პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის აქტივაცია სწავლების მეორე საფეხურზე

მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის აქტივაცია „უძველესი პრობლემაა”, მაგრამ უწინდებურად აქტუალური. რა დიადი ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, თუ მოსწავლეებს არ სურთ სწავლა, ყველაფერი ამაო იქნება. ამიტომ უწოდებენ აღზრდას ან საგნის მიმართ ინტერესის გაღვივებას „შემეცნების გასაღებს”.

საკუთარი სურვილით მოსწავლეები კარგად სწავლობენ უმეტესად დაწყებით კლასებში, ზედა საფეხურზე გადასვლისას კი სურვილი ნელ-ნელა უქრებათ. მიჩნეულია, რომ ამ მხრივ ყველაზე რთულია მოზარდი ასაკი და მასწავლებლებიც ერთგვარად „ელიან”, როდის გავა ეს დრო.
ნუთუ მართლა ასეთი უიმედოა აღნიშნული პერიოდი?

ცხადია, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ რაც არ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს, მისი შემეცნებითი ინტერესი მუდამ მაღალი იქნება; აქაც, როგორც ყველგან, წარმატებისთვის კომპლექსური მიდგომა და შესაბამისი მეთოდების შერჩევაა აუცილებელი.
საზოგადოდ, ნებისმიერი საგნობრივი მიმართულებით მოტივაციის ამაღლებას განსაკუთრებით უწყობს ხელს სასწავლო პროცესში შემდეგი კომპონენტების ჩართვა:
სწავლების აქტიური მეთოდები. რაც უფრო აქტიურია სწავლების მეთოდები, მით უფრო ადვილია მოსწავლეთა დაინტერესება, განსაკუთრებით – ისეთი დავალებებისა და ამოცანების შესრულებისას, რომლებიც მათი მხრივ კვლევა-ძიებაზე დაფუძნებულ საქმიანობას მოითხოვს. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და ინიციატიურობის განვითარებაში;
განმავითარებელი სწავლება, განსაკუთრებით – პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება. ის გულისხმობს ისეთი პრობლემური სიტუაციის შექმნას, რომელშიც გათვალისწინებულია სასწავლო მასალის სირთულე და მოსწავლის შესაძლებლობები. პრობლემური სიტუაცია მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს: როცა ხედავენ, რომ არსებული ცოდნა პრობლემის გადასაჭრელად არ კმარა, მათ მეტის გაგებისა და შესწავლის სურვილი უჩნდებათ. თუმცა აუცილებელია, პრობლემის სირთულე მათ შესაძლებლობებს ეთანადებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის მიმართ ინტერესი ქრება;
მასწავლებლის ცოცხალი მეტყველება და მოსწავლის ემოციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ;
● სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზება;
● მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება.

მოსწავლეთა გასააქტიურებლად და შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზება. ამ დროს გამოიყენება აქტიური შემეცნებითი საქმიანობის მრავალფეროვანი საშუალებები და მეთოდები, მაგალითად, როლური თამაშები, ინსცენირება, ჯგუფური სამუშაოები, შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება (ისტორიული პორტრეტის, ესეს ან ისტორიული თხზულების დაწერა); პროექტული საქმიანობა, ხელნაკეთი „მინაბაძებისა” და სავიზიტო ბარათების დამზადება, პრობლემური საკითხების განხილვა, კროსვორდების ამოხსნა, შესაბამისობათა დადგენა, დამატებით ლიტერატურასთან მუშაობა, არუმენტირებასა და მსჯელობაზე გათვლილი (რაიმე საკითხის თაობაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაცვა) და ა.შ. დავალებები.

მაგრამ ნებისმიერი ისეთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მოზარდის სწავლას, განვითარებასა და აღზრდას, შეუძლებელია წარმატებით გადაიჭრას სერიოზული ანალიზისა და კონკრეტული ასაკობრივი ეტაპის თავისებურებათა გათვალისწინების გარეშე.
ფსიქიკური განვითარების კულტურულ-ისტორიული თეორიის (ლ. ვიგოტსკი) მიხედვით, ადამიანის მრავალი საქმიანობიდან, რომლებიც თან ახლავს ცხოვრების ყოველ ეტაპს, გამოიკვეთება ძირითადი, წამყვანი საქმიანობა, რომელიც ქმნის ამა თუ იმ ეტაპის ძირითად ფსიქოლოგიურ სურათს. 10-15 წლის მოზარდების ქცევა კი ორიენტირებულია არა მოზრდილებზე (მშობელი, მასწავლებელი), არამედ თანატოლებსა და მეგობრებზე. ძირითადად ამ პერიოდში ფორმირდება „მე-პიროვნება”, ამიტომ მოზარდისთვის წამყვანი ხდება თვითიდენტიფიცირება, თვითგამოხატვა, თვითრეალიზაცია, წარმატებული სოციალიზაცია. რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს, სწავლის ორგანიზების როგორი ფორმა უნდა შეირჩეს, რომ მოსწავლემ საკუთარი თავის რეალიზებაც შეძლოს და არც სწავლის მიმართ ინტერესი დაკარგოს? 

10-15 წელი სასკოლო პერიოდში სწავლის მეორე საფეხურს შეესაბამება. ამ ეტაპზე მასალის სისტემატიზაცია-განზოგადებისა და პრობლემების გადაჭრისთვის წარმატებით გამოიყენება „საკონკურსო” მეთოდიკა და თამაშით სწავლა (ვიქტორინები,შემეცნებითი თამაშები, კონკურსები). ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი თავისუფლებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენას, იწვევს დადებით ემოციებს და ამაღლებს შემეცნებით ინტერესს. ამ ტიპის საქმიანობისას ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია არა შედეგი – დასკვნითი ღონისძიება და შეფასება, არამედ პროცესი. ფართოა მოსწავლეთა კომუნიკაცია, მაღალია თანამშრომლობის ხარისხი, ისინი ინაწილებენ როლებს, მოვალეობებს, ამჟღავნებენ ინიციატივას, დამოუკიდებლობას და შემოქმედებით თვისებებს. 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივებისა და ფორმირებისთვის ეფექტურად გამოიყენება დისკუსიები და დისპუტები. ცნობილია, რომ ისტორიაში უხვად მოიძებნება ისეთი საკითხები, რომლებზეც „სწორი პასუხი” არ არსებობს. ასეთი საკითხები წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ დისპუტის ჩასატარებლად (მაგალითად, მე-8 კლასში ახალი ისტორიის პერიოდის შესწავლისას შეიძლება გავმართოთ დისპუტი თემებზე: „ნაპოლეონი – გენიოსი თუ დამნაშავე?” „ვინც გენიოსია პოლიტიკაში, ის დამნაშავეცაა” (პეტრე I-ზე ან სტალინზე და სხვ.).

დისპუტისთვის მომზადებისას მოსწავლეები გაეცნობიან რეკომენდებულ ლიტერატურას, დაწერენ შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს, განიხილავენ სხვადასხვა შეხედულებას ისტორიულ პირებსა და მათ მოღვაწეობაზე. საუბრისა და მსჯელობის დროს ისინი გამოამჟღავნებენ ისტორიული მასალის ცოდნას, არგუმენტირებისა და განზოგადების, ერთმანეთის მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარს. ამავე დროს მათ შეექმნებათ ობიექტური წარმოდგენა ისტორიულ პროცესებზე და საკუთარი დამოკიდებულებაც გაუჩნდებათ მეცნიერული დავის ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

დისპუტისთვის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა შეიძლება დაამზადონ ბუკლეტები, რომლებშიც ჩაიწერება ფრაგმენტები განსახილველი ისტორიული პირების შესახებ ცნობილი ისტორიკოსების თხზულებებიდან ან მხატვრული ნაწარმოებებიდან; ისტორიკოსთა შეხედულებების საფუძველზე ასევე შეიძლება შეიქმნას შედარებითი ცხრილები, ისტორიულ პირთა მოღვაწეობის მიხედვით – სქემები და დიაგრამები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა და ა.შ. 

მოსწავლეთა შემეცნებითი გააქტიურების, კრეატიულობის განვითარებისა და პიროვნული თვისებების ფორმირების ერთ-ერთი საშუალებაა პროექტული მეთოდიც. ამ დროს კვლევითი ელემენტების გამოყენებით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესში, წარმართავს მის ინტერესს შემეცნებითი საქმიანობისკენ. შედეგად მოსწავლე სწავლობს საკუთარი აღმოჩენებისა და დასკვნების საფუძველზე, თანაც სიამოვნებითა და ინტერესით.

პროექტული მეთოდი სამ ძირითად ასპექტს ეყრდნობა: 
● დამოუკიდებლობას;
● მოღვაწეობას/მოქმედებას;
●  შედეგიანობას.

პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლე თითქოს დაბნეულია, მაგრამ ეს ერთგვარად ააქტიურებს კიდეც მის შემეცნებით საქმიანობას. მასწავლებელს ევალება, პროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოს მოსწავლის საქმიანობის ლოგიკური კავშირები:

▪ ინტერესი არჩევანის მიმართ;
▪ წარმატება (წარუმატებლობა);
▪ ადეკვატური შეფასება (თვითშეფასება); 
▪ რეფლექსია.

ასეთი მიდგომით წარმართული სასწავლო პროცესი ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის განვითარებას. შემეცნებითი ინტერესის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური მეთოდების, განსაკუთრებით – ჯგუფური მოღვაწეობისა და პროექტული მეთოდის, გამოყენება.

მაგალითად, VII კლასისთვის განვიხილოთ ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „შუა საუკუნეები” . მოსწავლეები იმეორებენ თარიღებს, ცნებებს, მოვლენებს, ფაქტებს, ისტორიული პირების დახასიათებას. შემდეგ ინტერესების მიხედვით დაიყოფიან ჯგუფებად:
1) ერთი ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას, წარმოდგენას, ან ვიზუალურ მასალას (გერბი, დროშა…); 
2) მეორე – რაიმე ნაკეთობას „შუა საუკუნეების ოსტატების მსგავსად”;
3) სხვები გაითამაშებენ თეატრალიზებულ წარმოდგენას სასახლის კარის ან რაიმე სხვა თემაზე და ა.შ. 

მასწავლებელმა აუცილებლად ზუსტი მითითება უნდა მისცეს მოსწავლეებს თამაშის წესების შესახებ და მისი მომზადების პროცესშიც დაეხმაროს. ცხადია, თამაშის მომზადება და გამართვა გულისხმობს გარკვეულ დროს და იმის მოლოდინს, როგორ წარიმართება თამაშის თითოეული ნაწილი, როგორ შეაფასებენ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ან როგორ მოიწონებს აუდიტორია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, შედეგებით დაინტერესებას და, საუკეთესო შემთხვევაში, მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: „როდის გაიმართება მომდევნო თამაში?”

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მეთოდებითაა შესაძლებელი მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება და მაღალი შედეგების მიღწევა; მთავარია, რომ წარმოდგენილი მეთოდები ხელს უწყობს სწავლის მეორე საფეხურზე შემეცნებითი საქმიანობის გაფართოებას და წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი