ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიმონიკა დადიანის დაბრუნება

 

 „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“.

                             გავრცელებული წარწერა ემიგრანტი ქართველების საფლავებზე უცხოეთში

 

თავშივე ვიტყვი, რომ წერილის სათაური მე არ მეკუთვნის – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის სვიმონ-პეტრე დადიანის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება. ფილმის ავტორი ნინო ხოფერიაა. ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.

სიმონიკა დადიანი საფრანგეთის ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის შვილია – ის 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს მისი ოჯახი (მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა – მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი – და სამი და-ძმა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.

ის, რომ ქართული ემიგრაცია როგორც მოვლენა, ფენომენი, ჩვენში დღემდე განსაკუთრებულ ნოსტალგიას, ღრმა რეფლექსიას იწვევს, ალბათ უპირველესად სწორედ ამ პირველი ტალღის ემიგრანტების, ამ ძველი, ნამდვილი, დარდიანი ქართველების დამსახურებაა, მათი ცხოვრების შთაბეჭდილებაა, რომელიც ბუნებრივად გადმოგვედო ჩვენც და გაგვეზიარა. ამის დადასტურებაა დადიანების ოჯახიც – სულით, ხორცით, აზროვნებით არისტოკრატები, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის შთამომავლები – რომლებიც, მთელ  მსოფლიოში მიმოფანტულები, სიცოცხლის ბოლომდე მაინც საქართველოზე მეოცნებეები, შინ დაბრუნების მოლოდინით გულატკივებულები, მგზნებარე პატრიოტები დარჩნენ. დაათვალიერეთ მათი ფოტოები, თვალი შეავლეთ მათ სახეებს – თუ გჯერათ ამაღლებული იდეების ან მშვენიერების არსებობის, თუ ხანდახან მაინც გიფიქრიათ იმაზე, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები – ამ ფოტოებზე უკეთესად ამ რწმენას ვერაფერი დაგიდასტურებთ.

სიმონიკა დადიანი, დადიანების ოჯახის ნაბოლარა ვაჟი, თავისი ცხოვრების შუადღეს ამერიკაში გადასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.

სამხატვრო განათლება პარიზში მიიღო. ამერიკამ კი მისი შემოქმედებითი გამოცდილება გააღრმავა და სათანადოდაც დააფასა. ერთი ეგაა – მას ყველა ამერიკელ მხატვრად იცნობდა. აი, რას წერდა ჟურნალი „Art gigost“ გასული საუკუნის 50-იან წლებში: „დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება, ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს“.

ამ გამოფენის შემდეგ შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. მისი გახმაურებული ქანდაკება „შავი ტორსი“ საგანგებო პრემიითაც დაჯილდოვდა.

მისი ნახატები მიმობნეულია კერძო კოლექციებში, ხოლო ის, რაც გაჩუქება-გაყიდვას გადაურჩა და სიმონიკამ თავის არქივში შემოინახა, 23 ტილოს და ორ ქანდაკებას მოიცავს. სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა, ყველა ნამუშევარი მისი სამშობლოსთვის გადაეცათ.

ოჯახის წევრები გამუდმებით ენატრებოდა. წამითაც არ შეუწყვეტია მათზე ფიქრი. ამაზე მეტყველებს ის აქტიური მიმოწერა, რომელიც სიმონიკას ჰქონდა პარიზსა და თბილისთან, თავის და-ძმებთან. გამორჩეულად მტკივნეული წასაკითხია საქართველოში დარჩენილ უფროს დასთან – ბაბოსთან მიწერილი მისი წერილები:

„…ამას წინათ ვათვალიერებდი შენს გამოგზავნილ ღია ბარათებსაც. მარტვილის სურათები გამომიგზავნე, თუ იყოს

ჩემი ნამუშევრებიდან ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კეთდება. გემოვნება ვითარდება მუშაობაში და დიდ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლაში. ამას დრო უნდა, მოთმინება და დიდი თავმდაბლობა

ოცნებებს უზიარებდა ბაბოს, თავის ყველაზე დიდ და მიუწვდომელ ოცნებებს:

იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის (გიორგი შარვაშიძის) ზღვისპირა სახლში მოვათავსოჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…“

ვერც ერთი ვერ აიხდინა. 1974 წელს, ორმოცდაჩვიდმეტი წლისა, სან-ფრანცისკოში სისხლის მძიმე სნეულებით გარდაიცვალა. დაკრძალეს სან-ფრანცისკოს სამხედრო სასაფლაოზე, როგორც ამერიკელი ჯარისკაცი.

გავიდა 40 წელი. შარშან, 2016 წელს, სიმონიკა დადიანის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. დოკუმენტალისტ ნინო ხოფერიასა და მხატვრის შთამომავლის მია ღვინიაშვილის ინიციატივითა და დაჟინებული მეცადინეობით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიძრა სიმონიკა დადიანის ანდერძის აღსრულების საკითხი – ქართველი საზოგადოებისთვის მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის გაცნობა და მისი ნახატების ჩამოტანა. დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ მხარესთან (სიმონ დადიანის შთამომავლებთან), ვინც ფლობდა ამ წლების განმავლობაში ამერიკიდან ჩამოტანილ მხატვრის პირად კოლექციას. მათი მოთხოვნით, ნახატებს და ქანდაკებებს იმ შემთხვევაში დაუბრუნებდნენ საქართველოს, თუ მათი მფლობელი გახდებოდა სახელმწიფო მუზეუმი.

პროცესი გაიწელა, გართულდა, რომელიღაც ეტაპზე გაიყინა კიდეც. შესაბამისად, საიუბილეო თარიღის მასშტაბურად აღნიშვნა პროექტის ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს. თუმცა აქტიური დიპლომატიური ჩარევის (რის გამოც ინიციატორები მადლობას უხდიან სალომე ზურაბიშვილს) და კერძო მეცენატების წყალობით, ანდერძი ერთი წლის დაგვიანებით მაინც აღსრულდა – სულ ცოტა ხნის წინ სიმონიკა დადიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საქართველოში დაბრუნდა.

ვიდრე ნახატები და ქანდაკებები საბოლოოდ დაბინავდება ხელოვნების სასახლეში, ნოემბრის ბოლომდე მათი ნახვა კლინიკა „ოფთალმიჯის“ სამხატვრო გალერეაში შეიძლება – ასე გამოხატეს პროექტის ავტორებმა მადლიერება კლინიკის ხელმძღვანელის და მეცენატის გია ჯავრიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ეს ისტორიული მოვლენა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ აღსრულდებოდა.

სიმონიკა დადიანი საქართველოშია – დღეს მისი ნახატების ხილვა და შეფასება უკვე ყველას შეუძლია. ეს ახალი პროცესების საწინდარია – უნდა დაიწყოს მისი შემოქმედების პროფესიული გააზრება და მისი ჩართვა ქართული სამხატვრო ხელოვნების დისკურსში.

ხოლო რაც შეეხება დიდ ოცნებას აფხაზეთში, ზღვის პირას მდგარ ბაბუისეულ სახლში, მისი ტილოების გამოფენაზე – ის მაინც შევძლოთ, რომ ამ ოცნებაში შევუერთდეთ დიდებულ წინაპარს. მით უფრო, რომ ოცნება მხოლოდ ფიქრის ბურუსი კი არა, უპირველესად, – ენერგიაა, სულისა და ფიქრის ენერგია, რომელსაც განხორციელების ძალა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი