ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჰუმანიზაციის პერიმეტრში 

ახალი კანონპროექტი, რომელმაც ქართულ ნარკოპოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილები უნდა შეიტანოს, განხილვას ელის. ცვლილებების პაკეტი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით მომზადდა. პლატფორმა  ორმოცდაერთი ქართული ორგანიზაციის ერთობაა, რომელიც ადამიანის უფლებების, მათი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი? საუბარია თუ არა აქ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე?

პლატფორმის მიმართვაში ნათქვამია: „ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირდებოდა ადამიანების დასჯასა და იზოლაციაზე, რამაც უკიდურესად დააზიანა ათასობით მოქალაქის, მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნარკოპოლიტიკა იქცა ადამიანებთან ბრძოლისა და ტოტალური საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტად… კრიმინალიზებისა და იზოლაციის ტენდენცია დამატებით მარგინალიზებას უწევს ამ ჯგუფს და ზრდის მათი და მათი ოჯახების სოციალურ მოწყვლადობას“.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, იპოვის თუ არა ახალი ნარკოპოლიტიკა საკუთარ ნიშას ჰუმანიზაციის მსოფლიო პერიმეტრში.

კანონშემქმნელთა  განცხადებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო გაააქტიურებს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების თემას, ეფექტიან პრევენციულ პოლიტიკას, აქცენტირებული იქნება ადამიანის უფლებების შემლახავი რეპრესიული მექანიზმების ლიბერალურ ჩარჩოებში მოქცევაზე.

კანონპროექტის არსი დეკრიმინალიზაციაა და არა ნარკოტიკების ლეგალიზაცია. ადამიანი ვერ შეძლებს ნარკოტიკების ლეგალურად შეძენას და მოხმარებას, მაგრამ მათი მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის შემთხვევაში, აღარ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით. მაგალითად, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, შეიცვლება მცირე და დიდი ოდენობით მარიხუანის დოზები. 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მომხმარებელს, დამამზადებელს ან გამავრცელებელს საპატიმრო სასჯელი აღარ შეეხება და მას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი თითქმის განახევრდება.

რაც შეეხება ნარკოტიკების გამსაღებელს, მას საკმაოდ მკაცრი სადამსჯელო სანქციები ელის.

ახალი კანონმდებლობა ცვლის იმ წესს, რომელიც საფუძვლად ედება ქუჩის ნარკოტესტირების სამარცხვინო პრაქტიკას. თუმცა ფაქტს, არის თუ არა ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, კვლავ კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნა დაადასტურებს. მოგვიანებით რეფორმის ფარგლებში მოიაზრება ნარკოლოგიური დაწესებულებების შს სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადანაცვლება.

ამჟამად საქართველოში 50 ათასამდე საინექციო ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია, რომელთა შორის საკმაოდ გავრცელებულია ჰეპატიტები და აივ ინფექცია. სახელმწიფო ამ ადამიანებს არ სთავაზობს მკურნალობა-რეაბილიტაციის მრავალფეროვან სერვისებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები კი მწირია ან არაეფექტიანი.

მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკების მომხმარებლის „გამოსწორებას“ სახელმწიფო მათი ციხეში გადაყვანით. ასეთი მიდგომით არ მცირდება არც ინფექციების გავრცელების რისკი,  არც პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ წარმატებული სტარტი აიღო.

ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს დროული  პროფესიული დახმარება როგორც  მკურნალობის, ისე რესოციალიზაციის კუთხით.

როგორ და რით დაისჯება ნარკოტიკების მომხმარებელი?

დასჯადი იქნება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (300 ლარამდე ჯარიმა) მაღალი რისკის მქონე, საგანმანათლებლო ან არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასევე, ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება მოხმარება სტადიონზე, პარკში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით (200 ლარამდე ჯარიმა).

შედარებით ნაკლები სიმკაცრით დაისჯება კომერციული მიზნის გარეშე  ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელება.

ამ ცვლილებების გარდა, რეფორმატორები ხელისუფლებას სთავაზობენ სამუშაო დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც  შესაძლებელია პირველადი პრევენციის სისტემის გამართვა.

პლატფორმის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ითვალისწინებს ახალ კომპონენტებს, როგორიცაა: მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის დანერგვა – სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმის მიხედვით, სასკოლო ასაკიდან მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკის მოხმარების მძიმე შედეგებზე. აგრეთვე სისტემური საინფორმაციო კამპანია მოხმარების პრევენციაზე; შეფასებისა და გადამისამართების კომისიების შექმნა – კომისიები იქნება ის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკის მომხმარებლის ჩართვას ქვეყანაში არსებულ სარეაბილიტაციო/ზიანის შემცირების თუ სოციალურ პროგრამებში; კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება – ეს გულისხმობს სპეციალური ცენტრების შექმნას, რომლებიც განსხვავებული ტიპის ფსიქო-სოციალურ სერვისებს შესთავაზებენ ნარკოტიკის მომხმარებლებს.

***

შეგახსენებთ, რომ გაერო-ის ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 5% ნარკოტიკებს მოიხმარს, ნარკოტიკული დამოკიდებულება კი 30 მლნ ადამიანს აღენიშნება.

12 მლნ ადამიანი უკანონოდ მოიხმარს ინექციურ ნარკოტიკებს, მათ შორის 1,6 მლნ აივ-ით,  6,1 მლნ ადამიანი კი C ჰეპატიტითაა ინფიცირებული. ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის მიმართულებით ლიდერობს ოპიოიდური ნარკოტიკები, მეორე ადგილზე ამფეტამინებია, მესამეზე კი ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები („დიზაინერულ ნარკოტიკები“).

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი