პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მხატვრულობის ალგორითმი

კაცობრიობას ქათმისა და კვერცხის პირველობაზე არ უკამათია იმდენი, რამდენსაც ფილოლოგები მხატვრულ ხერხებსა თუ სახეებზე  კამათობენ ( მომიტევეთ ჰიპერბოლიზება).

ძალიან რომ გამიმართლა ცხოვრებაში და რეზო სირაძე რომ მასწავლიდა, გვეუბნებოდა: მხატვრული ხერხები კი არა, მხატვრული სახეებიო. ის, ვინც მხატვრული ხერხებით წერს და საუბრობს, საუკეთესო შემთხვევაში, მოხერხებულია და მეტი არაფერიო. მერე  საოცარი სიბრძნით და სიღრმით გვესაუბრებოდა ხოლმე ამა თუ იმ ნაწარმოების სახისმეტყველებაზე.

მაგრამ მოსწავლეებისთვის სიტყვა ხერხები უფრო მოსახერხებელია რატომღაც, შედარებით მარტივად ჟღერს, ალბათ. ისედაც არ უყვართ და „მხატვრული სახეზე“ მსჯელობა ძალიან განყენებული და მიუწვდომელი ჰგონიათ.

ასეა თუ ისე, ამ ამბავს გვერდს მაინც ვერ აუვლიან. ამიტომ ტექსტის მხატვრული მხარის ანალიზისას მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ 5 რამ:

  1. ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ისეთივე მთლიანობაა, როგორც ადამიანის სხეული და სული;
  2. ნაწარმოების ფორმა,მხატვრული მხარე, ცალკეული მხატვრული სახე ისევე მიუთითებს ნაწარმოების იდეაზე, როგორც ადამიანის გარეგნობა, თვალები, გამოხედვა, მიმიკები და ჟესტები გვკარნახობს, როგორი სული იმალება ამ სხეულში.
  3. ყოველი გააზრებულ -ახსნილი მხატვრული სახე ნაწარმოების იდეის გაგებისკენ გადადგმული ნაბიჯია;
  4. როცა ნაწარმოებში მწირად ან საერთოდ არ გვხვდება ტროპის სახეები, მაგრამ მაინც ვხვდებით რომ საგაზეთო სტატია კი არა, მხატვრული ლიტერტურაა, ესაა სწორედ მისი მახასიათებელი ანუ მხატვრული მხარე ( მაგალითად მომყავს ხოლმე ნაირა გელაშვილის მოთხრობა ,,ჩვენება“, რომელიც თავიდან ბოლომდე დოკუმენტებითაა აწყობილი და სწორედ ესაა მისი მხატვრული ღირებულება).
  5. ნაწარმოებს არა მხოლოდ იდეა, ფორმაც განუმეორებელს ხდის და ამიტომაც ყველა მწერალი ცდილობს, საკუთარი ხელწერა ჰქონდეს.

2 რამ, რაც მასწავლებელებმა უნდა გავითვალისწინოთ:

  1. ნუ ვამტვრევინებთ თავს ბავშვებს იმ მხატვრულ სახეებზე, რომელთათვის სახელის დარქმევა ჩვენვე გვიჭირს, ეს არ არის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მთავარია, მხატვრული სახის მეშვეობით ბავშვმა ტექსტის, სათქმელის, იდეის ნამდვილობა, სიღრმე და სილამაზე დაინახოს.
  2. მხატვრული სახეების სრულფასოვნად აღქმასა და გააზრებას გამოცდილი ( ზოგჯერ ფილოლოგიური განათლების მქონე) მკითხველი სჭირდება და ნუ მოვთხოვთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამოცდილებას.

ამ წერილში მე შევეცდები გაგაცნოთ არა თეორია მხატვრული სახეების შესახებ, არამედ ის სტრატეგიები, რომლებიც გამოცდილებით დამიგროვდა და მეხმარება, უკეთ ავუხსნა მოსწავლეებს მხატვრულობის ალგორითმი.

დავიწყებ მოკლე ვიდეოამონარიდით ფილმიდან ,,წიგნის ქურდი“. ამ მცირე ნაწყვეტში ასახული სიტუაცია ასეთია: გერმანია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. საუბრობენ 9 წლის გოგონა და ებრაელი ბიჭი, რომელიც სარდაფში ემალება ფაშისტებს და დიდი ხანია ფანჯარაშიც კი არ გაუხედავს (ტიტრები ოდესღაც ჩემმა მოსწავლემ დაადო ჩემი თხოვნით).

 

მე მგონი, კარგად ჩანს, რა შეუძლიათ სიტყვებს, სახეებს, მხატვრულ ხერხებს. ყოველ შემთხვევაში, იმ ბიჭმაც დაინახა და მოსწავლეებიც კარგად ,,ხედავენ“.

ამ სლაიდსაც ვაჩვენებ ხოლმე მოსწავლეებს და ვუხსნი, რომ სიუჟეტი, იდეა ჰგავს სურათზე მოცემულ ჩონჩხს, რომელსაც მწერალმა ზუსტად ისე უნდა შეასხას ხორცი, როგორც ეს, ამ შემთხვევაში, კლიმტმა და გუდიაშვილმა გააკეთეს: ორივე ქალია, მაგრამ ერთმანეთში არ აგვერევა არასოდეს.

სტრატეგია, რომელსაც აუცილებლად მივყვები არის მარტივიდან რთულისაკენ. ჩემი დაკვირვებით, მხატვრულ სახეებს შორის, შედარების გაგება მოსწავლეებს ყველაზე მეტად უადვილდებათ,რადგან შედარებას უმეტესად მიმანიშნებელი/დამხმარე სიტყვები და ნაწილაკები ახლავს: როგორც, მსგავსად, ჰგავს, – ვით,  – ებრ…

ხოლო ყველაზე რთული მეტაფორის ამოცნობა – გაშიფვრაა,  ამიტომ ყოველთვის ბოლოსთვის ვიტოვებ ხოლმე. მეტაფორა ხომ ,,გადატანას“ ნიშნავს, ამიტომ მოსწავლეებს ვეუბნები, ძალიანაც რომ გვინდოდეს, მეტაფორას პირდაპირი მნიშვნელობით ვერაფერს გავუგებთ ( ზოგჯერ ვერც გადატანითი მნიშვნელობით). აბა,რა უნდა მოგვცეს ამ სტრიქონის – ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“ -პირდაპირ გაგებამ? ან ამ ფრაზის – ,, და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები“- ზუსტი შინაარსის ძებნამ?

 

მოსწავლეები თითოეულ მხ.ხერხს ცალ-ცალკე, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცნობიან. როგორც წესი, ამ ეტაპზე ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს პრობლემები. ვითარება რთულდება, როცა რამდენიმე მხატვრული ხერხი ,,დაუგროვდებათ“. აი, მაშინ ერევათ ერთმანეთში, ზოგჯერ მხოლოდ სახელები,ზოგჯერ არსიც. ამ დროს ძალიან კარგი სტრატეგიაა ტროპის სახეობათა შეპირისპირება,დაწყვილება და ასევე მახასიათებელი სიტყვების მოძებნა.

თუ შედარებასა და მეტაფორას შევუპირისპირებთ ერთმანეთს, კარგად გამოიკვეთება ორივე მხ.ხერხის მახასიათებელი: შედარების დროს ჩანს ორივე საგანი (შესადარებელიც და შედარებულიც), ხოლო მეტაფორის დროს მთავარი საგანი, ცნება იმალება იმ საგნის უკან, რომელიც აუცილებლად გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

პირველ სლაიდზე ჩანს ორივე საგანი, მეორე სლაიდზე ტარიელის სურათი გადაფარულია ლომის სურათით. ასე თვალსაჩინო ხდება მოსწავლეებისთვის მთავარი განსხვავება ტროპის ამ ორ სახეობას შორის.

რამდენადაც რთული და ღრმაა მეტაფორა თავისი არსით, იმდენად უნივერსალური ხასიათისაა და მისი შეპირისპირება ბევრ მხ. სახესთან შეიძლება:

მეტაფორა და გაპიროვნება

გაპიროვნება იგივე გაადამიანურებაა ( და არა უბრალო გასულიერება, როგორც ხშირად ეშლებათ ხოლმე). მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ გაპიროვნება გულისხმობს სულიერ თუ უსულო საგანზე ცალსახად ადამიანური თვისებების გადატანას. მაგალითად: ლაპარაკის ნებისმიერი ფორმა( ჩურჩული, ბუტბუტი, კამათი, ბაასი…),შესაბამისად დუმილიც; ფიქრი, ოცნება, ნატვრა,სიცილი, ტირილი ( ამ უკანასკნელზე ბავშვები აუცილებლად შეგეკამათებიან, რომ ცხოველებიც ტირიან, მაგრამ შეგიძლიათ აუხსნათ, რომ მათ შემთხვევაში ეს მაინც უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე გრძნობისმიერი)

მეტაფორისა და გაპიროვნების შეპირისპირება უფრო თვალსაჩინოს გახდის მათთვის ამ განსხვავებას

გაპიროვნება მეტაფორა
1.    დაგლასის ბეჭებქვეშ ბალახი აჩურჩულდა“(რ.ბრედბერი)

2.    ,, ატირდნენ მთები და

            ლამის მეც ავტირდე,

              ნაძვები დაღონდნენ

და მეც, მეც         ვღონდები“  (ა.კალანდაძე)

3.       „ზღვა გამბედაობას მოიკრეფდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის აღსრულებას“ ო.ჭილაძე

1.       ცახცახებს მთელი ბალახი ჩემს მკერდში“ ფ.მაირიოკერი

 

2.       შეაბიჯებენ მთები თეთრში…“ (ს.პლათი)

 

 

 

 

3.       კავკასიონის ფერხთით თვალუწვდენელ, გაუთავებელ და უსასრულო ზღვას ეძინა“ ნ.დუმბაძე

 

 

 

ამ პრინციპით ვაჟა- ფშაველას ცნობილი სტრიქონებიდან-

,,დღემ დაიხურა პირბადე,

 მთებმა დახუჭეს თვალები“- პირველი გაპიროვნებაა, ხოლო მეორე სტრიქონი მეტაფორა.

შემდეგ მხატვრულ ხერხს ძალიან ყოფით სიტყვას, ჰიპერმარკეტს, უკავშირებენ და ისე  იმახსოვრებენ – ჰიპერბოლა. ძალიან მოკლედ – ტროპის ეს სახეობა ზომის, წონის, ოდენობის, მოცულობის … გაზვიადებას გულისხმობს. მაგალითად:

,,მთას ირემი წამოუხტათ,

  ცასა სწვდება რქანი მისნი“  (ხალხ.)(ზომა)

,,ცხენ- კაცისა დავდგი გორი“ (შ.რუსთაველი) (ოდენობა)

 

მეტაფორასთან თუ შევაპირისპირებთ, მოსწავლეები დაინახავენ, რომ მეტაფორაში რასაც ვამბობთ, რეალურად არაფერი არსებობს, ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობისაა. ხოლო ჰიპერბოლაში ფაქტი ნამდვილია, უბრალოდ გაზვიადებულია. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, ირემს ნამდვილად აქვს რქები, მაგრამ არა იმხელა, რომ ცას მისწვდეს. ტარიელმაც ნამდვილად დახოცა ადამიანები, მაგრამ გორის დადგმა მეტისმეტია.

ალბათ, აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა ფრაზეოლოგიზმებზე/იდიომებზე – ისინიც ხომ გადატანითი მნიშვნელობითაა?! უნდა ავუხსნათ, რომ იდიომი ყველასთვის ცნობილი, საყოველთაოდ გავრცელებული, აღიარებული მეტაფორაა, რომელსაც კონკრეტული ავტორი არ ჰყავს, ხალხურად იქცა და მისი შინაარსი ყველასთვის ერთნაირია. მაგალითად: ყველასთვის გასაგებია გამოთქმა ,,დაფნის გვირგვინით შეიმოსა“, მაგრამ გალაკტიონის მეტაფორას – „ მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..– თითოეული მკითხველი თავისებურად გაიგებს.

ჰიპერბოლასთან შეპირისპირებით ძალიან ადვილია ლიტოტესის ახსნა, მისი ანტიპოდია.პირველი თუ ზომის,წონის, ოდენობის გაზვიადებაა, მეორე ამ ყველაფრის დაკნინება-შემცირებაა.

 „ მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, –
სულ ერთ მტკაველზე
(მ.მაჭავარიანი)

მას მუშტის ოდენა მელოტი თავი აქვს“ (მ.ჯავახიშვილი)

 

შეპირისპირებისა და საკვანძო სიტყვის სტრატეგია ეპითეტის ახსნისასაც ეფექტურია. საკვანძო სიტყვებია მთქმელის დამოკიდებულება და უჩვეულობა.

სიტყვა უჩვეულო რომ ავხსნათ, საკმარისია, რამდენიმე ეპითეტი და ლოგიკური განსაზღვრება შევუპირისპიროთ. მაგალითად:

ლოგიკური განსაზღვრება ეპითეტი
1.       მძაფრი სუნი

 

2.       ცვრიანი ბალახი

 

3.     მკაცრი კაცი

1.       „მძაფრი ქარტეხილი შენ ნუ შეგეხება“ გ.ტაბიძე

2.     „ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება…“ ლ.ასათიანი

3.     „ყომრალი კაცი, მგლისფერი“  გ.ლეონიძე

 

ასევე უნდა იცოდნენ, რომ ეპითეტი ცალკეული სიტყვაა და არა მთლიანი ფრაზა ან სტრიქონი, წინადადება, სტროფი მეტაფორისაგან განსხვავებით.

აქ შევჩერდები, ერთი წერილისთვის საკმარისია. ისე კი რა დალევს მხატვრულ სახეებსა თუ ხერხებს?! კიდევ უამრავი რამაა სათქმელი, ასახსნელი და ამოსახნელი, კითხვაც უამრავი გაჩნდება. დანარჩენებზე ან მე განვაგრძობ, ან სხვა.

მხატვრულობის ალგორითმი ამოუწურავია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი