავლისას წვრილი შრიფტით დაწერილ პატარა ფრაზას, ციტატას, ანდაზას, მიწერილს ნაწარმოების დასაწყისში.

წერილში თავი მოვუყარეთ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს ეპიგრაფის შესახებ. გთავაზობთ ასევე მეთოდურ მასალას, რაც მასწავლებელს დაეხმარება საპროგრამო ნაწარმოების ეპიგრაფის დამუშავების პროცესში.

 

რას ნიშნავს ეპიგრაფი?

ეპიგრაფი ბერძნული სიტყვაა და ქართულად წარწერას ნიშნავს. ანტიკურ ხანაში ასე იწოდებოდა წარწერები საფლავის ქვებსა და შენობების კედლებზე. პირველი ეპიგრაფები მხატვრულ ტექსტებში აღორძინების ხანიდან გვხვდება, თუმცა საკმაოდ იშვიათად. მე-18 საუკუნის ბოლოდან ეპიგრაფს აქტიურად იყენებენ მწერლები საკუთარი ერუდიციისა და განსწავლულობის წარმოსაჩენად, ნაწარმოებებისთვის ღრმა აზრისა და დამატებითი შინაარსობრივი დატვირთვის მისანიჭებლად.

ეპიგრაფი საკმაოდ ხშირად გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილ ქართულ მხატვრულ ტექსტებში. ილია ჭავჭავაძის ბევრი ნაწარმოები სწორედ ეპიგრაფითაა დამშვენებული, ილია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ეპიგრაფს და გულდასმით ირჩევდა ამა თუ იმ ნაწარმოებისთვის წასამძღვარებელ ციტატას, ანდაზას თუ ფრაზას.

 

ეპიგრაფის დანიშნულება

ეპიგრაფად, როგორც უკვე აღინიშნა, მწერალი ირჩევს ანდაზას, აფორიზმს, ციტატას სხვა თხზულებიდან ან რაიმე გამონათქვამს, ზოგჯერ – რიტორიკულ კითხვას ან შეძახილს. ეპიგრაფი დაერთვის როგორც მთლიან ნაწარმოებს, ისე ცალკეულ თავს და გამოხატავს ავტორის  სათქმელს, ძირითად აზრს, იდეას. ეპიგრაფი სათაურის, ქვესათაურის ან თავის აღმნიშვნელი ციფრის ქვევით, მარჯვენა კუთხეში იწერება. გამოირჩევა წვრილი შრიფტით. ციტატის ავტორი, უმეტესწილად, მითითებულია. მწერალი თავისუფალია ეპიგრაფის დართვისას და არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული მხატვრული დანიშნულებით ან სხვა მიზეზის გამო ორიგინალური ციტატა ავტორის მიერაა შეცვლილი.

  • ეპიგრაფი მკითხველის ყურადღებას ამახვილებს მწერლისთვის მნიშვნელოვან რაიმე მონაკვეთზე, სიუჟეტურ ხაზსა თუ პერსონაჟის ხასიათზე.
  • ეპიგრაფის მეშვეობით მკითხველს წინასწარ ექმნება გარკვეული განწყობა ( ისეთი, როგორიც მწერალს აქვს ჩაფიქრებული), იქმნება შესაბამისი ატმოსფერო.
  • ეპიგრაფის მეშვეობით „გახსნილია“ რომელიმე პერსონაჟის ხასიათი, ახსნილია ქცევის მოტივი, მკითხველს დამატებით ექმნება წარმოდგენა მასზე.
  • ეპიგრაფით მწერალი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ნაწარმოებში აღწერილი ამბის, სიტუაციის, მოცემულობის მიმართ, მკითხველს თვალნათლივ წარმოუჩენს საკუთარ განწყობას პერსონაჟის ან მისი ქცევის შესახებ, ტექსტში გამოხატული იდეის ან თემის მიმართ.

ეპიგრაფი – როგორც საკვლევი მასალა

მე-12 კლასში მოსწავლეები შეისწავლიან ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს „შელოცვა რადიოთი“. ამ ტექსტის ეპიგრაფთან დაკავშირებით  მათ ხშირად უჩნდებათ კითხვები. ორი ნაწილისგან შემდგარი ეპიგრაფის მნიშვნელობისა და დანიშნულების ამოცნობა მოსწავლეებს უჭირთ. იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით წარვმართოთ მათი მსჯელობა, მნიშვნელოვანია ორივე ეპიგრაფის განხილვა, კვლევა, გაანალიზება. მზამზარეული პასუხების მიწოდების ან კრიტიკული წერილის გაცნობის ნაცვლად, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ეპიგრაფი[1], სთხოვეთ მათ დამოუკიდებლად მოიძიონ ვეფხისტყაოსნის სტროფი, სადაც ტარიელი ავთანდილთან საუბრის დროს ეკითხება მას:

“რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით…“

ამის შემდეგ განმარტონ სიტყვა „მაქმნევდის“(მაქნევდით) მნიშვნელობა. შეადარონ ლორთქიფანიძისეულ ვარიანტს ( „რას მიქნევდით“) და ამჯერად ამ სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას შეეცადონ.

საბოლოო ჯამში, მათ უნდა განსაზღვრონ, რომ ტარიელი სიტყვას იყენებს „გამომიყენებდით“, „გამაკეთებინებდით“ – მნიშვნელობით. ის ინტერესდება, რას მერჩოდით, რაში გამოგადგებოდითო.

ნიკო ლორთქიფანიძე კი სიტყვაში „მიქნევდით“ აქეთ-იქით მიგდებას, მიქნევ-მოქნევას უნდა გულისხმობდეს. საფიქრებელია, რომ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ელი სვამს ამ კითხვას და თავის უცნაურ ბედსა თუ ბედისწერას გვაცნობს.

ცხადია, მკითხველს სრულიად სხვაგვარი გააზრებისა ან ინტერპრეტაციის უფლებაც უნდა დავუტოვოთ. მახსოვს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის გულწრფელი შეძახილი, იქნებ, უბრალოდ, ასე ახსოვდა ნიკოს ციტატა და გამიზნულად სულაც არ ჩაუნაცვლებიაო. ამ შემთხვევაში ერთი და სწორი, უტყუარი, უეჭველი პასუხის მიღება კი არა, კვლევის უნარის გაუმჯობესება უფროა ჩვენი, როგორც მასწავლებლების მიზანი და არა ტოლობის ნიშნის დასმა ინტერპრეტაციასა და ნაწარმოებს შორის.

ეპიგრაფის მეორე ნაწილის გასააზრებლად მოსწავლეებმა სახარებას უნდა მიმართონ. მათეს სახარების 26-ე  თავის 28-ე მუხლში ისინი ამოიკითხავენ:

„ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“…

ლუკას სახარების 22-ე თავში კი მე-20 მუხლი გამოადგებათ:

„ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“…

ავტორისეულ ეპიგრაფზე დაკვირვებისა და მოცემულ მუხლებთან შედარების შემდეგ იკვეთება, რომ მწერალს ამოუღია სახარებებიდან გარკვეული სიტყვები, შეუერთებია ორი ფრაზა და თვითნებურად მიუმატებია სიტყვები „გასაწამებლად სიცოცხლისა“.

სიცოცხლის გაწამება – ამ მეტაფორის ამოსახსნელად კვლავ „ვეფხისტყაოსანთან“ მიბრუნება დაგვჭირდება. მოსწავლეები თავად დაძებნიან, თუნდაც, ინტერნეტში საძიებო სისტემების დახმარებით, სად და რა მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა „გა-წამ-ება“ და შესაბამის დასკვნებსაც თავად გამოიტანენ.

ამრიგად, ერთი ნაწარმოების ეპიგრაფის ანალიზი საინტერესო საკვლევ პროექტადაც შეიძლება იქცეს.

[1]იხ. სერია: ქართველი მწერლები სკოლაში. წიგნი 9, ლალი დათაშვილის წერილი„ეპიგრაფის გაგებისთვის“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი