პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

21-ე საუკუნის პროექტები მსოფლიოს მოქალაქეობისათვის + შემოქმედება

ეს წერილი მოგვითხრობს რეალური პროექტის შესახებ, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარა, უფრო შემოქმედებითად დაენახათ თავიანთი თავი დღევანდელ, გლობალიზებულ სამყაროში.

ამ პროქტის განსახორციელებლად ტექ-ველის (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) საშუალო სკოლის მოსწავლეები ჰაიტის პატარა სოფელში ჩავიდნენ. იქ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს შემოქმედებითობა და მზრუნველობა – თვისებები, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის.


პროექტის ფესვებთან

ბიოლოგიის მასწავლებელი ლეა პენიმანი ყოველთვის ეძებდა საშუალებას, ახლოს ყოფილიყო თავის მოსწავლეებთან და ეჩვენებინა მათთვის, როგორ უკავშირდება ნასწავლი მასალა გარე სამყაროს იმ პრობლემებს, რომლებსაც სახელმძღვანელოში ვერ ვიპოვით.

წლების განმავლობაში მის პენიმანის მეცხრეკლასელები მუშაობდნენ საინჟინრო და გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც ჰაიტისაც მოიცავდა. თავად მის პენიმანის წინაპრები წარმოშობით ჰაიტელები იყვნენ. ბაბუა, ჰაიტის ინტელექტუალური დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გასულ საუკუნეში გადასახლდა აშშ-ში.
თავდაპირველად ტექ-ველის სკოლის მოსწავლეები ჰაიტის სოფლის პრობლემებს ნიუ-იორკის კომფორტული სკოლის კედლებიდან უმკლავდებოდნენ. ერთ წელიწადს მათ გააუმჯობესეს მზის ენერგიაზე მომუშავე ღუმლების დიზაინი და პროექტის ხორცშესხმა ჰაიტიზე მომუშავე ერთ-ერთ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას შესთავაზეს. მომდევნო წელს მოსწავლეებმა კომპოსტირების სისტემა შექმნეს, რომელიც სოფლად მცხოვრებ ჰაიტელებს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მყარი ნარჩენებისა და ნაგვის პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა. იმ წელიწადს მის პენიმანი თავად გაემგზავრა ჰაიტიზე, რათა გამოგონება ადგილობრივ თემთან ერთად პრაქტიკულად გამოეცადა. მასწავლებელი მოსწავლეებს სკაიპის მეშვეობით აცნობდა პროექტის მიმდინარეობას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი ჩანაფიქრი მართლაც განხორციელდა. ლეა პენიმანის თქმით, ამ დროს მისმა მოსწავლეებმა პირველად იგრძნეს, რომ მსოფლიოს მოქალაქეები იყვნენ.

ჰაიტიზე გამგზავრებამდე მის პენიმანს დაუკავშირდნენ ფერმერები სოფელ კორმიედან (Cormier), რომელიც ჰაიტის 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, და ჰკითხეს: „გაისად რის გაკეთებას აპირებთ?” მერე კი თავიანთი სურვილი გაანდეს – მათ სოფლის გაუდაბნოებულ გორაკზე ტყის გაშენება სურდათ, რადგან სოფელს ეროზირებული მთიდან გამუდმებით ელოდა დამეწყვრის საშიშროება. რისი გაკეთება შეეძლოთ მასწავლებელსა და სკოლის მოსწავლეებს ასეთი სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად? „ვუთხარი, რომ რამეს მოვიფიქრებდით”, – იხსენებს ლეა პენიმანი.

პროექტი ფორმას იღებს

ტექ-ველის სკოლის მეცხრეკლასელებს ვუკითხავთ ერთ დისციპლინათაშორის საგანს, რომელსაც გარემოსდაცვითი ანალიზი ეწოდება. სოციალურ მეცნიერებათა კურსიდან ისინი გეოგრაფიას სწავლობენ. მეცნიერებათა კურსებიდან მოსწავლეებს ეკითხებათ, როგორც მას მის პენიმანი უწოდებს, „მეცნიერებათა დაწყებითი სრული კურსი” ბიოლოგიაში, ფიზიკაში და დედამიწის შესახებ მეცნიერებებში, ყველა მათგანი – გარემოს მდგრადი განვითარების კუთხით. 

„ძალიან კარგად დაემთხვა, რომ მეცხრეკლასელებმა გადაწყვიტეს. თავად ჩასდგომოდნენ სათავეში სოფელ კორმიეს მიდამოს სრულფასოვანი გატყიანების გეგმის შემუშავებას. მათ, მეცნიერებათა კლასის პროგრამის მიხედვით, გამოიკვლიეს კორმიეს მიდამოებში გავრცელებული ხეების ჯიშები და დაიწყეს მუშაობა სამიზნე ნაკვეთის ნიადაგების ნაყოფიერების, დასარგავი ჯიშების ურთიერთშესაბამისობის, დარგვის შუალედების განსაზღვრისა და ეროზიის მართვის საკითხებზე”, – ამბობს მის პენიმანი.

ამასობაში იმავე მოსწავლეებმა, სოციალური სწავლების კლასის პროგრამის შესაბამისად, ჩამოაყალიბეს კულტურული ტრეინინგის პროგრამა იმ თანაკლასელებისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ერთი კვირით გამგზავრებულიყვნენ ჰაიტიზე და მონაწილეობა მიეღოთ მთის ფერდობზე ახალი ტყის გაშენებაში. მსურველებს უნდა გამოეთქვათ სამოგზაურო გუნდის წევრობის სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ პროექტისთვის სახსრების შეგროვება-მოზიდვაში (ე.წ. ფანდ-რეიზინგში) და დასწრებოდნენ ფრანგული ენისა და ჰაიტის კულტურის შემსწავლელ კურსებს. აღმოჩნდა, რომ ჰაიტიზე წამსვლელი გუნდის რვავე დელეგატი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო.

პროექტის ლოგისტიკური და მგზავრობის ხარჯების შესახებ მის პენიმანმა თქვა: „ვიცოდი, რომ სამოგზაუროდ წასვლას მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე მოახერხებდა, მაგრამ მსურდა, ჰაიტის პროექტის რეალიზაციაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული”.

სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ენთუზიაზმით ჩაერთო სახსრების შეგროვების კამპანიაში: ჰაიტის პროექტისთვის ფულის შესაგროვებლად ისინი ყიდიდნენ ნერგებს (კამპანია „შეიძინე ნერგი”), საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულს წმ. ვალენტინის დღეს, ეძებდნენ სპონსორებს ადგილობრივი ბიზნესის მესვეურებს შორის, თავიანთი დანაზოგიც კი გაიღეს და საბოლოოდ 13 000 დოლარი შეაგროვეს.
სწრაფი პასუხები
ლეა პენიმანი აღნიშნავს, რომ კრეატიულობა, პრობლემების მოგვარებისადმი შემოქმედებითი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია ფუნდამენტურ მეცნიერებათა სწავლისას. 

„ამ დროს, – განაგრძობს მის პენიმანი, – ყველაზე სანდო სტრატეგიაა ისეთ გარემოებათა მოდელირება, რომლებიც მოქნილ აზროვნებას მოითხოვს… ეს კი ნიშნავს მრავალი პასუხის მქონე კითხვების დასმას მოსწავლეთათვის, რომლებსაც შესაძლოა ამ კითხვებზე ბევრი სწორი პასუხი ჰქონდეთ. მაგალითად: როგორ გავაშენოთ ახალი ტყე დაზიანებულ ეკოსისტემაში? ან: როგორ გავაუმჯობესოთ მზის ენერგიაზე მომუშავე ღუმელი?”

მასწავლებელი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლე რისკს არ მოერიდება და არ შეიკავებს თავს მცდარი პასუხის გაცემის შიშით. მოსწავლეებს უამრავი იდეა აქვთ, რომელთა გამოცდა და კრიტიკული შეფასება საინტერესოა და ხელს უწყობს გადაწყვეტის გზების დახვეწას. ამ დროს მოსწავლეები ეუფლებიან „გაუშალაშინებელი”, მოუმზადებელი იდეების სადისკუსიოდ გამოტანის უნარს, აგებენ პროტოტიპულ სქემებს და სახავენ ყველაზე იმედისმომცემ გეგმებს. ამავე დროს, მათ საშუალება ეძლევათ, დაგვანახვონ თავიანთი ცოდნა პროექტის გამოკვლევა-დიზაინის ფაზაში, ნიშნებისა და ფორმალური გამოკითხვების გარეშე. 

ჰაიტიზე მოგზაურობისას მოსწავლეებს მოულოდნელი კუთხითაც მოუხდათ თავიანთი მოქნილობისა და გონიერების გამოცდა: „წასვლამდე გვეგონა, ყოველი დღე და ყველა სიტუაცია მეტ-ნაკლებად რაციონალურად დავგეგმეთ. სინამდვილეში გაცილებით რთული კულტურული და ლოგისტიკური ამოცანების წინაშე აღმოვჩნდით, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენი გეგმები საფუძვლიანად შეცვალა ამინდმა, ადგილობრივმა ცხოვრების წესმა და საქმიანობის ცვალებადმა გრაფიკმა”, – მოგვითხრობს მასწავლებელი. მაგალითად, მოსწავლეებს დაგეგმილი ჰქონდათ ადრე ადგომა საოცნებო 999 ხის დასარგავად, მაგრამ კორმიეს თემთან შეხვედრისას სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოულოდნელად განაცხადა: „თუ რამეს დავრგავთ, მხოლოდ შუადღის 3 საათის შემდეგ, თორემ ხეები სიცხისაგან დაჭკნება”. მოსწავლეებმა სწრაფად შეცვალეს გრაფიკი, ჩაატარეს კვლევა და ახალი გეგმა შეიმუშავეს.

აღმოჩნდა, რომ ადგილზე ხელმისაწვდომი ბალახოვანი მცენარე ვერტივერი, რომელსაც საკმაოდ სქელი ღერო აქვს, იდეალურია გამორეცხილი და ჩახრამული ნიადაგების გასამაგრებლად. ის ადვილად იტანს სიცხეს და მისი დარგვა შეიძლება დღის მზიან პერიოდშიც. შედეგად მოსწავლეებმა სწრაფად აითვისეს ვერტივერის დარგვის თავისებურებები. გეგმების შეცვლის გამო მათ სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღეს, ეფექტურად იმუშავეს და ადვილად მიაღწიეს მიზანს, დარგეს 999 ძირი ხეც ფერდობის ეროზიის შესაჩერებლად და ვერტივერიც უსარგებლო ეროზიული ადგილების გასამწვანებლად. „მათ მართლაც მიაგნეს მუშაობის საუკეთესო რიტმს, – ამბობს მის პენიმანი, – გუნდში იყვენენ კომპოსტის დამამზადებლები, ხეების მთვლელები, მომრწყველები. მეოთხე დღეს გუნდის წევრებს თითქმის უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის”.

მოკრძალებული დამოკიდებულება

ტექ-ველის მოსწავლეები ჰაიტიზე ყოფნისას ბლოგზე აზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებსა და საქმიანობას თანაკლასელებისა და ოჯახის წევრებისთვის. ბლოგი, ფაქტობრივად, პროექტის ქრონიკად იქცა – ეს იყო მოგონებები მთვარიან საღამოებზე, კრეოლურ ენაზე (ფრანგული ენის ადგილობრივი ვერსია, ჰაიტის ოფიციალური სასაუბრო ენა, – ლ.ა.), წაკითხულ ქადაგებებზე, ტამტამების თანხლებით ცეკვასა და სიმღერაზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გახსენებაზე…

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სასწავლო შთაბეჭდილება გახლდათ ამერიკელი და ჰაიტელი მოსწავლეების „დაწყვილება” პროექტის განხორციელების პროცესში. „წყვილები” ერთად მუშაობდნენ და ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროსაც – სტუმრობდნენ ჰაიტელი მოსწავლეების ოჯახებს, სადაც რგავდნენ „მეგობრობის ხეებს” (კრეოლ. Zanmi Pye Bwa). „ახალდამეგობრებული ბავშვები უამრავ დროს ატარებდნენ ერთად, – მოგვითხრობს მის პენიმანი, – ადგილობრივთა სახლებამდე მისასვლელად ზოგს მდინარეების გადალახვა და მთებზე ასვლა მოუწია. ტექ-ველის მოსწავლეებისთვის წარმოუდგენელი იყო ჰაიტელი ბავშვების ყოველდღიური რუტინა, გზა, რომლის გავლაც მათ ყოველდღე უწევდათ სკოლამდე მისასვლელად თუ მაღაზიაში პურის საყიდლად. ბავშვებს ვერ წარმოედგინათ, რომ მოსწავლის ყოველდღიურობა ასეთიც შეიძლებოდა ყოფილიყო”.

ჰაიტიში გამგზავრებამდე ტექ-ველის ჯგუფმა შეისწავლა ჰაიტის ეროვნული ჰიმნი კრეოლურ ენაზე. „ამან ძალიან ბევრი მოგვცა, – გვითხრა ლეა პენიმანმა, – როდესაც ჩვენს ჰაიტელ მეგობრებთან პირველი შეხვედრისას ჰიმნი შევასრულეთ, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ მზად ვიყავით, მათგან გვესწავლა”. ლეა პენიმანი ამბობს, რომ ის სიამაყით აივსო, როდესაც დაინახა, რა მოკრძალებული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს მისმა მოსწავლეებმა კორმიეს მოსახლეობისადმი, როდესაც საქმე ერთობლივ შრომას შეეხო. ამჟამად კორმიეს მოსახლეობა უკვე განიხილავს პროექტს, რომელიც მათ ტექ-ველის მოსწავლეებთან ერთად შესაძლოა მომავალი წლისთვის განახორციელონ.

იმ გამოცდილების აღქმასა და გააზრებას, რომელიც ამერიკელმა მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის ჰაიტიზე მიიღეს, შესაძლოა წლები დასჭირდეს.

როგორები გაიზრდებიან ეს მოსწავლეები? იქნებიან კი უფრო კრეატიულები? ექნებათ კი პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარი? მოეკიდებიან კი უფრო გულისხმიერად პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც შორეულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ?

„მე მგონია, რომ ჩემი მოსწავლეები უფრო მეტად დაფიქრდებიან იმაზე, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მათმა ძალისხმევამ, – ამბობს ლეა პენიმანი, – როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი ცხოვრებაში, არა მარტო საკუთარი თავისთვის ან თემისთვის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის? მე უკვე მაქვს საფუძველი, ამაზე დადებითად ვიფიქრო”, – გვითხრა ამერიკელმა პედაგოგმა საუბრის დასასრულს.
 ავტორი : სიუზი ბოსი
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.edutopia.org/blog/pbl-projects-global-education-haiti-suzie-boss

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი