შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

literatura.ge – ოპტიკური ილუზიები  

2004 წლის ივნისში, როცა ვებგვერდი literature.ge აღმოვაჩინე, ის ერთი უსახური ადგილი იყო, უდაბნოს ფერებში. მარტივზე მარტივი დიზაინი, ლიტერატურული ჟანრების კომიკურობამდე მისული ჩამონათვალი, შოთა რუსთაველის სურათი ზედა მარჯვენა კუთხეში. იმ კაცის მოფიქრებულს ჰგავდა, ბავშვობაში წიგნების კითხვა რომ უყვარდა და ძველ სიყვარულს რაღაც აკლდამის მსგავსი აუშენა. დიახ, აქ მშვიდად უნდა განესვენა ლიტერატურას, რომელსაც, ვებსაიტის შემქმნელის წარმოდგენით, სიცოცხლე კარგა ხნის წინ დაესრულებინა. შოთა რუსთაველის სურათიც ერთმნიშვნელოვან მინიშნებად მოჩანდა – სინდისზე ხელი აიღე და წერ?

არ არსებობდა ის, რაზეც ვებსაიტზე შემთხვევით მოხვედრილი მკითხველი და მწერალი თვალს შეაჩერებდა. თუ მეტისმეტად მოცლილი იყავით და ჩამონათვალს ჩაუყვებოდით, აუცილებლად გადააწყდებოდით ორი-სამი მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორის გვარს და სრულიად უცნობ უამრავ ავტორს. ცხადი იყო, რომ რამდენიმე კლასიკური ტექსტი ვებსაიტის შექმნიდან პირველ ექვს დღეში განეთავსებინათ, მეშვიდე დღეს კი ადმინს დაესვენა და მერე საბოლოოდ აეღო ხელი ქართული ლიტერატურის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების აკრეფაზე.

თავიდან დამაბნეველი იყო ეს უცნაურად ღია სივრცე, სადაც ტექსტის გამოქვეყნებისთანავე შენი გვარი ავტორთა სიას ემატებოდა და დღეში იმდენი ტექსტის გამოქვეყნება შეგეძლო, რამდენსაც მოისურვებდი. ყოველ წუთს გიწვევდა – გაიძულებდა, გამუდმებით გემტკიცებინა, რომ წერა შენი მთავარი საქმეა. ეიფორიით სავსე პირველი დღეები სწორედ ასეთი იყო – ახლად დარეგისტრირებული ავტორი ერთიანად აქვეყნებდა ყველაფერს, რაც კი ვებსაიტზე რეგისტრაციის დღემდე დაეწერა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სისწრაფით იწყებდა ახალი ტექსტების წერას და თითქმის ყოველდღე გამოქვეყნებას.

ვერც ერთი ლიტერატურული პერიოდული გამოცემის რედაქცია ვერ იქნებოდა ასეთი გახსნილი, ვერ დაუშვებდა ამგვარ უპირობო მიმღებლობას. ის, რაც თავიდან გვაცბუნებდა, შემდეგ ყოველდღიურ აუცილებლობადაც კი გვექცა: სულ ნაგავში ვიქექებოდით, მუდმივად რაღაცას ვეძებდით. ყველას თითქოს რაღაც შეგვეყარა: ვწერდით და ვწერდით. გაუთავებლად ვლაპარაკობდით ჩვენს ნაწერებზე, მუდმივად ვუსწორებდით ერთმანეთს, უცერემონიოდ ვერეოდით სხვის სამუშაო პროცესში, დაუნდობლად ვაკრიტიკებდით ყველაფერს, რაც ჩვენს ყურადღებას რაღაცით იპყრობდა.

წლების შემდეგ მეჩვენება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო – ავტორსა და მკითხველს შორის ყოველწუთიერი ურთიერთობის შესაძლებლობა, წარმოუდგენელი რამ ჩაკეტილ სივრცეებს ნაჩვევთათვის. ვებსაიტის სტრუქტურა რამდენადაც პრიმიტიული იყო, იმდენადვე – კომფორტული. საუბრის წარმართვა ერთადერთ სიბრტყეზე შეიძლებოდა, ყოველი ახალი პოსტი წინა პოსტის ზემოთ თავსდებოდა, ძველი პოსტები კი ავტომატურად იშლებოდა. მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა რჩებოდა – ყოველი ახალი კომენტარის გამოქვეყნება რომელიღაც ძველი კომენტარისთვის საბედისწერო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. ამდენად, შეგეძლო უშიშრად გეწერა – უმადურ შთამომავლობას არაფერიც არ დარჩებოდა.

ყველა ერთად ვლაპარაკობდით და ამ ლაპარაკში ყველაფერი ლიტერატურად იქცეოდა. სცენა – იგივე. მოქმედი პირნი – იგივე. ვქმნიდით რაღაც დრამატულ ნაწარმოებს, რომელსაც დასასრული ვერ ექნებოდა, რამდენადაც ნაწერი ყოველთვის იძლეოდა გაგრძელების შესაძლებლობას. სასაუბრო სივრცე თავისუფალი იყო ინტერნეტ-ფორუმებისთვის დამახასიათებელი ნევროზულობისგან: ერთი კვირის წინ ნათქვამს ვერავინ გაგახსენებდა და ვერც პოზიციის რადიკალურად შეცვლაში დაგდებდა ბრალს.

სამუშაო რვეული, შავი ფურცლები – უფრო ამას ჰგავდა literature.ge-ის სასაუბრო გვერდი. ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც შენს კითხვას პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვას სხვაგვარად პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვაზე პასუხებს სადღაც სხვაგან ეძებდა. ყოველთვის იპოვიდი მოხალისეს, ვისაც ნახევარი საათის წინ დაწერილ ლექსს წააკითხებდი და მოხალისეებს, რომლებიც იმ ლექსისგან აღარაფერს დატოვებდნენ – მარცვალ-მარცვალ გაარჩევდნენ და სტრიქონ-სტრიქონ ქარს გაატანდნენ… სისასტიკე, დაუნდობლობა, სიმართლის პირში თქმა – თითქოს ყველა შეთანხმებულიყო, რომ სიკეთის კეთება მხოლოდ ასე შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, კრიტიკული შენიშვნები ზოგჯერ მოუზომავიც იყო და გაუმართლებელიც, მაგრამ ავტორებისთვის ესეც კი უფრო სასარგებლო ჩანდა, ვიდრე მათი ნაწერების სადავო ღირსებებით არაგულწრფელი აღფრთოვანება.

რატომ ვწერ ამ ყველაფერს? მეჩვენება, რომ რაღაც ძალიან იშვიათის მომსწრე გავხდი, ქაოსის წიაღში ჩასახული მოწესრიგებული მოძრაობების, თითქმის სტიქიური მოვლენის, რომელმაც სახე იცვალა და რაღაც სხვად იქცა. ის გამოცდილება, რომელიც literature.ge-ის ავტორ-მკითხველების ნაწილმა 2004-2005 წლებში მივიღეთ, განუმეორებელი მგონია. სხვა პირობებში ამავე შედეგის მიღება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო პირველი და ერთადერთი ვირტუალური ლიტერატურული სახელოსნო, სადაც ერთმანეთზე ზემოქმედებით ერთმანეთს ვზრდიდით, ბევრს ვმუშაობდით საკუთარ თავზე, რადგან მეტის გაკეთება გვინდოდა – ხანდახან იმაზე მეტისაც, ვისაც შეგვეძლო.

იმ დროს იმ ადგილას მოხვედრა ალბათ ერთგვარი გამართლება იყო. პირველი ორიენტირების მონიშვნის შესაძლებლობა, ყოველდღიური მუშაობის აუცილებლობის გაცნობიერება. დარწმუნებული ვარ, იმ წლებში რაღაც ნამდვილად ვისწავლეთ. დღეს literature.ge-ის ასლის, ზუსტად იმავე პარამეტრებით ლიტერატურული ვებსაიტის შექმნა სრულიად აბსურდული, არაფრისმომცემი წამოწყება იქნებოდა. ამიტომაც, არ ვლაპარაკობ literature.ge-ზე, როგორც დაკარგულ შესაძლებლობაზე. ის უფრო გამქრალი ადგილია, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად სამუდამოდ გაუჩინარებული – ადგილი, რომლის მკვიდრთაც, შესაძლოა, ოპტიკური ილუზიების გარდა არც არაფერი უხილავთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი