შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ

ყველაფერი, რაც კი ადამიანის შესახებ ოდესმე ვინმეს უთქვამს,

იყო მხოლოდ სიტყვები – ადამიანური სიტყვები…

ზაზა თვარაძე, „სიტყვები“

„კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ“. ამ ფრაზას „ზაზა თვარაძის რომანის, „სიტყვების“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ლევანი, თავის მეგობარს, პროტაგონისტ ზაზას ეუბნება. მეგობრებმა ეს-ესაა თავი ახადეს  „სანეტარო კანტორაში“ ათი დღით ნაქირავებ სიტყვების „ზარდახშას“ და იქიდან ამოსულ სიტყვებს ისეთი აღტაცებით შესცქერიან, როგორც პატარა ბიჭები „ოქროს თევზებიან აკვარიუმს“. შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ ერთი სიტყვის „გაფრენაც“ კი დიდი დანაკლისი და დანაშაული იქნება. თანაც, „კანტორის ნეტარიუსმა“, აფანასოვიჩიმაც გააფრთხილა  მეგობრები, რომ „სიტყვებით სარგებლობა მიზანშეწონილი იყო“ მხოლოდ „დახურულ შენობაში“. ზარდახშის „წიაღებიდან“ ცალობით თუ  მრავალსიტყვედებად წამოსული სიტყვები საოცარ სურნელს გამოსცემდნენ. „რას შეიძლება შევადაროთ ეს სურნელი? – სვამს კითხვას ავტორი და იქვე პასუხობს: ცხადია, „გაზაფხულზე, სოფლად აყვავებულ ხეს, რომლის ყვავილები დილის კრიალა ჰაერს მათრობელა თაფლის სურნელით“ ავსებენ“.  და თუ ერთხელ მაინც – წერისას, ფიქრისას, საუბრისას თუ მოსმენისას, არა აქვს მნიშვნელობა – განუცდია ადამიანს  სიტყვისგან მიღებული სიამოვნება, შეუგრძნია სიტყვის ძალმოსილება, შეუძლებელია არ დაეთანხმოს მას.

სიამოვნებით მივყვებოდი ჩემს საყვარელ ტექსტს და რომანის ყველა იმ ადგილს გავიხსენებდი, სადაც  მეგობრები ზარდახშიდან ამოსული სიტყვებით ნეტარებენ, ხოლო მკითხველი წიგნის წაკითხვით მოგვრილი სიამოვნებისგან ტკბება; ჩავიდოდი ბოლო გვერდებამდე, ანუ ზაზას სიზმრამდე – როდესაც სავარძლებში მოკალათებული ზაზა და ლევანი წარსულ ცხოვრებას, უპირველესად კი „სიტყვების ზარდახშასთან“ დაკავშირებულ პირველ ნაბიჯებს იხსენებენ, „ხარხარებენ“ და ერთმანეთს უსიტყვოდ ეთანხმებიან იმაში, რომ „ფანტასტიკური იყო, ფანტასტიკური იყო ის ყველაფერი!“ მაგრამ წიგნით შთაგონებულმა, მეც მინდა გავბედო და საკუთარი – არც ვიცი რა დავარქვა – გულის? გონების? ხსოვნის – „ზარდახშიდან“ ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, დაუდგენელი ნიშნით, მიზეზითა და თანმიმდევრობით თავმოყრილი სიტყვებისა თუ მრავალსიტყვედების მცირე ნაწილი „ამოვაფრინო“, რომელთა რაოდენობა და შინაარსიც, ასევე ჩემი ჩარევის გარეშე, ხან მატულობს, ხან კი კლებულობს.

წიგნში ნეტარიუსი აფანასოვიჩი ასე ხსნის გაქირავებული სიტყვების დანიშნულებას: სიტყვებით „ჩვენ უნდა მოვინადიროთ ადამიანთა სულები! განსაკუთრებით – ახალგაზრდების! … ჩვენ უნდა ჯანსაღი საზრდო მივცეთ ახალგაზრდა სულებს! თორემ, ხომ ხედავთ, რას დაემსგავსა ჩვენი ახალგაზრდობა! აბსოლუტური გამოფიტვა!.. აბსოლუტური გამოფიტვა!.. …საჭიროა დააინტერესო ახალგაზრდა! საჭიროა სულიერი საზრდო მისცე მას! ხომ გესმით! სულიერი საზრდო! სულიერი! და აქედან გამომდინარე – სულის განვითარება, სულის წარმართვა იმ გზით, რა გზითაც უმჯობესი იქნება თვითონ მისთვის!“

ვერაფერს იტყვი, კარგი ჩანაფიქრია, თუმცა მთავარი მაინც მისი განხორციელებაა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ასეთი „საზრდო“ არც ერთ ასაკში არ იქნება მაწყინარი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმ „პირველი“ და დიადი „სიტყვიდან“ დაწყებული, ადამიანს სწამდეს სიტყვის ძალის, მისი ყოვლისშემძლეობის, რადგან სიტყვა ყველას „საზრდოა“, ის ყველას სჭირდება საკომუნიკაციოდ, სხვებთან დასაახლოებლად, სიყვარულისა და თუნდაც აგრესიის გამოსახატავად;  მისი „სიჯანსაღე“ კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესსა და „გულის თქმაზეა“ დამოკიდებული.

შენი სიტყვები შეიძლება სულაც არ ჰგავდეს „სიტყვების“ ავტორისას, შეიძლება ისინი არც „ზღვის ფსკერზე“ წარმოშობილი“ „რაღაც არსებები იყოს“, რომელთაც „საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვთ“ და რომელთაგან „ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი“;  სიტყვას „ინდივიდუალობა“ ანიჭებს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას  მრავალფეროვან, შენიან „არსებად“ ხდის – შენთვის ძვირფასი წარსულის მემატიანედ, შენი აწმყოს თანამგზავრად და შენი მომავლის მაცნედ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი წარმოდგენა არსებობს სიტყვაზე – მის შეფერილობაზე, სურნელზე, მის კონსისტენციასა და  წარმოშობაზე. უბრალოდ, ადამიანთა უმეტესობა არასოდეს დაფიქრებულა ამაზე, ხოლო ზოგიერთს, ეს მხოლოდ ხელოვანების და ენათმეცნიერების საქმე ჰგონია. არადა, დარწმუნებული ვარ, თავის „ზარდახშაში“ ყველას მოეძევება არაერთი ისეთი სიტყვა ან მრავალსიტყვედი, რომლებიც, მოძიების შემთხვევაში, ისე, როგორც ზაზა თვარაძის რომანშია,  „მოლუსკივით (ან შეიძლება სულ სხვაგვარადაც) ამოიწვერება“, განწყობისა და შინაარსის შესაბამის ფერს მიიღებს და ხელშესახები გახდება.

არც ის არის აუცილებელი, შენი სიტყვების ზარდახშა სხვათათვისაც თვალსაჩინო და ხილული იყოს. მთავარია, შენ ხედავდე მას, შენ იცოდე მისი არსებობა და მერე, განმარტოებით მყოფმა თუ სასურველი ადამიანებით გარშემორტყმულმა – მასში არსებული სტყვების დახმარებით შენი სამყარო „ააწყო“, შენი სათქმელი მოჰყვე; ყველაზე სასურველ შემთხვევაში კი, ისე შეძლო ამ სიტყვების „მოთვინიერება“, რომ „საჭირო სიტყვა“, მოხმობისთანავე „თვითონ მოდიოდეს შენთან“.

არასოდეს გქონდეს იმის იმედი, რომ აუცილებლად ბრძენის, მწერლის ან ფილოსოფოსის ნათქვამი სიტყვა მოხვდება შენს ზარდახშაში; იძულებითაც ნუ მოინდომებ ამის გაკეთებას, რადგან ხშირად, სულისთვის შეიძლება ბევრად „სანეტარო“ იყოს მასში მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი, სხვათათვის კი სრულიად უცნობი ადამიანის ნათქვამი „უბრალო სიტყვების“ არსებობა.

წორედ ასეთ, სხვისთვის უმნიშვნელო და ჩემთვის ღირებულ სიტყვებზე ვამბობდი ზემოთ,  რომელთაგან ზოგიერთი, უკვე ფრაზებად დაფრთიანებული, დიდი ხანია იქცა ჩემი ზარდახშის მუდმივ ბინადრად, ზოგი კი სულ ახალთახალია, ჯერ ისევ „დაბინავების“ პროცესში მყოფი და მათი  ბედი გაურკვეველია.

სამამდე ვითვლი და მეც  ვხდი თავს „ზარდახშას“, ხოლო სანამ ამას გავაკეთებ, ლევანს მივბაძავ  – კარს მივხურავ, რომ სიტყვები არ გამიფრინდნენ:

სიტყვები ბავშვობის სიზმრიდან, როგორც ზღაპრიდან (მითხრა გველეშაპმა, რომელიც ჩემს ეზოში, გაშლილი პიონის ძირში იწვა მრგვლად დახვეული): ოდესმე აქ, ამ ადგილას, წყარო გადმოედინება, და ერთხელ, როცა სახლის დედა შინ არ იქნება, ხოლო მამა შორი გზიდან გამოეჩქარება ცუდი წინათგრძნობით სავსე, როცა მოგესმება ბევრი ჩიტის გალობა ერთად, და შენ სათლით მოხვალ წყლის ასავსებად, იცოდე, რომ შენც წყლად იქცევი.

პაპის სიტყვები: ღამღამობით, როცა ცა წითლდება, ანგელოზები გადაიფრენენ ხოლმე.

გულსუნდას სიტყვები (ლამაზ ფეხებზე ხმამაღლა ნატვრის შემდეგ): როცა ამაზე კიდევ იფიქრებ, ყოველთვის გაიხსენე, რომ მაგ ფეხებს დაჰყავხარ და კიდევ დიდხანს უნდა გატარონ. მათ შემცვლელს ვერ იპოვი.

ჩემი მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები (როდესაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი  მოსწავლე სკოლიდან გათხოვდა): აბა რად უნდოდა მაგას აკვადრატი-ბეკვადრატი?!

მამაჩემის სიტყვები:(56 წლის გარდაიცვალა, 54 წლისამ თქვა): ახლა მივხვდი, როგორ უნდა მეცხოვრა.

ჩემი ფიზკულტურის მასწავლებლის სიტყვები (სკოლის სტადიონზე დილაობით ჩატარებულ მასობრივ საბჭოთა ვარჯიშებზე): აბა ბავშვებო, ზნექი ჭაღარა კავკასიონის მთებისაა-კენ!

„ორსიტყვედი“ (ჩემი კარის მეზობლის დამარცვლით ნატირალი გარდაცვლილ მამაზე): „ვა-ი-მე მა-მიიიიიიიი!..

იზო ბებოს სიტყვები: გასათხოვარი გოგო დილით ისე უნდა ადგეს ლოგინიდან, რომ გახამებულ თეთრეულს ნაკეცები არ  ეტყობოდეს.

თეიმურაზ მაღლაფერიძის სიტყვები: ისე უნდა მოვკვდე, რომ პარიზი ვერ ვნახო?!

მამიდის დატირება (უგრძესი, დაუსრულებელი, ერთსიტყვიანი, მესამე გარდაცვლილ ძმაზე): ძმა-ვოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!..

ბებოჩემის სიტყვები: შუბლიდან თმა გადაიწიე.

ბესიკ ხარანაულის სიტყვები (პირად საუბარში): ეკლესია ერთი უნდა იყოს ადამიანის გულივით.

დედის სიტყვები (სახლის გამოგვისას, ქალაქიდან რომ სოფელში გადავბარგდი): ჩამოხვედი და ქალაქური მტვერი ჩამოიტანე.

3 წლის ირაკლის ერთ ასობგერიანი სიტყვა: ბ მინდა, ბ მინდა, ბ ბ ბ ბ ბ ბ… (სტუმრად მისულებს ხილი შემოგვთავაზეს და თურმე ბროწეული უნდოდა).

დეიდაჩემის „მრავალსიტყვედი“ (დანანებით ნათქვამი): მეხუთე კლასში ვიყავი, გო, მამაჩემის გაუთხოვარ დეიდას, შაშხანაანთ ნინას, თეთრეულს რო ვურეცხავდი.

სამი წლის კატოს „სამსიტყვედი“: ცის გოჭი მიყიდეთ.

ჩემი მეგობრის, „სიტყვების“ ავტორის, ზაზა თვარაძის სიტყვები (გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნათქვამი): შავები არ ჩაიცვა, გადაყარე შავი სამოსი, ფერადები ჩაიცვი, ფერად ფერები…

და კიდევ მრავალი…

თუმცა ეს არ არის წერილის ავტორის ბოლო სათქმელი. მინდა, ის ისევ წიგნის პროტაგონისტის, ზაზას სიტყვებით დავასრულო: „საკვირველია! ამ სიტყვებს ყველაფრის გაცოცხლება შეუძლიათ! ეს ხომ თვითონ სიცოცხლეა!“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი