ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა ძალადობის პირისპირ

UEESCO-ის მონაცემებით, ყოველწლიურად 246 მილიონი ბავშვი სასკოლო ძალადობისა  და ბულინგის მსხვერპლია. როგორია სახელმწიფო  პოლიტიკა ამ პრობლემის დასაძლევად და რას უნდა აკეთებდეს სკოლა ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად – ამ და სხვა საკითხებზე პროფესიით იურისტსა და სპეციალური განათლების სპეციალისტს, ანა ქათამაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

 

 

ბულინგის ბევრნაირი ფორმა არსებობს. რომელია სასკოლო ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა?

სამწუხაროდ, საქართველოში ბულინგის პრობლემა კონკრეტული კვლევის ფარგლებში შესწავლილი არ არის. აღნიშნული თანაბრად ეხება ბულინგის ყველაზე გავრცელებულ ფორმებსა და შედეგებს ბულინგის პროცესში მონაწილე ყველა ბავშვის მიმართ, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვას და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფრაგმენტულ ხასიათს განაპირობებს. არსებობს კონკრეტული კვლევები, რომლებიც ბულინგის საკითხს ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ჭრილში განიხილავს, თუმცა არ იძლევა საკითხის სიღრმისეული შესწავლის საშუალებას საქართველოში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმების შესახებ. მაგალითად, გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 47.1% სკოლაში ფიზიკურ, 47.5% ფსიქოლოგიურ, ხოლო 7.3% სქესობრივ ძალადობას განიცდიდა.[i] ბულინგის პრობლემის აქტუალობაზე საუბრობს თავის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის თანახმადაც სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, ზედმეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა და კიბერბულინგი. [ii]

 

რა  გავლენას ახდენს ასეთი გარემო საგანმანათლებლო პროცესზე?

ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლა ყველა ბავშვის უფლებაა. როდესაც სასწავლო გარემო მათთვის უსაფრთხო ადგილს აღარ წარმოადგენს, ინტერესი სასკოლო ცხოვრების მიმართ იკლებს. ბავშვები, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, ეძებენ სკოლაში არწასვლის მიზეზებს, უარესდება მათი აკადემიური მოსწრება, კარგავენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესის მიმართ და სხვა. ბავშვები, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს ​ სკოლის მიღმა დარჩენის, ანტისოციალურ ან დანაშაულებრივ ქმედებებში ჩაბმის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებთ შფოთვა, შიში, მარტოსულობის განცდა, დეპრესია, ექმნებათ ფსიქიკურ ჯანრმთელობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემები, შეიძლება აწუხებდეთ სუიციდური აზრები. ბულინგი უარყოფითად მოქმედებს ბულინგის მოწმე ბავშვებზეც – დანაშაულის გრძნობა უმოქმედობის გამო ბრაზი, შიში, რომ ის იქნება შემდეგი და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მათ შორის საგანმანათლებლო პროცესზეც.

 

რა  უნდა გააკეთოს სკოლამ, რა პრევენციული გზების გამონახვა არის საჭირო ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად და თავიდან ასარიდებლად?

პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნოებიეროს ის ფაქტი, რომ ბულინგი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა სკოლაში არსებობს.  მიდგომა –  „ჩვენს სკოლაში ბულინგი არ არის“ – ყველაზე მეტად უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას. აუცილებელია, რომ  სკოლებში ბულინგის დაძლევა განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვროს, შემუშავდეს სასწავლო გეგმებში ინტეგრირებული ბულინგის პრევენციისა და რეაგირების სპეციალური პროგრამები, შეიქმნას ბულინგის შესახებ მიმართვიანობისა და ბულინგის ფაქტების გამოძიების ეფექტური სისტემა, ჩატარდეს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიები და ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული როგორც სკოლის ადმინისტრაცია და პერსონალი, ასევე მშობლები და თავად მოსწავლეები. უნდა ვიმუშაოთ იმ ბავშვებთან, ვინც ავლენს ბულინგის სუბიექტის ან ობიექტის ქცევას, ასევე უნდა დაინერგოს ადრეული ინტერვენციის პროგრამები ბავშვების უფრო ფართო ჯგუფებისთვის. რაც მთავარია, ბულინგის არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, ყველამ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ დახმარება არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს, არამედ ბულინგის ინიციატორსაც სჭირდება. სკოლამ უნდა იზრუნოს  უსაფრთხო და ტოლერანტული სასწავლო გარემოს შექმნაზეც, მაშინაც კი, როდესაც სკოლაში არ მოქმედებს ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამა, პოზიტიური და მხარდამჭერი საკლასო გარემო ხელს უწყობს სკოლაში ბულინგის შემცირებას.

 

რამდენად სერიოზულად აღიქმება მოსწავლეთა შორის ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან და მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირება ძალადობასთან?

 

ბულინგი იშვიათად აღიქმება როგორც ძალადობა. მას ხშირად მიაწერენ „ბავშვობის ასაკისთვის დამახიასიათებელ ქცევებს“, რომლის მსგავსიც ყველას განგვიცდია და რომელიც მალე გაივლის. ეს ბულინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე’’[iii]  ბავშვზე ძალადობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას ანიჭებს ვალდებულებას, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. ბულინგიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ხშირად საერთოდ არ აღიქმება ძალადობად. შესაბამისად, სკოლების მიერ დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გააზრება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ  სკოლის პერსონალის მხრიდან ბულინგის შემთხვევები, ძირითადად, ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად არის აღქმული. [iv]

 

რამდენად აქცევს სახელმწიფო ყურადღებას ბულინგის პრობლემას?  არსებობს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ პრობლემის დაძლევისკენაა მიმართული?

ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკა სახელმწიფოს არ გააჩნია. აღნიშნული პოლიტიკა, პირველ რიგში, მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვრულ მიმართულებებს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში კი ჯერ არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, რომელიც  სიღრმისეულად შეისწავლიდა ბულინგის პრობლემის აქტუალობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მის გავრცელებას. შესაბამისად, დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებას მოგვცემდა. არ არსებობს ინფორმაცია სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებისა და ბულინგის შედეგების შესახებ, სკოლებისთვის შემუშავებული არ არის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც სკოლის პერსონალს  ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და ბულინგის პრევენცია-ინტერვენციის მექანიზმების დანერგვაში დაეხმარებოდა. მართალია, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი[v] პირდაპირ კრძალავს სკოლებში ძალადობას, თუმცა ეს რეგულაცია უფრო ზოგად ხასიათს ატარებს. ბულინგი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად საერთოდ არ განიხილება, როგორც ძალადობა და, შესაბამისად, არც ამ მუხლში მოიაზრება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ბულინგის, როგორც ძალადობის სპეციფიკური ფორმის რეგულირება და დაიწყოს ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება. ეს პოლიტიკა, თავის მხრივ, უნდა იყოს სახელმწიფოს ერთიანი სისტემური ხედვა, სადაც არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ სხვა მომიჯნავე უწყებებს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს განსაზღვრული.

როგორია ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების დონე? რა უნდა გაკეთდეს მათი უფრო მეტი ინფორმირებისთვის?

ძალიან დაბალი. თუმცა ეს მხოლოდ ბულინგის პრობლემას არ უკავშირდება. ქართული საზოგადოება ხშირად არათუ მიმღებლურია ბავშვების მხრიდან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის მიმართ, რიგ შემთხვევებში ახალისებს კიდეც მას. ჩვენი საზოგადოება ძალადობის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს აღზრდის იმ მეთოდებით, რომელსაც მშობლები იყენებენ. მაგალითად, ხშირად ძალადობა კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად მიიჩნევა. ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, არ აღვიქვამთ მათ ჩვენს თანასწორ „პატარა ადამიანებად“ და გვგონია, რომ არც მათ ესმით ჩვენი. ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, მათთვის რა სჯობს და ა.შ. სინამდვილეში ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც არის. მათთვის ნაცნობი „დიდი ადამიანების“ ქცევის მოდელი კი მარტივად გადააქვთ რეალურ ცხოვრებაში.

როგორია​ ბულინგის ძირითადი ფორმები, როგორ უნდა ამოიცნოს ის მშობელმა, მასწავლებელმა?

ბულინგის ხუთი ძირითადი ფორმა არსებობს: ფიზიკური ბულინგი, რაც გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმასა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს; ვერბალური ბულინგი, რომელიც მოიცავს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, დამამცირებელი კომენტარების გაკეთებას, მეტსახელებს დარქმევას, დაცინვას , ა.შ.; სოციალური ბულინგი, რაც გულისხმობს ადამიანის სოციალური ურთიერთობებისთვის ან რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას; სექსუალური ბულინგი, როდესაც ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, არასასურველ შეხებას, შეურაცხმყოფელი სახელების დაძახებას და კიბერბულინგი. გავრცელებული მითია, რომ რადგან კიბერბულინგის შემთხვევაში ფიზიკური კონტაქტი არ არსებობს, ის ნაკლებად საზიანოა თუმცა კიბერბულინგის ისეთი ფორმები, როგორიცაა, ვირტუალური ადევნება, დამამცირებელი მესიჯების გაგზავნა ან კომენტარების დატოვება, კონფიდენციალური მიმოწერის გასაჯაროება და ა.შ., ისევე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე, როგორც ბულინგის სხვა ფორმები.

რაც შეეხება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებას, მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ბულინგის ნიშნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება არც იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მაგალითად, ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, სოციალურ ურთიერთობებს, ეცვლებათ კვებასთან და ძილთან დაკავშირებული ჩვევები და რეჟიმი, ახასიათებთ სხვადასხვა თვითდესტრუქციული ქცევები (სახლიდან გაქცევა, თვითდაზიანება, საუბრები სუიციდიზე). ბულინგის ინიციატორი ბავშვები კი ხშირად გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, გადამეტებულად ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე, ახასიათებთ აგრესიულობა თანატოლებისა და უფროსების მიმართ, ნაკლებად გამოხატავენ თანაგრძნობას, შეიძლება ადანაშაულებდეს მსხვერპლს ან ამბობდეს, რომ მან ეს დაიმსახურა და ა.შ. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბულინგის ინიციატორი ხშირად თავად არის ბულინგის მსხვერპლი, თუმცა რამდენადაც მოკლებულია წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, თავად ახორციელებს ბულინგს მასზე უმცროსი ან ,,სუსტი“ ბავშვების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში თავიდან უნდა ავირიდოთ მისთვის მოძალადის იარლიყის მიკერება და გავაცნობიეროთ, რომ დახმარება მასაც სჭირდება.

 

როგორ უნდა დაეხმაროს სკოლა ორივე მხარეს პრობლემის მოგვარებაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება, ხოლო შემდეგ სკოლის დონეზე ბულინგის პრევენციის პროგრამებისა და ინტერვენციის ეფექტური მექანიზმის დანერგვა. გარდა ამისა, თითოეულ სკოლას უნდა ჰყავდეს სპეციალურად შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალი, რომელიც იმუშავებს ბულინგის პროცესში ჩართულ ბავშვებთან და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გასწევს. თუმცა ამ საკითხზე სამუშაოდ მხოლოდ სკოლის ბაზაზე რაიმე მექანიზმისა და თუნდაც რამდენიმე სპეციალისტის ჩართვა არ იქნება საკმარისი. უნდა გაიმართოს სპეციალური რეფერირების მექანიზმი და დაინერგოს სერვისები, სადაც სკოლის პერსონალს ბავშვის გადამისამართება შეეძლება.

 

შორენა ტყეშელაშვილი

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/XdWchO

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი