პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ყვავილებით გადარჩენილი ქვეყანა

 ამას წინათ „ჰაინრიხ ბიოლის” ფონდიდან დამირეკეს და საჯარო ლექციის წაკითხვა შემომთავაზეს.  აქ,” მასწავლებელში”, დაბეჭდილი ჩემი სტატია  _” ლარა” წაუკითხავთ და ამიტომ მიმიწვიეს.
პროექტის ფარგლებში, გორში, სპეციალურად შერჩეულ აუდიტორიას ლექცია-სემინარები უტარდება სტალინიზმის თემაზე და ლიტერატურასთან მიმართებაში იქნებ თქვენ ისაუბროთო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.

მოგვიანებით, თვითონ პროექტის ხელმძღვანელი დამიკავშირდა, ახალგაზრდა გოგონა, ნათია ჩანკვეტაძე. საბოლოოდ მოვილაპარაკეთ და დათქმულ დროს წავედით.
 გავიცანი ნათია, სუსტი, ლამაზი, სიფრიფანა ყვავილივით გოგო.  გორში წასასვლელად დიდი მანქანით მომაკითხეს, სამ რიგად რომა აქვს საჯდომები, ისეთით. მანქანა სავსე იყო ახალგაზრდებით, წინ  ჩემთვის დაეტოვებინათ ადგილი. ჩავსხედით და წავედით.

გზაში ერთმანეთი გავიცანით, ახალგაზრდები თვალებანთებულები მიყვებოდნენ თავიანთი პროექტის შესახებ, როგორ ცდილობენ რეგიონელ ბავშვებს, რაღაც ასწავლონ, როგორ ლექციიდან ლექციამდე იცვლება მათი თვალთახედვა. როგორი მნიშვნელოვანია გორში ეს კურსი. თვითონაც ძალიან ახალგაზრდები არიან, თითქმის იმ ბავშვებივით გამოიყურებიან, გორში რომ დაგვხვდნენ, მაგრამ  უკვე საოცარი ვნებით არიან  სავსენი, შეიტანონ სინათლე იქ, სადაც ეს უფრო საჭირო ჰგონიათ.

თბილისიდან გორამდე დიდი გზა არაა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ისე გაგვებრაზებინა სტალინის მოყვარული მძღოლი, რომ გულზე გამსკდარს აგრესიულად და საშიშად ვეტარებინეთ. იჯდა, დაძაბულს ეჭირა საჭე, ერთ-ორჯერ შემოკამათებაც სცადა, მაგრამ ბევრნი ვიყავით, რას მოგვერეოდა. დაიძაბა და დაიბოღმა და რახან სიტყვით ვერ მოგვერია, ეს თავისი ბოღმა მანქანის ტარების მანერაში გამოავლინა. მოგვიანებით მომიბოდიშეს, კი ვიცოდით მაგისი სტალინელობა, მაგრამ პირიქით, მაგის გამო ვიქირავეთ, გვიხაროდა, ამასაც რამეს გავაგებინებთ,  დღეს კი ისე მოიქცა, აუცილებლად გამოვცვლითო. 

საერთოდ ძალიან მშიშარა მგზავრი ვარ. მგზავრობისას ოდნავ უხეში მანევრი თუ შევნიშნე, ვიძაბები და ხანდახან მანქანიდან რომ გადმოვდივარ,  ყველა კუნთი მტკივა. გორში მიმავალს, ეტყობა, ახალგაზრდებისგან გადმომედო განწყობა და შიშის მაგივრად ბავშვური სიანცით ავივსე. უფრო და უფრო ვაბრაზებდით და რომ ჩაგვიყვანა, მინდოდა მოვტრიალებოდი და ენა გამომეყო, როგორც პატარებმა იციან გამოჯავრებისას, მაგრამ ლექციის ჩასატარებლად ჩასული ქალისგან ვერ იქნებოდა მთლად ნორმალური საქციელი და საერთოდ, დიდები ბავშვებივით ვეღარ ვიქცევით.

მივედით გორის უნივერსიტეტში. მოიყარეს თავი პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 16- 20 წლის მსმენელებმა და დავიწყეთ.
ლექციას პირობითად „სტალინური რეპრესიები და ქართული მწერლობა” ერქვა. 
ველაპარაკე 37 წელზე, იმ დროის „ლიტერატურულ საქართველოზე”. ვის როგორ შეეხო რეპრესიები, რა კვალი დატოვა. მერე რა ლიტერატურა შეიქმნა ამ თემაზე. ბევრი ვისაუბრეთ რევაზ ინანიშვილზე. ვიკითხეთ ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან: „ლარა,”  „პატარა ბიჭი გოლგოთაზე,” „დამნიგებელი,” „გიმნასტურიანი მამაკაცი.”  ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში ეს თემა წინა ლექციებზე განუხილავთ და აღარ შევხებივართ. 

ლიმიტირებულ დროს გვარიანად გადავაჭარბეთ და შეკითხვები მაინც არ წყდებოდა.
წამოვედი ძალიან ბედნიერი. კიდევ ერთხელ მივხვდი, ვიღაცისთვის რაღაცის სწავლება, ისაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს. კიდევ ერთხელ გამახსენდა: „არავინ აღანთის სანთელის ხვიმრისა ზედა, არამედ სასანთლესა ზედა გადგიან” …  და კიდევ ერთხელ გამეცინა საკუთარ თავზე, რაღაცის ცოდნა-გადაცემა ამგვარ ხიბლში რომ მაგდებს. გამახსენდა ჩემი  სტუდენტების ჯგუფი, წინა კვირაში პირველად რომ მომიტანეს ისე გაკეთებული საშინაო დავალება, მათი ნაფიქრი რომ ჩანდა. მერე უკვე მერამდენედ ჩავუტკბი ფიქრებს, რომ აი, ერთ ათ წელიწადში, შვილები რომ ცოტა ფეხზე დადგებიან (ოღონდ ამაში რას ვგულისხმობ, თვითონაც არ ვიცი) წავალ ჩემს მთიულეთში, ან სოფლის სკოლაში ვიმუშავებ, ან რაიმე საგანმანათლებლო პროექტებს გავაკეთებ და მეც მივხედავ, როგორც შევძლებ ჩემს რეგიონს, რაღაცას თანამედროვეს და ახალს ვასწავლი, ვიღაცებს დავეხმარები, ვიღაცებს  დავიცავ. 

დავიძინე ბედნიერებით და კმაყოფილებით სავსემ, ისეთი ამაღლებული განწყობით, მხოლოდ მასწავლებლებლებს რომ სჩვევიათ. კიდევ კარგი თვითირონიასაც  არ ვუჩივი, თორემ დავრჩებოდი სასაცილოდ გაღიმებული.
გავიღვიძე, ისევ კარგად ვარ. ისევ ის ნათელი გოგო-ბიჭები და რეზო ინანიშვილი „მეფიქრება”.   
მომაგონდა რეზო ინანიშვილის მოთხრობა – „მეიარაღის ქალიშვილი.”
გადმოვიღე და მერამდენედ ვკითხულობ.

… „დიდი, დიდი ხნის წინათ, როცა ქვეყანაზე ჯერ უბრალო თოფებიც კი არ იყო გამოგონებული, თვითონ ულამაზესი ყვავილებიც კი ჯერ ისევ მხოლოდ ტყეებსა და ველებში ხარობდა, ერთ მეომარ ქალაქში ერთი მეიარაღე ცხოვრობდა. ამ მეიარაღეს ყველანი უბედურ მეიარაღეს ეძახდნენ და ჩვენც ასე დავუძახოთ. უბედური კი იმის გამო იყო, რომ ულამაზესი ცოლი ჰყავდა და მოუკვდა.”…

 მეიარაღე მთელი დღე კბილების ღრჭენით, მუქარით აკეთებდა იარაღებს, რადგან ,  ისინი ასეთივე მეომრებს უნდა გამოეყენებინათ. მეიარაღეს ერთი პატარა გოგონა ჰყავდა. ერთხელ გოგონამ და მისმა აღმზრდელმა ქალმა ტყიდან ყვავილები მოიტანეს და ლარნაკში ჩააწყვეს. საღამოს მათ დანახვაზე მეიარაღემ გაიღიმა. გოგონამ ეს შენიშნა და ამის შემდეგ მას და მის აღმზრდელს ყოველ დილით მოჰქონდათ ყვავილები.

ამ ყვავილებმა მეიარაღე მთლიანად შეცვალა. ცოტა ხანში იარაღის ნაცვლად სამეურნეო ნივთებისა და სამკაულების კეთება დაიწყო. ახლა ვეღარავინ დაუძახებდა  უბედურს. მისი ცვლილება ამ ქალაქის მკვიდრმა სხვა ქალებმაც მალე შენიშნეს  და „თვითონაც წავიდნენ უთენია ქალაქგარეთ, დაკრიფეს სხვადასხვა ფერის ყვავილები, მოიტანეს შინ, ჩადგეს ლარნაკებში, ჩაუსხეს წყალი და ნახეს, რომ მათი სახლებიც აივსო რაღაც სინათლით, სიწყნარითა და სითბოთი. თითქოს დაბრუნდნენ მათგან წასული უძვირფასესი ადამიანები, დაბრუნდა ის ბედნიერი წუთები, რომლებიც კი ოდესმე განეცადათ. მოხუცებმა გაახალგაზრდავება დაიწყეს, მეიარაღეებმა მახვილების ჭედვას თავი ანებეს და საოჯახო ნივთებისა და სამკაულების კეთებას შეუდგნენ. მყვირალა მეომრები დაჩუმდნენ, ხმლები ქარქაშებში ჩააგეს, დაკვირვების უნარი დაუბრუნდათ, მიმოიხედეს ირგვლივ და მიწას მოუყარეს მუხლი. მიხვდნენ, რომ ყველაზე კარგი, ყველაზე ლამაზი მიწაა. მიწა აღმოაცენებს ამ საოცრებებსაც – ყვავილებს „ 

მიუხედავად იმისა რომ რეზო ინანიშვილი, ჩემი აზრით, მეოცე საუკუნის ყველაზე კეთილი ავტორია. მისი სიკეთე არასდროს გადადის მიამიტობაში. არც ამ მოთხრობის აზრია მიამიტური და არც ყვავილებით, მშვენიერებით გადარჩენის გზა. ბოროტება თავისი ხასიათით ძლიერია, მყარი და ხშირად ძალაუფლების, თუ სხვა,  ერთი შეხედვით, მომხიბვლელი თვისებების გამო ადამიანებს იზიდავს. საფრთხე, მოიხიბლო ვიღაცის ძლიერებით, ადამიანების მართვის უნარით, ყოვლისშემძლეობით და მთავარზე ფიქრი გაგექცეს, ყოველთვის დიდია.

სიკეთე ბოროტებასთან ჭიდილში თითქოს უფრო სუსტია. ალბათ ამიტომაა, რომ ის ლიტერატურაში ხშირად ყვავილების სახით გამოიხატება. ყვავილი სუსტია და ჭკნობადი. მისი სიცოცხლე ადამიანისაზეც კი ხანმოკლეა. მაგრამ  მას აქვს უძლეველი იარაღი – მშვენიერება, რომელიც სიბნელეს გაჰკვეთს და გზას გამოაჩენს.

ლექციის თემიდან გამომდინარე ეს დღეები სულ ტოტალიტარიზმსა და ლიტერატურაზე ვფიქრობდი. მძლავრ, სისხლიან, მყარ სახელმწიფო სტრუქტურებს პატარა, კეთილი მოთხრობები უპირისპირდება. თუ გვინდა, მომავალი ნათელი გვქონდეს, თუ გვინდა, შემდეგმა თაობებმა ტოტალიტარიზმი თავიდან აიცილონ,  მათ რევაზ ინანიშვილის ბევრი მოთხრობა უნდა ვასწავლოთ. დასანანია, არც საატესტატო  და არც ეროვნული გამოცდების სავალდებულო სიაში რევაზ ინანიშვილის არცერთი ნაწარმოები არაა შესული. არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი მოსწავლე ყველაზე მეტად აბიტურიენტობისას კითხულობს და ის ავტორები, რომლებიც პროგრამის გარეთაა, რაღაცნაირად გვერდზე რჩება. ორი- სამი წლის უკან ამ პროგრამებში რევაზ ინანიშვილის „სამი მოთხრობა„ შედიოდა, მერე რატომღაც გაქრა. შეიძლება იმიტომაც რომ ისინი რაღაც გლობალურს და მონუმენტურს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანურ პატარ-პატარა გრძნობებს ეხებოდა და აქედან გამომდინარე, ალბათ ძნელი იყო ანალიზი. ან შეიძლება სწორედ ამ პატარ-პატარა ადამიანური სათქმელების გამო ვიღაცას ნაკლებ მნიშვნელოვნად მოეჩვენა.

 ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც რეზო ინანიშვილი ძალიან ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. თითქოს ვიცით, რომ  ერთ-ერთი ის მწერალია, რომელმაც მომავალი უნდა გაზარდოს, მაგრამ მაინც არ გვაქვს მიკუთვნებული სათანადო ადგილი. იქნებ იმიტომ, რომ ერთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის დანგრევის შემდეგ მეორეში მოხვედრილებს ისეთი შიში გაგვიჩნდა ულუკმაპურობისა და წარუმატებლობის, რომ ჩვენი შვილები რაღაც პროექტებად წარმოვიდგინეთ, რომელთაც მასშტაბური, გამოსაყენებელი უნარები უნდა ჩავუნერგოთ და დავივიწყეთ პატარ-პატარა ადამიანურ გრძნობათა მნიშვნელობა.
“მეიარაღის ქალიშვილი” კი ამბობს, რომ სწორედ ომის, დაძაბულობის, უბედურების დროსაა გადარჩენის ერთადერთი საშუალება მშვენიერება, მთავარია, ჩვენ გვქონდეს ამ მშვენიერების სხვებისთვის მიტანის, ნათელის გაზიარების სურვილი. 
იმ დღეს გორიდან კი ძალიან ბედნიერი და დაიმედებული ჩამოვედი მაგრამ, სამწუხაროდ, ხაშმში, რეზო ინანიშვილის დანგრეული და უპატრონო სახლი მაინც რჩება ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის სახედ.
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი