პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი ღმერთი

ჩანდაკი ალბათ გაშტერდა გაოცებისგან, როცა უკან მჯდომმა ბატონმა უთხრა – გააჩერე, აქ ჩამოვალო. რაღაც ისეთი მომენტი იქნებოდა, ვინმე სერიოზულმა ბიზნესმენმა რო მძღოლს მხარზე ხელი დაატყას და დეზერტირების ბაზართან გააჩერებინოს S კლასის მერსედესი. ჩამოვიდეს და იქვე დარჩეს.

ბუდა რაღაც წვეულებაზე მიდის, ჯერ პატარა ბიჭია, არცაა ის ბუდა, ჩვენ როგორიც ახლა ვიცით ან გაგვიგია. მამამისი მეფეა, ამას ათასი ქალი, ძმაკაცი ახვევია გარშემო. სულ წვეულებებზე დადის, ჰაშიშს ეწევა, სვამს, გოგოებს კერავს. ჩანდაკი კიდე ენას ვერ აჩერებს. და უთხრა ერთ დღესაც აი, იქ რო ზის მოწყალებას ითხოვს, ის – მოხუცია, ის კიდევ კვდებაო.

ბუდა შაკიამუნმა სახლიდან გამოსვლის წინ, უეჭველი, კარგად გააბოლა და ახლა პირველად ესენი რო გაიგო, გაგიჟდა. მორჩა, რად უნდა ამდენი სიმდიდრე, ძალაუფლება, თუ მაინც დაბერდება, თუ დასნეულდება და მერე მოკვდება?.. გააჩერებინა ჩანდაკს, ჩამოვიდა და წავიდა ფეხით. შეიძლება ცოტა რო გამოფხიზლებულიყო, ეგეც უნდოდა.

მერე, ბანალური ამბავია, რამდენიმე წელი იხეტიალა ბრძენი ადამიანებისგან ცოდნის მისაღებად. ბოლოს დაჯდა ხის ქვეშ და დაელოდა საკუთარ ცვლილებას. ჩანდაკი – მეეტლე ბუდისტურ ტექსტში არაა მოხსენიებული, არ არსებობს. ქართულ თარგმანში გვხვდება. ალბათ მთარგმნელმა ბუდიზმის ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაახლოების გამო ახალი პერსონაჟი დაამატა თარგმანისას, მწყემსი კეთილის მსგავსი, ვიღაც, ვინც გაჩვენებს გზას (იესო?).

მერე უკვე ახალ აღთქმაში ქრისტე წყევლის ლეღვის ხეს, როცა მისი ნაყოფის მიღება უნდა და ხე უნაყოფოა. ბუდა ლეღვის ხესთან იჯდა, როცა გასხივოსნდა. კარგი პარალელია, რომ ქრისტე, როგორც მამის ეპოქის შემცვლელი, შურისგების ნაცვლად მშვიდობის მომტანი, სხვა რელიგიებსაც ასრულებს. „გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს“. (მათ. 5:38-42) ლეღვის ხე უნაყოფოა, ანუ ბუდისტური სწავლება და ახალი ეპოქის ღმერთი წყევლის მას.

მერე კიდევ მოდის ახალი ღმერთი, ჩემი მეზობელი ბექა. ისიც ლეღვის ხესთან დგება და ოცამდე ბავშვს ახალ რელიგიას გვიქადაგებს: „ახლა, ზოგი ხეზე ავძვრებით, ზოგი ქვემოთ იქნებით. დავკრიფავთ, სარაჯიშვილზე მეტროსთან ბაზარში ჩავიტანთ, ჩავაბარებთ და იმ ფულით ვიქეიფებთ“. ეს ყველაზე ცოცხალი რელიგიაა. ჩვენ იმ მომენტში არ ვიცით, წინა ღმერთების ამბები, არც ლეღვის ხის იგავები. ახლა ვხვდები, რომ ყველა ღმერთი უბრალოდ ამ ხიდან იწყებდა თავისას და ასრულებდა წინასას. ბექა უშუალო ღმერთია, უფრო ქრისტეს თვისებები აქვს, ბაბუამისს – ბუდას – სახის გამომეტყველებით თუ ჰგავს. ძველი ბიჭი არაა, მარა ასე ხანდახან სიტყვა ეთქმის ზოგიერთ გადამწყვეტ მომენტშიც. მისი საგმირო საქმეებიც შემიძლია ჩამოვთვალო:

თემქის პურის ქარხანაში მოსახლეობასთან მოსულ მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც ჩვენთან – ბავშვებთან შეჩერდა და მოგვეფერა, პირში სიგარეტგაჩრილმა ახედა და უთხრა – ასანთი ხო არ გექნება, ბაბუაო. დიდუბეში თემქიდან ფეხით იმისთვის ჩადიოდა, რო ნავთობით, ჯართით დატვირთული მატარებლები ენახა და რელსების ხმა ესმინა, გეოგრაფიის კლასში ჭერზე ზეცა და ვარსკვლავები დახატა გაკვეთილების შემდეგ და მეორე დღეს ზემოთ ხელაშვერილმა მასწავლებელს გლობუსი გამოართვა და უთხრა, ახლა ის გვასწავლეო და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ, ერთი-ორი პატარა ბავშვი ყარაულად დავაყენეთ და ავძვერით ხეზე. მაისურებში, ჯიბეებში, პოლიეთილენის ცელოფნებში – ყველგან ლეღვი გვაქვს შეგროვებული. მთელი სხეული მისი წვენით დაგვისველდა, რაღაც ახალი ეპოქის ნათლობის რიტუალს ჰგავს ყველაფერი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ამის მერე ბექა ხიდან ჩამოვარდა და სასწაულებრივად აღესრულა, მისი სხეული კი მერვე საავადმყოფოს პროზექტურიდან ცად ამაღლდა, ან მეგობრებმა დაასმინეს ბაღის პატრონთან და იმან გასაროზგად მშობლებს გადასცა. არა. ლეღვი მეტროსთან ბაზარში ჩავაბარეთ და იმ ფულით იუპისა და ზუკოს წვენები, რამდენიმე სნიკერსი და ხუთი-ექვსი ჭიქა მზესუმზირა დავყარეთ სატრაპეზოდ მიტოვებული შენობის ბეტონზე. არაფერი განსაკუთრებული.

გუშინ შემხვდა ბექა. გამარჯობა, უფალო-მეთქი. გამოშტერდა, პირველი სიტყვები რო ეგ ვუთხარი… ალბათ ათი წელი მაინც არ მენახა, ჯერ ძლივს ვიცანით ერთმანეთი.  არ იცის დღემდე, ვინ იყო ბავშვობაში; არც ის, თუ როგორ მოკვდა მასში ღმერთი და დარჩა კაცი. ახლა ვეღარც გაიგებდა, რომ ამეხსნა, რატომ მივმართე ასე. ახლა ძალიან გვიანია. ეტყობოდა, რომ პრეზიდენტს კი არა, წინასწარი შერჩევით თუ თხოვდა ვინმეს რამეს; რომ საერთოდ აღარ ახსოვდა მატარებლების ხმაური, ნავთობის და ძველი რკინის ერთმანეთში არეული სუნი; არც ის, რაც ბავშვობაში უნდოდა და ვერ გამოუვიდა, იმიტომ, რომ შიმშილი იყო, სიცივე, უშუქობა, ცუდი სკოლა, უმუშევარი მშობლები, დახეული წიგნები, უფროსი ნათესავების გამონაცვალი ტანსაცმელები.

იქნებ ღმერთად ყოფნაც ეგაა, რომ ამ მოცემულობიდან ამოხვიდე და შეძლო შენი მიზნების და იდეების შესრულება?!. არ ვიცი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი