ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელი პანკისიდან

26 წლის ლუიზა მუთოშვილი პანკისის ხეობაში, დუისის საჯარო სკოლაში მუშაობს და რუსულ სექტორზე ჩეჩენ ლტოლვილებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მასწავლებლობასთან ერთად ლუიზა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებითაც არის დაკავებული და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა. რელიგიური და ტრადიციული გავლენებით ცნობილ ხეობაში ახალგაზრდა მასწავლებლის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გოგონებისთვის მაგალითის მიმცემია. მიუხედავად მრავალმხრივი აქტივობისა, 26 წლის მასწავლებელი ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს სკოლაში იპოვიდა.

 

სკოლაშიც ასწავლით და აქტივიზმითაც ხართ დაკავებული. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს თქვენი საქმიანობა საზოგადოებაზე?

– აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2012 წლიდან ჩავერთე, როცა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ აქტივისტად მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გავხდი. ოთხი წელია, ხეობის ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ვახორციელებ სხვადასხვა პროექტს. ქისტებს შორის ქალი აქტივისტები თითქმის არ გვყავდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე – ქისტებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია გამოამჟღავნა. ამ სტერეოტიპებისა და ტრადიციული თემის წესების გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურა განწირული გახლდათ, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა – არჩევნები წავაგე სულ 12 ხმით. რეალურად, ეს მოგების ტოლფასი იყო. დღეს, როცა ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან, რომ მათთვის აქტიური ქალის მაგალითი ვარ, ვფიქრობ, რომ ამაზე დიდს ვერაფერს გავაკეთებდი.

აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევით, ჩანხართ ეკრანზე, ისმის თქვენი ხმა. როგორ უყურებენ ქალის ასეთ აქტიურობას თემში?

ქალების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ  თემში არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. მათ მთავარ მისიად ოჯახის შექმნა და შვილების აღზრდა მიიჩნევა. შესაძლოა, ქართველ ქალებს არ უშლიან ხელს, იცხოვრონ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით, მაგრამ ორმაგი ბრძოლის გადატანა უწევთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ძლიერი ქალები, რომლებიც სტიმულს აძლევენ გოგონებს და ეს ძალიან მიხარია.

ტრადიციები და რელიგიის გავლენა ხომ არ აფერხებს გოგონების სწავლას ხეობაში?

– ჩემი თემისთვის განათლება იყო და არის პრიორიტეტული საკითხი, ამიტომ ქისტი გოგონები ამ კუთხით პრობლემებს არ აწყდებიან, ერთეული შემთხვევები კი საერთო სურათზე დიდ გავლენას არ ახდენს.

რა არის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ყველაზე დიდი პრობლემა?

– ხეობის ახალგაზრდებსაც იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში, მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა.

რა შესაძლებლობები არსებობს პანკისის ხეობაში ახალგაზრდებისთვის? არის თუ არა სპორტული დარბაზები, სავარჯიშო მოედნები? როგორია ხეობის კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრება?

– ხეობაში ერთი სპორტული დარბაზია, რომლითაც, ბუნებრივია, 15–ივე სოფლის ახალგაზრდები ვერ სარგებლობენ. საჭიროა, ყველა სოფელში იყოს მცირე დარბაზები, სადაც ჯანსაღი თაობა გაიზრდება. ხეობას დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. რამდენიმე წელია, ამოქმედდა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების დასასაქმებლად. არაფორმალური განათლების კუთხით დიდია ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლი. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით  დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა პროფესიული კურსები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, შეისწავლონ ჭრა-კერვა, კულინარია, თექაზე, თიხაზე მუშაობა, დურგლობა, ექთანისა და ბუღალტრის საქმე.

– მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

ჩემი მეგობარი დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა მარნეულში პროგრამით „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. 2012 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი და გამომივიდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ემსახურებოდა პროექტი, კარგად ვიცნობდი. ქართული ენა არც ჩემთვის არის მშობლიური, ამიტომ კარგად ვიცოდი, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა. მთელი სიცოცხლე ვიამაყებ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, სახელწიფოებრივ საქმეში ჩვენი მცირე წვლილიც შეგვეტანა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სკოლაში აღმოვაჩენდი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს. ვფიქრობ, მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

– ვის ასწავლით, როგორია მასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ჩემი მოსწავლეები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან. ნაწილი ნატურალიზებულია, ნაწილი – რუსეთის მოქალაქე. უმეტესობა საქართველოში დაიბადა. ჩეჩნეთში რომ მიდიან, მშობლებს ეხვეწებიან თურმე, შინ, საქართველოში დავბრუნდეთო. ყოველ დილით მათ ფართოდ გახელილ, მოლოდინით სავსე თვალებს ვხედავ და მათზე მშვენიერი არაფერი მეგულება ამქვეყნად. დღის მეორე ნახევარში დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრში მაქვს გაკვეთილები. აქ ქისტ და ჩეჩენ ბავშვებს ვასწავლი. სკოლის შემდეგ ყველანი „კლუბში“ მივდივართ, სადაც უამრავი სიახლე გველოდება. სისტემატურად ვართ ჩართულები არაფორმალურ განათლებაში, ვაწყობთ სეზონურ ბანაკებს, ვმართავთ ექსკურსიებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს…

არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

– არაფორმალურ განათლებას მოსწავლის განვითარებაში ლომის წილი უდევს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ეს მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს, თავდაჯერებას შემატებს, სხვადასხვა უნარის განვითარებას შეაძლებინებს და საბოლოო ჯამში მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

რა არის თქვენთვის საინტერესო მასწავლებლის პროფესიაში?

– კარგი მასწავლებელი მუდამ ძიებაში უნდა იყოს, პროფესიულ განვითარებას ცდილობდეს, იცნობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და შესაბამისად უდგებოდეს. თუ ბავშვებთან მუშაობა გიყვარს, დანარჩენი ადვილი მისაღწევია. ბავშვებთან მუშაობას ერთი ფასდაუდებელი პლუსი აქვს: შენში არასოდეს კვდება ბავშვი. ვისურვებდი, მასწავლებლობა ჩვენს ქვეყანაში სასურველი და პრესტიჟული პროფესია იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი