პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროექტი – „ახალი მზიური“ – ანუ სად ვისწავლოთ ჰუმანიზმი

ეს ბოლო ხანებია სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეობლოგები,რომლითაც საზოგადოებისთვის და უცნობი ცნობილი ადამიანები მხარს უჭერენ საზოგადოება „მზიანის” პროექტს – „ახალი მზიური”.

 

„ახალი მზიურის” იდეა ფესტივალ „მზიურის” დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის. ფესტივალი აგერ უკვე ათი წელია, ყოველ პირველ ივნისს პარკში უამრავ ბავშვს უყრის თავს და ერთი დღით იქაურობა ცოცხლდება და ფერადდება. მოძრაობის მიზანია, „მზიურს” სიცოცხლე და ფუნქცია მთელი წლის განმავლობაში შესძინოს. 25 სექტემბერს აქტივისტები ბაღს მოაწესრიგებენ, 26-ში კი, 15 საათზე ყველას გვეპატიჟებიან აქციაზე -„გააფერადე მზიური.”

თბილისი რომ დაბინძურებული და უჟანგბადო ქალაქია, ყველამ ვიცით. თითოეულ პარკს, სკვერს განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება, ხშირ შემთხვევაში – დაცვაც. თუმცა, პარკი და სკვერი ის ადგილია, სადაც ადამიანები ისვენებენ და ერთმანეთს ხვდებიან. ქალაქი არ არის მხოლოდ არქიტექტურა, ის, უპირველესად, ადამიანური ურთიერთობებია, რისთვისაც ერთ-ერთი სასიამოვნო გარემო შეიძლება სწორედ ეს, დღეს გავერანებული და თითქმის მიტოვებული პარკი გახდეს.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ „მზიურის” იდეა ჩვენს საყვარელ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის: „ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ეს ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენთაგანის მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიურ ქალაქის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე. შეიძლება ეგ საქმე არც ისე იოლი იყოს, როგორც მე დავხატე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ჩვენ დავამთავროთ, მთავარია, ჩვენ დავიწყოთ.”

პარკი 1982 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ის მუდმივად განსაცდელის ქვეშაა. ჩეხავენ, ავიწროებენ, კორპუსებს აშენებენ, ატრაქციონები განადგურდა, მადაზე მოსულ ფულისმკეთებლებს, როგორც ჩანს, ნაკლებად აკავებთ ქალაქის ინტერესებიცა და საყვარელი მწერლის სახელიც.

უკანასკნელი განსაცდელი „მზიურს” წელს, 13 ივნისს, სტიქიამ მოუვლინა, მაგრამ სწორედ ამ განსაცდელის ჟამს გამოჩნდა, რომ თბილისელებს უყვართ თავიანთი პარკი. ათასობით ახალგაზრდა აქ უანგაროდ, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდა და ასუფთავებდა გარემოს. მოქალაქეობრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის, ინიციატივის ამგვარი მაგალითი იშვიათად უნახავს ქალაქს. მართალია, მოგვიანებით, სპეკულაციისა და არასწორი ქმედებების ერთეული შემთხვევებიც იყო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჩვენს პატარა- გოგო ბიჭებს და მათ ერთობას, საკმაოდ ბევრი შეუძლია, რომ ბალერინა გოგონები, თუ მოინდომეს, მორებს ეზიდებიან და რაც მთავარია, აქვთ შეგრძნებაცა და შეგნებაც, რომ ეს ქვეყანა, ქალაქი თუ პარკი მათია, მათი საკუთრებაა და მათი საზრუნავია.

მზიურისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ამ მუხტის შენარჩუნებასა და სწორად განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ნოდარ დუმბაძეც ხომ ამას წერდა, ყველამ თითო აგური დავდოთო, ანუ მისთვისაც ეს იყო საქმე, რომელსაც მშენებლობის პროცესშივე უნდა გაეერთიანებინა ქართველები. სამწუხაროა, რომ 13 ივნისის მსგავსი მუხტი ქვეყანაში მხოლოდ დიდი უბედურებისა ან ბედნიერების დროს იქმნება. (მაგ. 9 აპრილი, უეფას თასის მოგება). ეტყობა, იმპულსურობა ქართველი კაცის ბუნებაშია და გეგმაზომიერი შრომის კულტურას უცაბედი თავდადების მაგალითები სჭარბობს.

„მზიურის” ახალი პროექტი თბილისელებისთვის ახალი გამოცდილება იქნება. თუკი ჩვენ, ამ ქალაქის მკვიდრნი, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეობრივი ენერგიის სწორედ განაწილებას, მომავალი თაობებისათვის შეიქმნება ადგილი, რომელიც არა მხოლოდ დასვენების, არამედ განვითარების საშუალებასაც მისცემს მათ და ჩამოაყალიბებს ქალაქური ყოფის ახალ, ძალიან საჭირო კულტურას.

ორგანიზაცია „მზიანის” წევრები გეგმავენ, რომ პარკში არსებული კაფე და ამფითეატრი ახალი ფუნქციით დატვირთონ. აქ მოეწყობა სოციალური კაფე, რომლის მიზანიც კომერცია და მოგება კი არ იქნება, არამედ ის, რომ სხვადასხვა სოციალური პროექტი შესთავაზონ პარკის სტუმრებს.

პროექტის მიხედვით „მზიურის კაფესა და ამფითეატრის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და მისაწვდომი იქნება. გაკეთდება პანდუსები, მოაჯირები, უსინათლოებისთვის სანიშნები, მცირე მხედველთათვის დიდი შრიფტები, სმენის არმქონეთათვის სპეციალური ნიშნები, მენიუსა და ყველა საინფორმაციო ბუკლეტზე იქნება ბრაილის შრიფტი, ერთ-ერთ თანამშრომელს ეცოდინება ჟესტების ენა. მსგავსი გარემო მოსახერხებელი იქნება არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, არამედ მშობლებისთვისაც, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ, ასევე მოხუცებულთათვის. კაფეს მოგება ჩაბრუნდება სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანთა ინტეგრაციას. კაფე დატვირთული იქნება ლიტერატურული საღამოებით, გამოფენებით, პრეზენტაციებით. მოეწყობა თემატური დღეები: ხატვის დღე, წიგნის დღე, კულინარიული დღე, ბავშვთა გასართობი დღეები”.

ამფითეატრი სეზონურად მოემსახურება ბავშვთა კლასიკური მუსიკის საღამოებს, მოეწყობა ღია კინოჩვენებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები, ინკლუზიური სპექტაკლები. . .

ამფითეატრი უფასოდ მოემსახურება ახალგაზრდა შემოქმედებს და ხელს შეუწყობ მათ პროფესიულ ზრდასა და პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ თავად ორგანიზატორი, ანა გოგუაძე, ეტლით მოსარგებლეა, მაგრამ უკვე წლებია, საოცარი შემართებითა და შრომისუნარიანობით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ძალიან პირობითი რამაა. მისი ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ მიჩნდება შეგრძნება, რომ სირცხვილია, როცა ჩვენ, დანარჩენებს რაღაც არ გამოგვდის, რაღაცაზე ვწუწუნებთ, რაღაც გვეზარება. მას, რა თქმა უნდა, ათმაგი ძალისხმევის ფასად უჯდება ყველა წარმატება, მაგრამ არ იღლება, იბრძვის და იმარჯვებს.

იმ ვიდეობლოგებში, ზემოთ რომ ვახსენე, ყველა თავისი ოცნების „მზიურზე” საუბრობს. თითოეული მათგანის ნატვრა შეიძლება ახდეს, თუკი საზოგადოების წევრები ცოტაოდენ ძალისხმევა მოვახმართ.

მე ჩემი ოცნების „მზიურზე” მოგიყვებით:

ქართულ სკოლებში ექსკურსიების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი ძალიან აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს. თანამედროვე ბავშვისთვის ექსკურსია ნიშნავს: მათთვის პერსონალურად დაქირავებულ ტრანსპორტს, საჭმლის უზომო რაოდენობას და კიდევ რომელიმე ხუროთმოძღვრულ ძეგლს, რომელსაც უცებ მოირბენენ. რა თქმა უნდა, არსებობს ბედნიერი გამონაკლისები, მაგრამ ძირითადად ასეა. ამას ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც უწყობს ხელს. არ არის ადვილი დღევანდელ თბილისში ბავშვების ჯგუფთან ერთად გადაადგილება. ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს, ტროტუარზე მანქანებია, გადასასვლელებზე მძღოლები ფეხით მოსიარულეებს გზას არ უთმობენ. მოკლედ მტრულია გარემო. არადა ევროპული ქალაქების ქუჩები სავსეა მასწავლებლებთან ერთად ფეხითა თუ ტრანსპორტით მოსიარულე მოსწავლეებით.

ჩემი ოცნების „მზიურში”, კორდზე ექსკურსიაზე წამოსული რომელიმე კლასი კითხვის საათს აწყობს. სხვა ავტორებს რომ თავი დავანებოთ, რა კარგი იქნება, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასთან აქ, მის ნაოცნებარ გარემოში შეხვედრა. რამდენ რამეზე შეიძლება საუბარი თუნდაც „Hellados” განხილვისას!

როგორია და რას ბადებს ძალმომრეობა, რატომ ვერ იღებენ ბავშვები განსხვავებულებს, როგორ შეიძლება დაიძლიოს ძალადობა, რამდენად პირობითია ეს „განსხვავებულობა”, რამდენად პირობითია, თუნდაც ეთნიკური კუთვნილება, რა შეიძლება მოხდეს, როცა ბავშვს საზოგადოება, ამ შემთხვევაში მამა, საერთოდ ვერ აღიქვამს პიროვნებად?

საზოგადოების ჰუმანიზმი იმით ფასდება, რამდენად ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. თუკი „მზიური” ასეთი ადგილი იქნება, როგორ ბუნებრივად წარიმართება საუბრები სიკეთეზე, პატიებაზე, ერთმანეთის მიღებაზე, – ყველაფერზე, რაზეც ნოდარ დუმბაძე წერდა.

აქ შეიძლება მოეწყოს კლასის საათებიც. ადამიანი ბუნებაში უფრო გახსნილია. ათასი პრობლემა, რომელიც კლასში შეიძლება გაჩნდეს, ამ გარემოში უფრო ბუნებრივად ითქმება. სიკეთე გადამდებია და თუკი ბავშვები დაინახავენ, როგორ ზრუნავს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანებზე, იქნებ უფრო დაფიქრდნენ, რომ სირცხვილია დაცინვა სიგამხდრე -სიმსუქნის, ათოსნობა – ოროსნობის, სათვალის, ნაკლები ფიზიკური მონაცემების და უამრავი ასეთი ფაქტორის გამო.

„მზიურს” აქვს პერსპექტივა თბილისელების სამოქალაქო თვითშეგნების გამოხატულებად იქცეს. მაშინ მასწავლებლები შეძლებენ „სამოქალაქო განათლების” გაკვეთილების აქ ჩატარებასაც, რა კარგი იქნება, მოიყვანო ბავშვი აყვავებულ „მზიურში” და უთხრა: აი, რა შეუძლია სწორად ჩამოყალიბებულ ღირებულებებს და ადამიანთა ერთიან ძალისხმევას,.

ერთი ხორცშესხმული ოცნება სიხარულთან ერთად ახალ ოცნებებს ბადებს და როგორც ისევ ნოდარ დუმბაძე იტყოდა: „მერე გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი სოფელი”.

ორგანიზატორები მერიისგან ერთადერთ რამეს ითხოვენ, მოეხსნას კაფესა და ამფითეატრს საიჯარო გადასახადი.





კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი