პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აგრესიული ქცევის ჩამოყალიბების მიზეზები ბავშვებში (გაგრძელება)

აგრესია ბავშვებსა და მოზარდებში აქტუალური თემაა, ამიტომ გთავაზობთ გაგრძელებას წიგნისა „აგრესია“, რომლის ავტორები არიან ამერიკელი ფსიქოლოგები რობერტ ბერონი და დებორა რიჩარდსონი.

 

ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში სწავლობენ ქცევის სხვადასხვა მოდელს. ეს ეხება როგორც სოციალურად მისაღებ, ისე ანტისოციალურ ქცევასაც. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ ხდება, რომ ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობისას იძენენ აგრესიული ქცევის უნარ-ჩვევებს და რა მოჰყვება თანატოლებში აგრესიის გამომჟღავნებას.

თამაში ის მთავარი მეთოდია, რომლითაც ბავშვები მცირე ასაკიდან სწავლობენ აგრესიის გამომჟღავნებას. ვგულისხმობთ ისეთ ხმაურიან თამაშებს, რომლებშიც პატარები ერთმანეთს „ებრძვიან“, მუჯლუგუნებს ჰკრავენ, ფეხებს ურტყამენ, აჯავრებენ, დასცინიან – ფაქტობრივად, ცდილობენ, ზიანი მიაყენონ მეგობარს. მკვლევართა ინფორმაციით, ასეთი თამაშები პატარებს ძალიან მოსწონთ. მათ მიაჩნიათ, რომ ამაში ცუდი არაფერია და სერიოზულად იშვიათად ზიანდება ვინმე. ამ ყველაფრის საფუძველზე მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ბავშვები, რომლებიც უფრო ხშირად გადიან „პრაქტიკას“ აგრესიული ქცევის დასწავლაში (მაგალითად, საბავშვო ბაღში), შემდგომ სხვა სივრცეშიც (მაგალითად, სკოლაში) უფრო ადვილად იყენებენ მსგავსი ქცევის მოდელს.

სოციალური ფსიქოლოგიის ერთ–ერთი კლასიკური აღმოჩენა, შესაძლოა, ყველაზე კლასიკურიც კი, ის არის, რომ ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს გარშემო მყოფთა ქცევა და საუბარი.

ჩვენ უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ოჯახის წევრებისა და თანატოლების ქცევები და საუბრები ძლიერ, მაგრამ ხშირად არამიზანმიმართულ გავლენას ახდენს ბავშვის აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, როდესაც რომელიმე მშობელი სჯის შვილს, მას სურს, „ჭკუა ასწავლოს“ პატარას და არა აგრესიული ქცევა ჩამოუყალიბოს. ამგვარად, მშობლების ან თნატოლების ქცევებისა და საუბრების უარყოფითი გავლენა ხშირ შემთხვევაში არ არის განგებ გამიზნული.

ბავშვების უმრავლესობისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აგრესიული ქცევის ცოცხალი მაგალითია ოჯახი. ლიტერატურაში, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება, ხშირად აღწერილია „ძალადობის ციკლი“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს, რომლებსაც მოუწიათ მშობლების ფიზიკური აგრესიის გამომხატველი ქცევის ნახვა, შემდგომში უფრო უადვილდებათ მსგავსი ქცევის განხორციელება.

და-ძმებთან ურთიერთობის გასარკვევად, ბავშვები დაუფიქრებლად იღებენ კონფლიქტების მოგვარების მშობლებისეულ სტილს. უფრო მეტიც – როდესაც იზრდებიან და საკუთარ ოჯახებს ქმნიან, მაშინაც კი მშობლების სახლში შესისხლხორცებულ ქცევის მოდელს იყენებენ და საკუთარ შვილებსაც გადასცემენ ქცევის იმავე სტრატეგიას. სწორედ ამას გულისხმობს ზემოხსენებული „ძალადობის ციკლი“.

გვინდა, აღვწეროთ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც 1989 წელს ჩატარდა. ფსიქოლოგებს აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენს უფროსების აგრესიული და არააგრესიული ქმედებები ბავშვების ქცევაზე. ისინი აჩვენებდნენ ან ასმენინებდნენ პატარებს უფროსების ჩხუბის სცენებთან ასოცირებულ ჩანაწერებს/ჩანახატებს. სკოლამდელი ასაკის პატარების ნაწილი ისმენდა, როგორ ჩხუბობდნენ, ხოლო ნაწილი – პირიქით, რა გულისხმიერად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს უფროსი ასაკის ქალები. შედეგად პირველი ჯგუფის ბავშვები გაცილებით ხშირად იყენებდნენ აგრესიულ ფრაზებს თანატოლებთან ურთიერთობისას, ვიდრე მეორისა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ლაბორატორიული და საველე ექსპერიმენტები ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ: ბავშვები, რომლებიც ხშირად ადევნებენ თვალს უფროსების აგრესიულ ქცევას, მიდრეკილებას ამჟღავნებენ, თავადაც აგრესიულად მოექცნენ გარშემო მყოფებს.

რა ხდება, როდესაც ადამიანი აგრესის მსხვერპლია? „ძალადობის ციკლის“ კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრულები, რომლებიც მშობლების ძალადობას განიცდიდნენ, თავადაც მიმართავენ მას, უკვე საკუთარი ოჯახის წევრებთან. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი სტილის გამოყენებით გაიზარდნენ, უფრო მეტად ამართლებენ სიმკაცრეს.

ექსპერიმენტები არა მხოლოდ მცირე ასაკის ბავშვებთან, არამედ სტუდენტებთანაც ტარდებოდა. შედეგები იდენტური აღმოჩნდა. მაგალითად, ის სტუდენტები, რომლებიც მკაცრ გარემოში იზრდებოდნენ, თავადაც მიესალმებიან აღზრდისას მკაცრი, უხეში ფიზიკური მეთოდების გამოყენებას.

რაც შეეხება სკოლაში აგრესიული ქცევის მსხვერპლ ბავშვებს, პატარები აქაც ითვისებენ გაკვეთილს. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვი თანატოლების აგრესიული ქცევის ზემოქმედების ქვეშ მოექცა, სავარაუდოდ, სასწავლო წლის ბოლოს თავადაც უფრო აგრესიული იქნება სხვების მიმართ, ვიდრე მანამდე იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს აგრესიის მსხვერპლი ყველა ბავშვი აგრესორი ხდება. აგრესიული ქცევის კოპირებას აგრესიის მსხვერპლი ბავშვების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახდენს.

1988 წელს მკვლევარი ფსიქოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ აგრესიის მსხვერპლი ბავშვების ორი კატეგორია არსებობს. პირველი კატეგორიის – აგრესიის „მაპროვოცირებელ“ – ბავშვებს თავადაც აგრესიის მაღალი დონე აქვთ. ისინი საკუთარი ქცევით სწორედ გამომწვევ და გაღიზიანებულ აგრესიის მსხვერპლებს მოგვაგონებენ. მეორე კატეგორია, „პასიურები“ – მსხვერპლი ბავშვები, რომლებსაც აგრესიის დაბალი დონე აქვთ – მოგვაგონებენ პასიურ მსხვერპლებს. ისინი შფოთავენ და აკლიათ თავდაჯერება, ამიტომ ვერ ახერხებენ თავის დაცვას აგრესიული თავდასხმებისგან.

ახლა გვინდა შევეხოთ თემას, რომელიც ძალიან აღელვებთ მშობლებსა და აღმზრდელებს – ტელევიზიით დემონსტრირებულ აგრესიული ქცევის მოდელებს.

ვინაიდან ბავშვები საკმაოდ ხშირად აწყდებიან აგრესიას მასმედიაში, ბევრს უჩნდება შიში, რომ ეს ყველაფერი მათ აგრესიის დონეზე აისახება. ბავშვებში აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაში მასმედიის გავლენის კვლევის სამი ფაზა გამოიყოფა:

პირველი – „თოჯინა ბობოს ექსპერიმენტი“. ბავშვის აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე ტელე– და კინოპერსონაჟების გავლენის კვლევა ალბერტ ბანდურამ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს 1963-1965 წლებში. ექსპერიმენტში მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ, რომლებსაც აყურებინებდნენ ფილმს, სადაც მსახიობი ძალიან ცუდად ექცეოდა თოჯინას, სახელად ბობოს. შემდეგ ბავშვებს სთავაზობდნენ, ეთამაშათ მათ მიერ არჩეული სათამაშოებით. მკვლევრები აკვირდებოდნენ პატარებს და არავის გაჰკვირვებია, რომ ბავშვებმა მსახიობის აგრესიულ ქცევას მიბაძეს. საგულისხმოა, რომ თავად ალბერტ ბანდურა დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა საკუთარი ექსპერიმენტის შედეგებს და მიაჩნდა, რომ თუმცაღა ბავშვები ბაძავენ ფილმში ნანახი პერსონაჟის საქციელს, მაინც არ შეიძლება დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ პრაქტიკაში ბავშვები აუცილებლად ქცევის აგრესიულ ფორმას მიმართავენ.

ბანდურას ექსპერიმენტის შედეგები მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. ოპონენტების აზრით, ბავშვებმა გაიმეორეს ქცევა, რადგან ზუსტად იმავე გარემოში აღმოჩნდნენ. აი, მაგალითად, როდესაც ბავშვები ომის თემაზე შექმნილ ფილმებს უყურებენ, განა აუცილებლად აღმოჩნდებიან საომარ მოქმედებებში ჩართული, რომ მსგავსი აგრესია გაიმეორონ?

მეორე – ლაბორატორიული ექსპერიმენტები. ალბერტ ბანდურას მიერ ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტმა მკვლევართა გარკვეულ ნაწილს უბიძგა, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, რომლებიც უფრო მეტად იქნებოდა მიახლოებული რეალურ სიტუაციებთან. ასე იყო თუ ისე, შედეგებმა მათ აფიქრებინა, რომ კინოსა და ტელევიზიაში ძალადობის სცენების ყურება მაყურებელს მსგავსი ქცევისკენ უბიძგებს.

მესამე – ბუნებრივ გარემოში ჩატარებული ექსპერიმენტები. აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე მასმედიის გავლენის კვლევის მესამე ფაზა გულისხმობდა ექსპერიმენტების ბუნებრივ გარემოში ჩატარებას. ამ შემთხვევაში შედეგებმა, მართალია, მთლიანად არ დაადასტურა ჰიპოთეზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც უყურებდნენ ძალადობრივი სცენების შემცველ ფილმებს, აგრესიის დონე გაცილებით მაღალი ჰქონდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი