ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საკითხავი სასწავლო წლის დასასრულისათვის

გადავწყვიტეთ, რომ წლის ბოლოსათვის თქვენთვის შემოგვეთავაზებინა რამდენიმე სახალისო, მაგრამ ამასთანავე სასარგებლო სტრატეგია, რომლებსაც მასწავლებლები, როგორც წესი, სასწავლო წლის ან სემესტრის ბოლოს იყენებენ. აღნიშნული აქტივობების მიზანია, რომ წლის ბოლოს შეაჯამოს, თუ რამდენად  ღირებული ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა და ამასთანავე, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც დადებითი განწყობით დაემშვიდობონ სკოლას მომავალი სემესტრის დაწყებამდე. 

პოზიტიური სიტყვები 

სთხოვეთ მოსწავლეებს, წერილობით აღწერონ თითოეული კლასელის ერთი ან რამდენიმე ღირსება, დადებითი თვისება ან ნიჭი, დაასაბუთონ და მაგალითები მოიხმონ დებულებების გასამტკიცებლად. შეაგროვეთ აღნიშნული “დახასიათებები”, მოსწავლეების დახმარებით, ამოკრიფეთ თითოეული მოსწავლის შეფასებები და დაურიგეთ ადრესატებს. ამით არა მხოლოდ სიხარულს მოგვრით მოსწავლეებს, არამედ დაეხმარებით, დაფიქრდნენ ერთმანეთის ღირსებებზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სხვების დადებითი მხარეების დაფასება და აღიარება. შესაძლებელია, იგივე სტრატეგია გამოვიყენოთ მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლადაც, მაგალითად, მარტივი შეკითხვებით: რა მომეწონა ამ სემესტრის კურსში ყველაზე მეტად? ყველაზე ნაკლებად? – მასწავლებელს შეუძლია სასარგებლო და გულწრფელი უკუგება მიიღოს საუკეთესო და გასაუმჯობესებელ პრაქტიკაზე. 

ავტობიოგრაფიები
განსაკუთრებით სასარგებლოა მოკლე, 3-8 წინადადებიანი ავტობიოგრაფიების წერა დაწყებით საფეხურზე. თავისთავად, აქტივობა მოსწავლეებს წერის უნარის განვითარებაში დაეხმარება. მასწავლებელს შეუძლია ერთ კრებულად შეკრას შეგროვებული ავტობიოგრაფიები და რამდენიმე სემესტრის, თუნდაც წლის შემდეგ წაუკითხოს მოსწავლეებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ, რა ტიპის ინფორმაცია უნდა აღწერონ ავტობიოგრაფიაში, მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ე.წ. დამხმარე კითხვები (მაგალითად, რისი გაკეთება გამოგდის ყველაზე კარგად? რა მოსწონთ შენს მეგობრებს შენში? რა გინდა გამოხვიდე მომავალში? და ა.შ.).
გარდა ამისა, სწორედ კითხვის უნარების დასახვეწად და ამავე დროს პროცესის მეტად გასახალისებლად შესაძლებელია მასწავლებელმა მოკლე ტექსტები მოამზადოს მოსწავლეების საყვარელი მსახიობების თუ ფილმების გმირების შესახებ. მსგავსად, წერის უნარების დასახვეწად, მოსწავლეებს შეუძლიათ მოკლე ბიოგრაფიების მომზადება მათ საყვარელ მხატვრულ გმირებზე.  
რჩევები უფროსკლასელებისგან

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ განვლილი კურსი და რჩევები დაუწერონ შემდეგ თაობას: რას მიაქციონ ყურადღება სწავლისას, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და წერილები მისწერონ მათთვის უცნობ მოსწავლეებს. იმისათვის, რომ გარკვეული ორიენტირი მისცეთ მოსწავლეებს, შეგიძლიათ რამდენიმე ფრაზის დასაწყისი შესთავაზოთ, მაგალითად: ყველაზე კარგი გაკვეთილი იყო, როდესაც…, ამ წელს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო…, ყველაზე რთულად გასაგები იყო…, არასოდეს დამავიწყდება დღე, როცა… და ა.შ. აღნიშნული აქტივობა არა მხოლოდ გავლილი მასალის მოკლე შეჯამებას წარმოადგენს, არამედ მოსწავლეებს შეაფასებინებს კურსის რთულ და ღირებულ ნაწილებს. გარდა ამისა, უცხო მოსწავლეების წერილების წაკითხვა სახალისო, საინტერესო და ინფორმაციული უნდა იყოს შემდეგი თაობის მოსწავლეებისათვის, ვისაც მათი ტოლების, წინამორბედების შეფასება უფრო ადეკვატურ მოლოდინებს შეუქმნის, ვიდრე პედაგოგებისა და მშობლების მითითებები. 

წერილები სამყაროს გადასარჩენად

ეროვნული სასწავლო გეგმა, გარდა საგნობრივი ცოდნის გადაცემისა, გულისხმობს მოსწავლეებისათვის ისეთი უნარების გამომუშავებას, რომლებიც მათ პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს. ამდენად, მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგნის ფარგლებში სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდაზე მუშაობა. ასეთი აქტივობებისათვის დაკავებულ მასწავლებლებს ყველაზე მეტი დრო სწორედ სემესტრის ბოლოს შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, დააწერინეთ მოსწავლეებს წერილები, სადაც ისინი გარემოსდაცვით საკითხებზე, ადამიანის, ბავშვთა უფლებებზე, ტოლერანტობასა თუ სხვა თემებზე იმსჯელებენ. აღნიშნული წერილები გამიზნული იქნება ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების მისამართით და იმ შემთხვევაშიც, თუკიUწერილები ნამდვილ ადრესატამდე ვერ მიაღწევს, მოსწავლეებისათვის ეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და ორგანიზების საინტერესო სავარჯიშო იქნება. 
სემესტრის საინფორმაციო ბიულეტენი

კურსის შესაჯამებლად სასარგებლო აქტივობის დასაგეგმად, მოაწყვეთ ბრეინსტორმინგი (გონებრივი იერიში): რა მოეწონათ მოსწავლეებს ყველაზ მეტად სემესტრის განმავლობაში, რა დაამახსოვრდათ, რამ მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. მას შემდეგ, რაც დაასახელებთ რამდენიმე საინტერესო თემას, ჯგუფებში გაანაწილეთ მოსწავლეები და სთხოვეთ, ერთად დაწერონ მოკლე სტატია აღნიშნული მოვლენის/ფაქტის შესახებ. შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დაალაგეთ აღნიშნული სტატიები ისე, რომ შეიკრას კურსის მოკლე საინფორმაციო ბიულეტენი, რაც მოსწავლეებს განვლილ მასალასაც გაახსენებს და ინფორმაციის დახარისხებისა და ორგანიზების უნარებსაც გაუწაფავს. იმისათვის, რომ ბიულეტენი უფრო ინფორმაციული იყოს, სასურველია, შექმნათ მისი ელექტრონული ვერსია, გაამდიდროთ ნახატებითა და ფოტოებით და ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოთ მშობლებს. 

მოსწავლეების პორტფოლიო

მოსწავლეთა თვითშეფასებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სტრატეგია მოსწავლის პორტფოლიოს გაკეთებაა. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლემ უნდა შეაგროვოს მისი ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები, დავალებები, დაასაბუთოს, რა იყო იმ სემესტრში მისი ყველაზე დიდი მიღწევა, რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს  და რა უნარების, ცოდნის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს მომავალ სემესტრში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეს აღნიშნული პორტფოლიოს გაფორმებასა და საინტერესო მასალის შეგროვებაში, მაგრამ ამასთანავე, მან შესაძლებლობა უნდა მისცეს მოსწავლეს, თავად შეაფასოს და კრიტიკულად გაიაზროს საკუთარი მიღწევები, წარმატება და წარუმატებლობა. 

მოსწავლე მასწავლებლები

გაანაწილეთ მოსწავლეები ჯგუფებში და დაურიგეთ სხვადასხვა თემა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი მასალიდან. მიეცით დრო, რომ ჯგუფში დაინაწილონ როლები და მოიფიქრონ, მათი შეფასებით, საუკეთესო მეთოდი კონკრეტული თემის გასამეორებლად/გასახსენებლად. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს, რამდენად სწორად ახსოვთ მოსწავლეებს განვლილი მასალა და რამდენად ეფექტურ მეთოდებს იყენებენ სხვა მოსწავლეებისათვის აღნიშნული თემების გასახსენებლად. ამ სტრატეგიის მაღალ კლასებში გამოყენებისას, შესაძლებელია, უშუალოდ მოსწავლეებმა შეაფასონ ერთმანეთი, რაც მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობას წარმოადგენს. 

არდადეგები და სკოლა 

მოსწავლეებს ყველაზე მეტად ეჯავრებათ დავალებების არდადეგებზე შესრულება, მაგრამ იმისათვის, რომ მათ შეძლონ სასკოლო აქტივობების დასვენებასთან და არდადეგებთან დაკავშირება, საინტერესო იქნება ვენის დიაგრამის საშუალებით მარტივი სავარჯიშოს გაკეთება, თუ რა ახასიათებს სკოლასა და საგაკვეთილო პროცესს, რა – არდადეგებსა და დასვენებას და რა არის ამ ორს შორის საერთო:

სკოლა   არდადეგები                            
გარდა შემაჯამებელი სავარჯიშოებისა, საინტერესოა ჩამოვთვალოთ რამდენიმე ისეთი აქტივობა, რომლებიც სემესტრის დასაწყისში, ხანგრძლივი დასვენების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების მოტივირებისა და სწავლის განწყობის შექმნისთვისაა გამიზნული:

კლასის კოდექსის შექმნა

ახალი სემესტრის დაწყებისას მოსწავლეები, როგორც წესი, ადვილად ვერ ერთვებიან ჩვეულ აკადემიურ რუტინაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაახსენოს მოსწავლეებს არა მხოლოდ განვლილი მასალა, არამედ ის წესებიც, რომელთა დაცვაც აუცილებელია კლასის ორგანიზებული მართვისათვის. ამისათვის მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ ან ჩამოაყალიბონ ახალი წესები, თუ როგორ გარემოში სურთ სწავლა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ, რა მოლოდინი აქვთ მასწავლებლისაგან და თანატოლებისაგან. ეს წესები დიდი ფორმატის ფურცელზე უნდა ჩამოწერონ, გააფორმონ და თვალსაჩინო ადგილას გააკრან. შესაბამისად, მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად შექმნიან წინასწარ შეთანხმებული წესების ერთობლიობას _ კოდექსს, რასაც მომავალში მათი ქცევა დაეფუძნება.  მშობლების ინფორმირებისა და იმისათვის, რომ აღნიშნული წესები მოსწავლეებმა უკეთ გაითავისონ, შეგიძლიათ “კოდექსის” წესების ჩამონათვალი მშობლებსაც გაუგზავნოთ. ამ წესების გათავისებას დრო და მოთმინება სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, წესების დარღვევის შემთხვევაში მშვიდად მიუთითოთ მოსწავლეს. რაც მთავარია, თავად მასწავლებელმაც უპირობოდ უნდა დაიცვას ყველა წესი და ამით მისცეს ურთიერთპატივისცემისა და წესრიგის მაგალითი მოსწავლეებს.

 

მაღლა, ვარსკვლავებისკენ! 
გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ მოსწავლეებს ქცევის წესები შეამუშავებინოთ, არსებითია, რომ ისინი პოზიტიურად განაწყოთ მათივე შესაძლებლობების მიმართაც. სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოწერონ რამდენიმე მიზანი, რის მიღწევასაც სასწავლო წლის განმავლობაში აპირებენ. ეცადეთ, ამ მიზნებს შორის რამდენიმე მაინც იყოს დაკავშირებული აკადემიურ პროგრესთან. მიზნები ფერად ფურცლებზე დაწერეთ და ვარსკვლავებად გამოჭერით. შემდეგ დაურიგეთ მოსწავლეებს ფერადი ფურცლები და გამოაჭრევინეთ ხელები, სადაც საკუთარ სახელებს დაწერენ. ამ ხელებს ისინი კლასის კედელზე, მიზნების ვარკვლავების ქვეშ გააკრავენ. ასეთი ფერადი და მხიარული დეკორაცია არა მხოლოდ დაამშვენებს საკლასო ოთახს, არამედ მოსწავლეებს მუდმივად გაახსენებს, რას უნდა ესწრაფვოდნენ. 
გუნდაობა

არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს გარკვეული დრო სჭირდებათ კლასელებთან ურთიერთობის ასაწყობად და ერთმანეთთან მისაჩვევად. ამ პროცესის დასაჩქარებლად და სემესტრის პირველი გაკვეთილების გასახალისებლად მასწავლებელს შეუძლია სახალისო აქტივობის დაგეგმვა. თითოეული მოსწავლე ქაღალდის ფურცელზე საკუთარი გვარისა და სახლის მითითების გარეშე წერს 3 დამახასიათებელ თვისებას, უნარს, ქაღალდს პატარა ბურთის ფორმას აძლევს და მოსწავლეები იწყებენ ბურთებით “გუნდაობას”. მას შემდეგ, რაც “გუნდები” აირევა, მასწავლებელი სთხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს, უახლოესი “გუნდა” აიღოს, წაიკითხოს დახასიათება და გამოიცნოს, ვინ შეიძლება იყოს აღწერილი ფურცელზე. ასეთი აქტივობა მოსწავლეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარება და კლასში პოზიტიური და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას ემსახურება. 
წიგნების მიმოხილვა

სანამ ახალი მასალის შესწავლას დაიწყებთ, სთხოვეთ მოსწავლეებს, გადაათვალიერონ სახელმძღვანელო და მოკლე პროგნოზი გააკეთონ, რას ისწავლიან სემესტრის განმავლობაში. ცხადია, მოსწავლეები ბოლომდე ან სწორად ვერ აღწერენ შესასწავლ მასალას, მაგრამ ასეთი ტიპის აღწერის მიზანი მხოლოდ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი ფანტაზიის უნარის განვითარება და მოტივირებაა. მათი წერილობითი აღწერები შეგიძლიათ შეინახოთ სემესტრის ბოლომდე და მასალის სრულად გავლის შემდეგ ერთად შეადაროთ მათი თავდაპირველი წარმოდგენები და ნასწავლი მასალა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სტრატეგიის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ დაწყებით, არამედ მაღალ კლასებშიც; გარდა ამისა, არა მხოლოდ ჰუმანიტარული საგნებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების, არამედ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისასაც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი