სამხედრო-პატრიოტული სწავლებისთვის

2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ სასწავლო კონკურსებს, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ექსკურსიებსა და შექმნიან სასწავლო რესურსებს სამხედრო თემატიკაზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საჭიროა, ქართველი ბავშვები უკეთ იცნობდნენ თანამემამულე გმირებს. რადგან ისტორიის სახელმძღვანელოებში არაა საკმარისი მასალა მათ შესახებ.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, ლიცეუმში გაიმართა დისკუსია, რომელშიც ბოლო სამი კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას.

დისკუსიისას განიხილეს სამი საკითხი:

1.საქართველოს საჯარო სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღება;
2.საქართველოს ეროვნული მიზნების სასწავლო პროგრამებში შეტანა (ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებისას);
3.სამოქალაქო თავდაცვის სწავლება, ოღონდ არა მეათეხარისხოვან საგნად, არამედ რეალურად, რათა ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პირველ პუნქტს მოსწავლეთა ძალზე მცირე რაოდენობამ დაუჭირა მხარი. იმსჯელეს იმაზეც, რომ მეორე და მესამე საკითხები შეიძლება გაერთიანდეს და ერთ საგნად შევიდეს საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
რადგან ინფორმაციაში დისკუსია იყო ნახსენები, დამაინტერესა, რას მეტყოდნენ უფროსკლასელები, როგორ მიიღებდნენ ამ სიახლეს.

* * *

ახლა მთიულეთში ვარ, სავსეა სოფელი დამსვენებლებით, არაგვის ნაპირზე ათიოდე უფროსკლასელი ეფიცხებოდა მზეს. ისინი სხვადასხვა რეგიონიდან არიან, განსხვავებულია მათი აკადემიური მოსწრებაცა და ინტერესებიც. უმეტესობას ვიცნობ, ამიტომ საუბარში ადვილად ავიყოლიე. 
პირველი, რაც ერთხმად აღნიშნეს, იყო ის, რომ საერთოდ არა აქვს აზრი ისეთი საგნის შემოღებას, რომელიც ხშირად ცდება. რაღა თქმა უნდა, ჩავეკითხე, რას გულისხმობდნენ. ამიხსნეს, რომ ის საგნები, რომლებიც საადესტატო გამოცდაზე არა აქვთ ჩასაბარებელი, სკოლებში ნაკლებმნიშვნელოვნად ითვლება. ხელოვნება, მუსიკა, სამოქალაქო განათლება, სპორტი – ხშირად საგაკვეთილო ცხრილის ბოლოსაა და გათვლილია იმაზე, რომ დაღლილი მოსწავლეები ან გაიპარებიან, ან გაუშვებენ, ან მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იქნებიან გაკვეთილზე.

იკამათეს იმაზეც, რომ ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი საგანი ისეთივე საჭიროა, როგორც რომელიმე – საბუნებისმეტყველო. რომ ხელოვნების ცოდნა ადამიანის ზოგად განათლებაში გაცილებით დიდ როლს ასრულებს, ოღონდ სხვანაირად უნდა ისწავლებოდეს. თავიანთი ასაკისთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმით აკრიტიკეს თითქმის ყველაფერი: სასწავლო პროგრამები, სწავლების ფორმა, პედაგოგები. თუმცა, მასწავლებლების მიმართ ყველაზე ნაკლები ჰქონდათ პრეტენზიები და თქვეს, რომ იმ ანაზღაურების ფასად, რაც მათ მასწავლებლებს აქვთ, არც თვითონ ჩაატარებდნენ უკეთეს გაკვეთილს. თქვეს, რომ ჰყავთ კარგი პედაგოგებიც, ღებულობენ ცოდნასაც, მაგრამ სასკოლო სივრცეში ვერ გაიხსენეს გაკვეთილი, რომელსაც, თუ საშუალება მიეცემოდათ, არ გაცდენდნენ. ერთმანეთს უზიარებდნენ სხვადასხვა  სასწავლო ცენტრებში მიღებულ გამოცდილებას, სადაც პედაგოგები, სავარაუდოდ, მთელ წინა დღეს უთმობენ შემდეგი სამსაათიანი გაკვეთილის დაგეგმვას. თქვეს, რომ მსგავსი გაკვეთილის ჩატარების პოტენციალი მათი სკოლის მასწავლებლებსაც აქვთ, მაგრამ აკლიათ დრო და მოტივაცია. რომ უმჯობესია, ქვეყნის ფინანსები არსებული პროგრამების დახვეწასა და პედაგოგების ხელფასს მოხმარდეს, ვიდრე- ახალი პროგრამების შემოღებას, რომლისთვისაც აუცილებლად შეიქმნება საკადრო დეფიციტი და რაღაც კურსებით გადამზადებული პედაგოგი ვერ შეძლებს ხარისხიან სწავლებას.
ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული გულისტკივილით ისაუბრეს სამოქალაქო განათლებაზე, რომელსაც ძირითადად ისტორიის მასწავლებლები ასწავლიან და თვითონვე აღიქვამენ ამ საგანს მეორეხარისხოვანად, რაც, რაღა თქმა უნდა, სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. 

გააღიზიანათ სამხედრო საქმეში გამოჩენილი გმირობის განსაკუთრებულმა ხაზგასმამაც. გაიხსენეს ილიაც და თქვეს, რომ „დროის შესაფერი” საქციელი არ არის გმირობის არსის ასე ერთი მხრივ წინ წამოწევა, რომ ურჩევნიათ, მეტი გაიგონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების შენებისთვის იბრძვიან. ერთ- ერთმა, თქვა, რომ მისთვის გმირი არის დედამისი, რომელიც წლებია რეგიონში ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის, ეომება საკრებულოებს, რათა გახსნან საბავშვო ბაღები, რათა არსებული ფინანსები მოსახლეობის პირველადი საჭიროების მიხედვით დახარჯონ, სამართალდამცავ ორგანოებს აიძულებს, დაიცვან ძალადობის მსხვერპლი ქალები, აწყობს საგანმანათლებლო კინოჩვენებებს, ხსნის ბიბლიოთეკებს. იბრძვის ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ხელს უწყობს მოსახლეობაში მოქალაქეობრივი შეგნების, პასუხისმგებლობის განვითარებას. ყველა იქ მყოფი დაეთანხმა, რომ დღეს სამოქალაქო აქტივიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო საქმე და გმირობა. რომ ხმამაღლა სამშობლოს სიყვარულზე საუბარი ყალბია და სწავლება არ სჭირდება, რომ ასეთი ინიციატივები აუცილებლად მიიღებს მახინჯ ფორმებს.

სამშობლოსა და რელიგიის სახელით საუბარი სკოლებში საშიშია, – თქვა ერთმა, – როგორც კი პატრიოტიზმზე საუბრის საშუალებას მისცემ, ეგრევე გეტყვიან, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ქართულ ტრადიციაში არ არსებობენ და უნდა ჩაიქოლონ, რომ კაცი ოჯახის თავია, რომ ეკომიგრანტებიც, რომლებიც მუსულმანები არიან, ისევე უნდა ლოცულობდნენ გაკვეთილზე, როგორც სხვები, რადგან მართლმადიდებლობა ჩვენი ისტორიული რელიგიაა და ა. შ.

– ჯობია ეკოლოგია გვასწავლონ, როგორ მოვუაროთ ბუნებას, როგორ დავიცვათ ისიც და საკუთარი ჯანმრთელობაც, თუ ეს გვეცოდინება, მთავრობა და ბიზნეს სექტორი ნაკლებად გაბედავს ეკოლოგიისთვის საზიანო პროექტების განხორციელებას. 

– განა გმირები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც მთელ თავის ცხოვრებას ეკოლოგიისთვის ბრძოლას უთმობენ, ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა, თუ ამოვიხოცეთ დაბინძურებულ გარემოში?
– ან ცხოველების უფლებების დამცველები? რაც უფრო მეტად დაცულია ცხოველი, მით უფრო ჰუმანური და უკეთესი სახელმწიფო გაქვს.

– გვასწავლონ ურთიერთობა მაწანწალა ცხოველებთან, რა არის საჭირო უნარი?
– ჩემთვის გმირობაა „ოფენ ეარის” მოწყობა, – ამბობს ერთი როკის მოყვარული, –  გმირობა თუ არა, ძალიან ეროვნული საქმე. არა იმიტომ, რომ მე მიყვარს ეს მუსიკა, არამედ იმიტომ, რომ, თუკი საქართველოში ამხელა ევროპული დონის ფესტივალი ეწყობა, ე. ი. ჩვენი ქვეყანა ამ ევროპის ნაწილია და ასე მგონია, ის ახალგაზრდობა, რომელიც ამ ფესტივალზე დადის, აღარ მოითმენს რუსეთს, რომელიც ისევ საბჭოთა კლიშეებით აზროვნებს.
– შრომის გაკვეთილები ნუ ტარდება ცალ-ცალკე, გოგოებს ცხობა, ბიჭებს – დურგლობა.
შევეცადე შევწინააღმდეგებოდი და რახან არაგვის ხეობაში ვიყავით, სამასი არაგველი ვუხსენე, ნაკლებათ გხიბლავთ მათი გმირობა-მეთქი?

ერთმა გრძელთმიანმა ბიჭმა მიპასუხა:
-აი, კომუნისტებმა ხომ დადგეს სამასი არაგველის ძეგლი ჟინვალთან და მერე წყალსაცავი აუშენეს?
შევეპასუხე:
– ჯერ წყალსაცავი ააშენეს, მერე დადგეს ძეგლი.
– მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ერთადაა ის, რაც არაგვის ხეობისთვის ყველაზე საზიანოა და არაგველების ძეგლი. თითქოს ამ ძეგლით ჩვენს ვალს ვიხდით მათ წინაშე და მათივე ხეობის დაზიანებას არა უშავს.
– ჯობია, მეტად გვასწავლონ, როგორ მოვუაროთ ამ გმირების მიერ ჩვენამდე მოტანილ ქვეყანას, ეს უფრო საქმეა.
– სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი მთავარი საგანი უნდა იყოს.
– ზოგიერთი საგანი, უმჯობესია, არჩევითი თუ იქნება.
– სამხედრო გმირები ძირითადად კაცები არიან, გვასწავლონ ქალების ისტორიებიც.
კიდევ ბევრი ილაპარაკეს არაგვის ნაპირზე საბანაოდ თავმოყრილმა ახალგაზრდებმა, თან უკვე მზე გადასული იყო, მდინარეში აღარ ჩაისვლებოდა.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველაფრის სწავლა უნდათ, სამხედრო საქმის სწავლის გარდა. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ, მაგრამ ბევრი რამ მათ ნათქვამში სწორიც იყო და დასაფიქრებელიც.

* * *
2006 წელს თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვმუშაობდი. ზამთარი იყო, სკოლა დენის ქურებით თბებოდა, მაგრამ ძველ, მაღალჭერიან შენობას ის ქურები დიდად ვერ შველოდა. ამიტომ თითქმის ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. ორი-სამი ბავშვი თუ მოდიოდა გაკვეთილზე.
ერთ-ერთ ასეთ დღეს დირექტორმა დამიბარა, ზევიდან (ალბათ განათლების სამინისტროდან) ბრძანებაა მოსული, ყველა კლასი ოკუპაციის მუზეუმში უნდა წაიყვანოთ ექსკურსიაზეო. მაშინ მესამე კლასის დამრიგებელი ვიყავი. კი ვერ მივხვდი, რა უნდოდათ ჩემს მესამეკლასელებს ოკუპაციის მუზეუმში, მაგრამ მზემ გამოანათა, გარეთ ყოფნა ჯობდა კლასში გაყინვას და მეც სიამოვნებით მოვკიდე ხელი ჩემს სამ-ოთხ მოსწავლეს და რუსთაველზე დავეშვით.
მივედით მუზეუმთან, აბრასთან სურათი გადავიღეთ, დირექტორისთვის რომ გვეჩვენებინა და იქვე, ქაშვეთის ქვემოთ ბაღში დავეშვით.

ახალდადგმულმა საქანელებმა და სასრიალოებმა ძალიან გაახარეს ჩემი პატარა მოსწავლეები და მშვენივრად მოილხინეს, მეც ბედნიერი ვიყავი, ისინიც.
ის ფოტო ძველ, გაფუჭებულ ტელეფონში ჩამრჩა. როდესმე, იმედი მაქვს, აღვადგენ, როგორ დგანან მესამეკლასელები ოკუპაციის მუზეუმის კართან.

კომენტარები

comments