ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თვითკმარობა – მშვიდობა საკუთარ თავთან და სამყაროსთან

რაღაც ძალიან სევდიან-სასაცილო ამბავია, რომ არც ბოლომდე გულწრფელობა შეიძლება საჯაროდ და არც ტყუილი. უნდა გაზომ-აწონო სათქმელი და იმ საზღვრებში მოაქციო, საიდანაც არავის დააფრთხობ არც ზედმეტი გულწრფელობის სიგიჟით და არც რაფინირებული სიყალბით. ზოგჯერ წარმოდგენა არა მაქვს, სადაა ეს უსაფრთხო სივრცე და გავდივარ კულისებში, მაგრამ იქაც არაა შვება ამ ერთის გარდა: სულ მოდის და მოდის წასვლის დრო და სულ ისმის და ისმის მატარებლის კივილი: ბარგს მიხედეთ, შემოვდივარო ბაქანზე.

მაია სარიშვილი

 

თუ შეიძლება, იქნებ სუპერეგო ძალიან მოკლედ არ მომპარსოთ.

დენიელ კიზი

 

 

თვითკმარი – თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანი; სავსებით დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე.

თვითკმარობა საკუთარ თავთან თანხმობისა და უსაფრთხოების განცდაა, ღრმად ფესვგადგმული გრძნობა შინაგანი სისრულისა და წონასწორობის. ზედაპირულად თუ ვიმსჯელებთ, ის „უსაფრთხო თვითშეფასება“ – საკუთარი თავის ღირსეულ ადამიანად შეფასებაა. თუმცა, თვითკმარობა ბევრად უფრო ღრმაა, ის არამარტო კოგნიტური, არამედ ემოციური მდგომარეობაა – ფუნდამენტური მთლიანობისა და კეთილდღეობის განცდა.

თვითკმარ ადამიანს დიდად არ ადარდებს, რას ფიქრობენ მასზე სხვა ადამიანები. სხვების მხრიდან გულგრილობა მათზე ნაკლებად მოქმედებს საკუთარი ღირსების ღრმა გრძნობის გამო. ასევე ნაკლებად მოქმედებს შექება და დადანაშაულება, რადგან არასოდეს არის უზომოდ გატაცებული საკუთარი  მნიშვნელოვნებით.

იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების დადებით და უარყოფით მოვლენებზეც: თვითკმარი ადამიანისთვის ისინი დესტაბილიზაციის უმნიშვნელო საფრთხეა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქმე უემოციო მონსტრთან გვაქვს. უბრალოდ მას მყარი შინაგანი „სიმძიმის ცენტრი“ აქვს, სტაბილურად და ფილოსოფიურად უდგება უარყოფით მოვლენებს და წონასწორობის მდგომარეობასაც სწრაფად აღიდგენს. კეთილდღეობისა და სისრულის შინაგანი განცდის გამო თვითკმარები უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან ცხოვრებისეული უკუღმართობების დროს.

თვითკმარობა გარკვეულ თვისებებს უკავშირდება. თვითკმარებს ძლიერი შინაგანი „კონტროლის ლოკუსი“ აქვთ. მათ აქვთ საკუთარი კურსის განსაზღვრის, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარი და სურვილი და არ დაუშვებენ, რომ მათი ცხოვრებისეული არჩევანი სხვამ გააკეთოს. ისინი ენდობიან საკუთარ ინსტინქტს და მზად არიან, იარონ საკუთარი გზით, მაშინაც კი, თუკი ეს სხვების მოლოდინების საპირისპიროდ სიარულს ნიშნავს. ამიტომ ხშირად აწყდებიან ვერგაგებას ან დაცინვას.

თვითკმარი ადამიანი ნამდვილია (ავთენტურია). როგორც წესი, ის არ თამაშობს როლებს, გულწრფელია და არ ფარისევლობს, რომ ვინმეს ასიამოვნოს. შინაგანი სტაბილურობისა და მთლიანობის გამო მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია სხვების დასტური ან პატივისცემა, ამიტომ მზად არის გარისკოს და სიმართლე თქვას, თუნდაც სხვებისთვის მოსაწონი არ იყოს. თუკი ლექსს ან ნახატს აჩვენებთ და აზრს ჰკითხავთ, მზად უნდა იყოთ, რომ გულწრფელ შეფასებას მოისმენთ. ის არ ცდილობს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ამიტომ ნამდვილად ყოფნის ფუფუნება აქვს.

ცხოვრების წესის თვალსაზრისით თვითკმარი ადამიანი ბედნიერია საკუთარი თავის გარემოცვაში. ის სოციალურია, მაგრამ განმარტოებაც უყვარს. მაშინ, როცა ზოგიერთი ადამიანი ძნელად იტანს მარტოობასა და სიჩუმეს და გასართობად და ყურადღების გადასატანად ინტერნეტს ან ტელევიზიას იყენებს, თვითკმარი ადამიანი სრულიად ბედნიერია საკუთარ თავთან მარტოობაში. შინაგანი წონასწორობისა და მთლიანობის გამო ის ნაკლებად ეძებს კომპენსაციას მატერიალურ კეთილდღეობისა და სტატუსის სახით. თავი კარგად რომ იგრძნოს, ნაკლებად სჭირდება ძვირადღირებული ნივთები, არც სახელსა და ძალაუფლებას ეძებს მნიშვნელოვნების დასტურად.

თვითკმარობა ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტია და შესაძლებელია ზოგადი კეთილდღეობის წინაპირობად ჩაითვალოს. თვითშეფასება შეიძლება მცენარეს შევადაროთ, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული თვითკმარობაში, ამის გარეშე ის მსხვრევადი და არასტაბილურია.

თვითკმარობას ძლიერი კავშირი აქვს ბავშვობის გამოცდილებასთან. ადრეულ ასაკში სასტიკი მოპყრობა და ტრავმა, სავარაუდოდ, სუსტად განვითარებული თვითკმარობის მიზეზი ხდება. კვლევები ადასტურებს, რომ ასაკთან ერთად თვითკმარობის ხარისხი იზრდება. ახალგაზრდებში იდენტობა ჩამოყალიბების პროცესშია და, შესაბამისად, ძალზე ფაქიზი. ამით შეიძლება აიხსნას მათი იმპულსური სურვილები და მისწრაფებები.

თვითკმარობის კონცეფცია არც ახალია და არც რევოლუციური. 2500 წელზე მეტია ის მსოფლიოს სულიერი ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. „ბჰაგავად-გიტაში“ ადამიანის სულიერი გამოღვიძება ასეა აღწერილი: „ის ქების ან დადანაშაულების მიღმაა, მისი გონება მყარია და მშვიდი“, „ის ერთნაირია სიამოვნებისა და ტკივილის დროს; მისთვის ერთია სამყაროს ოქროც და ქვებიც; მის სიმშვიდეს ვერ ამღვრევს ვერც სიამოვნება და ვერც უსიამოვნება“.

ესეც რამდენიმე რჩევა თვითკმარობის განვითარებისთვის:

  1. მუდმივად იზრუნეთ თვითგანათლებაზე. ახალი ცოდნა აკეთილშობილებს ადამიანს და მის ცხოვრებას საინტერესოს და სისხლსავსეს ხდის. ცოდნის მიღების პროცესი არ შეიძლება სასრული გახდეს, დოჩანაშვილისეული „გავძეხი“ დამოკიდებულება ამ შემთხვევაში სიკვდილის ტოლფასია.
  2. დაუსახეთ საკუთარ თავს განსაზღვრული მიზნები. ეს ცხოვრებისეულ რუტინას აზრს აძლევს და სამუშაოზე კონცენტრირებაში გვეხმარება.
  3. ურთიერთობა დაამყარეთ საინტერესო ადამიანებთან, გაიზიარეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.
  4. იზრუნეთ ნებისყოფის განვითარებაზე. უნებისყოფო ადამიანი სიზარმაცისა და აპათიის მსხვერპლია. ვერც სიზარმაცე და ვერ აპათია ვერ დაგვეხმარება თვითრეალიზაციაში.
  5. ისწავლეთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. ბედის ან მდიდარი ახლობლის წყალობის მოლოდინში ადამიანი ვერ ვითარდება.
  6. ეცადეთ გონივრულად მიიღოთ რჩევა ან კრიტიკა და გამოიყენოთ თვითგანვითარებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.psychologytoday.com/blog/out-the-darkness/201303/self-sufficiency-essential-aspect-well-being

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი