პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 მთელი ზაფხული და ყველა კითხვა ერთ სკოლაში

ბოლო დროს, ამ თუ იმ პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველ ავტორებს სკოლებში სტუმრობა გვიწევს. შეხვედრაზე საკუთარი გემოვნებით შერჩეული წიგნები მიგვაქვს, ვსაუბრობთ მათ მნიშვნელობაზე, ლიტერატურულ ტენდენციებზე, უმცროსი თაობის წიგნთან გაუცხოვებაზე, იმასაც აღვნიშნავთ ყოველდღიურ განრიგში კითხვისთვის საჭირო დროის გამოყოფა უფრო და უფრო რომ რთულდება. თუმცა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სერთო ენის გამონახვისთანავე გამოსავალის ერთად მოძებნის სურვილიც გვიჩნდება. გარდა ამისა, სკოლებში შეხვედრებმა წიგნიერებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა გამოკვეთა და პროექტების დახვეწა-გაუმჯობესებაზე ფიქრიც დაგვაწყებინა.

თანამედროვე ავტორებთან საუბრები ორი კვირით ადრე იგეგმება. ვემზადებით აუდიტორიის ასაკისა თუ სხვა საორგანიზაციო დეტალების გათვალისწინებით. სკოლისკენ გზაზე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს კი უამრავი ფიქრი დაგვტრიალებს: ნეტავ, ვინ და როგორ დაგვხდება? მოსწავლეებს გაცდენილი გაკვეთილების ხათრით მოაგროვებენ თუ პროექტის მესვეურების გზავნილების დახმარებით შეძლებენ მათ დაინტერესებას? იქნებ, ბედმა გაგვიღიმოს, ჩვენი გვარ-სახელი გუგლის საძიებელ პროგრამაში ჩაწეროს ვინმემ და ჩვენი შემოქმედებიდან ერთ-ორ აბზაცს მაინც გაეცნოს წინასწარ? მასწავლებლებელს ხომ არ გააღიზიანებს უცხოური ლიტარატურის პროპაგანდა? ქართული წიგნების წარდგენითაც ზედმეტად არ უნდა შევიჭრათ მათი კომპეტენციის ზღვრებში. ბეწვის ხიდის გავლა გვიწევს, სანამ მსმენელებს შორის წიგნის ჭიებს აღმოვაჩენთ, საინტერესო რეპლიკებითა და შეკითხვებით გავმხნევდებით.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი ეჭვებით არაერთ ჩემს კოლეგას შეუღია სკოლის კარი და იქ სიურპრიზებით სავსე, საინტერესო და შინაარსიანი საათები გაუტარებია.

64 წლიანი გამძლეობით

შეხვედრაზე შესაძლოა ყველა სასურველი წიგნი თან არ ვიქონიოთ, თუმცა გონებაში უამრავ ნაწარმოებს ვინიშნავთ, რომლებსაც მოსწავლეების გემოვნების, საუბრის ხასიათისა თუ დინამიკის მიხედვით მივმართავთ. გვაქვს გულისგულში გადამალული, განსაკუთრებულ გარემოებაში გამოსამზეურებელი წიგნებიც, ისინი მართალია მთელ სამყაროს გვინდა გავაცნოთ, თუმცა იოლად ხელწამოსაკრავებიც არ გახლავთ (ზღაპრულ საგზალს ჰგავს, ყველას რომ უნდა გაუნაწილო და შინაც ხელუხლებლად მიიტანო).

ჩემს გულით სატარებელ მოთხრობებეს შორის პირველ ადგილზე ერთი მცირე, ფანტასტიკური ელემენტებით შეზავებული ამბავია, რომლის მოსაყოლად და გასააზრებლად თხუთმეტი-ოცი წუთიც საკმარისია. მისი მცირე დროში გადმოცემა კი ისეთივე ამაღელვებელია, როგორც მთელი ზაფხულის ერთ დღეში ჩატევა.

„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ ამერიკელი  მწერლის, რეი ბრედბერის მოთხრობაა, რომელიც პირველად 1954 წელს, ჟურნალ The Magazine of Fantasy and Science Fiction გამოქვეყნდა. მას შემდეგ ნაწარმოები არაერთ ენაზე ითარგმნა, უამრავმა ადამიანმა წაიკითხა და შეიყვარა. თუ სკოლებსა და მკითხველთა კლუბებში სტუმრობის დროს მოსწავლეების მზაობა შევნიშნე, ბრედბერიზე საუბარს ვიწყებ და მისი მოთხრობის 64 წლიან გამძლეობას ვინ მოთვლის მერამდენედ ვცდი.

 

მთავარი დანაშაული

იცნობთ მარგოს, ცხრა წლის გოგონას, რომლის მთავარი დანაშაული ის გახლავთ, რომ მას მზე ახსოვს?! დიახ, მის სახეს, მკლავებს, ხელის მტევნებს, ფეხებს ჯერაც არ დავიწყებიათ მზის სითბო. მარგოს „უპირატესობა“ თანატოლების არაკეთილგანწყობის მიზეზად იქცევა. უამრავი ნიშნის მიხედვით განსხვავებულ ადამიანებზე, მათი დაცინცვისა და გარიყვის მრავალ მიზეზზე გვსმენია, მაგრამ მზის სიყვარული, მზესთან ნაცნობობა ცოტა არ იყოს ადარაჯებს ჩემს მსმენელს, კითხვის ნიშნებით ევსებათ თვალები: კი მაგრამ, როგორ, ეს ხომ წარმოუდგენელია?!

რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია! ბრედბერისთან ყველფერი წარმოუდგენელი და იმავდროულად მწვავე და რეალურად ხელშესახებია. რამდენიმე აბზაციც და უჩვეულოდ სულაც არ მოგვეჩვენება ვენერაზე კოსმოსური ხომალდებით ჩასული ადამიანები ახალ ცივილიზაციას რომ ქმნიან, შვიდი წელი გადაუღებლად რომ წვიმს, „ათასობით დღე, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ ივსება წარღვნოთ, დოლაბზე ბრაგუნის მსგავის ხმაურითა და თავსხმა წვიმით.“ ვენერაზე გადასახლებულ ბავშვებს მხოლოდ ის დრო ახსოვთ, როდესაც სულ წვიმდა. „ყველანი ცხრა წლისანი იყვნენ და შვიდი წლის წინათაც რომ ყოფილიყო ის დღე, როდესაც მზე ერთი საათით გამოვიდა, მაინც არ ეხსომებოდათ.“

ცხრა წლის ბავშვები შანსს ხელიდან არ უშვებენ, ვენერაზე მათზე გვიან ჩასული მარგოს დასაცინად. გოგონა, რომელიც ულამაზეს ლექსებს უძღვნის საყვარელ მნათობს, ვისთვისაც „მზე იმ დიდ მონეტას ჰგავს, მთელი სამყაროს საყიდლად რომაა საკმარისი“ განწირულია. შვიდწლიანი წვიმის შემდეგ, როდესაც მთელმა ზაფხულმა ერთი დღე უნდა იკმაროს, როდესაც მოლოდინით სავსეა ყველას გული, ერთს (დანარჩენებისგან განსხვავებულს) სასტიკ განაჩენს გამოუტანენ!

შინაარსის გაცნობამდე, მოსწავლეებს ვთხოვ საკუთარი ვარაუდი გამოთქვან, რას უნდა ნიშნავდეს გამოცანასავით სათაური „მთელი ზაფხული ერთ დღეში.“ ამოხსნის უამრავ კოდს მთავაზობენ და ამ ოთხი სიტყვით დასათაურებული, საკუთარი თხზულების შეთხზვა უნდებათ. სურვილს სამომავლო გეგმებში ვინიშნავთ და მოთხრობას ვუბრუნდებით. 15 წუთიც და აღმოვაჩენთ, რომ სინათლითა და სითბოთი გაჯერებული სათაურის ქვეშ არცთუ სახალისო ამბავი მჟღავნდება. ნაწარმოები ააშკარავებს ადამიანის არაჯანსაღ სურვილს, ბოროტად მოექცეს, დაჩაგროს, ავნოს და არ დაინდოს სხვა ადამიანი.

რა უცნაურია, ვოცნებობთ კოსმოსის კოლონიზაციაზე, უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე, მაგრამ გვიჭირს ლმობიერები ვიყოთ მათ მიმართ, ნებსით თუ ეუნებლიეთ უმრავლესობისგან განსხვავაებულები რომ აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, ბრედბერის ნებისმიერი მოთხრობის დასასრულს სულერთი ხდება სად ვიმყოფებით, დედამიწაზე, ვენერაზე თუ გამოგონილ განზომილებაში – ადმიანი ხომ უცვლელია! „მთელი ზაფხული ერთ დღეში,“ მოკლე და მსუბუქი მოთხრობა, გაწელილი ფრაზებისა და ქვეწყობილი წინადადებების გარეშე, რამდენიმე წუთში იკითხება, თუმცა მისგან დატოვებული მწარე ნალექი და საფიქრალი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსენებს თავს.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები მოთხრობის პერსონაჟებს მაგონებენ: თუ დასაწყისში „ბორბლებივით ერთ ადგილას წრიალებდნენ,“ ახლა „თითქოს ვიღაცამ იატაკზე ფეხებით მიაწებათო,“ ჩაფიქრებულები გასცქერიან ფანჯრებს. ვენერაზე გადასახლებული ბავშვების მსგავსად არ ასვენებთ კითხვა, რა ხდება საკუჭნაოს ჩაკეტილ კარს მიღმა. მარგოს ტყავში ჩაძრომის სურვილი მოთხრობის გაგრძელების ხასიათზე აყენებთ და ამ სურვილსაც სამომავლო გეგმებში წერენ.

ამიერიდან კიდევ ერთი სკოლა მეგულება, „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ და უამრავი კითხვა ერთ გაკვეთილში რომ ჩავტიეთ. დღემდე, ასეთ სკოლებს რომ ჩავუვლი, წარმოვიდგენ, ჩემს პატარა მეგობრებს, როგორ აგრძელებენ ბრედბერის მოთხრობებს, იგონებენ საკუთარ ვერსიებს, ოცნებობენ, აზროვნებენ… მათი საკლასო ოთახების ფანჯრებს გავყურებ და სასიამოვნოდ მეღიმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი