პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ოჯახი – საუკეთესო თუ  სახიფათო გარემო

ხშირად მშობლები და სკოლა გვიან იგებენ, რომ მოზარდს რაიმე სახის დამოკიდებულება აქვს – ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, თამბაქოზე. ჩვენ არც იმის დაჯერება გვსურს, რომ ამ პრობლემის მახეში ჩვენი შვილებიც ებმებიან. განგაშს კი მაშინ ვტეხთ, როდესაც სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. შესაძლებელია თუ არა ამისგან თავის დაზღვევა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით პრევენციული პროგრამები არ გააჩნია? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდს ჯანმრთელობისთვის სახიფათონივთიერებების მოხმარებისკენ არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ან ახალი სამეგობრო გარემო, არამედ ოჯახიც უბიძგებს. მოზარდთა ნარკო- და ალკოდამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არასრული ოჯახია, სადაც „მართვის სადავეები“ მხოლოდ ერთი მშობლის ხელთაა და მოზარდს დიდი დოზით აკლია მეორე მშობლის ყურადღება, მასთან ყოველდღიური ურთიერთობა. მოზარდი „სოციალურ შიმშილს“ განიცდის იმ შემთხვევაშიც, როცა მშობლის ჩანაცვლებას რომელიმე ნათესავი ცდილობს. ასეთი მოზარდის აღზრდა განსაკუთრებით რთულდება გარდატეხის ასაკში, ისეთ ოჯახში, სადაც ყველა პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მშობელს ეკისრება. როგორც წესი, დარღვეულ ოჯახურ ჰარმონიას ვერც სკოლა აბათილებს (ეს მისი ფუნქცია არც არის).

ხშირად მოზარდი სრულ ოჯახშიც არაკომფორტულად, იზოლირებულად გრძნობს თავს.  თუ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უნდობლად არიან განწყობილი, თანაც, ამას ერთვის ძალადობა, სიდუხჭირე, კულტურულ ღირებულებათა დეფიციტი, მოზარდის ნორმალური განვითარების შანსი იკლებს. ფსიქოლოგიური წნეხის იმპულსები, რომელსაც მშობლები გარემოსგან ან სხვა ოჯახის წევრებისგან განიცდიან, მოზარდებსაც გადაეცემათ. მათ სიმარტოვის განცდა, შფოთვა, დეპრესია, შიში იპყრობთ, უჩნდებათ სწრაფად გაზრდის სურვილი, რაც ხშირად ხდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მიზეზი. მოხმარება მოზარდს მატებს თავდაჯერებას, აგრესიას, ახლა მას ხშირად უწევს ტყუილის თქმა და ნელ-ნელა მსოფლმხედველობაც ეცვლება. თუმცა ამ ყველაფრის ათვლის წერტილი, უმეტესწილად, სიმარტოვე და იმის განცდაა, რომ მისი პირადი პრობლემები არავის აინტერესებს.

მოზარდებს პროტესტის განცდა უჩნდებათ და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. მოზარდი, რომელსაც ოჯახი და სკოლა პოზიტიურად არ მუხტავს, არ უქმნის უკეთესი მომავლის მოტივაციას, უგულებელყოფს მის სურვილებს და ოცნებებს, მარტივად იღებს გადაწყვეტილებას – „გაექცეს დაუნდობელ სამყაროს“. მშობლები და მასწავლებლები ასეთი მოზარდებისთვის ავტორიტეტს აღარ წარმოადგენენ.

მოზარდებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება – არა იმის გამო, რომ ისინი არ გვიყვარს. უბრალოდ, რუტინული ცხოვრების წესი არ გვიტოვებს ძალას, გამუდმებით თვალი ვადევნოთ მათ და მივცეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ხშირად შეძლებული და ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახებიც ვერ მართავენ მოზარდის თავისუფლებას. ერთ მშვენიერ დღეს მათი ოჯახური იდილია მთავრდება და უკლებლივ ყველა წევრი მოზარდის ახალი თავგადასავლების ირიბი მონაწილე ხდება.

ბევრი მშობელი, ვისაც უკვე ზრდასრული ნარკო- და ალკოჰოლდამოკიდებული შვილი ჰყავს, იხსენებს და ნანობს აღზრდაში დაშვებულ მცირედ შეცდომებს, რომლებსაც თავის დროზე ნაკლები ყურადღება დაუთმეს. ეს პატარა შეცდომები გლობალურ პრობლემაში გადაიზარდა. შეცვალა მათი, შვილის, ოჯახის წევრთა, ნათესავებისა და ახლობლების ცხოვრება.

ამიტომ მშობლები, განუწყვეტლივ უნდა ვფიქრობდეთ მოზარდის თავისუფალ აღზრდაზე? აღზრდის რომელ ეფექტიან მეთოდს უნდა მივმართოთ, რომ შევუნარჩუნოთ მოზარდ თავისუფლება, არ შევზღუდოთ ის სურვილებში და ამავდროულად დავიცვათ მავნე გავლენებისგან. როდის სჭირდება ჩვენი ჰიპერმზრუნველობა და როდის ვუბიძგებთ ამით „უცხო ხილის“ დააგემოვნებისკენ, გაქცევისკენ? ალბათ ეს არის ყველაზე დიდი საფიქრალი, რომელიც მშობლებს გარდატეხის ასაკში უნდა აწუხებდეს.

თავისუფლების საზღვრები – ცხადია, მოზარდისთვის მათი დადგენა აუცილებელია. ზღვრის გარეშე მშფოთვარედ და დაუცველად თავს გრძნობს მოზარდიც და მშობელიც.

ამიტომ ყველა ოჯახს თავისი წესები სჭირდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოზარდები მხოლოდ ჩვენი მეგობრები არ არიან. მათ სჭირდებათ მკაცრი იერარქია, დაფუძნებული სანდოობასა და მხარდაჭერაზე. საუბარია არა ჰიპერკონტროლზე. ჰიპერკონტროლი ისეთივე საშიშია, როგორც სრული უკონტროლობა. თუ მოზარდს არ ექნება თვითგამოხატვის საშუალებები, აუცილებლად მოძებნის მას და ძიების პროცესი ყოველთვის უსაფრთხო როდია.

თავისთავად, მოზარდობა თვითძიების პერიოდია, როდესაც მოზარდს სურს შეიცნოს, ვინ არის, რატომ არსებობს, რაშია სამყაროს დანიშნულება. მშობელი კი, უნებურად, ხელს უშლის ამ კითხვებზე პასუხის ძიების პროცესს.

მშობლებს ახასიათებთ რადიკალიზმი. მათ სურთ მოზარდის ქცევის ხაზი მკვეთრად შეცვალონ, ხვალიდანვე დააწყებინონ ახალი, საზრიანი ცხოვრება. აღზრდის ეს სცენარი უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. ნებისმიერი ადამიანი „მცირე ნაბიჯებით“ ცვლილებებს გაცილებით იოლად ეგუება, თანაც ეს მას პასუხისმგებლობის გააზრების საშუალებას აძლევს.

მაგალითად, თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა შეუზღუდოს, ეს კატეგორიული მიდგომა არ უნდა იყოს. სასურველია, მშობელმა მოზარდს უსაფრთხოების წესები განუმარტოს, ვიდრე დასაჯოს ან დაგმოს. მკაცრი სანქციების შემოღება შვილის ცხოვრების გასაკონტროლებლად განწირული მცდელობაა. მოზარდი მაინც ახერხებს კონტროლის ზონიდან გაღწევას და მშობლის მიმართ იმედგაცრუება უჩნდება.

ინგლისის კოლეჯებში ნარკომოხმარების მიზეზთა კვლევის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ მთელ მის ცხოვრებას, ყოველ ნაბიჯს უფროსები აკონტროლებდნენ. ამიტომ მან ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. „მშობლები ვერ აკონტროლებდნენ ჩემ მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ეს იყო გარემო, რომელიც თავისუფლების განცდას მანიჭებდა“, – აღიარა ახალგაზრდამ.

მშობლების ჰიპერმზრუნველობის კიდევ ერთი ნაყოფი მოზარდი ადამიანის ინფანტილიზმია, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა. ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ. მას იოლად აჯერებენ, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გასინჯვა არაფერს ავნებს. „სათბურის“ პირობებში აღზრდილი, სოციალურად დაცულ მშობელთა შვილები და მათი „ჯიბის“ ფული მადას უღვივებს მომხმარებლებს. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში არ არსებობს ამ კუთხით მოქმედი პრევენციული პროგრამები – არც სკოლებსა და არც სხვა სივრცის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებებს კი საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლობით ხვდება. ამიტომ მშობლებს და სკოლას ჯერჯერობით ისღა დარჩენიათ, თავად აკონტროლონ და არ დაუშვან სიტუაცია, როდესაც მოზარდები ნარკოტიკების მოხმარებას თავისუფლებასთან გააიგივებენ.

მოზარდის ნაბიჯი ნარკოტიკებისკენ არ არის კატასტროფა. ეს არის ასაკისთვის დამახასიათებელი ქმედება, რომლისთვისაც ნოყიერ ნიადაგს ხშირად უფროსი თაობა ვქმნით. მოზარდის სურვილი, მოიხმაროს ნარკოტიკი და ალკოჰოლი არის საპასუხო რეაქცია ჩვენივე ქმედებებზე ან უმოქმედობაზე. გარდა ამისა, ბევრ მოზარდს აინტერესებს ცნობიერების ხელოვნურად გაფართოება, ახალი, სენსორული გამოცდილების მიღება. ისინი ცდილობენ „ცხოვრებაში ყველაფერი ნახონ“, „უცხო ხილის“ დაგემოვნებით გახდნენ უფრო ავტონომიურები და სოლიდარობა გამოუცხადონ ნარკო- და ალკოდამოკიდებულ კუმირებს.

ჩვენი ზედმეტად აგრესიული რეაქციით შეიძლება დავაზიანოთ მოზარდი, გავუძლიეროთ პროტესტი ზრდასრული საზოგადოების წინააღმდეგ. თუ მოზარდმა ერთხელ მოიხმარა ნარკოტიკი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნარკომომხმარებელთა სიას უნდა მივაკუთვნოთ. მხოლოდ მოზარდთა მცირე ნაწილი, ვინც ნარკოტიკული ნივთიერებები ერთხელ დააგემოვნა, კვლავ იყენებს მათ. თუმცა აუცილებელია დაუყოვნებლივ დავარწმუნოთ, რომ სწორედ უწყინარი ცნობისმოყვარეობა ხდება ურთულესი გზის – ქრონიკული დაავადების საწყისი.

მაშინაც კი, თუ ოჯახი ყველაზე ჰარმონიულია, თქვენს შვილს არ აკლია მზრუნველობა და ყურადღება, კარგად სწავლობს, უყვარს კითხვა, იტაცებს სპორტი და პატივს სცემს ხანდაზმულებს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მოზარდი არასოდეს მიიღებს ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. ეს ილუზიაა. ილუზიაა ისიც, რომ მხოლოდ დეპრესიული, რთული ან შემოქმედებითი მოზარდები არიან მიდრეკილნი ამის მიმართ. მოხმარება შეიძლება განაპირობოს საბედისწერო შემთხვევითობამ, კონკრეტული სიტუაციით გამოწვეულმა დროებითმა საჭიროებამ და სხვ.

„ჩემი ცხოვრება იმდენად საინტერესოა, რომ ნარკოტიკებზე უბრალოდ არ მიფიქრია“, – ეს არის ის იდეალური წინადადება, რომელიც ჩვენს მოზარდებს უნდა ვათქმევინოთ. მოზარდის ცხოვრება რომ საინტერესო და დატვირთული იყოს, მშობლის ხელშეწყობაა საჭირო. საჭიროა სახელმწიფოს თანადგომაც, რომელსაც ყოველთვის უნდა ჰქონდეს ამბიცია ჰყავდეს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი