პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პრაქტიკული წერა: დღიური

ამას წინათ, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში, ჩვეულებრივი ბლოკნოტების მწკრივში  ,,პატარა უფლისწულის“ ფრაზებითა და ილუსტრაციებით გაფორმებულ დღიურს გადავაწყდი. თითქოს თვალწინ მთელი ბავშვობა გადამეშალაო, ერთბაშად გამახსენდა ყველა ის წიგნაკი, რომლისთვისაც ჩემი ფიქრები და ემოციები მიმიბარებია. უყოყმანოთ შევიძინე ბავშვობაში დაბრუნების ეს ლურჯყდიან-ვარსკვლავებიანი ,,შესაძლებლობა“ და სახლში მისვლისთანავე მისი შევსება დავიწყე. ადრე ყველა გოგონას ჩანთაში აღმოაჩენდით, ე.წ. მეგობრობის დღიურს ან ბოქლომიან ბლოკნოტს პირადი ჩანაწერებისთვის. ახლა კი, სოციალური ქსელებისა და ბლოგების ეპოქაში, მათ თითქმის აღარავინ იყენებს.

 

ბიბლიურ დროში ქვეყნის მმართველები მნიშვნელოვანი მოვლენების მატიანეებს აწარმოებდნენ. ბერძნების მიერ შედგენილ კრებულში „ეფემერიდები“ ვარსკვლავებისა და პლანეტების ყოველდღიური მოძრაობაა აღწერილი. საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ, რომაელებმა ჩანაწერების ტრადიციას პრაქტიკული დანიშნულება შესძინეს და მათ „დიარიუმი“ (,,დიას“ ლათინურად ,,დღეს“ ნიშნავს) უწოდეს. დასავლეთის ქვეყნებში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების ჩაწერა XVII საუკუნიდან დაიწყეს. ამ პერიოდში დაიწერა სამუელ პიპსის (ინგლისელი საზღვაო მეთაური, სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, მსოფლიო მოსამართლე და პარლამენტის წევრი) ყოველდღიური შემთხვევების ამსახველი კრებული. პიპსი თავის დღიურში სასულიერო და საერო ცხოვრებას აღწერდა. მისი ჩანაწერები ინგლისის მეფის ჩარლზ II-ის მმართველობის პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციული დოკუმენტს წარმოადგენს. პიპსის დღიურის მსგავსად, ჩანაწერების არაერთი წიგნაკი იქცა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად. მაგალითად ,,ანა ფრანკის დღიურიც“ კმარა.

დღიური, როგორც ერთ-ერთი ჟანრი, ლიტერატურულ სივრცეშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს (,,მწერლის დღიური“ (ფიოდორ დოსტოევსკი);  ,,ადამის დღიური“ (მარკ ტვენი); ,,სოფლის მღვდლის დღიური“ (ჟორჟ ბერნანოსი), ,,გულისრევა“ (ჟან პოლ სარტრი); ,,წრიპა ბიჭის დღიური“ (ჯეფ კინი), ,,დღიური“ (ნიკოლას სპარქსი), ,,ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ (ელენ ფილდინგი) და სხვ.). ეს სტილისტურ-კომპოზიციური ხერხი ლიტერატურაში სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენება. გმირის დღიურში ხშირად მისი სულიერი მდგომარეობა (თვითრეფლექსია, გარემოსთან დამოკიდებულება) ან არსებული პრობლემისადმი დამოკიდებულება იკითხება. ეს კი მკითხველის მიერ პერსონაჟის შინაგანი  სამყაროს გაცნობას აადვილებს. დღიურის წერის პროცესში მწერალი  გაცილებით უშუალო და თავისუფალია. ამავე მიზეზით, მკითხველი გამოჩენილი ადამიანების პირადი ჩანაწერების მიმართაც დიდ ინტერესს იჩენს.

 

მემუარების მსგავსად, დღიურიც ავტობიოგრაფიული პროზის ნაწილია, თუმცა მას მემუარებისგან ყველაზე მთავარი რამ – ჩაწერის დრო (ახლო წარსული ან აწმყო) განასხვავებს. ფრაგმენტული ჩანაწერები რეგულარულად იწარმოება და თარიღდება. მსგავსი შენიშვნების წარმოების მთავარი დადებითი მხარე ფურცელზე ინდივიდუალური გამოცდილების ორგანიზებულად გადმოტანაა. დღიური სხვადასხვა მიზნით იწერება. დღეს მას ყველაზე ხშირად პრაქტიკული ჩანაწერების გასაკეთებლად (ყოველდღიური გეგმები/ მიზნები, ხარჯთაღრიცხვა, საყიდლების სია და სხვ.) იყენებენ.

 

პირადი ჩანაწერების წარმოების პრაქტიკას სენტიმენტალიზმსა და ევროპული კულტურის რომანტიკულ ბუნებას უკავშირებენ. ადამიანები ფურცლებს ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოსაც კი ანდობდნენ. ჩანაწერების წყალობით ბევრ იდუმალებით მოცულ კითხვას გაეცა პასუხი. საკითხავია, რატომ რისკავდნენ ასე?! ფსიქოლოგების აზრით, დღიურის წარმოება ერთგვარი თერაპიაა, თან ადამიანთა ნაწილს საკუთარი რვეულის ფურცლები უფრო სანდო მეგობრად და კარგ მსმენელად მიაჩნია, ვიდრე რომელიმე კლინიკის კარტოთეკაში შენახული  ფსიქოანალიტიკოსის პირადი ჩანაწერები.

დღეს ფურცელი და კალამი აქტიურად მხოლოდ სკოლაში გამოიყენება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, რომ თანამედროვე მოზარდებმა საკუთარი მე-ს ძიება კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით განაგრძეს, ტრადიციული დღიურის ფორმატი კი ბლოგმა ჩაანაცვლა.

 

ალბათ ყველას გახსოვთ სკოლის დღიური, რომელიც დავალების ჩასანიშნად, შეუსრულებელი სამუშაოს აღსარიცხად და მოსწავლის აკადემიური შეფასების დასაფიქსირებლად გამოიყენებოდა. მისი მთავარი მიზანი მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო და ამიტომაც ხშირად ,,იკარგებოდა“. დღეს სკოლის დღიურმა ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა და მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთან თუ სირთულეებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოზარდებსაც და მათ მშობლებსაც დროულად მიეწოდებათ.

 

ჩემს ბავშვობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ე.წ. მეგობრობის დღიური, რომელში მოხვედრაც, ანუ ავტორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა და სამახსოვრო ჩანახატების დატოვება ავტომატურად ნიშნავდა მისი პატრონის შენდამი მეგობრულ დამოკიდებულებას. მისმა პოპულარობამ XX საუკუნის ბოლომდე გასტანა და სასკოლო ჰორიზონტიდან ინტერნეტის ეპოქის დადგომისთანავე გაუჩინარდა.

 

მიზნობრივ (პრაქტიკულ) დღიურებს უმეტესად საქმიანი ზრდასრულები აწარმოებენ. სწორად დაგეგმვის გარდა, ჩანაწერები საკუთარი მეხსიერების დანდობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

 

იდეების გენერირების შესანიშნავ მეთოდს წარმოადგენს ჯულია კამერონის (ინგლისელი ფოტოხელოვანი) ,,დილის გვერდები“, რომლის  მიზანიც ყოველ დილით სამ გვერდამდე ჩანაწერების (იდეა, ინტერესი, სურვილი…) გაკეთებაა. ხელოვანი ადამიანებისთვის მსგავსი დღიურის წარმოება მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რადგან იგი იდეის შენახვის და მოგვიანებით მასთან მიბრუნების საშუალებას იძლევა. აღორძინების ხანის მხატვარი ლეონარდო და ვინჩი თურმე ყველგან თან ატარებდა პატარა ბლოკნოტს, რომელშიც დროდადრო ჩანახატებს აკეთებდა.

 

საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა და ჩემი მოსწავლეები (III –IVკლასები) დღემდე აწარმოებენ ,,შთაბეჭდილების დღიურს“. პატარა მკითხველები მასში წაკითხული წიგნების შესახებ დაწერილ რეფლექსიებს აგროვებენ: საყვარელი ეპიზოდის შინაარსს ჰყვებიან, წიგნში დამატებით პერსონაჟად ერთვებიან და გმირებს პრობლემის გადაჭრის ახალ ხერხს სთავაზობენ, საყვარელ პერსონაჟებს წერილებს სწერენ, კითხვებს უსვამენ და რჩევებს აძლევენ, ავტორების შესახებ საინტერესო ცნობებს იძიებენ, წიგნში ამოკითხულ საინტერესო ფრაზებს ინახავენ და ა.შ. ეს აქტივობა მოსწავლეებში კითხვისა და წერის მოტივაციას ამაღლებს. პატარების უმეტესობას უჭირს სათქმელის წერილობით ჩამოყალიბება, ,,შთაბეჭდილების დღიურის“ წყალობით კი  მოსწავლეები შიშს ადვილად ამარცხებენ და წერის პროცესიდან სიამოვნებას იღებენ.

 

საკუთარი თავის შესწავლის პროცესში მოსწავლეები შეიძლება ავტობიოგრაფიულ დღიურზე მუშაობითაც დაინტერესდნენ. ,,ჩემი ისტორია“ კვლევითი სამუშაოების მოყვარული მოსწავლეების ფავორიტი აქტივობაა. ბავშვებმა საინტერესო ცნობები მისი ოჯახის, გვარის, წინაპრების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი წყაროდან (ოჯახის წევრები, ნაცნობები, საჭირო სფეროს სპეციალისტები…) უნდა მოიძიონ.

 

,,განწყობის წიგნაკი“ საკმაოდ ადვილი საწარმოებელია, თან საბაზო და საშუალო საფეხურზე ერთგვარ დამხმარე რვეულადაც შეიძლიათ გამოიყენოთ. მასში იწერება, ე.წ. დღის ფრაზები, ანუ სასურველი ციტატა იმ დღეს წაკითხული თხზულებიდან. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სიმღერის ტექსტის და საგაზეთო სტატიის ამონარიდები, ან თვითგამოხატვის სხვა საშუალებებს – მხატვრობას და ფოტოგრაფიას  მიმართოთ.

 

ერთწინადადებიანი დღიური ,,განწყობის წიგნაკის“ ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს. მასში ჩავლილი დღის ,,მთავარი აზრი“ – ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა დაფიქსირდეს. ავტორს აქაც შეუძლია, სათქმელის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებას მიმართოს (ერთი წინადადება, ფოტო, ნახატი ან ფრაზა რომელიმე თხზულებიდან).

 

,,ბედნიერების დღიურის“ დახმარებით კარგად ყოფნის წამებს ჩაინიშნავთ. ეს შეიძლება იყოს დილის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ხანგრძლივი წვიმიანი დღეების შემდეგ მზიანი დილის გათენება, უცნობი ადამიანის ღიმილი, მოულოდნელი შეხვედრა და სხვ. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები, მაგალითად: რა მოხდა დღეს მნიშვნელოვანი? რა გავლენა მოახდინა ამან ჩემზე? რამ გამაბედნიერა? რამ გამაღიმა?.. და პასუხები დღიურში ჩაიწერეთ. გირჩევთ, დღიური გასული წლის ბოლო დღეს გადაიკითხოთ, განწყობასაც საგრძნობლად აიმაღლებთ და ახალ გამოწვევებსაც დადებითი ემოციით აღჭურვილი შეხვდებით.

 

სოკრატეს ამბობდა, რომ ჩვენ ვერ მივაღწევთ ფიზიკურ და სულიერ აღზრდას, სანამ არ დავაკვირდებით, რა არის ჩვენი მიზანი. თუ დღიურის წარმოება თვითრეფლექსიის, საკუთარ თავთან დიალოგის, მოვლენების გაანალიზებისა და წარსულში დარჩენილი ,,მე“-ს გარედან შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, გამოდის, რომ ჩანაწერებზე მუშაობის პროცესი სულიერი აღზრდის შემადგენელი ნაწილია.

 

დღიურის წარმოების მთავარი წინაპირობა გულწრფელობაა. აქ არც ნაწერის ზომას აქვს მნიშვნელობა და არც მის სიხშირეს. მთავარია გონების ობიექტივმა ის მნიშვნელოვანი მოვლენები დააფიქსიროს, რომელთა გახსენებაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მიმზიდველს გახდის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი