პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დიდი ტრაგედია

ივლისში, თბილისში, კიდევ ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მივაბარეთ მიწას. 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე წყალსაქაჩში დაიხრჩო. ცოტნე და მისი მეგობრები იმ საშინელ და დაწყევლილ ადგილზე მხოლოდ საბანაოდ არ იყვნენ მისულები. ეს ბიჭები სპორტის სულ ახალი სახეობით – პარკურით იყვნენ გატაცებულები და იმის გამო, რომ თბილისში ვარჯიშის საშუალებები არც ისე დიდია, თავად ეძებდნენ და პოულობდნენ ადგილებს, სადაც სპორტული ილეთების გაკეთებას შეძლებდნენ. ერთ-ერთ  ასეთ ადგილად თბილისის ზღვის ტერიტორია შეარჩიეს, თუმცა   ეს  საბედისწერო აღმოჩნდა.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ პარკური არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე, ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ხოლო ტრეისერი არის ადამიანი, რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს. პარკური სპორტული დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სიახლე  გამოიყენოს გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში.

ცოტნე ცქიტიშვილი მრავალმხრივი ბიჭი იყო და პარკურის გარდა სხვა  ინტერესებიც  ჰქონდა. უყვარდა წიგნის კითხვა (რაც მის თაობაში, სამწუხაროდ, იშვიათობად იქცა), თავად წერდა მოთხრობებს (ერთ-ერთი მისი მოთხრობა, რამდენიმე წლის წინ, თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა), მამამისთან და მამის მეგობრებთან ერთად უვლიდა ვაზს, იყო მოხალისე გარემოს დამცველი და ძალიან სწუხდა, რომ თბილისში – მის ქალაქში სიმწვანისა და ბუნების ადგილს უზარმაზარი,  უსახური კორპუსები იკავებდა. ცოტნე იყო ის მომავალი, რაც ყველა ჩვენგანმა ასე უაზროდ დავკარგეთ და ახლა, როდესაც ეს საშინელება უკვე მომხდარია, ნამდვილად ღირს ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და ის პრობლემებიც წამოვწიოთ, რაც  ადრეც უნდა გვეთქვა.

ქალაქის მესვეურები ცოტნეს მამას დაპირდნენ, რომ მიიღებენ ზომებს და საშინელ ადგილზე, სადაც  ბიჭი დაიღუპა, დაწესდება კონტროლი, რათა მომავალში იქ არავინ შეიპაროს და არ შეუქმნას საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს. როგორც გაირკვა, იმ ადგილზე ადრეც არაერთი ადამიანია დაღუპული და ის სასაკლაო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიგმანოს.

ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ თბილისში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, ახალგაზრდებს არა აქვთ საშუალება,  ნორმალურ ვითარებაში და პირობებში ითამაშონ და ივარჯიშონ, თავად იგონებენ ხშირად სიცოცხლისათვის სახიფათო წარმოუდგენელ გასართობებს. ახალგაზრდებს სჭირდებათ ხარისხიანი და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზები თუ სათამაშო მოედნები, სადაც ადამიანები სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე ივარჯიშებენ და რაც მთავარია, ეს  უნდა იყოს ძალიან იაფი  ან სულაც  უფასო. ამაზე მნიშვნელოვანში რაში უნდა დაიხარჯოს ჩვენი გადასახადებიდან აგროვებული ფული?

აი, ახლაც, ვუყურებ ცოტნეს ფოტოს და ვფიქრობ: გვყავს ჩვენ დასაკარგი საუკეთესო ახალგაზრდები?!.. გვქონდა ცოტნეს დაკარგვის უფლება?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი