სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ოჯახური  ძალადობის   ლიტერატურული  მაგალითი

ბავშვი ბევრ ქვეყანაში ოდითგანვე არასრულფასოვან არსებად აღიქმებოდა. ამიტომ მშობლები მას, როგორც ნივთს, როგორც პირად საკუთრებას, ისე ექცეოდნენ. ბავშვთა მიმართ მენტალურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ძველ საქართველოსა და საბჭოთა სივრცეშიც. ის  პრობლემურ საკითხად რჩება თანამედროვე ეპოქაშიც.

ამ  მტკივნეულ საკითხს ცნობილმა ქართველმა პროზაიკოსმა –  რევაზ  ინანიშვილმა  უძღვნა ფსიქოლოგიური პიესა ,,ჩიტების გამომზამთრებელი“, სადაც ჩანს ოჯახის,   სკოლისა და საზოგადოების ნიღაბჩამოხსნილი სახე. ზემოხსენებული ნაწარმოები, მართალია, მეშვიდეკლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის   სახელმძღვანელოშია (გამბა ,,სწავლანი“) შეტანილი, მაგრამ სჯობდა, უფროს კლასებში ესწავლებინათ, რადგან აქ გადმოცემული ამბავი უფროსკლასელთათვის უფრო ადვილად გასაგებ-გასააზრებელი იქნებოდა.

ნაწარმოებში ჩანს აღზრდის ავტორიტარული სტილი, რომლის მიხედვითაც არსებობენ ,,ცუდი და კარგი ბავშვები“. ,,ცუდ ბიჭს“ წარმოადგენს პიესის მთავარი მოქმედი პირი. მას სკოლიდან დაბრუნებული დედა თავის მეუღლესთან – ბიჭის მამასთან – შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: ,,… სად წავიდა შენი დეგენერატი ვაჟიშვილი, რას სწავლობს საერთოდ, თუ აკეთებს რამეს. რა ჭირზე  ფიქრობს, გამოლენჩებული რომ ზის გაკვეთილზე…“. დედა იმიტომ მოთქვამს თავის ცოცხალ შვილს, რომ ის სკოლის მასწავლებლებს გაულანძღავთ და პროფსასწავლებელში უპირებენ გამწესებას სწავლაში ჩამორჩენილობის გამო.

ცოლ-ქმრის დიალოგიდან ირკვევა, რომ ქალისათვის სიკვდილის ტოლფასია, თუ შვილი  პროფსასწავლებელში ისწავლის, პროფესიას  ეზიარება. მისი აზრით,  ასეთი ახალგაზრდა საზოგადოების  დაცინვის  საგნადაც იქცევა. ქალი მოუწოდებს ქმარს: შიშის გრძნობა ჩაუნერგოს შვილებს, იძულებით აკეთებინოს საქმე და,, თუ არ გააკეთებენ…“ მაშინ, ალბათ, მუშტის ძალა იქნება საჭირო. აქედან გამომდინარე, დედის დევიზია:  ,, გაზარდე შვილი მტრად, გამოგადგება მოყვრად“. მამა, მართალია, ცოლის ასეთი მოწოდების აშკარა  წინააღმდეგია, მაგრამ  იმდენად ინერტული და უფერული პიროვნებაა, რომ მისთვის უცხოა შვილის ნორმალური ზრდა-განვითარების გეგმის დასახვა.

ცოლ-ქმრის ცხარე კამათში ,,გაიღება კარი და შემოდის თხუთმეტი წლის გაღიმებული ბიჭი. მაღალი, წვრილი, მხრებში მოხრილიგაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთნ. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი.

     . ფანჯრები დაკეტილია?..

ჩიტბატონები ვიყიდე მთლად იაფად, გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე გავუშვებ.

     პარკს პირს მოხსნის და ჩიტბატონებს ამოაფრენს. ისინი ფრთხიალით, რიკრიკით, წითელყვითელი ფერების თახთახით დაფრინავენ ოთახში. ბიჭი ქვემოდან შესცქერის და ბედნიერებით  უბრწყინავს სახე.

    ქალი წამოვარდება, საკუჭნაოდან იატაკის საწმენდ ჯოხს გამოიტანს და ჩიტებს დაედევნება.

     . არ დაარტყა! არ დაარტყა!

    ქ ა ლ ი. გამეცალე, თორემ შენ გაგიხეთქავ თავს!

   ბ ი ჭ ი. მამა, არ დაარტყას, მამა!                                                                                                                                                

   მამაკაცი ჭამს, თეფშს ჩაჰყურებს.                                                                                                                                       

   ქალი ერთ ჩიტს მისწვდება და კედელზე მიაჩეჩქვავს, დასდევს მეორე ჩიტსაც.

   . დედა! მამა! დედა!

   . გამეცალე!

   ქალი იმ მეორე ჩიტსაც მისწვდა, აჭყივლებული მიასრისა კუთხეში.

   . კარგი, დედა!

        დიდი, საბრალობელი თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთით, მერე მეორეს. დგას ჩიტებით ხელშიმერე უცნაური ლაყუნით მიდის, სანაგვე ყუთში ყრის.

   . კარგით! კარგით!

       ფერდაკარგული ქალი იატაკის საწმენდ ჯოხს საკუჭნაოში შეიტანს და კარს ღონივრად  გამოიხურავს.

   მამაკაცი ხმას არ იღებს.

   ი. კარგით! კარგით!

   . ,თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს

   . კარგით! კარგით!“

ჩვენ თვალწინ გაირბინა ოჯახური ძალადობის საოცრად მძიმე სურათებმა. ავტორმა  შეძლო  მკითხველისათვის უმოკლეს  დროში  ეჩვენებინა  მოზარდის სურვილი – გამოზამთრებაში დაეხმაროს სუსტ არსებებს – უმწეო ფრინველებს. თავისი გადაწყვეტილებით, ბიჭი ბედნიერია, მაგრამ მდგომარეობა წუთში იცვლება, რადგან  მის კეთილ სურვილებს ისეთი დედის ხელში, რომელსაც შვილის მხოლოდ ლანძღვა-გინება  და დასჯა შეუძლია, ახდენა არ უწერია.

ცოლის ქმედებით  შეშინებულმა კაცმა ასეთ მომენტში, ნაცვლად  იმისა, რომ სამართლიანი, გადამწყვეტი სიტყვა თქვას, ,,ცეცხლზე ნავთი დაასხა, „გამაღიზიანელად ჩაილაპარაკა: ,,თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს…“. მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ მოზარდს არ შეუძლია, თავისი მოწოდებების შესაბამისად იმოქმედოს. მისი ყოველი ნაბიჯი წინასწარ უნდა იყოს გათვლილ-გაანგარიშებული. ასეთი მშობლების აღზრდილი შვილებისათვის უცხო იქნება: სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების… ჭეშმარიტი გრძნობების, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ადამიანური განცდა. ამის უტყუარ მაგალითებს ზოგიერთი ბელადის ცხოვრებისეული ისტორიებიც გვასწავლის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბიჭის ბოლო სიტყვები: ,,კარგით! კარგით!“ რომლებსაც ის დაჟინებით იმეორებს. აქედან, ბუნებრივია, ჩანს უმძიმეს მდგომა-რეობაში ჩავარდნილი მოზარდის ფარული აგრესია, მშობლების მიმართ შურის-ძიების სურვილი. ოჯახური ძალადობის ამ ლიტერატურული მაგალითის ფონზე ავტორს სურს, დაგვანახოს, რა მდგომარეობაში იმყოფება მოძალადე მშობლების ხელში ჩავარდნილი მოზარდი, რომლის სულშიც რამდენიმე წუთის წინ სიკეთის მოკიაფე სხივს განფენის საშუალება არ მისცეს.

როგორი იქნება ამგვარი ქმედების შედეგი? ამის შეფასებას ავტორი მკითხველებს მოგვანდობს და ჩვენც ცხოვრებისეული მაგალითებითა თუ  ლიტერატურულ-სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ  ასეთი ბავშვები ან მონურად მორჩილები, ან ძალიან აგრესიულები ხდებიან და ათასგვარ საშინელებას  ჩადიან.

ბავშვთა მიმართ სოციალური ძალადობის შედეგად  ყალიბდებიან ,,განდგომილი, გულჩათხრობილი და ჯანმრთელობაშელახული ახალგაზრდები, რომელთაც       უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან განმკლავება და წარმატებებსაც ნაკლებად აღწევენ“,[1] – წერს საშა გრაუმანი – ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენელი საქართველოში.

რ. ინანიშვილის ნაწარმოებით წარმოდგენილი თემა ჩვენს  ქვეყანაში დღესაც  აქტუალურია, რაც კვლევების შედეგადაც არაერთხელ დადასტურებულა. გაუცნობიერებელი საზოგადოებისათვის ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური  ძალადობა  ოჯახის შიდა საქმედაა  მიჩნეული. ზოგი თვლის, რომ ასეთი ძალადობა ბავშვის დისციპლინის განმტკიცებისათვისაა საჭირო, აღზრდისათვის მისაღები და სასურველი, ამიტომ დასახელებული მიზეზების გამო საზოგადოება ოჯახურ ძალადობაში ჩარევის წინააღმდეგია.

ასეთი გართულებული მდგომარეობიდან გამოსავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კინომ, თეატრმა, მხატვრობამ… უნდა გვაპოვნინოს. ახლა სიტყვა ახალგაზრდა შემოქმედებს ეკუთვნით. ჩვენ – მასწავლებლებმა – ოჯახურ ძალადობაზე შექმნილი ნაწარმოებები ისე უნდა განვაცდევინოთ აღსაზრდელებს, რომ მათ ყოველგვარი  სისასტიკის სიძულვილი შეიგრძნონ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უფროსებს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რასაც ,,ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის“ პრეამბულა გვასწავლის, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის ბავშვის ნორმალურად ზრდა-განვითარების ძირითადი უჯრედი, სადაც მოზარდი თავს ყველაზე კომფორტულად და დაცულად უნდა გრძნობდეს. მშობლების მზრუნველობით გარემოცული ბავშვი არის პიროვნება, რომელსაც უფლება აქვს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ადვილად შეიგრძნოს საკუთარი შესძლებლობები, თავისუფლებისა და თანასწორობის გრძნობათა სიდიადე.

 

გამოყენებული   ლ ი ტ  ე  რ ა ტ უ რ ა

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, გამბა ,, სწავლანი,“ ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა.არაბული, მ.ხუციშვილი, 2016 წელი, გვ.118.
  2. ბავშვთა უფლებების დაცვის კონცეფცია, პრეამბულა.
  3. ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში, ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ 2013 წელი.
  4. ადამიანის უფლებები ყველასათვის, სოციალური ნორმების ანალიზი ბავშვთა მიმართ ძალადობის კონტექსტში, 2016 წელი, ნოემბერი.

 

 

 

[1]. ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში, ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ, 2013 წელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი