პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა იზიდავს ბავშვებს გაკვეთილზე

ჰეზერ უოლპერტ-გავრონი, საშუალო სკოლის მასწავლებელი აშშ-დან, პროექტებზე დამყარებული სწავლების აქტივისტი, მრავალი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი, ბლოგერი:

– ამას წინათ მკითხეს: „რა იზიდავს ბავშვებს გაკვეთილზე?” რა თქმა უნდა, შემეძლო გამეცა ჩვეულებრივი პასუხი ჩემი სასკოლო გამოცდილებიდან და მომეყოლა რომელიმე ეპიზოდი სასკოლო ცხოვრებიდან, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. გადავწყვიტე, რომ აჯობებდა, ეს კითხვა ჩემი მერვეკლასელებისთვის დამესვა. პასუხები, რომლებიც 220 მოსწავლისგან მივიღე, დაახლოებით 10 კატეგორიად ჩამოყალიბდა, რომლებიც რამდენიმე მთავარ თემას გამოხატავდა:

1. თანატოლებთან ერთად მუშაობა

„საშუალო სკოლის მოსწავლეები მზად არიან ახლის შესასწავლად; მათ სჭირდებათ და სურთ ურთიერთქმედება სხვებთან, თანატოლებთან, საკუთარი პოტენციალის სრულად ასამოქმედებლად”.

„მოზარდებისთვის უფრო საინტერესო და ამაღელვებელია, როდესაც რამის კეთებისას საუბრის საშუალება აქვთ. კამათი და დისკუსია გვეხმარება სასკოლო ოთახის დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვაში და საშუალებას გვაძლევს, თავად მივიღოთ მონაწილეობა შესწავლის პროცესში”.

2. ტექნოლოგიებთან მუშაობა

„მგონია, რომ „სწავლა კეთებით” ტიპის აქტივობებში მონაწილეობა უფრო მეტად გვეხმარება ახლის ათვისებაში. ტექნოლოგიების გამოყენება ამ პროცესში ძალიან სასარგებლოა. მოსწავლეები ყოველთვის ინტერესით ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას რამის კეთებისას”.

„ჩვენ უკვე ვიდეოს ციფრულ ეპოქაში, ფეისბუქის, თვითერის და სხვა ვირტუალური პლატფორმების სამყაროში ვცხოვრობთ. ისინი უკვე იქცნენ მოზარდების და, საზოგადოდ, მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. როდესაც ტექნოლოგიებს ვიყენებ, ისინი უფრო და უფრო მეტად მიზიდავს და საშუალებას მაძლევს, ესა თუ ის წარმოდგენა-კონცეფცია უფრო ნათლად გავიაზრო”.

3. რეალური სამყაროსა და ჩვენი სამუშაოს ერთმანეთთან დაკავშირება (პროექტებზე დამყარებული სწავლება)

„მიმაჩნია, რომ ყველაფერი ურთიერთობაზეა დამოკიდებული. არ ვგულისხმობ ურთიერთობას მასწავლებელსა და მოსწავლეს ან მოსწავლეებს შორის – ვფიქრობ, ეს არის ურთიერთობა ტექსტსა და გარე სამყაროს შორის. მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი გვიყვებოდა, რა ხდებოდა მსოფლიოში შუა საუკუნეებში და რენესანსის დროს. ყოველი გაკვეთილის, თხზულებისა თუ დავალების შემდეგ მასწავლებელი გვეკითხებოდა: „რა კავშირი აქვს ამ მოვლენას დღევანდელ დღესთან?” ამ კითხვამ დამაფიქრა, შემაძლებინა წარსულის დღევანდელობასთან დაკავშირება და დამანახვა მათი მჭიდრო ურთიერთკავშირი”.

„თუ საგანს მოსწავლეთა ცხოვრებას დაუკავშირებ, ეს კონცეფციას უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის”.

„მოსწავლეები მეტი ინტერესით ეპყრობიან შესასწავლ მასალას, თუ სასწავლო პროგრამა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი. თუ ისეთ პროექტებს დაგვავალებენ, რომლებიც სხვა საგნებსაც ეხება და ჩვენგან დაფიქრებას მოითხოვს, ეს მოწოდებული ინფორმაციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება”.
„ვფიქრობ, მოსწავლეებს ყველაზე მეტად რეალურ, ცხოვრებისეულ დილემებთან ურთიერთობა დააინტერესებთ… ალბათ, მათთან გამკლავების შესწავლაც. მიმზიდველია ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსით უნიკალურია და სხვა სკოლებში არასოდეს მოაფიქრდებოდათ. მოსწავლეებს, ჩემი აზრით, მიიზიდავდა ისეთი ამოცანებიც, რომლებიც ადვილი გადასაწყვეტი არ არის, რომლებიც გამოსცდიდა ჩვენს, როგორც მოსწავლეების, შესაძლებლობებს და სტიმულს მისცემდა ჩვენს აზროვნებას. ყველაფერი ეს კი სამომავლოდ, როდესაც ზრდასრულები გავხდებით და სამუშაო გვექნება, მსგავსი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარებოდა. ვგულისხმობ რაღაც ისეთ საინტერესოს, რაც არასოდეს დაგავიწყდება”.

„მე უფრო მეტი მაინტერესებს, ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოები გვთავაზობს. მაგალითად, საკუთარი ხელით რამის შექმნა, როგორც პროექტების შესრულებაზე დამყარებული სწავლებისას ხდება. როგორ პროექტსაც არ უნდა ვასრულებდე, იმ დროს შესწავლილი მასალა ყოველთვის უკეთ მამახსოვრდება, ვიდრე უბრალოდ სახელმძღვანელოში წაკითხული თუ ნასწავლი”.

„გაცილებით ღრმა კავშირს ვპოულობ, როდესაც ვხედავ იმას, რის შესწავლასაც ვცდილობ. როდესაც ყველა დეტალსა თუ კონტურს ვხედავ, უფრო ადვილადაც მამახსოვრდება და უფრო მეტადაც მაინტერესებს. ალბათ, გაგების უნარი და არსებულ მომენტთან მისი დაკავშირებაა ის, რაც მოსწავლეს ტაიმზ ნიუ რომანის (პოპულარული კომპიუტერული შრიფტი, – ლ.ა.) შავ-თეთრი ტექსტის მიღმა სამჯერ მეტ ენთუზიამს გაუღვივებს შესასწავლი მოვლენის მიმართ”.

4. გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ

„მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა ხშირად სერიოზული გამოწვევაა, და თუ მონოტონურ, ერთფეროვან ახსნაში „გაიჩხირებით”, ეს უფრო მეტად გააუარესებს მდგომარეობას. მასწავლებელმა რობოტივით კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ ისე, რომ მოსწავლე მიხვდეს: მასწავლებელს ასახსნელი თემისადმი მართლაც მგზნებარე დამოკიდებულება აქვს. ამ დროს შეიძლება ჩავატაროთ ე.წ. „დამოკიდებულების ტესტი” – თუ მასწავლებელს ეტყობა, რომ რასაც აკეთებს, დიდად არ აინტერესებს, მოსწავლეების რეაქციაც ასეთივე იქნება; თუ მასწავლებლის მონათხრობი გვაგრძნობინებს, რომ ის „იქ არის”, რაზეც გვიყვება, ჩვენც ავდგებით და „გავყვებით” მას”.

„მე მჯერა, რომ საკლასო ოთახში ენთუზიაზმის ატმოსფერო სტუდენტებს საკლასო დისკუსიაში ჩართვისკენ უბიძგებს. მასწავლებელს შესაძლოა შესანიშნავი ინფორმაცია ჰქონდეს საკითხის შესახებ, მაგრამ მან უნდა გვაგრძნობინოს ამ საკითხით თავისი დაინტერესებაც. სხვაგვარად მოსწავლეებს თემისადმი ინტერესს ვერ გაუღვივებს. მჯერა, რომ ენთუზიაზმი და აფექტაცია გადამდებია”.

„საგანი ან ნიშნები მოსწავლეს ვერ დააინტერესებს უფრო მეტად, ვიდრე თავად მასწავლებელი. როცა მასწავლებელს მართლა სურს, ცოდნა გადასცეს მოსწავლეებს – არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო, არამედ მათი განათლების სურვილით, ეს მოსწავლეებზე სასიკეთო გავლენას ახდენს. მე ვნების, გრძნობის შესახებ ვლაპარაკობ. ეს დამატებითი ძალისხმევა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ნასწავლის გამოყენება მომავალში”.
5. მომეცით სკამიდან ადგმის საშუალება!

„როდესაც მოსწავლეები აქტიურობენ, სწავლების პროცესი უფრო ღრმაა, ვიდრე პასიური მოსმენსი დროს. მაგალითად, ერთხელ, ისტორიის გაკვეთილზე, დებატები გვქონდა POPA-ს და SIPA-ს ფედერალური კანონპროექტების შესახებ. კითხვა ასე ჟღერდა: „კარგია თუ ცუდი ასეთი კანონების ამოქმედება?” მასწავლებელმა მომხრეები და მოწინააღმდეგეები საკლასო ოთახის სხვადასხვა კუთხეებში დაგვაყენა და კამათის საშუალება მოგვცა. ამის წყალობით გავიგე ყველა ჩემი თანაკლასელის აზრი ამ საკამათო საკითხის შესახებ”.

6. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები

„მომწონს სურათების თვალიერება, რადგან ეს საგნის უკეთ გაგებაში მეხმარება. ვიზუალური გამოსახულება ჩემს გონებაში აღიბეჭდება”.

„ვინტერესდები, როცა გაკვეთილს თან მდიდარი ვიზუალური ინფორმაცია ახლავს. პრეზენტაციები ფაუერ-ფოინთით კარგია, მაგრამ მოსაწყენი ხდება, როცა გვერდზე ბევრი პუნქტია ჩამოწერილი. ნახატები და სურათები საუკეთესო საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად”.

7. მოსწავლის არჩევანი

„ვფიქრობ, თავისუფლებას დავალების შერჩევისას, პროექტის მიმართულებების განსაზღვრისას და, საზოგადოდ, მრავალფეროვან არჩევანს შეუძლია, მეტად დააინტერესოს მოსწავლეები. მრავალფეროვნება უდრის მეტ სივრცეს შემოქმედებისთვის”.

„არჩევანის თავისუფლება გვეხმარება ჩვენი ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენებაში. ასევე, ეს ხელს უწყობს პროექტის განვითარებას ჩვენი სურვილისა თუ ხედვის თანახმად. როდესაც იმას ვაკეთებთ, რაც მოგვწონს, უფრო მეტად ვართ ფოკუსირებულნი და სკოლაში ყოფნაც უფრო მეტად გვიხარია”.

„კიდევ ერთი გზაა სასწავლო პროგრამის მოქნილობა მოსწავლეთა უკეთესი/უარესი მოსწრების შესაბამისად. შეიძლება, არსებობდეს საპროექტო დავალებების სია და მოსწავლეებს შეეძლოთ მათგან სასურველის არჩევა თავიანთი მოსწრების დონის შესაბამისად”.

8. გესმოდეთ თქვენი კლიენტების – ბავშვების

„ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი აზრი – ვინ იცის, რა შეიძლება ისწავლოთ მათგან”.
„თუ მასწავლებელი გვიჩვენებს, რომ სჯერა ჩვენი, გამოხატავს კეთილგანწყობასა და გულითადობას, ჩვენც გვემატება თავდაჯერება რთული ამოცანების გადაწყვეტისას. იმის თქმა მინდა, რომ სტუდენტები უფრო მეტად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, როდესაც მასწავლებლისგან „პარტნიორობას” გრძნობენ”.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს მაინცდამაინც არ მოსწონთ, როდესაც მათ „მოსწავლეებივით” ექცევიან. მასწავლებლებმა უნდა გაარკვიონ, რას ვფიქრობთ პროექტზე, გამოცდასა თუ სხვა ამოცანებზე. მათ თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ: „როგორ ვიგრძნობდი თავს ამ მოსწავლსი ადგილას?” შეხედეთ მოვლენებს ჩვენი თვალით და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა”.

„მოსწავლეებს სწავლა მაშინ იზიდავთ, როდესაც მასწავლებლები კავშირს ამყარებენ მათთან და კლასს თავს „ერთ დიდ ოჯახად” აგრძნობინებენ. მასწავლებელს უნდა ესმოდეს, როგორ მუშაობს ბავშვისა თუ მოზარდის გონება და მათთან კავშირის უზრუნველყოფა შეეძლოს. ეს აუცილებელია, რათა ყველა ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს, ხელი ასწიოს კითხვების დასასმელად და მოითხოვოს დახმარება, როცა სჭირდება”.

„მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ბავშვი, რომელსაც კი ასწავლიან, სხვადასხვანაირია”.

9. შემატეთ საქმიანობას მრავალფეროვნება

„არ მომწონს გამუდმებით ერთი და იმავე საქმის კეთება… მრავალფეროვნება თემისადმი ინტერესს მიჩენს. ეს მარტო სამუშაოს არ ეხება – გამუდმებით ერთი და იმავე კერძის ჭამა საერთოდ გაგიქრობს მადას”.

„სახალისო ექსპერიმენტები მეცნიერების გაკვეთილზე, სცენების დადგმა-გათამაშება ჩვენი ისტორიიდან… თუ გსურთ, მოსწავლეებს რამე დაამახსოვრდეთ, მოამარაგეთ ისინი ვიზუალური საშუალებებით, ხმოვანი გაკვეთილით და ემოციებით”.

„კომედიის გათამაშებისას შეუძლებელია რამე დააშავო – სიცილი ყველას უყვარს… კიდევ ერთი რამ, რაც მე მიზიდავს, ჯგუფური თამაშებია. ერთხელ, ენის ხელოვნების გაკვეთილზე, ვთამაშობდით „გავარდნაზე” – ერთმანეთს თითო ჯერზე თითო სიტყვას „ვესროდით”; თუ სიტყვის „მიმღები” სიტყვის მნიშვნელობას გამოიცნობდა, „მსროლელი” თამაშს ტოვებდა. ამ დროს მოსწავლეებს კარგად ამახსოვრდებათ, რა შეეშალათ ან რა არ იცოდნენ”.

10. იყავით ადამიანური

„არ დაივიწყოთ თვითირონია”.
მსურს, ეს წერილი კიდევ ერთი ციტატით დავასრულო. ციტატის ავტორია ჩემი მოსწავლე შერონი: „საქმე ის არის, რომ ყოველი მოსწავლე სხვადასხვანაირად ინტერესდება… მაგრამ არა უშავს, ყოველთვის არსებობს გზა, გაკვეთილზე მოსწავლე დააინტერესო, ყურადღება არ მოუდუნო, თან წაიყოლო განათლების გრძელ გზაზე. „ნეტავ რა გზაა ეს?” – იკითხავს ზოგიერთი მასწავლებელი. ახლა ყურადღებით წაიკითხეთ… მზად ხართ? ეს გზა კითხვების დასმაა. ჰკითხეთ, მიაღებინეთ მონაწილეობა სწავლის პროცესში. ეს ადვილია.
გააგრძელეთ. სცადეთ. ჰკითხეთ.

ავტორი: ჰეზერ უოლპერტ-გავრონი

წყარო: https://www.edutopia.org/blog/student-engagement-stories-heather-wolpert-gawron

თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი