შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის დღიური

მე დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ვარ!

ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერა–კითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.

დავიწყებ თავიდან…

პირველკლასელთა მშობლები ყველაზე რთული საზოგადოებაა მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ. ეჩქარებათ შედეგის დანახვა, ერთი სული აქვთ, სანამ მათი შვილი სქელტანიან წიგნებს სხაპასხუპით წაიკითხავს და მაღაზიაში ხურდას ელვის სისწრაფით დაითვლის. შვილის წარუმატებლობას ხშირად მასწავლებელს აბრალებენ, გამუდმებით ცდილობენ პასუხისმგებლობის ჩამოცილებას და კლასის დამრიგებლისთვის გადაბარებას, განსაკუთრებით კერძო სკოლებში – მიაჩნიათ, რომ რაკი ბავშვი ანაზღაურებად სასწავლო დაწესებულებას მიაბარეს, მათ არც თავიანთი შვილების პირადი ნივთების მოწესრიგება ევალებათ და არც საშინაო დავალების შესრულების პროცესში ჩართვა. გაკვირვებული უყურებენ მასწავლებელს, რომელიც მათ სახელმძღვანელოებისთვის დამცავი ყდის შემოკვრას ან დამატებითი სასწავლო ნივთების შეძენას სთხოვს (საჭირო ნივთებს სკოლა არ დაგვახვედრებს? დამრიგებელი ჩანთას არ აწესრიგებს?). გამოდის, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ ჯერ მშობელი უნდა ,,მოამზადოს” მოსწავლეობისთვის, აუხსნას ორმხრივი ვალდებულებები და წინასწარ განსაზღვროს სკოლის/მასწავლებლის ფუნქციებში ჩარევის დოზა.

მშობლები ხშირად აპროტესტებენ სკოლის შინაგანაწესის სხვადასხვა პუნქტს: ბავშვის საგაკვეთილო პროცესიდან საპატიო მიზეზის გარეშე გაყვანას, სკოლის მენიუს, გარემოსა და სანიტარიულ ნორმებს, მერხსა და დაფას შორის მანძილს, ყველაზე ხშირად კი – სასკოლო ფორმას, რომელშიც უმეტესად თეთრი მაისური ფიგურირებს. გამოგიტყდებით, როგორც მშობელს, მეც ხშირად გამიპროტესტებია ეს საკითხი, რადგან ძნელია, თეთრი ტანსაცმლისა და ბავშვის შეუთავსებლობას დიდხანს გაუძლო. არადა, სასკოლო ფორმა ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს, რომ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ასეთი მესიჯები მოსწავლეს საგრძნობლად უადვილებს ადაპტირებას. გარდა ამისა, ვის არ ახსოვს, როგორი ამრეზით შესცქეროდნენ შეძლებული ოჯახების გამოპრანჭული შვილები ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელსა და გაცრეცილ ქურთუკში ჩამალულ თანატოლებს?! ასეა თუ ისე, სასკოლო ფორმა დღემდე აქტუალურია მთელ მსოფლიოში.

ბევრს ავიწყდება, რომ სკოლა არა მარტო საგნობრივი ცოდნით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებითაც ამარაგებს ადამიანს. დედისა და მამის „ყველაზე ნიჭიერი” ნებიერები პირველად სკოლაში ხვდებიან, რომ ყველა გზა მათკენ არ მიდის და ძალიანაც უჭირთ ამასთან შეგუება. სკოლა კი მათ ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს.

მარტო ბავშვებს კი არა, ხშირად მშობლებსაც ეჩვენებათ, რომ მათ შვილებს უსამართლოდ ექცევიან (ნიშანს/ყურადღებას აკლებენ) და ნამდვილ „უფროს ძმებად” გვევლინებიან, იწუნებენ ყველაფერს: სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდს, მასწავლებლის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებს… სწორედ ასეთი მშობლები ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა განეიტრალებაც უმეტესად მასწავლებლებს უწევთ.
მოუსმინე, უთანაგრძნე და განმუხტე!

მასწავლებლის მთავარი იარაღი აქტიური მოსმენაა (თომას გორდონი აქტიური მოსმენის მეთოდს „კარის გაღებას” უწოდებს). მას უნდა შეეძლოს დაშიფრული სათქმელის ამოცნობა, თავად კი ყოველთვის ცხადად და გარკვევით ილაპარაკოს, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ მის მიერ დაშიფრულ ინფორმაციას სწორად „თარგმნიან”.

მაგალითად, თუ მშობელი გეუბნებათ, რომ მის შვილს ჯერ კიდევ უჭირს კითხვა, ამით მიგანიშნებთ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვს ან თქვენს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. ასეთ დროს თქვენი ინფორმაცია მოსწავლის განსხვავებული სასწავლო უნარების შესახებ კონტრარგუმენტად არ გამოდგება, რადგან მშობლების უმრავლესობა შვილის წარუმატებლობას სკოლას აბრალებს.

პირადი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით: თუ მასწავლებლობას აპირებთ, კამათის ხელოვნებასაც უნდა დაეუფლოთ. ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდე მთავარ იარაღად გამოიყენეთ. რაც უნდა აბსურდული მოგეჩვენოთ მშობლის პრეტენზია, შეეცადეთ, ბოლომდე მოუსმინოთ – დაე, უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს. პასუხი დაიწყეთ ჯადოსნური სიტყვებით: „მესმის თქვენი” (თანაგრძნობა), – მერე აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება საკითხის შესახებ (დაასაბუთეთ ფაქტებით) და ბოლოს ისევ ჯადოსნური სიტყვები მოიშველიეთ: „აუცილებლად გავითვალისწინებთ/განვიხილავთ თქვენს შენიშვნას” (განმუხტვა). მრავლობით რიცხვში ნათქვამი წინადადებები მშობელს ტაქტიანად შეახსენებს, რომ თქვენ სკოლის ერთი პატარა ნაწილი ხართ და მის შვილზე ერთი ადამიანი კი არა, პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, როგორი განწყობით ამზადებთ სათქმელს. საუბრისას აუცილებლად გაგცემთ სიტუაციისადმი თქვენი ნამდვილი დამოკიდებულება, რომელიც მზერიდან, ჟესტებიდან, დგომის მანერიდან დაუკითხავად ჟონავს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტის უფსკრულს. ნათქვამია, რომ „თუ ვერ ცვლი გარემოს, უნდა შეიცვალო დამოკიდებულება მის მიმართ”. ურთიერთობის წარმართვისას განწყობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საკუთარ თავზე მუშაობა კი არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველგვარ გარემოში ადამიანის პიროვნული ზრდის უმთავრესი კომპონენტია.
მასწავლებელი მოსწავლეები

მასწავლებლის მთავარ აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენენ. მათი ყურადღების მობილიზება გაუხედნავი ცხენის მორჯულებასავით ძნელია. ბევრს ჰგონია, რომ მოსწავლეთა მუდმივი კონტროლის ფონზე კლასი მართული ხდება. სინამდვილეში საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში აღვირის მოჭერა–მოშვება ერთმანეთს ისე უნდა ენაცვლებოდეს, როგორც ამას გაწაფული მხედარი აკეთებს. გამიგონია, ცხენზე ჯდომისას მის ნაწილად უნდა იქცე, თუ გსურს, შენგან კარგი მოჯირითე დადგესო. სკოლაშიც ასეა, მასწავლებელი კლასის გულისცემას უნდა გრძნობდეს – ისინი ხომ ერთად უნდა მივიდნენ ფინიშამდე.

მეორე მხრივ, კლასის მართვა არც კი დაგჭირდება, თუ გაკვეთილის დაწყების წინ სწორად განსაზღვრავ მოტივაციას. მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ აფასებს მოსწავლეთა მოტივირების მნიშვნელობას, გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის სასურველ შედეგს იღებს.

ჩაგიტარებიათ გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით? გიკითხავთ ბავშვებისთვის, რისი შესწავლა სურთ თავად? გიფიქრიათ, რას ნიშნავს ბავშვისთვის „სწავლის პროცესი” ან სად გადის ზღვარი სავალდებულოსა და საინტერესოს შორის? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, რადგან სწავლა თითოეული ბავშვისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მოსწავლე მასში თავის წვლილს შეიტანს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მასწავლებლის როლის მორგება, ამ დროს ერთდროულად სწავლობენ და ასწავლიან. მოზარდები ხომ საუკეთესო მაძიებლები არიან – თუ სკოლა მუდმივად დაუკმაყოფილებს ძიების წყურვილს, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა სტაბილური იქნება.

ზემოაღნიშნული საკითხები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სწავლების დაწყებით საფეხურზე, რადგან თვითგამოხატვა და პროცესის თანამონაწილეობა პატარებს და მათ მშობლებს სკოლადმი ნდობას უნერგავს და თანამშრომლობისთვის განაწყობს. სამწუხაროდ, სკოლის ძირითადი რესურსი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე იხარჯება, არადა დაწყებით კლასებში თითოეული ინდივიდის შესწავლას, მისი განსხვავებული უნარებისა და ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარ და წელს ისევ თავიდან ვიწყებ ყოველი ახალი კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლას. წარმატება მისურვეთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი