პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

აღმზრდელთა უმანკოება

ჰენრი ჯეიმსის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც 1961 წელს ჯეკ კლეიტონმა ფილმი გადაიღო, ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ. სათაურიც კი საკმოდ ძნელად სათარგმნი გამოდგა – “The Turn of the Screw”. იდიომების ლექსიკონში ასეთ განმარტებას ვკითხულობთ: „რაღაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე, დაძაბულ სიტუაციას“. მოთხრობის სათაურის სწორ თარგმანზე სხვა დროს ვიფიქრებ, თავად მოთხრობაზეც სხვა დროს დავწერ – როცა მკითხველს მისი ქართულად წაკითხვის საშუალება ექნება. მის მიხედვით გადაღებულ ფილმს, საბედნიეროდ,  “The Innocents” ჰქვია – უმანკონი, უცოდველნი. მთავარ როლს – აღმზრდელისას – შეუდარებელი დებორა კერი ასრულებს. ბავშვების როლების შემსრულებლებიც დიდებულად თამაშობენ – დასაწყისიდანვე მათ უცოდველობაშიც გეპარება ეჭვი და ვერც ბოლომდე იჯერებ და-ძმის თანამზრახველობას.

ჰენრი ჯეიმსის მოთხრობამ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, მაგრამ ტექსტის სწორხაზოვანი წაკითხვა, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯეკ კლეიტონმა სწორედ ამ ორაზროვნების, მომხიბვლელი ბუნდოვანების შენარჩუნება შეძლო: ერთი მხრივ, აღსაზრდელთა სისუფთავის, ბავშვური ცნობისმოყვარეობისა და კეთილგანწყობის, აღმზრდელის კეთილი ზრახვებისა და იდეალისტური ბუნების ჩვენება, ხოლო მეორე მხრივ, ჟანრების ზღვარზე თამაშით მე-19 საუკუნის დასასრულის ინგლისში მომხდარი ამბის ისე გადმოცემა, რომ სივრცე ყველაზე საშინელი ვარაუდებისთვისაც დარჩეს.

აღმზრდელი მის გიდენსი დასაწყისში დარწმუნებულია, რომ ყველა ბავშვი „სუფთა დაფაა“ – უფროსების მზრუნველობა, მონდომება, კეთილი ნება საკმარისია იმისათვის, რომ აღსაზრდელებით თავის მოწონების მიზეზი გაჩნდეს, შრომამ სასურველი ნაყოფი გამოიღოს. იმთავითვე უგულებელყოფილია ბავშვის პიროვნული თვისებები, მისწრაფებები, სურვილები. ვიქტორიანული ინგლისი ცოდვას ხედავს იქ, სადაც განმასხვავებელი ნიშნებია. უცოდველი, უმანკო – როგორც კი ასეთად აღგიქვამენ, ფაქტობრივად, განვითარების შესაძლებლობს გართმევენ. არ გისმენენ, ისევე როგორც მის გიდენსი არ უსმენს პატარა მაილსს – ყურს კი უგდებს, მაგრამ არ ესმის; ან მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რისი გაგონებაც უნდა. და ეს სულაც არ მოსდის უმეცრებით ან უგუნურებით.

რთულ გზას გადის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უზარმაზარი შენობის ჩაბნელებულ დერეფნებსა თუ ოთახებში უამრავი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება. ჩნდება ეჭვი, რომ რასაც ხედავს – უმეტესწილად მისივე გამძაფრებული წარმოსახვის ნაყოფია. ყოველთვის რჩება ადგილი ამა თუ იმ სცენის რაციონალური ახსნისათვის – მაყურებელი სიუჟეტის განვითარებას თვალს მთავარი პერსონაჟის პერსპექტივიდან კი არ ადევნებს, მას თითქოს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, იდეალურად განსაზღვრული, სრულიად უსაფრთხო. ეს არ არის საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც თავს გავიწყებს. პირიქით, თითქოს შენგან გამუდმებით ითხოვენ, რომ დარჩე იმად, ვინც ხარ და ფხიზელი გონებით შეაფასო გმირების არაერთმნიშვნელოვანი ფრაზები თუ ქმედებები.

დაობლებულ ბავშვებს – მაილსსა და მის დას, ფლორას არავინ ჰყავთ დედამიწის ზურგზე, ვისაც ბოლომდე ენდობიან, გულს გადაუშლიან, ვინც მათ მოუსმენს და მათი მონათხრობის გაგებას შეეცდება. ლონდონში მცხოვრებ ბიძას და-ძმის ბედი დიდად არ ანაღვლებს, მის გიდენსს კი სტერეოტიპული წარმოდგენები უშლის ხელს იმის დანახვაში, რაც მეტისმეტად თვალსაჩინოა: ბავშვები თანამზრახველებად იმიტომ იქცევიან, რომ ეს უფროსების ბოროტი სამყაროსგან თავდაცვის ერთადერთი გზაა. ისინი არ არიან უცოდველნი. ვერავინ იქნება უცოდველი თუნდაც მათ ასაკში – წლები, მოვლენები, ადამიანები ხილულ კვალს ტოვებენ „დაფაზე“, რომელიც აღმზრდელს სუფთაზე სუფთად ეჩვენება.

სად უშვებს შეცდომას მის გიდენსი? ვფიქრობ, დასაწყისშივე, როცა და-ძმაზე მზრუნველობას გადაწყვეტს და მათ საკუთარი წარმოდგენების ჩარჩოში მოაქცევს. საკუთარ თავს, ცხადია, ასევე უმანკოდ აღიქვამს – ვიქტორიანული ეპოქის სანიმუშო შვილია, მყარი ზნეობრივი პრინციპებით. არ მინდა, ფილმის შინაარსი მოვყვე. ერთს კი ვიტყვი: მისი უცოდველობა თვალს და ხელს შუა ქრება, თავადაც ვერ აცნობიერებს, ისე იქცევა იმ არსებად, ვინც მიზნის მისაღწევად უკვე ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს.

ჯეკ კლეიტონის ამ ფილმს ჰენრი ჯეიმსზე დაწერილ ესეში ჯონ ბენვილი ახსენებს – თავადაც დიდი მწერალი, თანამედროვე, ირლანდიელი. ისეთ მაღალ შეფასებას აძლევს, რომ მისი ნახვის სურვილი ესეს წაკითხვისთანავე გამიჩნდა. ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტრუმენ კეპოუტია – გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი მწერალი. დიდი სახელები. სამი საუკუნე. ლიტერატურა უმანკოთა წინააღმდეგ და მათ გვერდით, ვინც სხვისთვის ხმის მიწვდენას ცდილობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი