ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთი მოთხრობის მწერალი

არიან პროზაიკოსები, რომლებიც ერთი ნაწარმოებით შემორჩებიან ხოლმე ლიტერატურის ისტორიას. რომანის შემთხვევაში გასაგებია, შეიძლება მწერალმა მხოლოდ ერთი, ძლიერი რომანი დაწეროს, მაგრამ მოთხრობა სხვა შემთხვევაა. თითქმის შეუძლებელია, ვინმემ ერთადერთი მოთხრობა დაწეროს და ლიტერატურას შემორჩეს. როგორც წესი, „ერთი მოთხრობის მწერლებს“ სხვა მოთხრობებიც აქვთ დაწერილი, მაგრამ მხოლოდ ერთია მათ შორის საუკეთესო.

სამოცდაათიანელთა თაობიდან ვოვა სიხარულიძის გახსენება შეიძლება, თავისი ბრწყინვალე მოთხრობით „მეათე მოწმე“; ასევე შეიძლება ჯემალ თოფურიძე გავიხსენოთ, თუმცა ჯემალი უფრო „ორი მოთხრობის მწერალია“: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ და „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია“.

ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე ანა მხეიძის შემთხვევაშიც. მისი მოთხრობა „არჩევანი მე“ ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, განსაკუთრებით – გოგოებში. მსმენია, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში „ცისკრის“ ის ნომერი, რომელშიც ეს მოთხრობა დაიბეჭდა. მოთხრობას წინ რეზო ინანიშვილის მცირე წინასიტყვაობა ჰქონდა წამძღვარებული:

ცნობილმა მთარგმნელმა ციალა ჩხეიძემ ფართო ფორმატის საერთო რვეული გადმომცა და მთხოვა, – ეს ერთი პატარა გოგონას ჩანაწერებია, მისმა მეუღლემ მომიტანა, მოდი გულდასმით წაიკითხე. მე ვგონებ, ძალიან საინტერესო რაღაცებიაო… ეს მოხდა “ლიტერატურული საქართველოს” რედაქციაში. იქიდან წამოსულმა რვეული მაჩაბლის ქუჩაზევე გადავშალე და კითხვა დავიწყე, ვკითხულობდი ქვემოთაც, სხვა ქუჩებში, შემდეგ მეტროში, შემდეგ ისევ ქუჩაში. შინ მივედი და ერთი ვრცელი ჩანაწერი უკვე წაკითხული მქონდა. იმავე ღამეს წავიკითხე სხვა ჩანაწერებიც. ყველა ჩანაწერი ცალკე მოთხრობა იყო, თუმცა არცერთი არც დასათაურებული იყო, არც ავტორის გვარსა და სახელს გვაცნობებდა. როგორც შემდგომ გავიგე, ჩანაწერების ავტორს, მართლაც მთლად ახალგაზრდას. ორი შვილი ჰყოლია, – ბავშვებს რომ მივაძინებ, მაშინ ვწერ, რომ არ ვწერო, არ შემიძლიაო. ქალბატონმა ციალამ და მე მხოლოდ სათაური მოვაგონებინეთ ერთ-ერთი ჩანაწერისათვის, რომელიც ორივეს ძალიან საინტერესო მოთხრობად მიგვაჩნია და „ცისკრის” მკითხველებს გთავაზობთ. თუ თქვენც ასე მოგეჩვენებათ, მეგობრებო, ერთად დავულოცოთ პატარა ქალბატონ ანას, განათლებით ეკონომისტს, ახალი, სასიამოვნო გზა“.

ინტერნეტში ამ საინტერესო მოთხრობის ავტორის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. მხოლოდ „ეროვნული მწერლობის“ მიერ 2010 წელს გამოცემული „უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიიდან“ შეიძლება გავიგოთ მწერლის მოკლე ბიოგრაფია. 1951 წელს დაბადებული მწერალი გარდაცვლილა ნაადრევად, 1998 წელს. ბიოგრაფიულ ცნობას ერთვის ასევე ფოტო, საიდანაც ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი იყურება. პირველი კრებული „საფეხური“ მის სიცოცხლეშივე გამოსულა, ხოლო მეორე კრებული – „არჩევანი მე“ – გარდაცვალების შემდეგ.

ხსენებული მოთხრობის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ადრე მაქვს ნანახი და საშინლად არ მომეწონა. ამ ბლოგის დაწერა რომ გადავწყვიტე, ვცადე კიდევ ერთხელ მენახა, მაგრამ ვერაფრით ვუყურე (სადღაც ისიც წავიკითხე, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ მწერლის ოჯახს ფილმის ავტორებთან დავა მოსვლია სავტორო უფლებების  გამო. ავტორებმა შეიძლება სცადეს მოძებნა, მაგრამ ვერ მიაგნეს ოჯახს. კარგა ხნის წინ, მგონი, რაღაც ანთოლოგიას ადგენდნენ და მარიამ წიკლაურიც ეძებდა ფეისბუქზე. იპოვა თუ არა, არ ვიცი). ქუთაისის თეატრში მოთხრობის ინსცენირებაც გაუკეთებიათ, არ მაქვს ნანახი და სპექტაკლზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არაა ის ტექსტი, რომლის ეკრანიზებაც და ინსცენირებაც შესაძლებელია, არა სირთულის (უმარტივესი ტექსტია), არამედ ფორმის გამო.

მოთხრობა მონოლოგური ფორმისაა, მთავარი გმირი თვითონ ჰყვება თავს გადახდენილ ამბავს. დედა და ნათესავები გადაწყვეტენ, რომ ის უნდა გათხოვდეს და საქმროსაც აურჩევენ, ძალიან კარგ ჯეელს და მალევე ქორწილსაც დაგეგმავენ. მოკლედ, გაჩარხული ამბავია, მაგრამ კუჭის ერთი აშლა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. გოგო და საქმრო რესტორნიდან მოდიან მანქანით, გოგოს კუჭი აეშლება და უცხო სადარბაზოსთან გააჩერებინებს მანქანას, ჩემი დაქალები ცხოვრობენ, ქორწილში დავპატიჟებ და ახლავე ჩამოვალო. შევარდება სადარბაზოში. „ზღაპრის მაგვარად, ორი ისარი რომ შემხვედროდა იმ წუთში – ერთი ბანკის მილიონიანი ჩეკით, მეორე კი ორი ნოლით აღნიშნული, უეჭველად მეორეს ავირჩევდი“-ო, თვითონვე ამბობს. პირველივე კარს ეცემა, კარი გაიღება, გოგო მასპინძელს გვერდით ჩაუქროლებს, ისე, რომ ზედაც არ შეხედავს და საპირფარეშოში დურთავს თავს.

მოკლედ, მოილევს თავის საქმეს, შვებით ამოისუნთქავს და ახლაღა გაახსენდება მასპინძელი და შერცხვება. მასპინძელი ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდება, მხატვარი, რომელსაც ქალები, დალევა და მოწევა უყვარს. მეორე დღეს ბიჭს საჩუქრად მთელ შეკვრა უცხოურ სიგარეტს მიუტანს და ჭურჭლის დარეცხვაშიც დაეხმარება, მესამე დღესაც მივა. ერთი სიტყვით, ძალიან შეუყვარდება ეს ბიჭი, საქმროს უარს ეტყვის და დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭთან გადავა საცხოვრებლად. მთელი მოთხრობის მანძილზე ჩანს, რომ ბიჭი უბრალოდ ერთობა, რადგან მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, გოგო კი ამას ძალიან განიცდის.

მოთხრობის უმთავრესი ღირსება, ეპოქის კონტექსტის გათვალისწინებით, გაბედულებაა. პერსონაჟების სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას  ისეთი არარომანტიკული და წამგებიანი რამით, როგორიც კუჭის აშლაა, მწერლის მხრიდან თავზეხელაღებულობა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ავტორის სქესს, დაწერის დროსა და გეოგრაფიულ სივრცეს გავითვალისწინებთ. ასევე ტექსტში ღიადაა საუბარი პლანის მოწევაზე, თუმცა სახელი არაა ნახსენები, მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული, როგორც „მწვანე ფხვნილი“. ამ კუთხით დღეს, როცა ამდენი ვნებათაღელვა იყო და არის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ, ეს მოთხრობა განსაკუთრებით სანტერესოა, რადგან ჩანს კომუნისტური მთავრობის პროპაგანდის შედეგი: პლანი გაიგივებულია უმძიმეს ნარკოტიკებთან, ნარატორი პლანის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პერსონაჟებს ისე აღწერს, გეგონება ჰეროინი ან მეტამფეტამინი გაიკეთეს და რომელიმე მძლავრი ჰალუცინოგენი დააყოლეს ზედ.

მოწევა მძიმე ნარკომანიასთან არის გაიგივებული. ბიჭი როცა იგებს, რომ შვილი უნდა ეყოლოთ, ექიმთან მიდის სამკურნალოდ, მაგრამ უკვე გვიანაა, რადგან ამით თავიდან ვერ აირიდებს გენეტიკურ ანომალიას: გოგოს უდღეური ბავშვი უჩნდება, თან ისეთი მახინჯია, მიმიქარავს ის ახალდაბადებული პატარა, მახინჯი არსება დევიდ ლინჩის „საშლელთავადან“. ექიმი გოგოს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი მამის ნარკომანობის ბრალია, და სწორედ ეს გახდება წყვილის დაშორების მიზეზი: ბიჭი, რომელმაც არ იცის, როგორი შვილი შეეძინა, სამშობიაროს პალატაში გოგოს სიყვარულით სავსე წერილს უგზავნის, ისეთ რამეებს ეუბნება, რაც არასოდეს უთქვამს, ანუ გოგო მიაღწევს იმას, რომ თავს შეაყვარებს, მაგრამ ახლა თვითონ აღარ უყვარს და პასუხად წერს მხოლოდ სამ სიტყვას: „წადი, აღარ მიყვარხარ“.

მოკლედ, ამ გულუბრყვილო ჰიპერბოლიზაციის მიუხედავად, მოთხრობა ძალიან საინტერესო და გულში ჩამწვდომია (და არა სენტიმენტალური) და მჯერა, რომ მას მომავალი თაობებიც სიამოვნებით წაიკითხავენ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი