პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოციალური განწყობიდან დისკრიმინაციამდე

სოციალური განწყობის (ატიტუდის) დეფინიციის ჩამოყალიბებასა და მის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უილიან ი. თომასისა და ფლორიან ზნანიეცკის წიგნმა „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში” (1918-1920). მათ სოციალური განწყობა განმარტეს როგორც შეხედულებებისა და იდეების მყარი სისტემა, რომელიც ამზადებს ინდივიდს განსაზღვრული ქმედებების შესასრულებლად. ღირებულებებთან ერთად თომასის თეორიის „ოთხი სურვილი” – ახალი გამოცდილებებისა, აღიარებისა, დომინირებისა და უსაფრთხოებისა – წარმოშობს განსაზღვრულ ატიტუდებს.

ფსიქოლოგები განწყობის სხვადასხვა განმარტებას გვთავაზობენ, რომლებიც მის სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ესაა „რწმენების, განცდებისა და ქცევითი ტენდენციების შედარებით მყარი სტრუქტურა სოციალურად მნიშვნელოვანი საგნების, ჯგუფების, მოვლენებისა და სიმბოლოებისადმი” ((Hogg, & Vaughan 2005, p. 150). ოლპორტის მიხედვით, ატიტუდი არის გამოცდილებით გამყარებული სულიერი და ნერვული მზაობა, რომელიც მიმართულებას აძლევს და განსაზღვრავს განწყობასთან დაკავშირებული საგნებისა და სიტუაციის მიმართ ქცევის დინამიკას. დუბის აზრით, „განწყობა სტიმულსა და რეაქციას შორის ჩართული ცვლადია, რომელიც ქცევის მიმართულებას განსაზღვრავს”. სხვები მას განმარტავენ როგორც „ფსიქოლოგიურ ტენდენციას, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული ობიექტის ან გაერთიანების მიმართ დადებითი ან უარყოფითი შეფასებით” (Eagly, & Chaiken, 1993, p. 1). კრეჩის, კრეჩფილდისა და ბალაჩის დეფინიციით, განწყობა სოციალური ობიექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების, ასევე დამოკიდებულებისა და ობიექტისადმი სამტროდ ან სასიკეთოდ მოქმედების მყარი სისტემაა. ატიტუდის სტრუქტურა 3 კომპონენტისგან შედგება: 1. აფექტური კომპონენტი – ინდივიდის განცდები/ემოციები, რომლებსაც ის განწყობის ობიექტს უკავშირებს („მე მეშინია ძაღლების”); 2. ქცევითი კომპონენტი – ატიტუდის გავლენით ინდივიდის ქცევა განწყობის ობიექტის მიმართ („როცა ძაღლს დავინახავ, გავიქცევი”); 3. შემეცნებითი კომპონენტი – ინდივიდის რწმენები/ცოდნა განწყობის ობიექტის მიმართ („მჯერა, რომ ძაღლები საშიშები არიან”).

განწყობის შესაქმნელად საჭიროა ობიექტი და მისი შეფასება. განწყობის ობიექტად შესაძლოა იქცეს ერთი ადამიანი ან სოციალური ჯგუფი, აბსტრაქტული ან კონკრეტული საგანი და ა. შ. მისი შეფასება შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი. თუ ადამიანი დადებითად აფასებს განწყობის ობიექტს, იგი მის მიმართ იმოქმედებს დადებითი მანერით, ხოლო თუ უარყოფითად – უარყოფითი მანერით. თუ მასწავლებელს მოსწონს ცაცია მოსწავლეები (აფექტური კომპონენტი), წარსული გამოცდილებიდან სჯერა, რომ ისინი კარგად სწავლობენ (შემეცნებითი კომპონენტი).

თურსტონმა განაცხადა, რომ „ატიტუდი შეიძლება იყოს გაზომვადი” და შემოგვთავაზა მისი საზომი სკალა, რომელიც განწყობის ობიექტის მიმართ გამოვლენილ დადებით ან უარყოფით შეფასებას განსაზღვრავს. ამ მიზნით გამოიყენება ოზგუდის სემანტიკური დიფერენციალი და ლაიკერტის ტიპის სკალა. ბოგარდუსის მიერ შემუშავებული სოციალური დისტანციის სკალა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ ატიტუდის გასაზომავად შეიქმნა. 

პრეჯუდისი ეწოდება უარყოფით განწყობას ზოგიერთი ჯგუფის წევრებისადმი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მოცემულ ჯგუფს ეკუთვნიან. თუ ადამიანი ჯგუფის წევრებს მიაწერს განსაზღვრულ ნეგატიურ საერთო თვისებას ისე, რომ არ ითვალისწინებს მათ ინდივიდუალურ ქცევებსა და თვისებებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას აქვს პრეჯუდისები ამ ჯგუფის მიმართ. მაგალითად, თუ მასწავლებელს ჰგონია, რომ ყველა ცაცია მოსწავლეს ცუდი კალიგრაფია აქვს, შესაძლოა დაუმსახურებლად დაუწეროს დაბალი ნიშანი ამ ჯგუფის ისეთ წარმომადგენელს, რომელიც კარგად წერს. პრეჯუდისი, ატიტუდის მსგავსად, შეიცავს სამ კომპონენტს. კანონების, სოციალური ზეწოლის ან სამაგიეროს გადახდის შიშით ინდივიდები ხშირად შემეცნებით და აფექტურ კომპონენტზე ჩერდებიან. როცა ასეთი შემაკავებელი გარემოებები არ არსებობს, ადამიანს შეუძლია, თავისი ნეგატიური ქცევა განსაზღვრული ჯგუფის ან მისი წევრების მიმართ ღიად გამოხატოს – უარყოფითი სოციალური განწყობა/პრეჯუდისი გადავიდეს დისკრიმინაციაში.

პრეჯუდისები და დისკრიმინაცია შეძენილი ფენომენებია. „მე არ მინდა, ჩემმა შვილმა სკოლაში იაროს ამ ჯგუფთან ერთად”, „მე არ ვისადილებ იმ კაფეში, სადაც ამ ეროვნების მზარეული ჰყავთ”, „ჩემი შვილი ამ რელიგიის წარმომადგენელს ცოლად არ მოიყვანს” – ხშირად ამ ფრაზებით მშობელი „პასს” აწვდის შვილს, რათა შემდგომ უკვე მან გაიტანოს „გოლი”. უფროსების უარყოფითი განწყობა რომელიმე ჯგუფის მიმართ შესაძლოა ბავშვის გონებაში დაილექოს, მასაც გაუჩნდეს პრეჯუდისი და გამოხატოს. გამოხატვის ფორმად მან შესაძლოა აირჩიოს როგორც ობიექტის გარიყვა, პერსონა ნონ გრატად მისი გამოცხადება, ასევე ვერბალური ან ფიზიკური აგრესიაც.

დისკრიმინაციასთან ბრძოლისას ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფაქტორი ის არის, რომ ბავშვები არ იბადებიან განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისადმი სიძულვილით. საჭიროა ბავშვების აღზრდის პროცესის წარმართვა სტერეოტიპებისა და პრეჯუდისების გარეშე.

რამდენიმე რჩევა მშობლებს:

* მიიღეთ თქვენი შვილები როგორც უნიკალურები, ინდივიდები. დაანახვეთ, რომ აღიარებთ და აფასებთ მათ ინდივიდუალურ თვისებებს, ამასთანავე, ესაუბრეთ სხვა ადამიანების განსხვავებულობაზე.

* დაეხმარეთ თქვენს შვილებს მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ სხვის განცდებს. კვლევების მიხედვით, ემპათიური ბავშვები ნაკლებად ხდებიან პრეჯუდისების ტყვეები, რადგან შეუძლიათ სხვა ადამიანის განცდების წარმოდგენა.

* აუხსენით ბავშვებს, რომ დაუშვებელია ადამიანების გარიყვა ან დამცირება მათი რელიგიური, ეთნიკური, გენდერული, გარეგნული, სექსუალური ორიენტაციის გამო. 

* ასწავლეთ თქვენს შვილებს განსხვავებულ ჯგუფებთან, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი პატივისცემა.

* მიიღეთ ზომები პრეჯუდისებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენ ან თქვენი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს ფანატიკური ენა, დაუყოვნებლივ უთხარით მას, რომ „ასეთი ხუმრობა შეურაცხმყოფელია თქვენთვის”, რადგან ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა არის მიუღებელი. თუ გსურთ, ბავშვი შორს იყოს უარყოფითი განწყობებისგან, თავადაც უნდა მიბაძოთ მას.

პრეჯუდისებთან ბრძოლის პროცესში მშობლებთან ერთად ძალიან დიდი როლი ეკისრება მასწავლებელს. ჯგუფური მუშაობის დროს დაპირისპირებული ჯგუფების წევრებს შორის საერთო მახასიათებლების აღმოჩენა და ხაზგასმა ბავშვებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი თავად უნდა იყოს უარყოფითი სოციალური განწყობისგან შორს. სტერეოტიპებისა და პრეჯუდისებისგან თავისუფალ საკლასო ოთახში ხშირი, არგუმენტებით გაჯერებული საუბარი იმაზე, რა ნეგატიურ შედეგებს იწვევს დისკრიმინაცია და პირიქით, როგორ აფერადებს და საინტერესოს ხდის დედამიწას ადამიანებისა და მათი კულტურების განსხვავებულობა, საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და „ფანატიკოსის ჯაჭვიც” გაწყდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი