შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა გავლენას ახდენს სოციალური სტატუსი მოსწავლის ქცევაზე

სხვადასხვა ასაკში მოსწავლეთა ქცევითი და სასწავლო პრობლემების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალ ასაკში ბავშვის ქცევითი და ემოციური მახასიათებლები ძირითადად თანატოლთა ჯგუფში მისი მდგომარეობით განისაზღვრება, ბავშვის ამა თუ იმ ქცევის გამომწვევი მიზეზების ძიებისას მნიშვნელოვანია ჯგუფის ფსიქოლოგიური სტრუქტურის, მის წევრებს შორის დამოკიდებულებებისა და კონკრეტული მოსწავლის სოციალური სტატუსის გათვალისწინება.

ვფიქრობ, ნებისმიერი პედაგოგი შეამჩნევდა, რომ თანატოლთა ჯგუფებში მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვთ. ზოგს ლიდერის პოზიცია უკავია, აშკარად თუ ფარულად მართავს ჯგუფს და მასზე საოცარი გავლენის მოხდენა შეუძლია. გვხვდებიან ჯგუფიდან გარიყული ბავშვებიც, რომლებსაც თანატოლები უგულებელყოფენ და ხშირად კლასში მათ ყოფნა-არყოფნას ვერც კი ამჩნევენ, რაც საკმაოდ დამთრგუნველია, მტკივნეული და შეურაცხმყოფელიც კი. ჯგუფებში, როგორც წესი, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც, მართალია, ლიდერებად არ აღიარებენ, მაგრამ არც რიყავენ – მოიძებნებიან ბავშვები, რომლებიც მათთან ურთიერთობის და მეგობრობის სურვილს გამოთქვამენ. ასეთი მოსწავლეები, თუ ლიდერობის პრეტენზია არ აქვთ, შესაძლოა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს ამ პოზიციაში და არც მათ ქცევაში იჩენდეს თავს რაიმე პრობლემა. მაგრამ როცა ბავშვს ლიდერობა სურს და მიაჩნია კიდეც, რომ კარგი ლიდერი იქნებოდა, თანაკლასელები კი ამას არ აღიარებენ, ის შესაძლოა საკმაოდ პრობლემურ, კონფლიქტურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

ნებისმიერ ჯგუფს თავისი სტრუქტურა აქვს. არცთუ იშვიათია ერთ გუნდად შეკრული ჯგუფები, სადაც ყველას თავისთვის სასურველი და მისაღები ადგილი უკავია, სადაც სუფევს სიყვარული და კეთილგანწყობა, სადაც თანაკლასელს არავის დააჩაგვრინებენ და ყოველთვის მზად არიან, გვერდით დაუდგნენ მას, ვისაც დახმარება სჭირდება. თუმცა ისეთი ჯგუფებიც გვხვდება, რომლებიც ბოლომდე არ არის ფორმირებული, მოსწავლეთა ქაოსური კრებული უფროა, ვიდრე საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით გაერთიანებული გუნდი. აქ ხშირად ისეთი მოსწავლე ლიდერობს, რომლისთვისაც უცხოა სასწავლო ინტერესები, მაღალი ღირებულებები. ის ჯგუფში საკუთარი ღირებულებების გაბატონებას ცდილობს და ხშირად ახერხებს კიდეც. მოსწავლეები, რომლებიც არ ეთანხმებიან მას, მაგრამ ვერც წინააღმდეგობას უწევენ თავიანთი დაბალი სოციალური სტატუსის გამო, ლიდერის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ჯგუფში თავის დასამკვიდრებლად ნამდვილ სახეს მალავენ და თამაშს იწყებენ. ასეთ კლასებში პედაგოგები ხშირად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან როგორც სწავლების, ისე მოზარდებთან უთიერთობის კუთხითაც. მოსწავლეთა სოციალური განვითარება ფერხდება. ვფიქრობ, ამიტომაა, რომ მათთან ყველაზე ეფექტიანია მართვის ავტორიტარული სტილი. ფსიქოლოგიაში კარგად არის ცნობილი, რომ მართვის სტილი სამართავი ობიექტის განვითარების დონის ადეკვატური უნდა იყოს. რაც უფრო დაბალია ადამიანის განვითარების დონე, მით უფრო ნაკლებეფექტიანია მასთან მართვის დემოკრატიული სტილი – ავტორიტარული გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ამიტომ პედაგოგები, რომლებიც ასეთ კლასებში მართვის ავტორიტარულ სტილს იყენებენ, ნაკლებ პრობლემას ეჯახებიან, დემოკრატიული სტილის არჩევის შემთხვევაში კი ვითარება კონტროლს აღარ ემორჩილება და ქაოსურ სახეს იღებს.

პედაგოგს შესაძლოა ნებისმიერმა ჯგუფმა და ჯგუფში ნებისმიერი სოციალური სტატუსის მატარებელმა ბავშვმა შეუქმნას პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოშობს ჯგუფში თანაკლასელების მიერ იგნორირებული მოზარდების არსებობა. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია, ვინაიდან კომფორტული მდგომარეობა თანატოლთა შორის ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ის დაბალი სოციალური სტატუსის გამო ვერ იკმაყოფილებს ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილებებს, მასწავლებელი შესაძლოა უამრავი ქცევითი და სასწავლო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. თუ მოზარდის სოციალური სტატუსი დაბალია, მისი პრეტენზიების დონე კი – მაღალი, ის მიუღებელი, გამომწვევი ქცევით ეცდება ჯგუფში თავის დამკვიდრებას. იმ შემთხვევაში კი, როცა მოზარდის სოციალური სტატუსიც და პრეტენზიების დონეც დაბალია, ის საკუთარ თავში იკეტება და ურთიერთობებს გაურბის. ორივე შემთხვევაში ვეჯახებით სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მხოლოდ ჯგუფში მისი მდგომარეობის შეცვლით იქნება შესაძლებელი.

ვინაიდან კორექციული მუშაობა სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება და ყოველთვის არც მოაქვს სასურველი შედეგი, ვფიქრობ, მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს ჯგუფის წევრებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და თითოეული მოსწავლისთვის კომფორტული გარემოს შექმნისკენ, რაც მათ სოციალურ სტატუსზეც აისახება. რა თქმა უნდა, ჯგუფში ყველა ლიდერი ვერ იქნება და ყველას არც სურს ეს, მაგრამ თანატოლთა მხრივ ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება ყველა მოზარდს აქვს. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯგუფში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი სუფევდეს და ყველა ბავშვი კარგად გრძნობდეს თავს.

 

რეკომენდაციები მოსწავლეთა ჯგუფის ფორმირების სწორად წარმართვისა და ჯგუფში სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად ბავშვის დახმარების უზრუნველყოფისთვის

* კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა ჯგუფის ჩამოყალიბება და ამ ჯგუფში თითოეული ბავშვის ადგილისა და როლის განსაზღვრა სასკოლო ცხოვრების დაწყების პირველივე დღეებიდან გახდება ჩვენი ზრუნვის საგანი და არ დაველოდებით იმ მომენტს, როცა ბავშვი თავისი ქცევით მიგვანიშნებს, რომ ის კლასში კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.

ვინაიდან თანატოლების ჯგუფში ბავშვის სტატუსს ხშირ შემთხვევაში უფროსების შეფასებები განსაზღვრავს, საჭიროა, შეფასებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ამასთან, შევაფასოთ ქმედება და არა ბავშვის პიროვნება, ქმედების შეფასებისას კი გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები. ნუ მოვთხოვთ იმას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება.

* ნებისმიერ ბავშვს შეუძლია რაღაცის კარგად კეთება. მივცეთ მას ისეთი დავალება, რომელიც მას წარმატებას მოუტანს და ჩვენც გვექნება შექების საფუძველი.

* შევქმნათ ისეთი პირობები, რომ თითოეულ ბავშვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცეს. ეს მათ დაეხმარება, ერთი მიმართულებით მაინც მოიპოვონ სასურველი სტატუსი. თუ ბავშვმა ინტელექტუალურ საქმიანობაში ვერ მოიპოვა პოპულარობა, იქნებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარება შეძლოს ისე, რომ ორგანიზაციული ლიდერიც კი გახდეს. თუ არც ინტელექტუალური და არც ორგანიზაციული უნარებით არ გამოირჩევა, შესაძლოა პიროვნული ურთიერთობები აღმოჩნდეს პოპულარობის მომტანი. მთავარია, ბავშვი ჯგუფისგან იზოლირებული არ იყოს და მისი ყოფნა-არყოფნა თანაკლასელებისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდეს.

* ვერიდოთ არაპოპულარული ბავშვების უსაფუძვლო ქებას და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას ჯგუფში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამით შესაძლოა საპირისპირო შედეგი მივიღოთ და კიდევ უფრო დავწიოთ მათი სოციალური სტატუსი. უკეთესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის უნარებს, შესაძლებლობებს და შევუქმნით ისეთ პირობებს, რომ მან რეალურ წარმატებას მიაღწიოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეთა ჯგუფში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შესაქმნელად, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ვიზრუნოთ ჯგუფში კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, რათა კლასში თითოეული მოსწავლე კომფორტულად, დაცულად გრძნობდეს თავს, არ ჰქონდეს იგნორირებისა და ჯგუფიდან გარიყვის შიში. ამ შემთხვევაში უფრო იშვიათად შევეჯახებით ქცევით თუ სასწავლო პრობლემებს და მოსწავლეებიც უკეთ მოახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი