ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მწვანე წიგნები არა მხოლოდ პატარებისთვის

ჩემი მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად „მწვანე გაკვეთილების“ ჩატარება მიყვარს, როდესაც სახატავებს, ფერად ქაღალდებს, სათანადო წიგნებს მოვიმარაგებთ და ვიწყებთ… ვიწყებთ ჩვენ გარშემო დაკვირვებით: ჯერ მცირედიამეტრიან წრეს შემოვხაზავთ (საკუთარი ეზო და ქუჩა რომ შევისწავლოთ), მერე წრეების გარშემოწერილობას ვზრდით (უბნებს გადავწვდებით), თანდათან თვალთახედვას გავიფართოებთ (ქალაქს მოვიცავთ) და ასე გრძელდება, სანამ მთელ დედამიწას არ შემოვფარგლავთ.

წრეების შესაბამისად, პრობლემებიც იზრდება, მოსწავლეებს თვალი და მეტყველება ეხვეწებათ: აქ სკვერის ადგილია! აქ ხეებია დასარგავი! აქ ხეივანი მოუხდებოდა, აქ კი გაზონი! აქ ბეტონს და ასფალტს ჟანგბადი გაუდევნია! ეს გორა შენობას დაუჩაგრავს! ამ კორპუსს ცა დაუჩრდილავს! მანქანები ფეხით მოსიარულეებს გასაქანს ტროტუარზეც აღარ აძლევენ! მათ წარმოსახვაში სწორად დაგეგმარებული ქუჩები, უბნები და ქალაქები იხატება, მათ კრიტიკულ მზერას არაფერი გამოეპარება, მათ შესაძლოა მთელი ჩვენი ქალაქი გადააპროექტონ.

მწვანე წიგნების დამსახურებით ბავშვებს, მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგიური კულტურა უყალიბდებათ, ისინი ადრეული ასაკიდანვე გაიაზრებენ, რომ ამ სამყაროში სწორედ ადამიანია მთავარი მოქმედი გმირი და ბუნების კანონების დაცვაც ყველაზე მეტად მას მოეთხოვება; რომ სილამაზის დანახვისა თუ დაცვის უნარი უნდა ჰქონდეთ და ყველაზე მიკროსკოპულ არსებებსაც ყურადღებით მოექცნენ.

დარწმუნებული ვარ, გავა დრო და მწვანე წიგნების პერსონაჟებს მიბაძავენ: ტარიელ ხარხელაურის ლექსის გმირივით არ მოჭრიან ხეს, რომელიც „სივრცეს ამშვენებს“, ქეითივით ოაზისებად აქცევენ ქალაქებს, „უხილავი მცველებივით“ გააქრობენ მონსტრ შენობებს და ერნესტის მსგავსად ვერ შეძლებენ უმოქმედოდ დარჩენას, თუ მწვანე საფარს საფრთხე დაემუქრება.

 

„ხე, რომელსაც მშვიდად დგომა არ შეეძლო“ (ჰენინგ კრამერ დალი) და „ია“ (ვაჟა-ფშაველა)

„იყო და არა იყო რა“, – ასე იწყება იმ პატარა ხის ამბავი, რომელსაც ერნესტი ჰქვია.

„ბევრს ჰგონია, რომ ხეებს სახელები არ აქვთ. ეს იმიტომ, რომ მათ ხეებისთვის სახელი არ უკითხავთ. ან თუ ჰკითხავენ, ზედ იმდენ მომაბეზრებელ შეკითხვას დააყოლებენ, რომ ხეებს პასუხის გაცემის სურვილს უკარგავენ“. ასე რომ, ერნესტის სახელმა არ გაგაკვირვოთ, მით უმეტეს, რომ მისი მთავარი უცნაურობის შესახებ ჯერაც არაფერი იცით.

ერთ დღეს მელაკუდა ეტყვის ხეებს: აქ წყნარად რომ ცხოვრობთ, გგონიათ, თქვენი ტყე ისევ თვალუწვდენელია?! ადამიანები ყოველ ცისმარე დღეს უამრავ ხეს ჩეხენ და მალე მთელ ტყეს გაანადგურებენ, აღარც ცხოველებს გააჩერებენ, მხოლოდ ადამიანები და მათი ბუნაგები – სახლები დარჩებაო.

ერნესტი მოსვენებას დაკარგავს და გადაწყვეტს, სამყარო უკეთ გაიცნოს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ძალ-ღონეს მოიკრებს, ფესვებს მოქაჩავს და… არც მეტი, არც ნაკლები, პირველ ნაბიჯს გადადგამს. დიახ, ასეთი საოცარი პასაჟი შეგხვდებათ ამ წიგნში. რამხელა ტრაგიზმია ამ პატარა, ადამიანზე გამწყრალ და ფეხადგმულ ნაძვ ერნესტში! ყოველ წაკითხვაზე ვაჟა-ფშაველას „ია“ მახსენდება, როდესაც სამყაროში ყველაზე ნაზსა და უსუსურ არსებას უმკაცრესი განაჩენი გამოაქვს ადამიანისთვის: „რა შეუბრალებელია კაცი! რასაც დაინახავს, უნდა, რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს, ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს!“ (ჩემი აზრით, იასა და ერნესტთან ერთად ფიქრი პატარებს საინტერესო და სასარგებლო დასკვნები გამოიტანაში დაეხმარება).

 

„ქეითი და მილიონი ხე“ (ჯოზეფ ჰოპკინსი და ჯილ მაკელმარი)

ამ უმწვანეს წიგნს საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს. ის გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც ქეითი ჰქვია და რომელმაც უდაბნოს ადგილას მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ურბანული პარკი დააარსა. ქეითის პროტოტიპი ამერიკელი ბოტანიკოსი და ლანდშაფტების არქიტექტორი ქეით ოლივია სეიშენსია. ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქალაქ სან-დიეგოს გამწვანებას მიუძღვნა: ჯერ ერთი პატარა სანერგე გააშენა, ყოველ წელს 1000 ხეს რგავდა, თანდათან ხალხს შეუყვარდა მისი სანერგე და მალე სან-დიეგოში ყოველი მეოთხე ხე ქეითის სანერგიდან იყო. უდაბური ქალაქი ნამდვილ წალკოტად იქცა. დღესდღეობით ქეითისეულ „ბილბაოს პარკში“ უამრავი მუზეუმი, თეატრი და ცნობილი სან-დიეგოს ზოოპარკია განთავსებული. აქვე მისი ძეგლიც დგას.

როგორი ბავშვობა, სტუდენტობა და სიბერე ჰქონდა ქეით ოლივია სეიშენს, როგორ მიაღწია სანუკვარ მიზანს, წიგნიდან შეიტყობთ. ერთი პატარა წიგნიდან, რომელსაც 17 ჯილდო აქვს მიღებული (დიახ, უცხოეთში უამრავი წამახალისებელი კონკურსი არსებობს, საბავშვო მწერლებმა თავიანთ წიგნებში ეკოლოგიის საკითხებზე რომ წერონ).

 

ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები“ (ნაირა გელაშვილი)

 

ერთხელ უკვე ვისაუბრე ამ არაჩვეულებრივ წიგნზე, რომლის გმირებსაც ბუნება განსაკუთრებულად უყვართ. ფლორიან ნერგოვანის სანერგე კი ნერგებისა და თესლების ნამდვილი სამეფოა. იქ მიდის ყველა, ვისაც საკუთარი ეზო-კარის, ბაღისა თუ სკვერის გამწვანება სურს, ვინც ბავშვებზე ზრუნავს და იცის, რომ მათთვის ნაძვნარში სეირნობა და თამაში მისწრებაა. სანერგეში მოსწავლეებს დამყნობის, თესვისა თუ მცენარეების მოვლის შესახებ ისე ზღაპრულად უამბობენ, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ.

წიგნის გმირები უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტებს მართავენ, ამასთან, ორკესტრის არც ერთ წევრს არ მოსწონს ის, ვინც ქუჩაში იფურთხება, იგინება, ნაყინისა და შოკოლადის ქაღალდს ურნაში არ აგდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ არიან შეუწყნარებლები, ნაგვით სავსე პარკებს აივნიდან რომ ისვრიან.

საიდუმლო ორგანიზაცია „უჩინარი მცველების“ წევრები კი ბაღების გადასათხრელად მობილიზებულ ბულდოზერებსა და ტრაქტორებს, ტყე-პარკების ნაცვლად აღმართულ მონსტრ შენობებს აქრობენ, მწყობრიდან გამოჰყავთ ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც უხარისხო ბენზინს ყიდიან, ისეთი სახლების მშენებლობას ემხრობიან, უბანის კოლორიტს რომ არ ამახინჯებს და მიდამოს ეხამება, უმცროს თაობას უზიარებენ საკუთარ ცოდნას, ბავშვებს თანამებრძოლებად მიიჩნევენ და ასწავლიან: „როდესაც ვიღაც რაღაცას აზიანებს, ხმა უნდა ამოიღო!“

ნაირა გელაშვილის „ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები“, მართალია, ზღაპარივით ამბავია, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ ბავშვებს საკუთარი ქალაქის გაცნობა და მოვლა-პატრონობა აუცილებლად მოუნდებათ. ამავე დროს, ეს მართლაც საოცარი წიგნი პატარაობიდან შთაგვაგონებს, რომ „სამყარო მხოლოდ ის როდია, რასაც ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ ვხედავთ!“ რომ გაცილებით ფართოდ ყურება გვმართებს და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით (სწორედ ისეთი წიგნია, ნებისმიერი ქალაქის მერობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის დროს სახელმძღვანელოდ რომ უნდა დაურიგდეს).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი