ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პიროვნული ღირსების გადარჩენისათვის

(პიროვნული ღირსების გადარჩენისათვის , ანუ რატომ არ სთხოვს თემი პასუხს ჯოყოლას მუსას მოკვლის გამო და სხვა)

პიროვნული  ღირსებების დაცვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები ყველა დროის პრობლემური საკითხებია, მაგრამ, ვაჟასი არ იყოს, „ამის თქმით ვწარამარაობთ”, თუმცა პრობლემა დღესაც,  ბოლომდე,  სრულად,  ჯერ კიდევ მოსაგვარებელი და გადაუჭრელია. ვინ უნდა მოაგვაროს ეს და როგორ? – სწორედ ამას იძიებს ვაჟა თავისი შემოქმედებით.

ადამიანური ღირსება ადამიანის ფარია! ღირსებაშელახული, ღირსებაწართმეული, ღირსების შეგრძნების უნარს მოკლებული პიროვნება აღარ არის სრული სახე ადამიანისა  – ის ან მონაა, ან პირიქით, დამმონებელი.

თუ საკუთარი ღირსების შეგრძნება არ გაგაჩნია, ვერც სხვისას შეიგრძნობ.

ადამიანური ღირსების წარმოჩენის  ასპარეზად  ვაჟამ სისხლის აღებისა და სტუმარ-მასპინძლობის  ადათ-წესი  გამოიყენა, რომელმაც  ერთმანეთს დაუპირისპირა  პიროვნება და თემი. სწორედ ესაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში პიროვნებასა და საზოგადოებას და თვით პიროვნებებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამ ჭიდილის, ბრძოლის ფონად „სტუმარ-მასპინძელში“ ორი ადათ-წესის ურთიერთდაპირისპირებაა გამოყენებული, რომლის აქეთ და იქით მდგარნი, უპირველესად, პირადი ღირსების დაცვას ფარად აღმართვიან, რამეთუ სხვაგვარად მათ  სიცოცხლე არ ძალუძთ. ეგაა მხოლოდ, ვის როგორ ესმის, ან რომელს ანიჭებს უპირატესობას ურთიერთბრძოლის დროს. ამიტომაცაა, რომ პოემა, თემისა და ჯოყოლას დაპირისპირებამდეც, ოჯახსა და ოჯახს გარეთ ადამიანური ღირსების წარმოჩენას ემსახურება, რომელიც კულმინაციას უკვე მათი დაპირისპირების შემდეგ აღწევს, როცა ღირსების გადარჩენისთვის ბრძოლა ემსგავსება ბრძოლას ერთი ღირსების მიერ მეორის განადგურებისათვის.

პიროვნებათა ღირსების წარმოსაჩენად პოემის ორი პერსონაჟის – ზვიადაურისა და ჯოყოლას დაძმობილებაც საკმარისი იქნებოდა მიპატიჟებისთვის. მიპატიჟების შემდეგ, ჯერ სტუმრით „თავმოწონებული“ ჯოყოლა შედის სახლში, უკან მიჰყვება ცოლი, შემდეგ კი „თან მისდევს ზვიადაური, ძმობილი გაიჩინაო“, მაგრამ ვაჟას, როგორც ჩანს, სხვა ჩანაფიქრი აქვს. მივყვეთ ტექსტის თანმიმდევრობას: ჯოყოლას სახლში შემთხვევით დამხვდური ჭაღარაშერეული, ხნიერი ქისტი იცავს რა სტუმარ-მასპინძლობის წმინდა წესს, ფეხზე ადგომით მიესალმება სტუმარს: „სტუმრად მოსული უცნობი, სტუმარს პატივს სცემს სხვისასა, ფეხზე ადგომა წესია, წესს ვერ დაარღვევს მთისასა“. მაგრამ მოხუც ქისტს ,,ფერი დაედო მგლისა“ , როდესაც სტუმარში მტერი შეიცნო – ხანჯლისკენ წაიღო ხელი, თუმცა თავი შეიკავა, რადგან ისიც მთის წესია, რომ ,,…სტუმარი სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასა“.

„დროულმა ქისტმა“ საოცარი თავშეკავება გამოიჩინა და არ შელახა ჯოყოლას ღირსება. მაგრამ ახლა იწყება უმთავრესი – კარიკარ სიარული და ყველა ქისტისთვის ზვიადაურის ადგილსამყოფლის შეტყობინება:

,,…დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ, ვაგემოთ გემო მწარეა“… – ეს კი სისხლის აღების წესის აღსრულებისთვის მოწოდებაა. რა ხდება? საქმე ისაა, რომ მოხუცი ქისტი ორი სიმართლის შუა აღმოჩნდა. ასევე აღმოჩნდა ჯოყოლაც ამ პრობლემების წინაშე. განსხვავება ერთია მხოლოდ – ჭაღარაშერეული ქისტი იცავს ჯოყოლას ოჯახის ღირსებასა და სიწმინდეს, მაგრამ სისხლის აღებისაკენ მოუწოდებს თემს, როგორც თემის ერთგული წევრი.  ჯოყოლა, რჩება რა თემის ადათ-წესების ერთგული, მოუწოდებს თანამოძმეებს, თავი შეიკავონ ზვიადაურის გათოკვისაგან, რადგან ამით მის ოჯახს ელახება ღირსება – საშუალება მისცენ ხევსურს, რათა გასცდეს აქაურობას და მერე „მოეპყრონ ავად“.

ჯოყოლაც და მოხუცი ქისტიც, ორივენი, ორი „მართალი სამართლის“ – ორი სიმართლის შუა აღმოჩნდნენ. არცერთი მათგანი არ უარყოფს არცერთ სიმართლეს, ოღონდ ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ დააყენა ისინი არჩევნის წინაშე, თუ რომელი სიმართლე დაიცვან მეორის ფასად.

საოცარია! – ჯოყოლამ, რომლის სტუმარზე – ზვიადაურზე შურისძიება გამხდარა თემისთვის მთავარი, სიცოცხლეს გამოასალმა მუსა. თემს ამაზე რეაქცია არ აქვს. მხოლოდ იმიტომ გათოკავენ  ჯოყოლას, რომ  ხელი არ შეეშალოთ ზვიადაურის წაყვანაში. როგორ, თემს პასუხი არ უნდა მოეთხოვა ჯოყოლასთვის, რომელმაც ყველას თვალწინ მოკლა მუსა? – თემი პასუხს არ სთხოვს ჯოყოლას. ვაჟა თითქოს კონკრეტულად არაფერს ამბობს ამაზე, მაგრამ ნათელია, – მუსამ შეურაცხყოფა მიაყენა  ჯოყოლას:

აყეფდი ქოფაკივითა,

აბდაუბდაუბ შტერადა;

ამ გიაურის გულისთვის

ძმებსაც ეპყრობი ტერადა“

ამ სიტყვების თქმა დაუჯდა კიდეც სიცოცხლის ფასად მუსას:

რაო? ქოფაკო, შენ ამბობ?

ახლა ძაღლადაც გამხადე?!“_

იძრო ხანჯარი, მუსასა

გულში უმარჯვა დამდე“.

 

როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, თემი ჯოყოლას პასუხს სთხოვს ზვიადაურის სტუმრობაზე და პასუხს არ სთხოვს მუსას მოკვლაზე. პასუხი, ალბათ, ასეთი უნდა იყოს: პირადი ღირსების გადარჩენისას, როცა ერთი შეურაცხყოფს  მეორეს, თემი პიროვნებას უტოვებს ბრძოლის ასპარეზს და არ ერევა მათ საქმეში. პირადულ ანგარიშსწორებად მიიჩნია თემმა ჯოყოლას საქციელი მუსას მიმართ და ხანჯლითვე არ გაუსწორდნენ მას, მაგრამ იმ წინააღმდეგობისთვის, რომელიც თემს გაუწია ჯოყოლამ ზვიადაურის გამო, სიკვდილზე არანაკლები – სირცხვილი აწვნიეს:

 

წყევლა ხალხისა ჭექაა,

ნაფურთხი წვიმის ცვარია“.

თემმა, ამგვარად, უკვე მოიკვეთა ჯოყოლა ოჯახიანად“.

 

სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესი, ადამიანური ურთიერთობის ეს ულამაზესი ,,რიტუალი“ მართლაც  „ღვთის წყალობაა“, რომლის დაცვა კაცური ღირსებით ამკობს ჯოყოლას, ხოლო მისი უარყოფა პირიქით, „ცა-ქვეყნის მადლის“ უარყოფაა, „რჯულის დავიწყებაა“ და, ამდენად, არაკაცობაა. „ვის გაუყიდავ სტუმარი? ქისტეთს სად თქმულა ამბადა?“ – შესძახის ჯოყოლა თავისიანებს.

 

ვაჟა-ფშაველა წერდა: „ოჯახი, ფშაველის წარმოდგენით, სადგურია არა მარტო იმათი, ვინც ოჯახში ცხოვრობს, არამედ მას სხვა პატრონიცა ჰყავს; იმ სხვა პატრონს სახლის ანგელოზი ეწოდება“. ეს  ძლიერი  რწმენა და ოჯახის ღირსების დაცვა წარმოადგენს ჯოყოლასათვის, როგორც მამაკაცისთვის, მთავარს. ამიტომაც ვერ მოახერხა თემმა თემისავე ადათ–წესების ერთგული ჟოყოლას დაყოლიება:

„მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა                                                                                                                      

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა“.

როდესაც თემისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხია განსახილველი, სწორედ ამ  „გულისთქმის ძაფია“  ზოგან გაწყვეტილი, ზოგან კი – მთელი. როცა ეს „გულისთქმის ძაფი“ წყდება, მაშინ ხდება ღვთის დაგმობა და თვითონვე ვისჯებით. ამიტომ აცხადებს ვაჟა:

„ბუნების ცოდვა ესაა,                                                                                                                                                       

მუდამ საწყინო ჩემია:                                                                                                                                                

   ავსა და კარგსა ყველას კლავს,                                                                                                               

არავინ გადურჩენია.                                                                                                                                    

 ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,                                                                                                                    

 როცა იღუპვის გემია!..“

ვიღა კითხულობს, თუ როგორი ვაჟკაცია ზვიადაური, ის მხოლოდ და მხოლოდ მტერია ქისტებისა და უნდა დააკლან თავიანთ მკვდარს – მორჩა და გათავდა! – თემის გონებას მხოლოდ ეს ერთადერთი  მიზანი  მართავს.  ამიტომაც არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ:

„სიკვდილი ყველას გვაშინებს,

სხვას თუ ჰკლვენ, ცქერა გვწადიან;                                                                                                                                    

კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯელა,                                                                                                           

როგორ დიდ ცოდვას სჩადიან“.

 

როგორც უკვე ვთქვით, შურისძიებით შეპყრობილ ქისტებში დროებით გამოანათა გონებამ, მაგრამ ჯოყოლასავით, ხმამაღლა, ამას არავინ ამბობს, იმიტომ კი არა, რომ ეშინიათ, ან არ ეშინიათ. აქ მთავარი ერთია – ყველას დავიწყებია (ჯოყოლას გარდა) სტუმარი – „ღვთის წყალობა“ და ყველას ახსოვს მხოლოდ ერთი –

 

„…მტერს მტრულად მოექეც“– 

  თვითონ უფალმა ბრძანაო..“

     და დროებით განათებულ გონებას უფრო მეტი სიბნელე მოეფინა: დასამარხადაც არ გაიმეტეს ზვიადური:

„თუნდა ძაღლებმა ითრიონ,                                                                                                       

 ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;                                                                                                            

   „არ შაეწირა, ეგდოსო,                                                                                                                          

 ეგეც ეყოფა ზიანად“.

 

ომში  სიკვდილი არ ეღირსა ხევსურ ზვიადაურს, „ტიალად გაწირეს“ ის ქისტებმა, მაგრამ ეღირსა „დამარცხება მტრისა“ – „გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა“ – მთავარი ესაა; ამიტომაც არის აუცილებელი ასეთი ვაჟკაცის დატირება, და, ტირის აღაზა…

 

როგორც ცნობილია, ვაჟა „ორი თვე შეაჩერა“ იმ ადგილმა, თუ რა უნდა ეპასუხა აღაზას ქმრისათვის კითხვაზე, ნამტირალევი რადა ხარო. საბოლოოდ, როგორც იუზა  ევგენიძე შენიშნავს, „ვაჟამ… ცოლ-ქმარს შორის გამგებიანი ურთიერთობის მაღალი დონე შესთავაზა მკითხველს, როცა ჯოყოლას ათქმევინა:

 

„იტირე?! მადლი გიქნია,                                                                                                                         

  მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება                                                                                                                                       

  გლოვა ვაჟკაცის კარგისა“.

 

დიაცსაც უხდება კარგი ვაჟკაცის დატირება და კარგი ვაჟკაციც უნდა დაიტიროს დიაცმა. ცრემლის,  დატირების გარეშე  ცოდოა ვაჟკაცის იმ ქვეყნად გასტუმრება. თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით აღაზას საქციელს, მივალთ  შემდეგ აზრამდე: „… ცოცხალ ადამიანში კი მოწონების გრძნობაც არის და სხვისი გმირული ქცევით გატაცებისაც, სიბრალულისაც და სიყვარულისაც, მოვალეობისა და საკუთარი ქცევის თვითშეფასებისაც. ქმრისადმი დიდი სიყვარული არ გამორიცხავს სხვა მამაკაცის მოწონების შესაძლებლობასაც…“ (იუზა ევგენიძე).

ჯოყოლასათვის არაფერია მიუღებელი იმიტომ, რომ აღაზას ოჯახის საზიანო არაფერი ჩაუდენია:

„მაგისთვის ჰოგორ შეგრისხავ? 

  ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო“.

ასე შეგნებულად განსჯის ჯოყოლა,  მაგრამ  თუ  ვინმემ  გაბედა და მისი ღირსება  შელახა, ის მზადაა ოჯახის სიწმინდის, საკუთარი კაცური ღირსების შებღალვისათვის აზღვევინოს ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს იგი:

„ხომ არავინ მოიწადინა                                                                                                                           

გადაეგორე მკლავზეო?..                                                                                                                                 

  მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,                                                                                                                                                                                

  ვანანებ ემავ წამზეო,                                                                                                                                                                                    

ჩემის ნამუსის შემბღალავს                                                                                                                                                           

მალე მოვიყვან ჭკვაზეო“.

 

აღაზასაც  და ჯოყოლასაც საკუთარი ღირსების შეგრძნება რომ შეუძლიათ, იმიტომ ძალუძთ სხვისი ღირსების შეფასებაც და დაფასებაც. ცოლ-ქმრის ასეთი თანხვედრაც იშვიათი და მისასალმებლია. ისინი დარწმუნებული არიან თავიანთ სიმართლეში, მაგრამ თემს ვერ არწმუნებენ. ასევე თემიც, დარწმუნებული თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, სიმართლედ თავისას მიიჩნევს და ჯოყოლას ოჯახიანად მოკვეთენ. როგორ დაამტკიცოს ჯოყოლამ, რომ მოღალატე არ არის? – კარგად იცის, როგორ! –

„მარტოკამ უნდა ვიომო,                                                                                                                                                  

მთელმა ჯარეგამ მნახოსა;                                                                                                                             

    ვინ ერთგულია, ვინ–არა,                                                                                                                

  ქვეყანამ დაინახოსა“.

 

მაგრამ საკუთარი სიცოცხლის შეწირვითაც  ვეღარ დაუმტკიცებია ჯოყოლას ერთგულება თანამოძმეთათვის, გიჟადაც თვლიან. მტრისადმი შურისძიებით აღვსებულნი, სავსებით გულგრილად იმეტებენ თავისიანსაც, ოღონდ პატივი მიაგონ თავიანთ მკვდარს. რა ხდება? – ალბათ ის, რაც ხდებოდა და ხდება ხშირად  – მკვდარი გვახსოვს,  ცოცხალი კი – არა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ზოგს არც სიკვდილში აქვს ბედი. ჯოყოლას, როგორც  მასპინძელს, არც სიცოცხლეში  აღმოაჩნდა ბედი (თემმა ვერ გაუგო) და არც სიკვდილის შემდეგ. მიზეზი ამისა კი ის არის, რომ, როგორი მართალიც არ უნდა იყო,  „სოფელ–ქვეყანას“ თუ განუდექი, მარტოდმარტო დაიღუპები. ჯოყოლა თავისიანებს არც კი განდგომია, მაგრამ თემმა მიიჩნია, თემმა ჩათვალა ასე. თავად თემი, პატივს სცემს სტუმარ-მასპინძლობის ადათს, მაგრამ როცა შურისძიება მიზანი გამხდარა, სწორედ სისხლის აღების წესი  გადასწონის სტუმარ-მასპინძლობისას.

   

     საზოგადოებისაგან მოკვეთილი ადამიანები არაერთხელ გამხდარან ამავე საზოგადოებისათვის სამაგალითონი. მათ, აკაკი ბაქრაძისა არ იყოს, „სიკვდილით მეტი გვასწავლეს“. ვაჟას პოემის ტრაგიკულად  დაღუპული პერსონაჟები იმქვეყნად აგრძელებენ სიცოცხლეს. სულეთიდან გადმოსულები, უფრო ძლიერ განგვაცდევინებენ იმას, რაც მათი ამქვეყნად ცხოვრებით განვიცადეთ:

„ვაჟკაცობისას ამბობენ,                                                                                                                                         

   ერთურთის დანდობისასა,                                                                                                                                                           

სტუმარ–მასპინძლის წესზედა                                                                                                                                                                                         

ცნობის და და-ძმობისასა“.

     მთავრდება პოემა „სტუმარ–მასპინძელი“. ჩვენ ამაღლებული გრძნობით ვემშვიდობებით ღირსებით შემკულ საოცარ პერსონაჟებს და გვეუფლება შეგრძნება, რომ, მართლაც, ღირსება ფარია ადამიანისთვის და რა საბრალოა ის, ვისაც ამის განცდა და გაცნობიერება არ შეუძლია.

                                                                                                                                         

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი