სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

წიგნები, სივრცეები და ადამიანები

ერთ მრუმე და ნაცრისფერ დღეს უბნის ბიბლიოთეკას მივადექით. „ნეტავ რა ხდება შიგნით?“ – გავიფიქრე და რკინის გისოსებიანი კარი შევაღე, მერე – მინისა და შევედი. თან ორი ბავშვი მახლავს, ორივეს აინტერესებს, იქ რა ხდება, რამე საკბილოს თუ ვიპოვით. ბიბლიოთეკაში სხვანაირი სუნია და სხვანაირი ფერები. ფერები ცოტათი ამ მოღუშული დღისას წააგავს, სუნი კი ორივეს მოსწონს – ძველი წიგნების სუნიაო, ამბობენ და იმახსოვრებენ.

მას შემდეგ რამდენჯერმე ვესტუმრეთ იქაურობას და ორივე ბავშვი თავად არჩევდა თავისთვის ლიტერატურას. ახალი სივრცეების აღმოჩენა მათთვისაც ისეთივე საინტერესო თავგადასავალია, როგორიც უფროსებისთვის, მგონი, უფრო მეტადაც კი…

დიდი ხანია, ბიბლიოთეკით აღარ მისარგებლია. ბოლო წუთს გადავწყვეტდი ხოლმე, რომ საკუთარი წიგნები ჯობია და ბიბლიოთეკის ბარათი დიდხანს უსარგებლოდ მედო ჩანთაში. ბიბლიოთეკაში ვალდებულებებია: პირველ რიგში – დრო, რომელშიც უნდა ჩაეტიო და რომლითაც უნდა შემოიფარგლო, დრო კი ძნელი მოსაპოვებელი და სამართავია. მაგრამ ამჯერად ბავშვებისთვის მინდოდა წიგნების შერჩევა.

კედლებზე – ქართველი მწერლები, წმინდანები და ისევ წიგნები. თანამედროვე ლიტერატურას ვათვალიერებ. ორი სტენდი უჭირავს. ახალი წიგნები თვალსაჩინო ადგილას არის გამოფენილი და ცოტაა. უმეტესობა შინაც მაქვს. მას შემდეგ, რაც პირადი ბიბლიოთეკის შექმნას შევუდექი, საკმაოდ მოიყარეს თავი, წიგნის ფესტივალებმა კი პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრებას ხელი შეუწყო. მაგრამ სხვა საქმეა საბავშვო წიგნები, რომლებიც არასდროს გვყოფნის.

სამივე ვრეგისტრირდებით, ორი ბავშვი და მე. სიხარულით გვარეგისტრირებენ და გვეუბნებიან, რომ ეს მნიშვნელოვანია მათთვის. ბიბლიოთეკის გადასარჩენადაც და პირადად მათთვისაც… შემდეგ წიგნები გამოაქვთ, საბავშვო წიგნები – ფერადები და გაცვეთილები, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია, საქმე ის არის, რომ ცოტაა ასარჩევად. ბევრი არ არის ისეთი წიგნი, რომელიც ილუსტრირებულიც იქნება და ადაპტირებულიც მცირეწლოვანი გოგონას მოსახიბლავად. ისინი ხომ უფრო მეტი ინტერესით გისმენენ, როცა ნახატებსაც აჩვენებ – გოგონას, რომელიც დათვების ქოხში შევიდა, კურდღელს, რომელიც ისე ირწმუნა საკუთარი თავისა, რომ კუმაც კი გაუსწრო, ბიჭუნას, გოგონას ჯადოსნური ქოთანი რომ მოპარა, კაცს, რომელიც ქარიან ამინდში ქუდს დასდევს და უკვე გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ამბებამდეც“ მივედით და ამ სევდანარევ, ზღაპრულ სამყაროში გადავეშვით. ორ-სამ კვირაში თითქმის ყველაფერი გადავიკითხეთ და ბიბლიოთეკაში სიარულის ტრადიციაც დავნერგეთ, მაგრამ ორი-სამი წლის ბავშვებისთვის ადაპტირებული წიგნი ბიბლიოთეკას ცოტა აქვს…

მე კი იმის მოყოლა მინდოდა, რომ მცირეწლოვანს ბიბლიოთეკით არასდროს მისარგებლია. სამივე სახლში, სადაც ვიზრდებოდი და ცხოვრება მიწევდა, განსხვავებული წიგნები გვქონდა. წიგნი ბევრი იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც ვაშლის ხეზე საკითხავად აგიყვანდა – მხოლოდ ბაღდათში, ლამარა ბებიას სახლში. ბებიამ შვიდი შვილი გაზარდა. მის სახლში ყოველთვის იყო წიგნის კითხვის ტრადიცია და ნებისმიერი მკითხველი იპოვიდა თავისთვის საინტერესო ლიტერატურას.

ახლა კი იმ გადარჩენილ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც ნონას დამსახურებით გაფანტვას გადაურჩა და ისევ აწყვია ბაღდათის სახლის წიგნის თაროებზე. ნონა ჩემი დეიდაა, რომელიც წლების წინ კურორტ საირმის წიგნის მაღაზიაში მუშაობდა და უმეტესობა წიგნებისა, რომლებიც ჩვენი სახლის თაროებს და ბავშვობის მოგონებებს ამშვენებს, სწორედ მისი შეძენილია. არც იმას დაგიმალავთ, რომ ნონას მიმართ ყოველთვის ვგრძნობდი პროტესტს, მეჩვენებოდა, რომ ცერბერივით იცავდა თავის ბიბლიოთეკას და ყოველთვის ამოწმებდა, დავაბრუნეთ თუ არა წიგნი თაროზე, ამოწმებდა, რას ვკითხულობდით, იყო თუ არა საჩვენო… თუ არ მოეწონებოდა ჩვენი არჩევანი, გამოგვართმევდა წიგნს და სხვას მოგვაჩეჩებდა – აი, ეს წაიკითხეთ, სათქვენო ეს არისო. და მართლაც, ყოველთვის „საჩვენო“ წიგნი მოჰქონდა. ნონაზე უკეთ არავინ იცოდა, რა იმალებოდა პატარა მკითხველისთვის წიგნის თაროების მიუვალ კუნჭულებში და მგონი არც მასავით ეშინოდა ვინმეს, ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურას არ გადავყროდით. ამიტომ, როგორც კი თაროებზე წიგნის ძებნას შევუდგებოდით, ნონა სასწრაფოდ გამოაძვრენდა საიდანღაც „საჩვენო“ წიგნებს და გვეტყოდა: „აი, ეს მოგეწონებათ“. ჩვენც ვკითხულობდით: პატარა ჯადოქარსა და ვალპურგის ღამეზე, ნილსსა და გარეულ ბატებზე, დევიდ კოპერფილდზე, ბიულერბიუელ და სალტკროკელ ბავშვებზე. ვკითხულობდით და გვიყვარდებოდა ეს ამბები.

„იმ არეულობის პერიოდში“, როდესაც ბევრ სხვა რამესთან ერთად წიგნის მაღაზიებიც გაქრა, საირმის წიგნის მაღაზიაც დაიხურა და ბევრმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა სივრცემ არსებობა შეწყვიტა, ნონა ვერ შეეგუა წიგნებთან განშორებას და საკუთარი წიგნების დამცველი გახდა, ჩვენთვის კი – პირადი ბიბლიოთეკარი. ახლა, როდესაც ბაღდათის სახლში ჩავდივარ, საჩემო ლიტერატურა თან მიმაქვს. ნონა ყურადღებით ათვალიერებს ახალ წიგნებს და წუხს, რომ მსოფლიო ლიტერატურის სერიის შევსება ვერ მოასწრო. სხვა წიგნებზეც დარდობს, რომლებიც სახლში ვერ მოიტანა.

ყველა ადამიანს საკუთარი მედიუმი ჰყავს, რომელიც სხვადასხვა სივრცესთან აკავშირებს. ჩემთვის ასეთი შუამავალი წიგნებია, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ლაღ პერიოდში გადამისვრის, იმ განცდებსა და იმ მოგონებებთან, მეხსიერების სიღრმეებში რომ იმალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი