პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცუდი გოგოების მზე

არაფრით გამორჩეული დღე საღამოვდებოდა. უგუნებოდ ჩავუქროლე ფეისბუქის სიახლეებს და ის იყო, უიმედოდ უნდა ჩამეხურა, რომ უცებ, მეგობრის კედელზე ახალგაზრდა ქალის შავ-თეთრ ფოტოს მოვკარი თვალი. გავხსენი. ეს ქალი აქამდე არასდროს მენახა, არც არაფერი გამეგო მის შესახებ. ფოტოს ქვეშ ეწერა: „მედიკო მებურიშვილი. რა ღუპავს სილამაზეს?!“ (თუ რაღაც ამდაგვარი აზრის მცირე კომენტარი).

შავ-თეთრ ფოტოზეც ისეთი ფერადებით ასხივებდა ეს ქალი, რომ თავფეხიანად მოვინუსხე და მაშინვე დავიწყე მისი ამბის გარკვევა. ფიქრშიც ღრმად აღმებეჭდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე მომდევნო დღეებში ბევრი რამ თავის გარშემო გადაალაგა.

მედიკო მებურიშვილი – გასული საუკუნის 60-იანი წლების თბილისის ლეგენდა! 21 წლისა გარდაცვლილა მეტად უცნაურ ვითარებაში, რაც დღემდე მის საახლობლო წრეებში ათასგვარი მითქმა-მოთქმის საბაბია. მთელი თბილისი ხომ იცნობდა და, ლამის მთელი საბჭოთა კავშირიცო, ამბობენ. ისეთ გოგოებს, მედიკო რომ იყო, საბჭოეთში, ცხადია, ადვილად შეამჩნევდნენ. ვინ დააცდიდა თვითმყოფობას, თავისთავობას!

ეს თავისთავი კი მედიკოს ისეთი ჰყოლია!..

მხოლოდ გარეგნული სილამაზე რომ არა ვთქვათ (ის სილამაზის იმ კატეგორიას ეკუთვნის, ყველა დროში და ყველანაირი ესთეტიკისთვის ერთმნიშვნელოვნად აღიარებული ეტალონი რომაა – სილამაზე თავის მარადიულ ფორმაში!), ეს გოგო ძალიან განათლებული, დახვეწილი, უამრავი ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულიც ყოფილა. გიტარას უკრავდა და მღეროდა, იქცეოდა იმდროინდელი „სტანდარტებისთვის“ სრულიად შეუსაბამოდ – ლაღად, თავისუფლად, ბოჰემურად; რუსთაველზე ცხენითაც კი უჯირითია თურმე, რაც მისი მხრიდან დაახლოებით ისეთივე პროტესტის გამოხატულება მგონია, როგორიც გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობაში“, მოთხრობის გმირის თავგანწირული ავარდნა ალავერდის გუმბათზე… მოკლედ, რჩეული იყო. თან, მდიდარი ოჯახის შვილი. თან, დიდი და პირქუში საბჭოეთის პირმშო, იმ საბჭოეთის, მტერზე უფრო მეტად რომ ეჯავრებოდა თვითმყოფადი ადამიანი.

და, დედასაბჭოეთმა 21 წლის მედიკოსთვისაც მოიცალა და სულ საკუთარივე ლამაზი ხელებით გაანადგურებინა თავისი თავი, ჩააასრესინა საკუთარ თავში პიროვნება, სული და სხეული… რას აღარ ამბობდნენ თურმე მასზე, რა ლეგენდები აღარ დადიოდა, ზედმიწევნით მუშაობდა პროპაგანდის მანქანა, ჰოდა, „ქალი-განგსტერიდან“ დაწყებული, ქურდით, ნარკომანითა და ავაზაკით დასრულებული, მედიკოს მიმართ ხსენებულ უამრავ ეპითეტს გაიგონებდით, ზოგი აწყვეტილი ზიზღით რომ წარმოთქვამდა, შურის და ბოღმის დასანთხევი ექსპრესიით, ზოგიც – დაეჭვებით, დანანებით, მაგრამ მაინც ყოვლისშემძლე „მორალური“ საბჭოთა სისტემის წინაშე ანგარიშვალდებულებით, იმის შიშითაც, ვაიდა მომავალ თაობებზე ეს „უხამსი მაგალითი“ მზარდი პროგრესიით გავრცელებულიყო.

გადავამოწმე სისტემის ნამუშევარი „მასებში“ და დედაჩემსაც ვკითხე სასხვათაშორისოდ, მედიკო მებურიშვილი გაგიგია-მეთქი? აღმოჩნდა, რომ გაუგია კი არა, იმაზე მეტიც სმენოდა, ვიდრე გაზეთებში იწერებოდა ან კულუარებში ითქმოდა. ჯერ გამიკვირდა, რატომ აქამდე არასდროს ჩემთან არ უხსენებია ეს სახელი, მერე, ამ ყველაფრის ეპოქალურ კონტექსტზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, დედაც იმ საყოველთაო ტაბუს მსხვერპლი იყო და იმიტომ. ოდესღაც, როცა მედიკოზე უთხრეს, ეს ტაბუც ტვიფარივით აღუბეჭდეს ცნობიერში, რომ რაც შეიძლება  ნაკლებად ეხსენებინა, პირველ რიგში – შვილებთან.

და საერთოდ, ცუდ გოგოებზე ლაპარაკი ხომ ძალიან ცუდია!

ნაირა გელაშვილი იხსენებს თავის ბიოგრაფიულ რომანში „სარკის ნატეხები“ მედიკო მებურიშვილს; კონსტანტინე გამსახურდიაც იხსენებდა, 21 წლის „განგსტერი ქალის“ გასვენებას რომ შეესწრო რუსთაველის გამზირზე და გაოცდა – ამდენი ხალხი გალაკტიონ ტაბიძის დაკრძალვის შემდეგ თბილისში აღარ ენახა! რუსთაველიდან საბურთალოს სასაფლაომდე ზღვა ხალხი ფეხით მიაცილებდა, ოფიციალური ვერსიით „წამალში გაპარულ“, არაოფიციალურით კი, მუხანათურად მოკლულ გოგოს, დაღუპულ სილამაზეს და, ვის არ ნახავდით თურმე ამ პროცესიაზე – ე.წ ინტელიგენციას, იმდროინდელ თბილისურ არისტოკრატიას, კანონიერ ქურდებს, კრიმინალებს, ბავშვებს, რაც მთავარია – ბავშვებს!

რამ შეყარა ეს ხალხი ერთად, რამ გააერთიანა – სილამაზის სიკვდილზე მწუხარებამ თუ ცნობისმოყვარეობამ? ველურმა ინტერესმა, ეჭვმა, ინტრიგამ თუ ენით უთქმელი საიდუმლოს განცდამ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჩაესვენა მზესავით, რაღაც გამოუსწორებელი და განუმეორებელი დამთავრდა და ამაში წვლილი ყველას მიუძღოდა?..

იმდროინდელი მორალით (თუმცა, მორალი, როგორც საზოგადოების მართვის მექანიზმი იდეოლოგების და ნაძირლობისკენ მიდრეკილი ხელისუფლების ხელში ყოველთვის მარგინალური და ანტიმორალურია), მედიკო მებურიშვილისნაირი გოგოები ახალგაზრდობას რყვნიან, ცუდ მაგალითს იძლევიან, ისინი თავად ისპობენ თავს და ამით სჩადიან ყველაზე დიდ ბოროტებას, რადგან არაფრად აგდებენ სიცოცხლეს – ამ დიდ საჩუქარს სამყაროში არსებობისა… მე თუ მკითხავთ (ან მე ვინა მკითხავს, ან რა დიდი კითხვა ამას უნდა) – მედიკო მებურიშვილი საბჭოთა სისტემამ მოსპო, გაანადგურა როგორც ინდივიდი, პიროვნება. რამდენი მაგალითი ვიცით მსგავსი ბოროტებისა, რამდენი ასეთი თვითმყოფადი სულის ცოდვა აწევს ურჩხულ საბჭოეთს და ნებისმიერ იმპერიას, გნებავთ – სისტემას, რომელსაც, თავისი არსით, ადამიანი სძულს!

თუმცა, ის სისტემა დაინგრა(?) და ბევრი რამ გადაფასდა, დღეს მედიკოსნაირი გოგოების თავგადასავალი მათ მიმართ თანაგრძნობას უფრო აღძრავს. ზოგმა იქნებ რაღაც დიდი რომანტიზმიც განჭვრიტოს და წინარე წყობისგან მოძულებული ქალი გმირად გამოაცხადოს, ვინ იცის…

მაგრამ, ვინ გაიგებს ამ თავგადასავლების მთელ ჭეშმარიტებას, ვინ ჩასწვდება ბოლომდე ამ საიდუმლოებებს?! ვინ აღწერს გულისგამხეთქი სინამდვილით, ვინ არიან ეს ცუდი გოგოები, რა ძალას დაატარებენ, რა ტკივილებით მიდიან ამ სამყაროდან, რა ვაწყენინეთ ან რაა ის, რაც ყველაზე მეტად უნდა ვაპატიოთ?

ისინი კი, ყოველთვის იქნებიან – ცხოვრებაშიც, დაწერილ და დაუწერელ ტექსტებშიც, სიმღერებში, ნახატებში, ყველგან – ეს ლამაზი და სევდიანი ცუდი გოგოები, დინების წინააღმდეგ მიმქროლავნი, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური, გოგოები, ვისიც ყოველთვის შეგვშურდება, ვისაც ფარულად, სიზმრებში და ოცნებებში მაინც მივბაძავთ, ვისაც, თუ შევძლებთ, მოვარჯულებთ კიდეც, დავიმსგავსებთ, თუ რომელიმე მათ შორის სუსტი აღმოჩნდა და დაგვყვა… ან, ძლიერი! ვინ იცის!

ხოლო რაც შეეხება ტაბუს, საბედნიეროდ, დღეს სხვაგვარად ფიქრობს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, იმაზე თავისუფლად მაინც, ვიდრე კაცთმოძულე მონსტრი წყობა აიძულებდა. დღეს აღარც იმის საშიშროებაა, ცუდ გოგოებზე ჩურჩულით და იატაკქვეშეთში ვილაპარაკოთ, ბავშვებს მათი ამბები მოვარიდოთ და უფრო მეტიც – საჩვენოდ შევაფერადოთ, მივასწორ-მოვასწოროთ, მოკლედ, „ფაქტები დავამახინჯოთ“, რათა მოზარდებისთვის უფრო ასატანი გახდეს გასააზრებლად ამ გოგოების მწარე გამოცდილება… დღეს ერთმანეთს აღარაფერს ვუმალავთ, არც შვილებს ვაფარებთ ყურებზე ხელს, როცა რაღაც ძნელის და ნამდვილის თქმას დავაპირებთ.

ძნელის და ნამდვილის – ცუდი გოგოების ამბებისაც, მათ შორის…

ამ წერილზე რომ ვფიქრობდი და ვწერდი, ემი უაინჰაუზს ვუსმენდი, კიდევ ერთ გოგოს, ბრიტანელ მუსიკოსს, რომელმაც ვერაფრით  დაიჯერა, რომ სხვანაირი ცხოვრებაც შესაძლებელია.

გიტოვებთ თქვენც, თანამოსასმენად, და ვინ იცის, კიდევ რამდენი ვინმე გაგახსენდებათ, ან სულაც საკუთარი თავი ამოგიტივტივდებათ, ყველაზე საიდუმლო ფათერაკებში, ყველაზე საინტერესო თავგადასავლებში, სადაც მხოლოდ თქვენ იყავით _ თქვენ,  შეცდომები და უნაპირო თავისუფლება, სიყვარულის ცეცხლით აბრიალებული!..

https://www.youtube.com/watch?v=3QDDzaY1LtU

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი