მონაცემთა შეგროვების შემოქმედებითი მეთოდები (ნაწილი მეორე)

სტატიის პირველ ნაწილში გავეცანით მონაცემთა შეგროვების ერთ-ერთ მეთოდს -ფოტოშეფასებას. ამჯერად შემოგთავაზებთ სხვა მეთოდების მოკლე აღწერას, რომლებიც, კითხვარებისა და ინტერვიუებისგან განსხვავებით, შეფასების პროცესს სახალისოს და მოსწავლეთათვის სასარგებლოს ხდის.

 

უკუკავშირი – განწყობის სურათები

საკლასო გარემოს კვლევის დროს მასწავლებელს შეუძლია ისეთი საინტერესო და შემოქმედებითი მეთოდის გამოყენება, როგორიც განწყობის სურათებია. ამ შემთხვევაში საკვლევი პოპულაცია (მოსწავლეები) ახდენს თავისი აზრებისა და განწყობების ვიზუალიზაციას ფოტოებისა და სურათების საშუალებით. აღნიშნული მეთოდი ჩართული პირებისგან კრეატიულობას მოითხოვს. მას შეუძლია, მოსწავლეები თუ მასწავლებლები სრულიად მოულოდნელ აღმოჩენებამდე მიიყვანოს. უკუკავშირის მიღების შემდეგ კვლევას შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული ჯგუფის დამოკიდებულებები და განწყობები საკვლევი საკითხის მიმართ, დააჯგუფოს ისინი ან შეადაროს ერთმანეთს. მეთოდი ფუნქციონირებს ე.წ. გაწყობის სურათების მეშვეობით. ყველა სურათის საბოლოო მიზანი თითქმის ერთნაირია და მეტაფორული ხასიათი აქვს.

 

პეიზაჟი

მოდერატორი მოსწავლეებს წარუდგენს კონტურულ პეიზაჟს (ფოტო 1) (აჩვენებს ფლიპჩარტზე, პროექტორის საშუალებით, ან დაურიგებს ამობეჭდილ ვარიანტს). ის სთხოვს მონაწილეებს, აირჩიონ კონრეტული ფერი, ჩახატონ საკუთარი თავი პეიზაჟში თავიანთივე შერჩეულ ადგილას. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ, დახატონ კონრეტული სიტუაცია. აუცილებელი პირობაა, საკუთარი თავი პიროვნებებად კი არ წარმოადგინონ, არამედ აირჩიონ სიმბოლოები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ ხასიათს (მაგალითად, ღრუბელი, ხე). საბოლოოდ ყველა მოსწავლე ზეპირად აჯამებს, რატომ ხედავს საკუთარ თავს კონრეტულ სიმბოლოში, ფერში და პეიზაჟში შერჩეულ ადგილას. მეთოდის გამოყენება შეიძლება პატარა ჯგუფებშიც. ამ დროს მოსწავლეები იღებენ დიდ ფორმატზე ამობეჭდილ პეიზაჟს და ჯგუფურად ასრულებენ დავალებას.

 

 

ფოტო 1. პეიზაჟი

 

მოსწავლეთა უკუკავშირის მაგალითები:

„გვირაბში ვარ. გვირაბის ბოლოს სინათლეა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის“.

„ცაში ვარ, საჰაერო ბუშტში. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ზემოდან ყველაფერს ვხედავ“.

„სახლში ვარ, რომელიც ჩემი გემოვნებით მაქვს მოწყობილი. აქ ყოფნა ძალიან მამშვიდებს“.

 

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის ხასიათის, ემოციური მდგომარეობის, განწყობების, აღქმების, ოჯახური გარემოსა და ბევრი სხვა რამის შესახებ. მასწავლებელმა პასუხები უნდა დააჯგუფოს საკვლევი კითხვის შესაბამისად. თუ თემა ეხება სასკოლო გარემოს, შეიძლება, მოსწავლეებს შევთავაზოთ სკოლის ეზოს სურათი და ვთხოვოთ იმავე ნაბიჯების გამეორება.

 

საქათმე

განწყობის მეორე ყველაზე გავრცელებული სურათია ე.წ. საქათმის კარიკატურა (სურ. 2). მოსწავლეებს ურიგდებათ ამობეჭდილი კარიკატურა. მასწავლებელი სთხოვს მათ, დააკვირდნენ სურათს და უპასუხონ კითხვას: „კარიკატურაზე გამოსახულ რომელ ფრინველთან გააიგივებდი თავს?“

შესაძლო პასუხების მაგალითებია:

„მე ის ფრინველი ვარ, რომელიც სკამზე ზის. ასე შემიძლია მოვშორდე მოვლენებს და საერთოდ არ მივიღო ამ არეულობაში მონაწილეობა“.

„მე ვარ ფრინველი ამ პირამიდაში. ალბათ უფრო ქვედა საფეხურზე, რომელიც საძირკველია. მაქვს რაღაც წნეხის შეგრძნება, თითქოს ყველა პასუხისმგებლობა მე მაკისრია. მართალია რამდენიმე ადამიანი მეხმარება, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძლებ.“

 

ფოტო 2. საქათმე

 

 

ეს მეთოდი ძალიან კარგია კლასის განწყობათა შესასწავლად. ამასთანავე, სურათი სახალისოა და შეიძლება კლასში მხიარული დისკუსიის ისე გამართვა, რომ მნიშვნელოვან დეტალებსაც მივაქციოთ ყურადღება. მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ეს სახალისო აქტივობაა და არ ფასდება. ამით იგი წაახალისებს ყველა მოსწავლეს და მისცემს აზრის გამოხატვის საშუალებას.

„პეიზაჟისა“ და „საქათმის“ საშუალებით მკვლევართა/მასწავლებელთა ჯგუფს (სასურველია ფსიქოლოგის მონაწილეობაც) საინტერესო კვლევის ჩატარება შეუძლია. მოსწავლეთა აღქმებისა და ემოციური მდგომარეობის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ კლასებში, რომლებიც გარდატეხის ასაკს ემთხვევა. ამ პერიოდში, ასაკობრივ ცვლილებათა ფონზე, მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობა მოწყვლადია. შესაბამისად, ამ სფეროს მასწავლებლის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის შესახებ გარეშე პირებთან მსჯელობა. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება.

კომენტარები

comments