ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ პატრონყმური „კონსტიტუცია“

მოაზროვნე, განათლებული თაობის აღზრდისათვის მნიშვნელოვანია, ტექსტის შესწავლისას განუვითაროთ მათ ქვეტექსტებზე დაკვირვების, პრობლემის აღმოჩენისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის, მწერლის სათქმელის სწორად გააზრების უნარ-ჩვევები. ამისთვის მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ლიტერატურული ტექსტების ღრმად, გააზრებულად შესწავლას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკას, კერძოდ, პოემაში დახატულ პატრონყმურ ურთიერთობებს. საკითხით დაინტერესების მიზნით ტექსტის შესწავლისას მოსწავლეებს ვაძლევ მაპროვოცირებელ, მოტივაციის ასამაღლებელ კითხვებს და პასუხების პოვნისაკენ ვუბიძგებ. მაგალითად, ისინი ინტერესდებიან: რატომ ისწრაფვიან პოემის პერსონაჟები ყმობისაკენ? როგორია პოემის პატროყმური ურთიერთობის „კონსტიტუცია“? რა მოვალეობები აკისრიათ და რა უფლებებით სარგებლობენ ყმები, პატრონები? რა იწვევს მათ შორის ვალდებულებებების რღვევას? შეიძლება, ერთი შეხედვით, მოულოდნელიც აღმოჩნდეს მათთვის პოემის პერსონაჟთა მისწრაფება ყმობისაკენ, რადგან მათი ცოდნა, ძირითადად, მაინც ბატონყმობის ფორმაციას უკავშირდება, სადაც ყმა დაჩაგრულია. სინამდვილეში კი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებისთვის ყმობა სრულებით არ არის მათი პიროვნების დამამცირებელი. ტექსტის ღრმად გააზრება მალე დაარწმუნებს მათ, რომ ყმობა რაინდობაა, ასპარეზია თავის გამოჩენისა და ისეთი ადამიანური ღირსებების დამკვიდრებისა, როგორიცაა: ერთგულება, ნდობა, ვაჟკაცობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ყმობა პოემის პერსონაჟებს საგმირო საქმეებისაკენ უბიძგებს, ხოლო ტექსტში ნაჩვენები მათი უფლებები ქმნის თავისუფალ, მოაზროვნე ყმათა სახეებს.
პატროყმობის ისტორიული არსი და „ვეფხისტყაოსანი“
პატრონყმობა-ფეოდალური ურთიერთობის ამსახველი უნივერსალური ტერმინია და მიღებულია პატრონისა და ყმისაგან. იგი X-XIII საუკუნის საქართველოში იყო დამკვიდრებული როგორც სახელმწიფო წყობილებაში, ისე საზოგადოებრივში და ჰუმანურ ფეოდალურ წყობად ითვლება, რადგან პატრონი არა მარტო მბრძანებელია, არამედ მზრუნველიც. პატრონყმურ-ფეოდალური საზოგადოების რწმენას კარგად გამოხატავს სიტყვები: „რაცა ბედმან ვის რა მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს“. ამ წყობილების არსი ყმების კმაყოფილებაშია, რადგან კმაყოფილი ყმა უფრო სანდოა. გიორგი მეორემ თავისი ურჩი ქვეშვრდომების ალაგმვა მხოლოდ იმით შეძლო, რომ „ყოველი ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა“ და ამ საშუალებით „დაიწყნარა მეფობა თვისი“. ამავე აზრს ავითარებს არაბეთის ძლიერი მბრძანებელიც, როცა შვილს მოწყალების უხვად გაცემას ასწავლის. „უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“. კარგად იცის ბრძენმა მეფემ, რომ „უხვი ახსნილსა დააბამს“. მომავალი მეფეც ამ გზით აპირებს სვლას. „არ დაარჩენს ცარიელსა, არცა ქალსა, არცა ყმასა“. სამწუხაროდ, ერთგულებისა და მორჩილებისათვის დასაჩუქრება აუცილებელი პირობა ყოფილა, როგორც ისტორიულად საქართველოში, ისე მხატვრულ ნაწარმოებში. რუსთაველი ვერ გაექცა თანადროულ სინამდვილეს.

 

მეფე ღმერთის სწორია პატრონის სამსახური წეს-წყობის საფუძველია, რომელზედაც ფეოდალური სახელმწიფოა დაფუძნებული. ავტორი მეფის ინსტიტუტს მიიჩნევს ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტად. მეფის მსახურება, მისთვის თავგანწირვა, შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიით დიდი პატივია, ხოლო მეფის ხელყოფა – უდიდესი ცოდვა. ამ აზრს ავითარებენ პოემის პერსონაჟებიც. „ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“, -აცხადებს ტარიელი. სწორედ ხელმწიფობის გამო დაინდო ტარიელმა როსტევან მეფე. „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არა ვახლე“. მეფის ინსტიტუტის პატივისცემა გამოიხატება იმაშიც, რომ დამარცხებული მეფეც კი (რამაზი) არ არის შეურაცხყოფილი და დამცირებული. მას ფარსადანი სათანადო პატივით ექცევა, რითაც ხაზს უსვამს მეფის ღვთიურ წარმომავლობას, ხელშეუხებლობას. მეფე რომ სამართლიანი და მოწყალე უნდა იყოს, ისე როგორც უფალი ღმერთი, ამას ადასტურებს როსტევან მეფის დახასიათება, სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც „მოსამართლე და მოწყალე“. ყმა ავთანდილის თვალით დანახული პატრონიც ღმერთთანაა გატოლებული.
„პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი“. პატრონის სამსახურს გმირები ერთმანეთს უწონებენ. იგი მათთვის თავის გამოჩენის საშუალებაა და საამაყოცაა. „წამოსულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღმერთმა ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად“. ავთანდილი თავს იდანაშაულებს, რომ მეფე-პატრონი მიატოვა, უორგულა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი“, – სინანულით აცხადებს იგი. ფაქტია, რომ რუსთაველი პატრონისადმი ერთგულების მქადაგებელია. მაშინ ისმება კითხვა: თუ ასეა, რატომ დაუშვა ავტორმა, რომ ავთანდილი პატრონის დაუკითხავად გაპარულიყო და მიეტოვებინა სახელმწიფო თანამდებობა? პასუხი ცალსახაა. სწორედ იმიტომ, რომ რუსთაველისთვის არსებობს პატრონის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ღირსება, როგორიცაა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება. მწერალი არ ერიდება პატრონყმური მოვალეობის დარღვევის ფაქტების აღწერას. მაგალითად: ტარიელის მიერ მეფის ბრძანების შეუსრულებლობა, ტახტზე პრეტენზია, სასიძოს მოკვლა, თითქმის ამბოხიც კი. ისევ ჩნდება კითხვა: როგორ დაუშვა მწერალმა შუა საუკუნეებში მსგავსი სახიფათო სიუჟეტის განვითარება?.. მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია რუსთაველის პრინციპები, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ღირსება, რასაც სამართლიანობა ჰქვია, ვიდრე ბრმა მორჩილება პატრონისა. სწორედ სამართლიანობის დარღვევას მოჰყვა პატრონყმური ვალდებულების რღვევაც. ავტორი არა მარტო ყმის, არამედ პატრონის ვალდებულებების ასრულებასაც ითხოვს. იგი მხოლოდ სამართლიანობაზე დამყარებული პატრონყმობის მომხრეა. როგორც ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა: როდესაც მთავრობა უზურპატორი ხდება, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა. ქვეშევრდომი არაა ვალდებული, დაემორჩილოს უზურპატორს. ჩანს, ასე ფიქრობდა რუსთაველიც, რადგან არც ფარსადანს და არც როსტევანს აზრად არ მოსვლიათ თავიანთი ყმების დასჯა. დიახ! რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არ გაბრაზებულა როსტევანი, როცა სპასალარმა მეფის დაუკითხავად მიატოვა სახელმწიფო სამსახური და გაიპარა ტარიელის დასახმარებლად. სავარაუდოდ, ფარსადანიც ხვდებოდა თავის არასწორ გადაწყვეტილებას სამეფო გვარის წარომადგენლის (ტარიელის) მიმართ. აშკარად გრძნობდნენ მეფენი თავიანთ უსამართლობას და მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდნენ. როგორც ვხედავთ, ზოგჯერ, „ვეფხისტყაოსანშიც“ ირღვევა „კონსტიტუცია“. ამ მაგალითებით რუსთაველი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი, უფრო სამართლიანი და ტოლერანტული მსოფმხედველობა.
მოვალეობა, ერთგულება, სიყვარული რა განაპირობებს პოემის პატრონ-ყმათა ურთიერთობებს? რუსთაველი, რომელიც შესავალშივე ხაზს უსვამს პატრონის უზენაესობას და მისი სამსახურის ვალდებულებას („მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“), მაინც ვერ გახდა პატრონისადმი „სიტყვაშეუბრუნებელი, მორჩილი“ ყმების მხატვარი. იგი დამოუკიდებელი, თავისთავადი მოაზროვნეა. მისი გმირების პატრონყმური ურთიერთობა ერთგულებაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივიცემაზეა აგებული. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თამაზ ჭილაძის თქმით, „რუსთაველის პატრონყმობა ადამიანისათვის გადაკეთებული, გადააზრებული ხელოვნება“.
ავთანდილი თინათინის დავალების შესრულებას თავის მოვალეობად მიიჩნევს, როგორც ყმა. „პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, თინათინიც სწორედ ასე ფიქრობს. „პირველ ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ…“ ის დავალებას პირველ რიგში ყმას აძლევს, შემდეგ კი სატრფოს. აშკარაა, რომ ორივენი სახელმწიფოებრივ ხედვას ამჟღავნებენ. რა თქმა უნდა, სიყვარული ამ დავალების პირნათლად შესრულების საწინდარია. ავთანდილს ეძლევა შანსი, ამ დავალების შესრულებით თავი გამოიჩინოს არა მარტო როგორც ყმამ, არამედ როგორც მიჯნურმაც. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, გარდა მოვალეობისა, პოემაში პატრონყმური უთიერთობების სხვა ბერკეტებიც არ დავინახოთ.
ავთანდილისა და შერმადინის ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობასა და ნდობაზე. იგი სცილდება პატროყმურ ურთიერთობებს. ეს კარგად ჩანს ავთანდილის ამ სიტყვებში: „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა“. ავთანდილს ხელს არ უშლის შერმადინის მონა-ყმობა, იყოს მისი მეგობარი და მესაიდუმლე. შერმადინს ენდობა, უმჟღავნებს თავის ხვაშიადს, მისი იმედით ტოვებს ქვეყანას და თავის სანაცვლოდ პატრონადაც „დააგდებს“. საყურადღებოა, რომ „ჯერთ უწვერული“ ავთანდილი მზად არის თავის წერილში, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი სიტყვებით, დაარწმუნოს ქვეშევრდომები, რომ შერმადინი გაუზრდია „ვითა ძმა და ვითა შვილი“. ამ განცხადებით მან თავის ყმებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა დავალების ასასრულებლად. „ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითმცა ავთანდილი“. ავთანდილი პატრონის უფლებით ავალდებულებს ყმებს თავისი ბრძანების ასრულებას. შედეგად „იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა“. ავთანდილმა გაითვალისწინა, რომ დაბალი წარმოშობის ადამიანის პატრონად გამოცხადებაზე შეიძლება უარი ეთქვა ლაშქარს, ამიტომ თავისი უფლება დოკუმენტით (წერილი) განამტკიცა. ფაქტია, რომ შერმადინს ავთანდილი უფრო მაღალი რანგის ადამიანების პატრონად ტოვებდა. „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი“.
შერმადინისათვისაც ავთანდილის მეგობრობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ლაშქრის პატრონობა. გულწრფელად სთხოვს იგი პატრონს: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო რაცა გინდი“, ხოლო, როცა მის გადაწყვეტილებას მოისმენს, კიდევ უფრო დამწუხრდება. „მაგრა რა ვქნა უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი“, ან „შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა მიაკვანე“. ამ განცდებს მხოლოდ მოვალეობა ვერ შობს, იგი უფრო მაღალ გრძნობებზეა დაფუძნებული.
მამაშვილური დამოკიდებულება ვლინდება როსტევან მეფისა და ავთანდილის ურთიერთობაში. ნადირობაში დამარცხებული მეფე ავთანდილის სიყვარულით მეფურ ამპარტავნებას იცხრობს. „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა“. არც მონებისგან იყო იოლი სათქმელი მეფისათვის „…მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ…“ აშკარად მეფის სამართლიანობისა და მისი ავთანდილისადმი დამოკიდებულების იმედად მყოფმა მონებმა გაბედეს, მეფისათვის ეკადრებინათ, რომ იგი ავთანდილს ვერ უტოლდებოდა ნადირობაში. სამართლიანობას ავლენს პურობისას „სიძუნწეში ეჭვმიტანილი“ მეფეც. იგი მხოლოდ მაშინ კარგავს წონასწორობას, როცა ავთანდილის გაპარვას შეიტყობს. მეფის მწუხარების მიზეზი არა ყმის მიერ დარღვეული ვალდებულებაა, არამედ იმის ფიქრი, რომ ავთანდილის გარეშე მოუწევს ყოფნა. მამის წუხილს უფრო ჰგავს მეფის მოთქმა, ვიდრე პატრონისას. „მარა მე რა ვქნა გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები, გამაღარიბე, დამაგდე…“ ან „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა“. სამართლიანობა და სიყვარული მიაჩნია ავტორს იდეალური პატრონყმური ურთიერთობის საფუძვლად.
პოემის თანახმად, ყმები უფლებრივად შეზღუდული არ არიან. როგორც ვხედავთ, მათ შეუძლიათ გააპროტესტონ პატრონების უსამართლობა, შეუძლიათ იმეგობრონ ყმებთან, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. თვით მეფესაც კი გაეჯიბრონ და სძლიონ, ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ყმას პატრონის შეყვარების და მასთან ქორწინების უფლებაც კი აქვს. ამიტომაც არ მალავს ავთანდილი მეფე-პატრონის სიყვარულს. „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია, თვით მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავ-მაგრებია“. საგულისხმოა, რომ ამ აზრს შეგნებულად ხვდება როსტევანი. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა“, -აცხადებს იგი.
დიახ, „ვეფხიტყაოსანი“ პატრონყმური ურთიერთობის რენესანსული ფორმაა. პოემის პატრონყმური „კონსტიტუცია“ მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, ყმას უფლება აქვს იყოს პატრონის მეგობარი და მიჯნურიც კი. იგი ასპარეზია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გამოსავლენად. პოემის გმირები ღირსეული ყმები არიან. აი, თურმე რატომ ესწრაფვიან ყმობას „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები.
სწორედ ნაწარმოების პრობლემატიკის კვლევა-ძიების პროცესში ყალიბდება მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, იხვეწება დისკუსიისა და თანამშრომლობის კულტურა. მეტი ყურადღება ექცევა ნაწარმოების შექმნის დროს, ეპოქის სულისკვეთებას, საგანთაშორის კავშირებს, კანონმდებლობით საკითხებს, ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას, მოპოვებული მასალის დახარისხებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი