შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბუზთა ბატონი ბენის ვიდეოში

ბოლო ხანს მოზარდებს შორის მომხდარმა და ფატალური შედეგებით დასრულებულმა ორმა დაპირისპირებამ (თბილისსა და ქუთაისში) მთელი ქვეყანა აალაპარაკა. ვერ ვიტყვით, რომ ეს თემა ჩვენში ან მსოფლიოში ახალია, მაგრამ თუ სხვაგან სკოლის, მშობლების, სახელმწიფოსა თუ საზოგადოების ინტეგრირებული მუშაობით დიდი ხანია ცდილობენ მსგავსი შემთხვევების მაქსიმალურ პრევენციას, ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. მხოლოდ მანდატურის (თანაც უფლებებშეზღუდული) სამსახურის თუნდაც ეფექტური მუშაობა საქმეს ვერ უშველის, პირველ რიგში, ალბათ, მშობლებმა და იმ უფროსებმა, ვისი აზრიც მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, უნდა უთხრან მას, რომ ძალადობა და ბულინგი თავის დამკვიდრების ყველაზე მახინჯი გზა და სისუსტის გამოვლენაა. ერთი ჩემი ძმაკაცის ნათქვამი მახსენდება: ბავშვობაში უბანში უფროსები მასწავლიდნენ, არავისთვის არაფერი დამეთმო, მცირე შეცდომაც არ მეპატიებინა და პასუხი მომეთხოვა, ასეც ვიქცეოდი, სანამ არ მივხვდი, რომ ეს დიდი სისულელე იყოო. სამწუხაროდ, ეს მენტალიტეტი ჯერ კიდევ მძლავრია საზოგადოებაში და როდის აღმოიფხვრება საბოლოოდ, კაცმა არ იცის.

მოზარდებს შორის ძალადობის მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ დამუშავებას თავი რომ დავანებოთ, პირველად ეს თემა მხატვრულად ლუის ბუნიუელმა დაამუშავა 1950 წელს გადაღებულ ფილმში “დავიწყებულები”, სადაც გვაჩვენებს მეხიკოს ჯურღმულებში მცხოვრები მოზარდების ცხოვრებას და მათ დაუნდობლობას ერთმანეთისა და გარე სამყაროს მიმართ.

ოთხი წლის შემდეგ ბრიტანეთში გამოვიდა უილიამ გოლდინგის რომანი “ბუზთა ბატონი”, რომელმაც ამ მიმართულებით გადატრიალება მოახდინა. რომანის გამოქვეყნება ავტორს ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ ხელიც ჩაიქნია, მაგრამ გამოჩნდა ერთი გამომცემელი, რომელმაც სასაცილო ფასად შეიძინა საავტორო უფლება და გამოსცა, მაგრამ წიგნს წარმატება არ მოჰყოლია. მისით მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაინტერესდნენ, ცნობილმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა ფილმიც კი გადაიღო.

კრიტიკოსები წიგნს არაერთგვაროვნად შეხვდნენ. კრიტიკის მთავარი მიზეზი რეალიები იყო, ამბობდნენ, რომ კუნძულის გარემო მეტისმეტად ბუტაფორიული და არადამაჯერებელი იყო. თუმცა, ჩვენი ჭკუით, ამ მხრივ რომანში ყველაფერი რიგზეა, ბოლოს და ბოლოს, ავტორი ექვსი წელი საზღვაო ფლოტში მსახურობდა და ზღვის ამბები კარგად იცოდა. რომანის სუსტი მხარე არა რეალიები, არამედ შესრულებაა: დაუხვეწავი დიალოგები და არცთუ  ოსტატური, უგერგილო თხრობა, თუმცა ბოლო ფურცლების ექსპრესია ყველაფერ ამას მეორეხარისხოვნად აქცევს.

რომანში ვხედავთ, კუნძულზე მოხვედრილი ბავშვები როგორ იქცევიან მოძალადეებად, როგორ პროგრესირებს მკვლელობის ვნება და ჟინი, რომელიც პირველად მაშინ იჩენს თავს, როცა ღორის მოკვლის ამბავს დიდი აღტაცებით იხსენებენ; მეორედ – მაშინ, როცა ვითომ ღორად ქცეულ და წრეში მოქცეულ რობერტს წამახული შუბებით ჩხვლეტენ; მესამედ – მაშინ, როცა ღორს კლავენ (აქ უკვე ჩანს, რომ მკვლელობის მოტივი სარჩოს მოპოვებაზე მეტად ველური ვნების დაკმაყოფილებაა) და ეს ციკლი მთავრდება კულმინაციით: საიმონის საზარელი მკვლელობით.

ფინალში, როცა მათ გადასარჩენად მოსულ ოფიცრებს ნახავენ, ატირებული რალფივით საბრალონი არიან სხვებიც: ღუტას და საიმონის მკვლელი და მოსაკლავად რალფს გამოდევნებული, გაველურებული ჯეკი და მისი ბიჭები. ისინიც დგანან და ტირიან. ყველანი გადარჩებიან არა “ჰეფი ენდისთვის”, არამედ იმისთვის, რომ ამ წარსულით და ტკივილით იცხოვრონ.

მოზარდების ძალადობას ეხება, მაგრამ უფრო თეატრალიზებულია რვა წლის შემდეგ გამოცემული ენტონი ბერჯესის კარგი რომანი “მექანიკური ფორთოხალი” და ამ რომანის გენიალური ეკრანიზაცია. ამ თემაზე, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი მიხაელ ჰანეკეს 1992 წელს გადაღებული ფილმი “ბენის ვიდეოა”, სადაც რეჟისორის ცივსისხლიანობა პიკს აღწევს.

ბენის მშობლებს სოფელში ფერმა აქვთ, სადაც სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღით ღორის დაკვლის სცენას ბენი ვიდეოთი იღებს და შემდეგ ეკრანზე უყურებს ხოლმე. რამდენჯერმე ახვევს და შენელებული კადრებით აკვირდება ღორის შუბლზე იარაღის მიბჯენის და, გასროლის შემდეგ, ცხოველის დაცემის სცენას. ერთხელაც, როცა მისი მშობლები ფერმაში არიან წასული, ბენი ქუჩაში გაცნობილ გოგოს მიიყვანს სახლში, ზემოთ ნახსენებ ვიდეოს აჩვენებს, მერე ღორის დასაკლავ იარაღსაც გამოიტანს, დატენის და გოგონას მისცემს: მესროლეო. გოგონა უკან დაუბრუნებს და გაეხუმრება: თუ მშიშარა არ ხარ, შენ მესროლეო და ბენიც დაუფიქრებლად ესვრის. გოგონას ტყვია მუცელში მოხვდება და ხოხვით ცდილობს ოთახიდან გასვლას, მაგრამ ბენი ისევ დატენის იარაღს და ესვრის. გოგო მაინც ცოცხალია. საბოლოოდ ბენი თავში ესვრის. ჩართული ვიდეოკამერა ამ ყველაფერს იღებს. მერე ბენი იატაკზე დაგდებულ, გასისხლიანებულ გოგოს საბანს გადააფარებს, სამზარეულოში გადის, იოგურტს ჭამს, უკანვე შემოდის, ცხედრის გვერდით მაგიდასთან ჯდება და საშინაო დავალებას ასრულებს, ტელეფონით მეგობარს შეხვედრაზე და კლუბში წასვლაზეც შეუთანხმდება, მერე ტანსაცმელს იხდის, სისხლს მოწმენდს, გვამს კარადაში შეინახავს და საბანსაც გარეცხავს. იმ ღამით მეგობართან რჩება – არა იმიტომ, რომ სახლში დარჩენის ეშინია, – არა, უბრალოდ ასე მოუნდება. მეორე დღეს, როცა მშობლები სოფლიდან დაბრუნდებიან, ვიდეოს ჩართავს და აჩვენებს.

მშობლები ანადგურებენ ვიდეოკასეტას, რომელზეც მკვლელობაა აღბეჭდილი, მერე სხდებიან და გეგმავენ, როგორ მოიშორონ გვამი. დედა თავიდან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და ოდნავ თანაგრძნობას იმსახურებს, მაგრამ მალე ისიც ერთვება თამაშში. საბოლოოდ შეთანხმდებიან, რომ დედა და ბენი სამოგზაუროდ უნდა წავიდნენ. სანამ ისინი ეგვიპტეში ისვენებენ, მამა დაქუცმაცებულ გვამს უნიტაზში ჩარეცხავს.

” – ყველაფერი მოგვარდა, საშიში არაფერია. – ეუბნება ეგვიპტიდან დაბრუნებულ ბენის მამა, – ერთი კითხვა მინდა დაგისვა: რატომ გააკეთე ეს?!”

” – არ ვიცი. მინდოდა მენახა, როგორ ხდება ეს ყველაფერი!” – მშვიდად პასუხობს ბენი, მეორე დღეს კი ასევე მშვიდად მიდის პოლიციაში და მშობლებს აბეზღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი