შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

იდეალურად შესრულებული დავალება და/თუ სუფთა ოთახი

ეკონომიკური კონცეფციები: ალტერნატივები, არჩევანი, გადაწყვეტილება, საქონელი, ალტერნატიული ღირებულება, მომსახურება, დანახარჯი, დანაზოგი, კომპრომისული არჩევანი.

მიზანი:

  • ისწავლონ ფულთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთება;
  • შეძლონ დანახარჯისა და დანაზოგის გარჩევა;
  • პრაქტიკულად შეძლონ ორ ალტერნატივას შორის არჩევანის გაკეთება და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება;
  • თვალსაჩინო სქემის – „ჯიბის გადაწყვეტილება“ – გამოყენებით ისწავლონ ფულთან დაკავშირებით დასაბუთებული არჩევანის გაკეთება.

მოკლე შინაარსი: ადამიანური სურვილები უსაზღვროა, ხოლო ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად საჭირო რესურსები – შეზღუდული. არჩევანის გაკეთება რთულია რამდენიმე ალტერნატივის არსებობისას. მოსწავლეები ჩაერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაიგებენ საქონელსა და მომსახურებას, დანაზოგსა და დანახარჯს შორის განსხვავებას.

მასალები: მოთხრობა „ოჰ, როგორ მოვიქცე?!“ ქაღალდი ცხრილებისათვის; დავალება 1–ელი – გადაწყვეტილების მიღების წინსაფარი (შეიძლება დამზადდეს ქაღალდისგან ან ქსოვილისგან; ასევე შეიძლება, ჩვეულებრივ წინსაფარს მივამაგროთ ჯიბეები); დავალება მე–2 – ჯიბის გადაწყვეტილება; პატარა წებოვანი ქაღალდები.

გაკვეთილის მსვლელობა:

წაუკითხეთ მოთხრობა „ოჰ, როგორ მოვიქცე?!“ უთხარით, რომ უნდა დაეხმარონ დათოს გადაწყვეტილების მიღებაში იმის თაობაზე, როგორ გამოიყენოს საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული. წაკითხვის შემდეგ დაუსვით კითხვები:

  • რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა დათოს მოთხრობის მიხედვით? (ეყიდა ახალი ჯემპერი ან დაეზოგა ფული მომავალში ველოსიპედის საყიდლად.)
  • რატომ არ შეუძლია დათოს კინოში და ცურვაზე ერთდროულად წასვლა? (არავის შეუძლია ერთდროულად ორი საქმის კეთება.)
  • თუ დათო კინოში წასვლას გადაწყვეტს, რა იქნება მისი არჩევანის ალტერნატიული ღირებულება, ანუ რის დათმობა მოუწევს? (ცურვა.)
  • რა განსხვავებაა დახარჯვასა და დაზოგვას შორის? (როცა დაუყოვნებლივ ვიძენთ საქონელსა და მომსახურებას, ფულს ვხარჯავთ. როდესაც საქონლისა და მომსახურების ყიდვას მომავლისთვის ვდებთ, ფულს ვზოგავთ.)
  • რა არის საქონელი და მომსახურება? (საქონელი – საგნები, რომლებიც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და შეგვიძლია ხელით შევეხოთ, მომსახურება – ადამიანთა მოქმედება, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და ხელით ვერ შევეხებით.)
  • როგორ უკავშირდება დათოს არჩევანი დაზოგვასა და დახარჯვას? (მას შეუძლია, ახლავე იყიდოს ჯემპერი ან დაზოგოს ფული მომავალში ველოსიპედის საყიდლად.)
  • რა არის ჯემპერი – საქონელი თუ მომსახურება? (საქონელი.)
  • რა არის ველოსიპედი – საქონელი თუ მომსახურება? (საქონელი.)
  • რა მომსახურებაზეა საუბარი მოთხრობაში? (ბატონი გივი დათოს ყოველდღიურად აძლევდა ერთ ლარს იმისთვის, რომ ბიჭს მისი ძაღლი გაესეირნებინა; როცა დათო ცურვაზე დადიოდა, ის მომსახურებას ყიდულობდა.)

მსჯელობის გასაფართოებლად დასვით დამატებითი კითხვები:

* რა გადაწყვეტილებებს იღებთ ყოველ დილით სკოლაში წასვლისას? (რა ჩაიცვან, რა მიირთვან საუზმედ.)

* რა გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ სკოლაში? (რა ითამაშონ შესვენებაზე, ვისთან ითამაშონ, ვისთან ისაუბრონ, რა გაიმეორონ და სხვ.)

* დაასახელეთ საქონლისა და მომსახურების რამდენიმე მაგალითი, რომლებსაც თქვენ ან ოჯახის წევრები ყიდულობთ.

აქტივობა: როგორ დავეხმაროთ დათოს? გადაწყვეტილების მიღების პროცესის განსამტკიცებლად მოსწავლეებს ვაჩვენებთ სქემას „ჯიბის გადაწყვეტილება“ (დავალება 1). წინსაფრის გამოყენებით მოსწავლეებმა ქაღალდზე უნდა დაწერონ პრობლემა (დახარჯონ ფული ახლავე თუ დაზოგონ მომავლისთვის) და ჩადონ წინსაფრის ქვედა ჯიბეში.

შემდეგ დაწერონ სიტყვა „ჯემპერი“ როგორც ერთ–ერთი ალტერნატივა წინსაფრის ერთ მხარეს და სიტყვა „ველოსიპედი“ – მეორე მხარეს.

მოსწავლეები აანალიზებენ და წერენ ჯემპერისა და ველოსიპედის დადებით და უარყოფით მხარეებს.

დავალება 2. „ჯიბის გადაწყვეტილება“

  შეფასება

ალტერნატივა

დადებითი უარყოფითი
ჯემპერი ლამაზია დაპატარავდება
ველოსიპედი შეიძლება შეიძლება გაფუჭდეს

 

სთხოვეთ გააანალიზონ ფულის დაუყოვნებლივ დახარჯვისა და დაზოგვის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

  შეფასება

ალტერნატივა

დადებითი უარყოფითი
დახარჯვა აკმაყოფილებს სურვილს აღარ გვექნება
დაზოგვა შეიძლება ვიყიდოთ რაღაც უფრო ძვირფასი და უკეთესი (მეტი სიხარული) დიდხანს უნდა ელოდო და იცხოვრო იმის გარეშე, რისი ქონებაც გსურს

 

სთხოვეთ რამდენიმე მოსწავლეს, გამოთქვან აზრი იმის შესახებ, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დათომ და რატომ.

გაიმეორეთ გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპი. დათოს პრობლემა დააფიქსირეთ წინსაფრის ქვედა ჯიბეში, ორი ალტერნატივა – ჯემპერი და ველოსიპედი – მომდევნო ორ ჯიბეში. შემდეგ განსაზღვრეთ თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ არჩევანი. ამგვარი ანალიზისას მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რომ არჩევანის გაკეთება რთული პროცესია, რომლის დროსაც უნდა გაითვალისწინონ დახარჯვისა და დაზოგვის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აქტივობა – საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. გააანალიზეთ სიტყვა „პასუხისმგებლობა“. უთხარით, რომ დათო ძალ–ღონეს არ იშურებდა გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. აუხსენით, რომ პასუხსაგები გადაწყვეტილება ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვიღებთ არჩევანთან დაკავშირებული ყველა ალტერნატივის (ვარიანტის) განხილვის შემდეგ. სწორედ ამიტომ მსჯელობს დათო თავისი პრობლემის შესახებ ბატონ გივისთან.

მიაქციეთ მოსწავლეთა ყურადღება იმას, რომ დათო პასუხისმგებლობას იჩენს, როცა ფულს, რომელიც ჯიბეს „უწვავს“, არ აძლევს დაუფიქრებელი გადაწყვეტილების თავს მოხვევის საშუალებას (ისაუბრეთ იმაზეც, როდის და რატომ შეიძლება ფული ჯიბეს „გიწვავდეს“.)

მოსწავლეებმა უკეთ რომ გაიგონ პასუხისმგებლობის არსი და ეს ტერმინი საკუთარ გამოცდილებას მიუსადაგონ, დაუსვით შემდეგი კითხვები:

* გაიხსენეთ შემთხვევა, როცა თქვენი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო პასუხისმგებლობასთან.

* ადვილია თუ არა იყო პასუხისმგებლობიანი, ანუ გაითვალისწინო ყველა შესაძლო ალტერნატივა? გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ პასუხისმგებლობა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.

* მიგაჩნიათ თუ არა, რომ ყველა შესაძლო ალტერნატივის შეფასება პრობლემის გადაჭრისა და არჩევანის გაკეთების დროს გმატებთ პასუხისმგებლობის გრძნობას?

დასკვნით ეტაპზე შეაჯამეთ პასუხები და უთხარით მოსწავლეებს, რომ უკვე შეუძლიათ პრაქტიკულად შეაფასონ სხვადასხვა ალტერნატივა და მიიღონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ფულთან დაკავშირებით.

 

დახაზეთ დაფაზე სქემა:

 

პასუხისმგებლობა
ეს არის ეს არ არის

 

სთხოვეთ, ჩამოწერონ საკუთარი შეხედულებები. უთხარით, რომ უკვე მზად არიან, დაეხმარონ დათოს გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შეუძლიათ მისწერონ დათოს წერილი და გაუზიარონ საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება (უმცროსკლასელებისთვისესშესაძლოა იყოს კოლექტიური წერილი მასწავლებლის დახმარებით, ხოლო უფრო მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა სასურველია ჯემპერისა და ველოსიპედის ფასებიც დაადგინონ, წერილს ეს ინფორმაცია დაურთონ და ისიც დააზუსტონ, რამდენი ხანი დასჭირდება ველოსიპედისთვის ფულის დაგროვებას.)

თემის გავრცობა.

(ა) ოჯახთან კავშირი. მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ ოჯახის წევრებისგან ინტერვიუს აღება, რომელშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მათ მიერ გაკეთებული არჩევანი, არსებული ალტერნატივები, ფულის დაზოგვისა და დახარჯვის გადაწყვეტილებები და სხვ. (ბ) მოიწვიეთ მშობელთა ჯგუფი იმ გადაწყვეტილებების შესახებ სასაუბროდ, რომელსაც იღებდნენ და იღებენ ოჯახის წევრთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შეიძლება, წინასწარ მოვამზადოთ სანიმუშო კითხვარი:

  • გიწევდათ თუ არა არჩევანის გაკეთება, როცა ჩვენხელები იყავით?
  • გქონდათ თუ არა რაიმე განსაზღვრული მიზანი, როცა არჩევანს აკეთებდით?
  • მიაღწიეთ თუ არა ამ მიზანს?
  • დღესაც გიწევთ არჩევანის გაკეთება?
  • თუ შეიძლება, მოიყვანეთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული არჩევანის მაგალითი.

(გ) სკოლასთან კავშირი. მოიწვიეთ სკოლის დირექტორი სკოლის მასშტაბით ფულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე სასაუბროდ. დირექტორის ვიზიტამდე მოსწავლეებმა შეიძლება მოამზადონ კითხვები იმის შესახებ, როგორ გამოიყენება სკოლის ბიუჯეტი მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს სხვა მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით.

(დ) სამეტყველო უნარების განვითარება. გამოიყენეთ „გადაწყვეტილების მისაღები წინსაფარი“ მინიდებატებისთვის. მოიყვანეთ ფულთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებების მაგალითებიც.

(ე) განცხადებების დაფა. გააკარით პოსტერი წარწერით „ჯიბის ძალა“. მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან.

(ვ) კრიტიკული აზროვნების განვითარება. მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ 10–10 ნივთი, რომელთა საჩუქრად მიღებაც სურთ დაბადების დღეზე. სთხოვეთ, დანომრონ ეს ნივთები მათი მნიშვნელობის მიხედვით.

(ზ) გააცანით მოსწავლეებს სავარჯიშო „იდეალურად შესრულებული დავალება და/თუ სუფთა ოთახი“): და–ძმას დასალაგებელი აქვს ოთახი. ამავე დროს ორივეს შესასრულებელი აქვს დავალება. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება: საუკეთესოდ დაალაგონ ოთახი თუ საუკეთესოდ შეასრულონ დავალება. მათ უნდა მოიფიქრონ ორივე საქმის კარგად გაკეთების შესაძლო გზები.

 

მოთხრობა „ოჰ, როგორ მოვიქცე?!“

ღრმად ჩაფიქრებული დათო სახლის კიბეზე ჩამომჯდარა და ვერ ამჩნევს ბატონ გივის, რომელიც ძაღლს ასეირნებს.

– რაზე ჩაფიქრებულხარ, დათო? – ეკითხება ბატონი გივი.

დათო თავს იღებს, უღიმის და ეუბნება:

– გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ბატონო გივი. არჩევანის გაკეთება ძნელი ყოფილა.

– იქნებ დახმარება შემიძლია! მითხარი, გისმენ! – სთავაზობს ბატონი გივი. დათო წამოხტება, ბატონი გივისკენ გაეშურება და მასთან ერთად აგრძელებს გზას.

– ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა ფულს ვაგროვებდი თქვენი ბომბორას სეირნობით. ახლა ფული მაქვს და უნდა გადავწყვიტო, როგორ მოვიხმარო. ის თითქოს ჯიბეს მიწვავს – მინდა, ახლავე დავხარჯო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, რა ვიყიდო. ახალი ველოსიპედიც მინდა და მოდური ჯემპერიც, რომელსაც ჯინსებზე ჩავიცვამ. იმდენი რამ მინდა, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე!

– ჰო, მართლაც გქონია პრობლემა! – აღნიშნავს ბატონი გივი, – არჩევანის გაკეთება მოგიწევს, რადგან, მართალია, ფული გაქვს, მაგრამ არასაკმარისი. როცა ალტერნატივა რამდენიმეა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო – რაში დახარჯო ფული და რაზე თქვა უარი.

– ოჰ, როგორ მოვიქცე?! – წამოიძახა დათომ.

– კარგი კითხვაა. ვეცდები დაგეხმარო. დავუშვათ, ხვალ ერთსა და იმავე დროს ერთ–ერთმა მეგობარმა აუზზე საცურაოდ დაგპატიჟა, მეორემ კი – კინოში. შენ არჩევანის გაკეთება მოგიწევს. როცა ერთ რამეს ირჩევ, მეორეზე უარის თქმა გიწევს და სწორედ ამაშია გადაწყვეტილების მიღების სირთულე. ორივეგან ერთდროულად წასვლა არ შეგიძლია, უნდა აირჩიო.

– მართალია, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ფულთან? – კითხულობს დათო.

– საქმე ის არის, რომ ფულის დახარჯვის ორი შესაძლო ვარიანტი ახსენე – ახალი ველოსიპედი და მოდური ჯემპერი. როცა ადამიანები ფულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი ყველა შესაძლო ვარიანტს აფასებენ.

– ესე იგი, უნდა გადავწყვიტო, რა უფრო მეტად მინდა: ჯემპერი თუ ველოსიპედი? უნდა ავირჩიო და არჩევანის მნიშვნელოვანი ნაწილია იმის განსაზღვრა, რაზე უნდა ვთქვა უარი იმის მისაღებად, რაც მეტად მინდა! – დათომ ნაბიჯი შეანელა.

–კი, და კიდევ ერთ რამეზე უნდა დაფიქრდე: ჯემპერის საყიდლად ფული გეყოფა, მაგრამ ველოსიპედზეც გეყოფა? როცა ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი იმასაც საზღვრავენ, რა ურჩევნიათ: ფულის ახლავე დახარჯვა თუ დაზოგვა და მომავალში ყიდვა. იცი, რას ნიშნავს ეს ორი სიტყვა – დახარჯვა და დაზოგვა?

– როცა ფულს ვხარჯავ, იმ საგნებს ან მომსახურებას ვყიდულობ, რომლის ყიდვაც ახლავე მსურს. მახსოვს, როგორ დავხარჯე ფული, როცა ახალი სათამაშო ვიყიდე და როცა კინოში წავედი, – უპასუხა დათომ.

– მართალია, ფული დახარჯე ნივთზე – სათამაშოზე, ანუ საქონელი შეიძინე და კინოს საყურებლად, ანუ მომსახურება შეიძინე. გამოდის, იცი, „დახარჯვა“ რას ნიშნავს, „დაზოგვაზე“ რას იტყვი?

– თუ „დახარჯვა“ ფულის ახლა გამოყენებას ნიშნავს, „დაზოგვა“, ალბათ, ნიშნავს მოცდას, ფულის მომავალში გამოყენებას, – უპასუხა დათომ.

– მართალი ხარ! „დაზოგვა“ ფულის გადადება, შენახვაა მისი მომავალში გამოყენების მიზნით. შენ უკვე გადადგი პირველი ნაბიჯი გადაწყვეტილების მისაღებად: ფულის გამოყენების ორ სხვადასხვა ვარიანტზე იფიქრე. ახლა უნდა გადაწყვიტო, ახლავე გინდა ჯემპერის ყიდვა თუ გირჩევნია დაზოგო და მომავალში რაღაც უფრო ძვირად ღირებული, მაგალითად, ველოსიპედი იყიდო. წარმატებას გისურვებ!

– გმადლობთ, ბატონო გივი! კარგად უნდა დავფიქრდე!

 

დავალება 1. გადაწყვეტილების მიღების წინსაფარი

წყარო: Lieb C., Stout R.L., (1998). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 3-4, National Council on Economic Education.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი