შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კლასის მართვა და პრობლემების პრევენცია

ბევრი მასწავლებლისთვის კლასის მართვა პრობლემური სეგმენტია. მრავალი მათგანი ემოციურად რეაგირებს მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე. თუმცა არსებობენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელთათვისაც კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის არ არსებობს. როცა “რთული” და “პრობლემური” მოსწავლეები მათ კლასში ხვდებიან, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ბავშვები სულაც არ წარმოადგენენ პრობლემას.

რისი ბრალია, რომ ზოგ მასწავლებელს კლასთან მუდმივი პრობლემები აქვს, ზოგთან კი იგივე კლასი კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს?

სტატიაში მიმოვიხილავთ, რატომ ხდება ასე და რისი გაკეთება შეიძლება, რათა გაკვეთილებმა მშვიდად და შეუფერხებლად ჩაიაროს.

პირამიდა “PIP”–ის გამოყენებით გაკვეთილის წარმატებით ჩატარება ნიშნავს პრობლემების პრევენციას, წარმატებულ ინტერვენციას და საბოლოო ჯამში მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას. ბევრი მასწავლებელი ამ სამი ფაქტორიდან მხოლოდ ერთზე ან ორზე ახდენს კონცენტრაციას, ზოგი კი არც ერთ მათგანს არ აქცევს ყურადღებას.

“PIP” პიდამიდის სამი ნაწილი ასე გამოიყურება:

პრევენცია – 60%

დასაწყისში ეს უნდა იყოს დროის მთავარი (60%–იანი) ინვესტიცია, მერე კი თანდათან შემცირდეს. ამ სფეროს მკვლევრები გვირჩევენ, გამოვიყენოთ პრევენცია შემდეგი მიზნით:

  • შევქმნათ სასწავლო კლიმატი;
  • განვავითაროთ პროცედურა;
  • შევქმნათ წესები მოსწავლეების ჩასართავად;
  • მივმართოთ უფრო გონივრულ სწავლებას;
  • ჩავრთოთ პროცესში რიტუალები.

 

ინტერვენცია – 30%

ინტერვენცია მიმდინარე პროცესია. მისი ძირითადი ნაწილი ძალდაუტანებლად და უჩუმრად გაიფანტება სასწავლო დროში. მკვლევართა მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, ინტერვენცია უნდა გამოვიყენოთ შემდეგი მიზნით:

  • ჩასმული სტრატეგიებისთვის;
  • ხელახალი კონცენტრაციისთვის სპეციფიკურ პროცედურებზე;
  • სამართლიანი და მუდმივი შედეგებისთვის.

 

პიროვნული ზრდა – 10%

აქ მოსწავლეები უახლოვდებიან ცოდნისა და პასუხისმგებლობის უფრო მაღალ დონეს. ის ნული პროცენტიდან დაიწყება და გაიზრდება მანამდე, სანამ ათ პროცენტს არ მიაღწევს. საბოლოოდ ის შეინარჩუნებს თქვენი საკლასო დროის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს. თქვენ მიერ კლასის მართვის პიროვნული ზრდის ნაწილი კონცენტრირდება:

  • მოსწავლეების მონაწილეობაზე;
  • თვითმართვაზე;
  • ანაზღაურებაზე.

 

პრევენცია

თუ მასწავლებელი მოსწავლის მიერ წესის დარღვევისას უსაქციელობასთან გამკლავებას გეგმის გარეშე გადაწყვეტს, ქაოსი გარანტირებული ექნება. მასწავლებლის მიერ შემუშავებული პრევენციის სისტემა უნდა იყოს “ჰაერგაუმტარი, წყალგაუმტარი და კარგად მოფიქრებული”. ის უნდა ემთხვეოდეს სამიზნე აუდიტორიის ასაკობრივი, ემოციური და კოგნიტიური განვითარების ძირითად მონაცემებს და თეორიებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიდიოდეს მის წინააღმდეგ. ამ სისტემამ არ უნდა დატოვოს ემოციური კვალი; ყველა მასწავლებელი უნდა მოერიდოს კლასში სიმშვიდის დამყარებას იმის ხარჯზე, რომ მოსწავლეებს არ მოსწონდეთ მასწავლებელი, ვერ იტანდნენ სწავლას და არ უყვარდეთ სკოლა. მოსწავლეები უნდა ჩაერთონ ამ სისტემაში, მონაწილეობა მიიღონ მასში და დაინახონ, როგორ მუშაობს, თორემ ის დიდხანს ვერ გაძლებს. კლასის მართვის საკითხების მკვლევრები პრევენციისთვის გვთავაზობენ ხუთ ძირითად ნაბიჯს:

  1. შექმენით პოზიტიური სასწავლო გარემო/კლიმატი.
  2. განავითარეთ პროცედურები.
  3. დაამყარეთ წესები მოსწავლეების მონაწილეობით.
  4. გამოიყენეთ უფრო გონივრული სწავლება.
  5. ჩართეთ რიტუალები.

 

ინტერვენცია

როდესაც კლასის მართვისას წარმატებას ვერ აღწევს, მასწავლებელი პრევენციიდან ინტერვენციაზე გადადის. ინტერვენცია იდეალურია, როდესაც ის არ ჩანს. ამ დროს პრობლემა გვარდება, მოსწავლეები იცვლიან ქცევას და სწავლებაც გრძელდება. მოსწავლეებმა ხშირად არც კი იციან, რომ ინტერვენცია მიმდინარეობს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის უფრო აშკარა უნდა იყოს და ზოგჯერ საკლასო დისკუსიის საგნადაც იქცეს.

არსებობს ინტერვენციის რამდენიმე ტიპი. მათგან სამი ძირითადია, ორი – სპეციალური:

ინტერვენციის ძირითადი ტიპები ინტერვენციის სპეციალური ტიპები

 

1. ჩასმული ინტერვენცია

2. გადამისამართებული სტრატეგიები

3. გარეგნული რეკონცენტრაცია სპეციფიკურ პროცედურებზე

 

1. შეგუება და ადაპტაცია

2. მკაცრი საუბრები

 

 

ინტერვენციის ძირითადი ტიპები:

  1. ჩასმული ინტერვენცია
  • ვცვლით დავალებას.
  • მოსწავლეებს ვთხოვთ, ღრმად ჩაისუნთქონ.
  • ვცვლით ინტონაციას.
  • ოთახში ვქმნით ახალ სამოძრაო სიტუაციებს.
  • ყურადღება ერთი მოვლენიდან მეორეზე გადაგვაქვს.
  • ვცვლით მუსიკას.
  • გავდივართ ოთახიდან.
  • ვებმებით პარტნიორებთან დისკუსიაში.
  • ვცვლით ოთახში ადგილებს.

ამ მიმართულებით სპეციალისტები გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს: შეგიძლიათ, ხელის შემშლელი მოსწავლე დავალებით გაგზავნოთ სკოლის მეორე ბოლოში (თუ საჭიროა, ამისთვის წინასწარ მოემზადეთ). მოსწავლემ შეიძლება წაიღოს წიგნი ან რაიმე დიდი საგანი, რომ ხელები დაკავებული ჰქონდეს და ყურადღება მასზე გადაიტანოს. მაშასადამე, მოსწავლეს აძლევთ სპეციალურ დავალებას, რაც მას დაასაქმებს და არ მისცემს საშუალებას, სხვებსაც შეუშალოს ხელი.

  1. გადამისამართებული სტრატეგიები

ამ ეტაპთან გამკლავებისას ჯგუფი ალბათ მიხვდება, რომ თქვენ რაღაცას აკეთებთ მათ დასაწყნარებლად, მაგრამ არავინ იგრძნობს თავს სხვებისგან გამორჩეულად. ჩვეულებისამებრ განაგრძეთ გაკვეთილი. მომდევნო სტრატეგიები დაგეხმარებათ, ისე გააკეთოთ თქვენი საქმე, რომ მას ნეგატიური ელფერი არ შესძინოთ:

  • წინადადებაში ჩართეთ სამი ან ოთხი მოსწავლის სახელი სწავლების პროცესის “გამოსაცოცხლებლად”; მათ შორის – იმ მოსწავლეთა სახელები, რომლებიც ცუდად იქცევიან.
  • თუ ეს ეფექტიანი იქნება რომელიმე ხელის შემშლელ მოსწავლესთან მიმართებით, მას ნაზად შეეხეთ მხარზე.
  • სიახლოვემ (მოსწავლესთან ახლოს დგომამ) ზოგ მოსწავლეზე შესაძლოა მართლაც გაჭრას, სანამ მისი მიზამი ურთიერთობის შენარჩუნება იქნება და არა ძალაუფლების გამომჟღავნება.
  • გამოიყენეთ საკლასო დიაგრამები ქულებისა და იმის ასახვისთვის, როგორ ვნებენ მოსწავლეები თავიანთ ქულებს ცუდი საქციელით.
  • მიუთითეთ ხელის შემშლელ საგანზე, სიტუაციაზე და არა მოსწავლეზე.
  • მოყევით ან წაიკითხეთ მასალა და ცვალეთ ხმის ტემბრი მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად. საუბრისას მოსწავლეებთან თვალით დაამყარეთ კონტაქტი.
  • გამოიყენეთ ციტატები გაღიზიანების ან დაძაბულების გასანეიტრალებლად.
  • გამოიყენეთ სივრცითი მარკერი, რათა არავერბალური ხერხით მოსთხოვოთ ხელის შემშლელ მოსწავლეს, შეწყვიტოს ცუდად მოქცევა. ეს არის მიდგომა “ცხელი წერტილი”: თქვენ მიდიხართ ოთახის რომელიმე კუთხისკენ (თქვენი ნორმალური პოზიციის ცვლილება), რაც მიანიშნებს ბავშვებს, რომ თქვენ სერიოზულად გაბრაზდით. შეინარჩუნეთ სიმტკიცე, დაამყარეთ თვალით კონტაქტი და ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ერთი და იგივე ჟესტები და საკვანძო ფრაზები, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ მიდგომა ეფექტს დაკარგავს.

კლასის მართვის უზრუნველყოფა ყველაზე მეტად პრობლემების პრევენციის დამსახურებაა. ის ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, შეინარჩუნონ სასწავლო შედეგებზე ფოკუსირება. კლასის ეფექტური მართვის “PIP” პირამიდა ხაზს უსვამს პრევენციას, ინტერვენციას და პიროვნულ ზრდას. ერთზე ან ორზე კონცენტრაციის მაგივრად მასწავლებელმა კლასში სამივე მათგანის განვითარება უნდა დაიწყოს. პირამიდის მთავარი იდეა პრევენციის ხაზგასმაა, რაც ეფუძნება პოზიტიურ სასწავლო კლიმატს, მკაფიო პროცედურებს, მოსწავლეთა ქცევის წესებს, გონივრულ სწავლებასა და წესების გამოყენებას. ამას მყისიერად მოჰყვება ინტერვენცია, რომელიც ყოველთვის მიმდინარე იქნება და მოიცავს როგორც მთავარ, ასევე სპეციალური ტიპებსაც. ამ მიდგომაში მოსწავლის პიროვნული ზრდა საკლასო დროის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც მოსწავლეები ისწრაფვიან ცოდნისა და პასუხისმგებლობის უფრო მაღალი დონისკენ. “PIP” პირამიდის წყალობით მასწავლებელს ხელთ აქვს სრული სისტემა, რომელიც ბავშვებს ზრდაში ეხმარება, მასწავლებელს კი პროფესიულ განვითარებაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Alaimo, K., Olson, C. M., & Frongillo, E. A. (2001). Low family income and food insufficiency in relation to overweight in U. S. children: Is there a paradox? Archives for Pediatrics and Adolescent Medicine, 155, 1161-1167.
  2. Aldridge, J. (1992). Issues in developmentally appropriate practice and individual differences. Journal of Instructional Psychology. 19.71-78.
  3. Attar, B. K., Guerra, N. G., & Tolan, P. H. (1994). Neighborhood disadvantage, stressful life events, and adjustment in urban elementary-school children. Journal of Clinical Child Psychology. 23.391-400.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი