ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ესტონური განათლების გამოცდილება

ბოლო წლებში PISA-ს შედეგების გასაჯაროების შემდეგ მსოფლიო ესტონელ მოსწავლეებზე ალაპარკდა. საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო სფეროში მათ თავი გამოიჩინეს და მესამე ადგილი დაიკავეს (სინგაპურელი და იაპონელი თანატოლების შემდეგ), რითაც ფინეთი, რომელზეც ესტონეთს სასკოლო რეფორმაში სწორება ჰქონდა, ორი პუნქტით ჩამოიტოვეს. რაშია ესტონური განათლების წარმატების საიდუმლო და შეუძლია თუ არა საქართველოს მისი გაზიარება?

 

განათლების კულტი

ესტონეთში ამბობენ, რომ განათლების კულტი აქვთ. აქ ბავშვს სკოლისათვის ბაღიდანვე ამზადებენ და ამ საქმეს ზედმიწევნით სერიოზულად ეკიდებიან. სკოლაში წასვლამდე ბავშვი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს ესწრება. კვირაში ორჯერ, ორსაათ–ნახევრის განმავლობაში, მას ასწავლიან მათემატიკას, ესტონურ ენას, მუსიკას, ხელოვნებას, „ადამიანმცოდნეობას“ (ბუნებრივი გარემოსა და საგნების შესახებ). ასე რომ, პირველკლასელმა უკვე იცის კითხვა, შეუძლია წაკითხულის შინაარსის გადმოცემა, მარტივი კარნახის დაწერა, ათის ფარგლებში მიმატება და გამოკლება. იცის, რა მისამართზე ცხოვრობს, უშეცდომოდ გეტყვით, რომელი საათია, აქვს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, წელიწადის რომელ დროს რა მოვლენა ხდება. იცის, რა არის გაკვეთილი, როგორ ტარდება ის, როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე სკოლაში და რას მოითხოვს მისგან მასწავლებელი.

 

კონკურსი პირველკლასელთათვის

ესტონეთში ბავშვი სკოლაში 7 წლისა მიდის. სკოლა ახლოს უნდა იყოს იმ სახლთან, სადაც ბავშვის ოჯახი ცხოვრობს. ჩვეულებრივთან ერთად არსებობს სპეციალიზებული სკოლებიც, სადაც მოსწავლეები სიღრმისეულად სწავლობენ უცხო ენებსა და მათემატიკას. ასეთ სკოლებში მათ მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევთ. საკონკურსო წესით ბავშვს შეუძლია ჩააბაროს სკოლაში, რომელიც მის სახლთან ახლოს არ არის. ასეთი სკოლები განათლების მიღების კუთხით, წესისამებრ, საკმაოდ მაღალრეიტინგულია.

ერთი მესამეკლასელის დედა ეველინ იგი, რომლის შვილიც ფრანგული ენის გაძლიერებულად შემსწავლელ სპეცალიზებულ სკოლაში დადის, ამბობს, რომ განათლების სამინისტროს აქვს საუკეთესო მუნიციპალური სკოლების ჩამონათვალი. ის მათემატიკაში, ესტონურსა და ინგლისურში სახელმწიფო გამოცდების შედეგების მიხედვით დგება. ასეთ სკოლებში არის კლასები, რომლებშიც ბავშვები მხოლოდ საკონკურსო წესით ხვდებიან. თითოეულ კლასში 20 ბავშვია.

ესტონეთში სკოლების უმეტესობა მუნიციპალურია. კერძო სკოლა ცოტაა. ესტონეთის განათლებაის სამინისტრო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბავშვთა განათლების ხარისხი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მათ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე. ამისთვის სამინისტრო ყოველგვარ პირობას ქმნის.

 

განსხვავებული შესაძლებლობები

სუსტი მოსწავლეების მიმართ ესტონელებმა ფინური განათლების მოდელი გამოიყენეს: ის, ვინც ცუდად სწავლობს, არ რჩება იმავე კლასში. ჩამორჩენილ მოსწავლეებს ან ცალკე ამეცადინებენ, ან პროგრამას ინდივიდუალურად უდგენენ.

კიდევ ერთი, რითაც ესტონეთში ძალიან ამაყობენ, არის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ღარიბი და შეძლებული ბავშვებისათვის. PISA-ს ტესტების მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულების მესამედი სწორედ ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებს ეკუთვნით.

ვაშინგტონის განათლებისა და ეკონომიკის ამერიკული ცენტრის პრეზიდენტმა მარკ ტაკერმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისა და ბალტიისპირეთის მონახულებისას განაცხადა, რომ უნგრეთსა და ჩეხეთში კარგი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენების პრივილეგიაა, ესტონეთმა კი შესანიშნავად მოახერხა, მოერგო „საბჭოთა მემკვიდრეობა“ – განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა – თანამედროვე დემოკრატიული რეალიებისთვის. აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ევროპის მასშტაბით ესტონეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (5%).

 

დემოგრაფიული ორმო

მოსწავლეთა თითქმის მეხუთედი რუსული ოჯახებიდანაა. კვლევებში რუსულენოვანი მოსწავლეები, ტრადიციულად, ესტონელებთან შედარებით დაბალ განათლებას აჩვენებენ (მუნიციპალურ სკოლებში, მათ შორის – რუსულ გიმნაზიებშიც, საგნების 60% სახელმწიფო ენაზე უნდა ისწავლებოდეს).

ესტონური სკოლების პრობლემა რაოდენობრივი შემცირებაა. საქმე ის არის, რომ 20 წლის წინ ქვეყანაში წელიწადში 20 ათასზე მეტი ბავშვი იბადებოდა, დღეს კი 13-14 ათასი იბადება. განათლების სამინისტრო იძულებით „ოპტიმიზაციაზე“ საუბრობს – არ გამორიცხავს იმ სკოლების დახურვას, რომლებსაც ცოტა მოსწავლე ჰყავთ. ესტონეთში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს 50 და 200-ბავშვიანი სკოლები და ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ესტონური განათლების წარმატება სწორედ ასეთმა პატარა სკოლებმა და 12-ბავშვიანმა კლასებმა განაპირობა.

 

საშინაო დავალება

ესტონური სკოლა არ იზიარებს ფინური განათლებაის ახალ კონცეფციას საშინაო დავალებების უგულებელყოფის თაობაზე. საშინაო დავალებებს აქ დაწყებით კლასებშიც კი აძლევენ. ეველენ იგი ამბობს, რომ ბავშვს საკმაოდ ბევრი საშინაო დავალება აქვს, თუმცა თამაშისა და ჰობისთვის დრო მაინც რჩება. დაწყებით კლასებში მასწავლებლები სთხოვენ კიდეც მშობლებს, დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების შესრულებაში. ბავშვმა უნდა ისწავლოს დროის დაგეგმვა, გაკვეთილების მომზადება. ფრანგულ სკოლაში, სადაც ეველენის შვილი სწავლობს, მშობლებისთვის ცალკე ტარდება ფრანგული ენის გაკვეთილები, რათა შვილების დახმარება შეძლონ.

 

ელექტრონული ესტონეთი

ესტონეთში „ციფრული დემოკრატია“ საუკეთესოდაა განვითარებული. ქვეყანას ჰყავს ელექტრონულად მომუშავე მთავრობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ორიათასიანი წლებიდან მოყოლებული, ესტონეთის მოქალაქეები არჩევნებზე ხმას ელექტრონულად, შინიდან გაუსვლელად აძლევენ. ხმის მიცემისას ისინი იყენებენ სმარტ-ბარათს ელექტრონული ჩიპით – პირადობის მოწმობას, რომელიც ყველა ზრდასრულ ესტონელს აქვს. გარდა კოლოსალური ფინანსური რესურსის დაზოგვისა, ეს მეთოდი სრულიად გამორიცხავს ე.წ. „კარუსელს“ და სხვა დარღვევებს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს ხმას „იყიდიან“ და ადამიანი მითითებით გააკეთებს არჩევანს, არაფერი შეუშლის ხელს, დაბრუნდეს შინ და ხელახლა მისცეს ხმა იმას, ვინც თავად სურს. გამოთვლითი ელექტრონული სისტემა მხოლოდ იმ ხმას აღრიცხავს, რომელიც მოქალაქემ ბოლოს დააფიქსირა.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სკოლას? საქმე ის არის, რომ სკოლის განათლება ჩართულია პროგრამაში „ელექტრონული ესტონეთი“: მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და მოსწავლეების კომპიუტერები ჩართულია სისტემაში e-Kool, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საშინაო დავალებებისა და ნიშნებისთვის, საკონტროლო წერებისა და მნიშვნელოვანი სასკოლო ღონისძიებებისთვის თვალის მიდევნება. სისტემის წყალობით მშობელს შეუძლია, ბავშვის ავადმყოფობის ცნობა მასწავლებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს, ვირტუალურად ადევნოს თვალი შვილის სასკოლო მიღწევებს, მისი ცოდნის დონეს სხვა მოსწავლეებთან შედარებით, კლასის საერთო დონეს და სხვ.

„ბავშვები სახელმძღვანელოებით სწავლობენ, ჩვეულებრივ ცალხაზიან და უჯრედებიან რვეულებში წერენ, მაგრამ გაკვეთილების ნაწილი კომპიუტერულ კლასებში ტარდება. სკოლა აქტიურად იყენებს ნეტს იმისთვის, რომ მოსწავლეს ფრანგულ ენაზე საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროს. მოსწავლეს შუძლია, სკოლის საიტზე აუდიოგაკვეთილებს მოუსმინოს. გაკვეთილები პირველი კლასიდანვე ისეა აწყობილი, რომ ბავშვმა პასუხები გუგლსა და ვიკიპედიაში ეძებოს, საზოგადოდ, კომპიუტერი ცოდნის მისაღებად გამოიყენოს, ისწავლოს სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება“, – ჰყვება ეველინი.

ესტონურ სკოლებში ერთ მოსწავლეზე 0,8 კომპიუტერი მოდის. 15 წლის მოზარდთა 79%-ს შინ კომპიუტერი აქვს, აქედან 89%-ს მუდმივად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

 

მასწავლებლის ხელფასი

ესტონეთში, თუ ხელფასით ვიმსჯელებთ, მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟულს ვერ უწოდებ. აქ საშუალო თვიური ხელფასი 1200 ევროა, სკოლის მასწავლებლის ანაზღაურება კი 1100 ევროს შეადგენს. ესტონეთში მასწავლებლების დეფიციტი იგრძნობა. სკოლის მასწავლებლების საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, ახალგაზრდა და მამაკაცი მასწავლებლები ცოტანი არიან.

 

სკოლა და დაკარგული ბედნიერება

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა უფრო ფორმალური ხასიათისაა და თუ სკოლაში რაიმე კონფლიქტი მოხდა, პედაგოგები ამ პროცესში მყისვე ბავშვის ოჯახს რთავენ.

საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, მშობლებს ასწავლიან, რომ ბაღი და სკოლა მათი პარტნიორები არიან, ბავშვის აღზრდასა და განათლებაზე კი უმთავრესად ოჯახია პასუხისმგებელი. მასწავლებლები მშობლებს სკოლაში ხშირად იბარებენ, ნებისმიერ სიტუაციას აცნობენ, ცდილობენ, ბავშვს ერთად დაეხმარონ. სკოლა და მშობლები თანამშრომლობენ. თუ მშობლები აქტიურები არიან, ორგანიზებას უწევენ ექსკურსიებსა და დღესასწაულებს.

ფსიქოლოგებისა და მშობლების დაკვირვებით, უმცროსკლასელები სკოლის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად განწყობა ეცვლებათ, უმეტესად – დიდი დატვირთისა და მუდმივი ტესტირების გამო. უფროსკლასელები ჩივიან, რომ მათ ზედმეტად ტვირთავენ საკონტროლო წერებით, საშინაო დავალებებით. ამას ემატება ბულინგის პრობლემა სკოლაში.

2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობას ეხებოდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვები სკოლაში თავს მაინცდამაინც ბედნიერად არ გრძნობენ. სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა ამის შესახებ 15 ქვეყნის 53 ათასი მოსწავლე გამოკითხეს (8, 10, 12 წლის ასაკის). კითხვები ეხებოდა ცხოვრების, ოჯახური ურთიერთობების სტანდარტებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, სკოლის ცხოვრებას და სხვა სფეროებს. ესტონელმა ბავშვებმა და მოზარდებმა განაცხადეს, რომ შინ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, კმაყოფილები არიან მეგობრებთან ურთიერთობით. რაც შეეხება სკოლის ცხოვრებას, ესტონელ მოსწავლეთა მხოლოდ 36%-მა დაადასტურა, რომ მასწავლებელი უსმენდა და პატივს სცემდა მათ მოსაზრებას. სკოლაში სიხარულით მხოლოდ გამოკითხულ მოსწავლეთა 23% დადიოდა (შედარებისთვის, ეთიოპიაში მაჩვენებელი 84%-ია, ნეპალში – 69%, თურქეთში – 62%, ნორვეგიაში – 38%).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი