შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დრო ყველას ცოტა გვაქვს!

რეჟისორ ლორან კანტეს ფრანგული მხატვრული ფილმი „კლასი” ყველა მასწავლებელმა უნდა ნახოს. ფილმი 2008 წელსაა გადაღებული და კანის კინოფესტივალის გამარჯვებულია. იმდენად გულწრფელად, დამაჯერებლად და ძალდაუტანებლადაა წარმოჩენილი ლიტერატურის მასწავლებლის, კლასისა და სწავლა-სწავლების პრობლემები, რომ თავი ფილმის გმირი მეგონა. ეს გმირი – ფრანსუა მორენი – თითქოს მე ვიყავი, ჩემი ფრაზებით საუბრობდა. მისი ექსტრავაგანტური პირდაპირობა, როგორც ფილმის ანოტაციაშია ნათქვამი, თითქოს ჩემგან იყო წაღებული. არც მკაცრი, არც ლოიალური მასწავლებელი – ეს ნამდვილად მე ვიყავი…

გენიალური ხედვა ჰქონია ლორან კანტეს, რომელიც ამავე დროს სცენარის ავტორიც არის, რომ ასე ზუსტად ხედავს თანამედროვე სკოლის პრობლემებს… სუპერორიგინალურია ყველა სცენის ჩანაფიქრი თუ რეფლექსია და პირდაპირ ჩვენი რეალობიდან ამოდის. ჩემი სკოლისა და კლასების პრობლემები გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს, ზოგჯერ სკეპტიციზმი და სასოწარკვეთა მიპყრობს… ნუ მთლიანობაში მაინც ოპტიმიზმია, რაც მაცოცხლებს და მაძლებინებს, მაგრამ ფრანგული გამოცდილების გაზიარება ნამდვილად წამალი იყო ჩემთვის… ერთგვარი ნუგეში აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ჩვენ და ევროპელებს პრობლემები ზუსტად ერთნაირი გვქონია… ბავშვების დამოკიდებულებაც მასწავლებლებისადმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენს სკოლებში…

მასწავლებლობა კედელზე შუბლით დატაკების, ზოგჯერ კედლის გატანის, ხან შემოვლის, ხან უკან დახევის და ხან საკუთარი თავის ნგრევის ანატომიაა. ეს საქმე ფანატიკურად უნდა გიყვარდეს, რომ გაუძლო ყველა გამოწვევას, რადგან რეალობა ასეთია: სამყარო მასწავლებლის წინააღმდეგ! წარსულს ჩაბარდა მასწავლებლის, როგორც ურყევი ავტორიტეტის ხატი… დღეს მას ყველა უტევს: სახელმწიფო აპარატი, სკოლის ადმინისტრაცია, კოლექტივი, მოსწავლე, მშობელი, საზოგადოება… ჩემი პოეტი და მასწავლებლობის გამოცდილების მქონე მეგობრის თქმით, მასწავლებლობა ალმოდებული კოშკიდან ბავშვების გამოპარებას ჰგავს, ოღონდ ისე, ბავშვებს არ გავაგებინოთ, რომ ვიწვით…

მე კი ამასწინათ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ჩემი სოფლის ბავშვობის მოგონებებიდან აბრეშუმის ჭიების შარიშურს მაგონებს ხშირად კლასი… ასოციაციურად ხშირად მეჩვენება, რომ კლასი აბრეშუმის ჭიის ჩელტია, მე თუთის ფოთოლი ვარ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები შრაშუნით ახრამუნებენ, ან ჩემი მეთოდებია თუთის ფოთლები, რომლებიც უნდა მივუყარო ბავშვებს ყოველ ჯერზე და თუ სადმე ფოთლები შემომაკლდა, დაუნანებლად შემახრამუნებენ შარიშურით… ან: ქართული ჯადოსნური ზღაპრების ფასკუნჯები არიან ბავშვები. ფასკუნჯი გმირს ქვესკნელიდან შუასკნელში მიაქროლებს გველეშაპისგან შვილების გადარჩენის საფასურად და როცა ანიშნებს, ხორცის ნაჭერი ნისკარტში უნდა ჩაუდოს გმირმა. როცა ხორცის ნაჭერი გაუთავდა, გმირმა ბარძაყიდან ამოიჭრა ხორცი და ის აჭამა… ფასკუნჯს ყველაზე მეტად ეს ნაჭერი ეგემრიელა. როცა ერთად ამოაღწიეს ქვესკნელიდან  და ფასკუნჯმა სისხლიანი ბარძაყი დაინახა, ჭრილობას თავისი ჯადოსნური ფრთა მოუსვა და გაამრთელა, გმირს კი ასე უთხრა, რომ მცოდნოდა, ასეთი გემრიელი ხორცი გქონდა, შეგჭამდიო… დიახ, ჩვენ ასე მივქრივართ ერთად თოლია ჯონათანის ზესკნელებისკენ და მასწავლებელს სულ ხელთ უნდა ეპყრას ხორცის ნაჭერი, საზრდო, რომელიც თუნდაც გულის სისხლი შეიძლება იყოს… სხვა შემთხვევაში ბანკროტისთვის განწირული ხარ! ხოლო მოსწავლე მასწავლებლისთვის საზრუნავი და სატანჯველიც არის და ისეთი არამიწიერი სიხარულიც, როგორსაც სხვა ვერაფერი მოგანიჭებს.

მთავარი, ამ ფილმმა რისი რწმენაც განმიმტკიცა, ისაა, რომ ლიტერატურის მასწავლებლის მისია არის დაეხმაროს მოსწავლეებს თვითგამოხატვაში. ფრანსუა „ანა ფრანკის დღიურს” აკითხებს თინეიჯერებს და ისინი ასკვნიან, რომ ლიტერატურა გვეხმარება თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, ჰარმონიისკენ მიმავალი გზების მიგნებაში. ფრანსუას ურთულესი ქცევის, უღრმესი ფსიქოლოგიური პრობლემების მოსწავლეებთან უწევს ურთიერთობა, თუმცა ის არცერთხელ, არცერთი წამით არ წარმოჩენილა მაყურებლის წინაშე იმედგაცრუებული და რწმენაშერყეული, სულით გატეხილი. დაღლილი კი, მაგრამ ეს დაღლაც მას ზრდის, როგორც მასწავლებელს. ფრანსუას უმნიშვნელოვანესი რეფლექსია ასევე ის არის, რომ სირცხვილი და კომპლექსები არის ბავშვებში დევიაციური ქცევის მაპროვოცირებელი და მასწავლებლის (დამრიგებლის) მისიაა, დაეხმაროს მოსწავლეს მათ დაძლევაში. ამ გზაზე უმთავრესია ლიტერატურული ტექსტების წიაღში საკუთარი თავის დანახვა-გააზრება. ამიტომ მისიე მორენი ბავშვებს ავტოპორტრეტებს აქმნევინებს. ავტოპორტრეტი და არა ავტობიოგრაფია! – მისი მითითება მკვეთრია! ეს წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. სასწავლო წლის დასასრულ კი მორენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების რვეულებს კლასის ერთობლივ ფოტოს დააკრავს და შინ ატანს, რათა მოსწავლემ საკუთარი თავი კოლექტივის ნაწილად გაიაზროს და ამოიცნოს საკუთარი პასუხისმგებლობები კოლექტივის წინაშე. ბავშვებში საოცარი ემოციები აღძრა მასწავლებლის ამ მეთოდმა.

ფრანსუასაც წამოსცდება ისეთი რამ, რაც არ უნდა ეთქვა მოსწავლე გოგონებისთვის, მაგრამ ის არ გაურბის არც საკუთარ გადაცდომებს, თამამად აღიარებს მათ და თავისუფლად შეუძლია მოსწავლეებთან თავის ლაფსუსებზე საუბარი. მისთვის მასწავლებლობა უწყვეტი ფურორი და წარმატებების კასკადი კი არა, ხელმოცარულობების ისტორიაც არის და ამ ტკივილში, თვითგვემაში, მარცხში ძლიერდება და იწრთობა მისი სული.

არ დამავიწყდება ერთი ჩემი არაკეთილგანწყობილი კოლეგის კატეგორიული ტონი, როცა ვცადე მასთან გაუგებარი აგრესიის მიზეზებზე საუბარი. ასე მითხრა: თქვენზე ამბობენ, რომ მიუხედავად თქვენი სტატუს-ხარისხებისა, არაფერი მასწავლებელი არ ხართ, წარუმატებელ გაკვეთილებს ატარებთო. მივხვდი, რომ ის გულისხმობდა ერთ საჩვენებელ გაკვეთილს, რომლითაც ყველაზე უკმაყოფილო მევე დავრჩი და ეს არავისთან დამიმალავს. წარუმატებლობის მიზეზი კი იყო მრავალმხრივ მიზნებზე გათვლილი გაკვეთილი, რამაც შედეგზე გასვლაში ხელი შეგვიშალა, ვერ დავძლიეთ გაკვეთილის გეგმით გაწერილი ყველა აქტივობა, დრო არ გვეყო. კოლეგისგან ამგვარი შეფასება მწარე სილა იყო, მაგრამ თავი როგორღაც შევიკავე და კითხვა შევუბრუნე:

– თქვენ ყოველთვის უზადო გაკვეთილებს ატარებთ? არასოდეს განგიცდიათ მარცხი? მისი კატეგორიული და დაბეჯითებული პასუხი სიკვდილამდე არ დამავიწყდება:

– დიახ, მე ყოველთვის საუკეთესო გაკვეთილს ვატარებ! არასოდეს მომსვლია მარცხი! არასოდეს!

ნეტარ არიან თავდაჯერებულნი! მე მათთან ხელი არ მაქვს. ჩემდათავად კი ვაღიარებ, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა ჩემი ძალიან ხშირი სტუმარია და არც იმის აღიარება გამიჭირდება, კონკრეტულად რა არ გამომდის ხოლმე.

თუკი საკუთარ თავს გავიაზრებ, როგორც უწყვეტი პედაგოგიური თვითგანვითარების ობიექტს, უკან დამრჩება მასწავლებელი, რომელმაც გუშინ ან გუშინწინ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, რომელსაც პრაქტიკამ სწავლა-სწავლების უამრავი სრულიად წარმოუდგენელი რაკურსი აჩვენა, ის კი ხშირად მზად არ იყო ჩიხებიდან თავის დასაღწევად. თუმცა იმას კი ახერხებდა, რომ იმ ჩიხში დიდი ხნით არ მოქცეულიყო და სწრაფი, ადეკვატური  რეაგირებით გამოსავალი მოეძებნა, არასასურველი რეალობა შეეცვალა. ერთხელ სადამრიგებლო კლასს ავტოპორტრეტის მაგვარი დავალება მივეცი, მისი ზუსტი ფორმულირება ახლა არ მახსენდება, მაგრამ არ დამავიწყდება საუკეთესო მოსწავლის თვალით დანახული პირადი ცხოვრება: უკვე მერამდენე წელია სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე დავდივარ იმის მოლოდინში, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე საინტერესო გამოჩნდება, მაგრამ ამაოდო. ამ ფრაზამ მთელი ჩემი მასწავლებლური თავდაჯერებულობა ამოაყირავა. მას არ აქვს სათქმელი, რომ სკოლა და გაკვეთილები მისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი, სასურველი და დაუვიწყარი სამყაროა. მისი სამყარო იმდენად ფართო, ღრმა და მრავალშრიანია, სკოლამ უნდა შესთავაზოს რაღაც განუმეორებელი, რომ ამ ბავშვის ყურადღება, სული და გული დაიპყროს. მას შემდეგ ჩემს თვალთახედვას იმ ბავშვის თვალები და შეგრძნებებიც შეემატა. მინდა მაქსიმუმი გავაკეთო, რომ გაკვეთილი და სასკოლო გარემო მისთვის უფერული სამყარო არ იყოს.

ლორან კანტეს ფილმს ლაიტმოტივად გასდევს დევიაციური ქცევის მოსწავლეთა პრობლემების მართვა. კლასებში არიან მოსწავლეები, რომლებიც დაბალი თვითშეგნების თუ დევიაციური ქცევების გამო სერიოზულად აფერხებენ სასწავლო პროცესს, ხელს უშლიან სწავლამოწყურებულ თანაკლასელებს სრულფასოვნად მუშაობაში. მისიე მორენის ჰუმანიზმი უსაზღვროა, მაგრამ ფილმში ხაზგასმულია, რომ სკოლაში მოსწავლის უფლებების ხარჯზე მისი პასუხისმგებლობების ნიველირება ცუდი შედეგის მომტანია, რომ ადეკვატური რეაგირება კლასისთვის ხელისშემშლელი ქცევის გასანეიტრალებლად აუცილებელია და აქ ცალკეული მასწავლებელი ვერაფერს გახდება. ეს საკითხები სკოლის ადმინისტრაციის, დისციპლინური კომიტეტის, კოლეგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ერთი უპირატესობა გვაქვს: ჩვენ ვასწავლით სამყაროს უდიდეს ხელოვნებას – სიტყვებით კეთილ ჯადოქრობას, რასაც ყველაზე მეტად ძალუძს ადამიანის სულში გარდატეხა და მეტამორფოზები, ვიდრე ნებისმიერ მეცნიერულ ან პრაქტიკულ ცოდნას. ვინაიდან ლიტერატურის სწავლება – ეს არის გზა საკუთარი თავის ძიების, სამყაროს შემეცნების, სულიერი ჰარმონიის მიღწევის, სიყვარულისა და ჰუმანიზმისკენ, უმთავრეს საშუალებად სწორედ ის უნდა გამოვიყენოთ. აკი კანტეს ფილმის ფინალშიც მხოლოდ სასწავლო წლის ბოლო დღეს გამოუტყდა ფრანსუას ურჩი თინეიჯერი, რომელიც მთელი წელი უარს აცხადებდა სწავლასა და მასწავლებელთან თანამშრომლობაზე, რომ მან ამ წელს ვერაფერი ისწავლა, ხოლო პროფსასწავლებელში წასვლა არ სურდა. ფრანსუამ კი მიუგო, რომ მას კიდევ ჰქონდა დრო არჩევნის გასაკეთებლად – ერთი წელი!.. და მას ყველაფრის შეცვლა შეეძლო…

ცოტაა ეს დრო გოგონასთვის? არა მგონია! შეცვლა ყოველთვის ყველაფრისა შეიძლება! დრო კი ყველას ყოველთვის ყველაფრისთვის ძალიან ცოტა გვაქვს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი