პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე სიურპრიზი მქვია

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ყოფნისას, საახალწლო სპექტაკლის დადგმა დაგვავალეს. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა: ლექსები, თოვლის ბაბუა, ყელზე შემოხვეული იაფფასიანი, ალაგ-ალაგ გაწყვეტილი და სკოჩით დაწებებული წვიმები, ღარიბულად მორთული ნაძვის ხე, შეშის ღუმელის კვამლის სუნით გაჟღენთილი, უფროსი დედმამისშვილების გამოცვლილი ტანსაცმელი, სიცივისგან აქერცლილი კანი, ცხვირზე ლოლოებივით ჩამოკონწიალებული ჟღვლინტები და თოვლის ბაბუის სიძუნწისგან დადარდიანებული ბავშვების თვალები. კლასელებმა ნორმალური როლები მიიღეს – გამოხვალ, ლექსს იტყვი, დამსწრეებს ყალბად უსურვებ ხვავსა და ბარაქას, დარბაზისკენ ერთი-ორ „კიბოს კისერს” ისვრი, ნაბიჯს უკან გადადგამ და ეგაა – თავი ქუდში გაქვს. მე სიურპრიზის როლი შემეტენა.

 

სიურპრიზის როლის თამაში თავიდანვე მესიკვდილებოდა, მაგრამ დრამწრის მასწავლებლის ნათქვამის მერე, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. „სიჩუმე ჩამოწვება. ამ დროს შენ ბავშვების მასას გამოეყოფი, სცენაზე გადმოხტები, სამ ბრუნს გააკეთებ, მერე ხელების და ფეხების მოძრაობას დაიწყებ, თან გაკვირვებული გაიხედავ იქით-აქეთ, თან ასე იტყვი – ჰოპ, ჰოპ, ჰოპ – მერე ისევ სამ ბრუნს გააკეთებ გაიკრიჭები და დაიძახებ – მე სიურპრიზი ვარ” – თქვა მან. საწერად ძნელია, მაგრამ ის, რაც დრამწრის მასწავლებელმა იქ გააკეთა და რასაც ჩემი კლასი, შესაბამისად კი ჩემი სამშობლო ჩემგან ელოდა, მინიმუმ ჯეკ ნიკოლსონის სამსახიობო ოსტატობას მოითხოვდა.

 

სევდით სავსე დღეები დამიდგა. ვწყევლიდი ყველას, ვინც კი საახალწლო ზეიმები მოიგონა. ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ახალი წელი უნდა მიულოცონ. ჩემთვის გაქარწყლდა დღესასწაულის ყოველგვარი მოლოდინი. ვეღარ ვგრძნობდი სადგურის მოედანზე ნაყიდი შოკოლადი „დათუნიას” სიტკბოს. ჩალის ფასი დაედო საგანგებოდ გადამალული ჩურჩხელის აღმოჩენას.

ვვარჯიშობდი დღისით და ღამით, ძილშიც კი. ვვარჯიშობდი საძინებელში, სამზარეულოში, მულტფილმის ყურების დროს. ყველაზე რთულ მომენტებს კი კარადაში გამოკეტილი ვრეპეტიციობდი. ახლა, ჩემი ცხოვრების ამ შორეულ ეპიზოდს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ საკუთარ შვილს არასოდეს დავაძალებ მონაწილეობა მიიღოს ისეთ რამეში, საითაც გული არ გაუწევს. არ ვატარებ მუსიკის გაკვეთილებზე, თუკი ეს მისთვის ისეთივე ჯოჯოხეთად იქცევა, როგორც მშობლები გვიყვებიან. არ მივიყვან გაურკვეველ სტუდიებში, ყვავილების სახელები რომ ჰქვიათ და 567-ე არხზე  Power Point-ში აწყობილ კლიპებს უშვებენ, ბავშვები კი გაკვირვებული სახეებით ამოძრავებენ პირს და ლაპარაკობენ ცუდ სიმღერებს; არ ვეტყვი, რომ ცხოვრებაში მგელი უნდა იყოს, #1, ჩემპიონი, რომელსაც ვერავინ აჯობებს. თვითონ გადაწყვიტოს ჩემპიონობა ურჩევნია თუ ჩემპიონისთვის წყლის მიწოდება, რადგანაც ღირსეული ადამიანები ორივე მხარეს არიან, ისევე, როგორც უღირსები. არ დავაყენებ სუფრის გასწვრივ და არ მოვაყოლებ ლექსებს იმის დასამტკიცებლად, რომ მას ბევრი საზეპიროს  დაზუთხვა შეუძლია და არ ვაყურებინებ მთვრალი ადამიანების სახეებს, რომლებიც ნაძალადევად იღიმიან და სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიათ ის, რასაც ისმენენ. არ ვეტყვი, რომ იურისტი, ექიმი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უნდა გამოვიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელობებში ბევრი ფული იშოვება და პრესტიჟულია – ზღვა ხალხს ვიცნობ მშობლების არჩეული პროფესიით ტონა ფულს რომ გამოიმუშავებენ და მათ ცხოვრებაში არცერთი წამი არ არის ბედნიერი. არ შევუქმნი წარმოდგენებს ავტორიტეტებსა და იდეალურთან მიახლოებულ ადამიანებზე, რათა შემდეგ ისევე არ გაუცრუვდეს იმედები, როგორც მე, როცა გავიგე, რომ ზოგი დიდი პოეტი, კაცის ეტალონი რომ მეგონა, ხელში პატაკებმომარჯვებული დარბოდა საკუთარი მეგობრების დასაბეზღებლად იქ, „ზემოთ”. არ ვეტყვი, რომ ესა თუ ის წიგნი შედევრია – ლიტერატურაში სხვათა გემოვნების ბრმად ნდობა იგივეა, რაც უცნობი ადამიანისგან ტანსაცმლის საჩუქარად მიღება, როცა მან არც შენი ტანის ზომა იცის და არც ის, რა ფერი ან სტილი მოგწონს.

 

ზეიმის დღე დადგა. მე დილიდან ამომიტრიალდა გულ-მუცელი ნერვიულობისგან. როცა კლასში მასწავლებლები და იაფფასიანი ფოტოაპარატებით შეიარაღებული მშობლები შეიკრიბნენ, ყელში ტირილის ბურთი მომაწვა. ლოცვა არ ვიცოდი, მაგრამ ინსტიქტურად ვხვდებოდი, რომ არსებობდა რაღაც ძალა, რომელსაც შეეძლო ჩემი წამება დაესრულებინა. ამიტომაც, უცნობ ქმნილებას, გარშემომყოფები ღმერთად რომ მოიხსენიებდნენ, ვთხოვდი ჩემი რიგი სწრაფად მოსულიყო. უცნობმა ძალამ ჩემი ვედრება არ შეასრულა და სიურპრიზის შემოსვლამდე დრო უსასრულოდ გაიწელა. და, როცა ჩემი ჯერი დადგა, მე წამერთვა მოძრაობის უნარი და ენა დამიმძიმდა. მორიდებულად გადავდგი ნახევარი ნაბიჯი წინ და მაძღარი კატასავით ამოვიკნავლე: „მე სიურპრიზი ვარ”. არც ბრუნი გამიკეთებია, არც „ჰოპ, ჰოპ, ჰოპ” მითქვამს. დრამწრის ხელმძღვანელის თვალებმა სახის კანი ამომწვეს, მე კი, დარბაზის ნაცვლად საკუთარ ფეხებთან დავყარე კანფეტები. სასცენო ფარდა არ გამოშლილა. ჩვენ ის არ გვქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი