პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალგაზრდა მასწავლებლის უპირატესობა

ბევრ მშობელს იდეალური მასწავლებელი ასეთი წარმოუდგენია: შუახნის ან შუახანს გადაცილებული ქალბატონი, სამართლიანად მკაცრი, მაგრამ კეთილგანწყობილი და განათლებული, მოსწავლეებისადმი ჰუმანური მიდგომით.

რეალობა კი სიურპრიზს გვიმზადებს: მასწავლებელი შესაძლოა სულაც არ იყოს შუახნის ან შუახანს გადაცილებული, პირიქით, იყოს ძალიან ახალგაზრდა, უფრო მეტიც – სრულიად გამოუცდელი. ასეთ პედაგოგთან ურთიერთობა ძაბავს, აღელვებს და ეჭვებს უჩენს მშობლებს, რადგან მათ წარმოდგენაში არსებული პედაგოგის ხატი არ ემთხვევა ახალგაზრდა მასწავლებლის იმიჯს. ის გარეგნულადაც კი უფროსკლასელს წააგავს! „ამ პატარა გოგომ/ბიჭმა ჩემს შვილს რა უნდა ასწავლოს?“ – შფოთავს მშობელი და მისი რეპლიკები სხვა მშობლებსაც უარყოფითად განაწყობს.

რისი ეშინიათ მშობლებს? რატომ არ ენდობიან ახალგაზრდა სპეციალისტებს?

მშობლები ხშირად შეცდომით აიგივებენ ცნებებს „ახალგაზრდა“ და „უხერხემლო“. „კლასში მუდამ იქნება დისციპლინის პრობლემა, ეს მასწავლებელი იმდენად ახალგაზრდაა, ჩვენი შვილების მოთოკვა გაუჭირდება“, ​​- ასეთი საყვედურები კარიერის დასაწყისში ყველა ახალბედა მასწავლებელს ესმის.

დიახ, დისციპლინა სასწავლო მასალის კარგად ათვისების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, მაგრამ „უხერხემლობასთან“ მასწავლებლის ასაკს არაფერი აქვს საერთო. ასაკზე მნიშვნელოვანია პროფესიული უნარები. ბევრი რამ მშობლების თანადგომაზეცაა დამოკიდებული – ისინი მასწავლებელში მოკავშირეს უნდა ხედავდნენ და არა მტერს.

ბევრ მშობელს ისიც აშინებს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მოულოდნელად შეიძლება დეკრეტში გავიდეს და კლასის სხვისთვის გადაბარება მოუწიოს, რის გამოც ბავშვები დაისტრესებიან, „აირევიან“, ეს კი მათი სწავლის ხარისხზე აისახება. მართლაც შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ დეკრეტული შვებულებისგან არც უფრო ასაკოვანი და გამოცდილი პედაგოგები არიან დაზღვეულნი.

მშობლებს იმისიც ეშინიათ, რომ ახალგაზრდა მასწავლებელმა შესაძლოა „ვერ გაძლოს“ და შუა სასწავლო წელს გადაწყვიტოს სკოლის მიტოვება. უნდა ითქვას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას გამოცდილი მასწავლებლებიც იღებენ ხოლმე და უფრო ხშირადაც… რა გასაკვირია. ბევრი მშობელი სკოლის დერეფანშიც კი ვერ ჩერდება, ისე აღიზიანებს ბავშვების ხმაური. პედაგოგიც ადამიანია. რეგულარული ხმაურის ატანა მისი პროფესიული მოვალეობაა, მაგრამ რკინის ნერვები არც მას აქვს. თუმცა არსებობს კლასები, რომლებსაც, მრავალი სირთულის მიუხედავად, მასწავლებლები ვერ ტოვებენ. მშობელი უნდა ეხმარებოდეს მასწავლებელს შვილის მართვაში – ბოლოს და ბოლოს, ეს მისი მოვალეობაცაა.

რა უნდა გაკეთოს მშობელმა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესი ზედმეტად ამაღელვებელი არ იყოს?

მშობლებმა უნდა გაიზრონ,  რატომ ღელავს მასწავლებელი. თუ მანქანას მართავთ, გეხსომებათ განცდა, რომელიც საჭესთან პირველად დაჯდომისას დაგეუფლათ: თეორიულად ყველაფერი იცი, მაგრამ პრაქტიკაში ბევრ რამეს ახლებურად აღიქვამ – მუხრუჭი, სიჩქარეები, მანქანის დაძვრა გაბნევთ და გულს გიჩქარებთ. ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს… ახლა წარმოიდგინეთ, რომ მომდევნო ცხრა თვე ყოველდღე უნდა მართოთ მანქანა, თანაც ამ პროცესს დააკვირდებიან კამერები, სალონში მყოფი ადამიანები.

დაახლოებით ასეთივე მღელვარებას გაიცდის ახალბედა მასწავლებელი.

დავეხმაროთ მას. თუ ხელს შეუწყობთ კლასგარეშე აქტივობების ორგანიზებაში, საკლასო ოთახის გაფორმებაში და სხვა იმ ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ბავშვების სწავლებას, მასწავლებელს მეტი დრო დარჩება პედაგოგიური საქმიანობისთვის.

ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს, განსაკუთრებით – მშობელთა კრებაზე. ნუ დაუსვამთ მასწავლებელს ისეთ კითხვებს, რომლებიც სხვა მშობლების პრეტენზიებს გამოიწვევს და კონფლიქტურ სიტუაციებს შექმნის. მშობელთა კრებისთვის ყოველთვის კარგად მოემზადეთ. დაფიქრდით იმ კითხვებსა და პასუხებზე, რომელთა დასმა და მიღება დანამდვილებით გჭირდებათ. დაზოგეთ თქვენი, სხვა მშობლებისა და მასწავლებლების დრო, ენერგია და ნერვები. მით უმეტეს, ახალგაზრდა მასწავლებელს მეტისმეტად მიაქვს გულთან ყოველგვარი კონფლიქტი, ის უფრო ემოციურია, ვიდრე გამოცდილი პედაგოგი, თანაც უამრავი სხვა საფიქრალი აქვს სკოლაში.

ნუ განსჯით ახალგაზრდა მასწავლებელს სხვა პედაგოგებთან – ნებისმიერ სფეროში, სადაც ადამიანები ურთიერთობენ, შესაძლოა ვინმემ შეცდომა დაუშვას. თუ მშობელი ახალგაზრდა მასწავლებლის მუშაობით უკმაყოფილოა, ამის შესახებ პირადად უნდა ესაუბროს და არა მის კოლეგებთან არჩიოს საქმეები. უმეტესად კონფლიქტის მოგვარება გარე ჩარევის გარეშეც შესაძლებელია. თუ სიტუაცია გართულდა, ახალგაზრდა მასწავლებელი თვითონვე მიმართავს გამოცდილ პედაგოგს კონსულტაციისთვის.

სკოლა პატარა სამყაროა, სადაც ყველაფერი ლუპის ქვეშაა მოქცეული. პედაგოგები ყოველთვის აკვირდებიან, თუ როგორ ურთიერთობენ მშობლები სხვა მასწავლებლებთან. ისინი ფიქრობენ: „ეს მშობელი შესაძლოა მეც ისევე მომექცეს, როგორც ჩემს კოლეგას. სად არის გარანტია, რომ ჩემს ზურგს უკანაც ასე არ ილაპარაკებს?“ ასე ფიქრმა შესაძლოა მასწავლებელს თქვენს შვილთან ურთიერთობის ფორმატი შეაცვლევინოს.

ხშირად დაინტერესდით შვილის სასკოლო ამბებით, ეცადეთ, იყოთ მისი წარმატებებისა და სირთულეების საქმის კურსში. მშობლებისა და პედაგოგების შეხვედრა კარგი იმიტომაც არის, რომ მასწავლებელს კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, მოსწავლის მუშაობა გააანალიზოს. მომდევნო დღეებში, როდესაც მასწავლებელი ამ ბავშვს დაფასთან გამოიძახებს, ქვეცნობიერად ამოუტივტივდება მშობელთან შეხვედრა, საუბრის თემა და უნებლიეთ კონკრეტულად ამ მოსწავლისთვის შესატყვის დავალებას შეარჩევს. ინდივიდუალური მიდგომა მასწავლებელს ყველა მოსწავლის მიმართ ისედაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ 150 მოზარდის თავისებურებათა დამახსოვრება ძნელია. გარდა ამისა, შვილის ამბების მოკითხვა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მშობლის მზრუნველობას შვილის მიმართ და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ.

მოამარაგეთ შვილი აუცილებელი სასკოლო ნივთებით. ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ შუა გაკვეთილზე მოსწავლის წამოსროლილმა უბრალო ფრაზამ: „მასწ., რვეული სახლში დამრჩენია“, – შესაძლოა საგაკვეთილო პროცესი რამდენიმე წუთით შეაფერხოს, ხოლო თუ ხუთი წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას კალამიც დავიწყებია… 45-წუთიანი გაკვეთილისთვის ეს მეტისმეტად ბევრია. ახალგაზრდა მასწავლებლისთვის დიდი შეღავათია, როცა ბავშვი მუდამ მზად არის გაკვეთილისთვის. სწორედ ასეთ წვრილმანებს ეყრდნობა ნორმალური სასწავლო პროცესი.

ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიეთ მასწავლებელი. ბევრ მშობელს აოცებს სკოლაში ბავშვის ცუდი ყოფაქცევა. ბავშვისთვის მასწავლებელი ავტორიტეტს არ წარმოადგენს. არადა, პედაგოგის ავტორიტეტი მნიშვნელოვანია მოზარდის განვითარებისთვის. ამიტომ კერძო საუბრებშიც კი მშობლებმა ზედმიწევნით უნდა აკონტროლონ თავი და ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელი აუგად არ მოიხსენიონ, არ უწოდონ „უმწიფარი“, „გამოუცდელი“. ამ შემთხვევაში ბავშვიც ისე მოექცევა მასწავლებელს, როგორც თავის ტოლს.

მშობლები ხშირად მისტირიან ძველ დროს, როდესაც „პედაგოგები სხვანაირად კარგები და მკაცრები იყვნენ“. დროა დავიჯეროთ, რომ ის დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, შესაბამისად, შეიცვალა სკოლაც, მასწავლებელიც, ბავშვების მიმართ მიდგომაც, სწავლების ფორმები და მეთოდიკაც.

დაბოლოს, ახალგაზრდა მასწავლებელს ბევრი უპირატესობა აქვს. ახალგაზრდა მასწავლებელთა უმეტესობა აქტიურია, შრომისუნარიანი, ენთუზიასტი, გამბედავი, ოპტიმისტი. თავისი საუკეთესო უნარების წარმოსაჩენად მან არა მხოლოდ ბავშვებისა და კოლეგების, არამედ მშობლების მხარდაჭერაც უნდა იგრძნოს. ახალგაზრდა პედაგოგები ხალისით მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ისე მშობლებთან და სულ მცირე ხანში სწავლებაშიც საუკეთესო შედეგებს აღწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი